სოფლის პეიზაჟებს მიღმა არაფერია

პოეტური კინო არის კინემატოგრაფიული მიდგომა და სტილი, რომელიც თხრობის რაციონალურ ლოგიკაზე მეტად ვიზუალური ესთეტიკის, ემოციური რეზონანსისა და სიმბოლიზმის გამოყენებაზეა ორიენტირებული. ის ცდილობს, ეკრანზე შექმნას განცდა, რომელიც ახლოსაა პოეზიის კითხვის ან მოსმენის დროს მიღებულ შეგრძნებასთან, სადაც შინაარსი ხშირად მეტაფორებითა და ასოციაციებით გადმოიცემა და არა მკაფიო სიუჟეტური ხაზით. პოეტური კინოს არსი იმაში მდგომარეობს, რომ ის გამოსახულებას ნარატივზე მაღლა აყენებს. ეს არის კინო, სადაც მთავარ როლს თამაშობს მეტაფორა, ალეგორია, ინტენსიური სიმბოლიზმი, ატმოსფერო, რიტმი და განწყობა. რეჟისორი, როგორც პოეტი, იყენებს კამერას, მონტაჟს, ხმასა და ფერს იმისთვის, რომ შექმნას კინოენა, რომელიც პირდაპირ კი არ მოგვითხრობს ამბავს, არამედ გვთავაზობს მის განცდას.

ნიკა არახამიას სტუდენტური ფილმი, „წისქვილის ქვა“ (2022) მამაშვილის დისტანციურ ურთიერთობაზე მოგვითხრობს. ფილმი სოფლისა, სადაც მამა ცხოვრობს, და ქალაქის, სადაც შვილია, კონტრასტზეა აგებული. რეჟისორი ამით ქმნის მედიტაციურ პორტრეტს. მამის ნაწილი, რომელიც სოფლის რუტინას ასახავს, გადაღებულია ზედმეტად გაწელილი კადრებით, რაც დროის ნელი დინების ნაცვლად, უბრალოდ, ქრონომეტრაჟის უაზროდ გაზრდად აღიქმება. ავთენტურობის მიღწევის მცდელობა დაყვანილია მხოლოდ ვიზუალურ დეკორაციებზე, მაგრამ პერსონაჟის ემოციური სიღრმე დაკარგულია ამ ერთფეროვნებაში. მამა უფრო ფუნქციური ელემენტია, ვიდრე ცოცხალი პიროვნება.

რაც შეეხება შვილის სიუჟეტურ ხაზს ქალაქში, ვერც ის იწვევს ემოციებს მაყურებელში. ქალაქური ქაოსი, რომლითაც მისი სამუშაო და სასიყვარულო პრობლემებია გადმოცემული, იმდენად ზოგადია, რომ პერსონაჟის დრამა მაყურებელთან ახლოს არ მიდის. პირადი ურთიერთობების სირთულეების ჩვენება კინემატოგრაფიულად სუსტია და თითქოს მხოლოდ იმისათვისაა შემოტანილი, რომ მამის სეგმენტის სიმშვიდეს დაუპირისპირდეს, რაც ზედაპირულ თემატურ კონტრასტს ქმნის. ფილმში ნაკლებად იგრძნობა ნამდვილი კონფლიქტი ან ძლიერი ემოციური კავშირი ამ ორ სამყაროს შორის. ისინი პარალელურად მიედინებიან. ამავდროულად, მათი გადაკვეთის მომენტიც სუსტად არის დადგმული, რაც ფილმს ფრაგმენტულსა და დაუსრულებელს ხდის.

ნათელია, რომ რეჟისორს ჰქონდა გარკვეული სტრუქტურული იდეები, რომლებიც, სამწუხაროდ, ძალიან მკაფიოდ და პირდაპირ არის გადმოცემული. ფილმის სათაური, „წისქვილის ქვა“, ცალსახად მიუთითებს ცხოვრების ციკლურობაზე და დროის გაუჩერებელ დინებაზე. ეს მეტაფორა კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება კალენდრის ხშირი ჩვენებით. როგორც მამა, ისე შვილი მრავალჯერ აღნიშნავენ გასულ დღეებს კალენდარზე. ეს ელემენტი, რომელიც, ალბათ, დროსა და მოლოდინზე მიანიშნებს, თითქმის თითის გაშვერასავით მოქმედებს და კინემატოგრაფიული დახვეწილობის გარეშე გვატყობინებს, რომ დრო გადის და ორივე პერსონაჟი მოლოდინშია. ნამდვილი პოეზია კი მალავს მინიშნებებს, აქ, სამწუხაროდ, რეჟისორი ღიად აცხადებს სათქმელს.

რეჟისორის მცდელობა, რომ აღნიშნული მოკლემეტრაჟიანი სტუდენტური ფილმი პოეტური კინოს ესთეტიკით შეექმნა, სამწუხაროდ, წარუმატებლად დასრულდა. პოეტური კინო მოითხოვს, რომ გამოსახულება ამაღლდეს ნარატივზე და შექმნას ემოციური მეტაფორული შრეები. თუმცა, ამ ფილმში გამოყენებული ვიზუალური კონტრასტი სოფელსა და ქალაქს შორის არ იქცა პოეზიად, არამედ კადრების უბრალო მონაცვლეობად დარჩა. 

მიუხედავად რეჟისორის მცდელობისა, რომ მოკლემეტრაჟიანი ფილმი მამაშვილის ურთიერთობაზე პოეტური კინოს ესთეტიკით შექმნილიყო, იგი მთლიანობაში ინარჩუნებს ზედაპირულობას. ფილმის უდიდესი ნაწილი, კერძოდ, შვილის ცხოვრების ამსახველი ეპიზოდები და მამის რუტინული ყოფის გაწელილი კადრები ვერ ქმნის სიღრმეს და არც მეტაფორულ ენას გვთავაზობს. შვილის სასიყვარულო დრამა და სამუშაო პროცესი ზედმეტად ზოგადია, ხოლო მამის ყოველდღიურობა მოსაწყენი რჩება დრამატული შინაარსის ნაკლებობის გამო. არადა, ფილმს აქვს ორი ძლიერი საყრდენი. ეს არის სოფლის სცენების ვიზუალური ხარისხი და ფინალური მეტაფორა. სოფლის პეიზაჟები, უდავოდ, ფილმის ყველაზე ძლიერი ესთეტიკური მხარეა. ოპერატორი ოსტატურად იყენებს ბუნებრივ სინათლესა და კადრის კომპოზიციას, რაც სოფლის გარემოს ნამდვილ და დასამახსოვრებელ ვიზუალურ ფონად აქცევს, რაც, წარუმატებელი პოეტური მცდელობის ფონზე, ერთგვარ გამოსასყიდს წარმოადგენს. ამ პეიზაჟების კარგი გამოყენება გვაფიქრებინებს, რომ რეჟისორს ნამდვილად შეეძლო პოეტურ კინოში წარმატების მიღწევა, რომ არა სიუჟეტური და ემოციური ენერგიის გაუგებარი სიმცირე.

კინემატოგრაფიული ენის ერთადერთი ძლიერი და მართლაც პოეტური მომენტი ფილმის ფინალია, სადაც მამის სიკვდილი გადმოცემულია არა პირდაპირი დრამით, არამედ წისქვილის ქვის გაჩერებით. ეს არის ბრწყინვალე მეტაფორა, რომელიც, ერთდროულად, სიმბოლურად აჩერებს მამის რუტინულ დროსა და სიცოცხლეს. ქვის გაჩერება ხდება იმ უწყვეტი, მარადიული მოძრაობის დასასრული, რაც მის არსებობას განაპირობებდა. ეს ძლიერი, უსიტყვო გამოსახულება ამართლებს რეჟისორის პრეტენზიას პოეტურ კინოზე, მაგრამ, სამწუხაროდ, ის დაგვიანებით მოდის. მას წინ ფილმის ის ნაწილი უძღვის, რომელთან მიმართებაშიც ასეთი ღრმა დასასრული მნიშვნელობას კარგავს.

მიუხედავად იმისა, რომ რეჟისორის ამბიციური მცდელობა, სიუჟეტი პოეტური კინოს დონეზე აეყვანა, სტრუქტურული გადაწყვეტილებების გამო (როგორიცაა კალენდრის მრავალჯერადი დიდხნიანი კონცენტრირებული ჩვენება, სასიყვარულო ურთიერთობების ზედაპირული მოყოლა) ვერ განხორციელდა, ფილმი მაინც ტოვებს შთაბეჭდილებას რეჟისორის დიდი პოტენციალის შესახებ.

წისქვილის ქვაარის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია სტუდენტს, სიმბოლიკის ზედმეტად გამარტივებასა და სიუჟეტის გადმოცემის პრიმიტიულობის მიუხედავად, კინემატოგრაფიული აზროვნება მაინც გამოავლინოს. ძლიერი ვიზუალური ნიჭი (როგორც ეს სოფლის პეიზაჟებში ვლინდება) და ბრწყინვალე ფინალური მეტაფორის აღმოჩენა (წისქვილის ქვის გაჩერება) მოწმობს იმაზე, რომ ნიკა არახამიას ესმის, თუ რას ნიშნავს გამოსახულებით საუბარი. ეს მომენტები მიანიშნებს მომავალ წარმატებაზე, როდესაც ის ისწავლის, როგორ შეინარჩუნოს პოეტური დატვირთულობა მთელი ქრონომეტრაჟის განმავლობაში, უფრო საინტერესოდ მოჰყვეს სიუჟეტი და როგორ მოიშოროს ზედმეტად ცხადი მინიშნებები. საბოლოოდ, „წისქვილის ქვაარის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ახალგაზრდა შემოქმედისთვის, რომელმაც უკვე იცის, სად უნდა ეძებოს სიმბოლოები, თუმცა ჯერ კიდევ სწავლობს, როგორ აიცილოს თავიდან მათი ზედმეტად ცხადი წარმოჩენა.

სალომე გოგოლი

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *