ფულზე გაცვლილი მეზობლობა

კინო მნიშვნელოვან როლს ასრულებს სოციალურ განვითარებასა და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში. ფილმებს, რომლებიც მოგვითხრობენ სოციალურ პრობლემებზე, შეუძლიათ მათზე ყურადღების მიპყრობა და მათ მოგვარებაში დახმარება. გარდა ამისა, მათ ძალუძთ, გავლენა მოახდინონ საზოგადოების კულტურულ ღირებულებებზე და შთააგონონ ადამიანები მაღალი ზნეობის გამოვლენისაკენ.

გიგიშა (გრიგოლ) აბაშიძის სადებიუტო ფილმი, „მეზობლები“ (2018) ასახავს ღარიბი და საშუალო კლასის ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებას თბილისი „იტალიურ ეზოში“. ამით ის ძალიან ჰგავს ნეორეალიზმის ნიმუშებს, რადგან აღნიშნული პოპულარული მიმდინარეობის მიზანი იყო ნამდვილი სამყაროს გაშუქება, შელამაზებისა და ზედმეტი ეფექტების გარეშე, რეალობის წარმოჩენა. „მეზობლების“ შემქმნელები ბოლომდე აღარ გაჰყვნენ ამ ხაზს, არ მოახდინეს რეალობის მკაფიო დემონსტრირება.

ფილმში მოქმედება, ერთი შეხედვით, ერთმანეთისადმი კეთილგანწყობილი მეზობლების ჩვენებით იწყება. გია (თორნიკე გოგრიჭიანი) ეხმარება მეზობელ ქალებს, ლევანი (დათო როინიშვილი) ეთამაშება ბავშვებს, რამდენიმე მეზობელი კი დომინოთი ირთობს თავს, რა დროსაც სასიხარულო ამბით ეზოში შემოდის კიდევ ერთი მეზობელი, ნანა (ეკა მჟავანაძე). ირკვევა, რომ, დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, ინვესტორი ყველა მათგანს კარგ თანხას სთავაზობს სახლში. ვინ იფიქრებდა, რომ ინვესტორის შემოსვლა მეზობლების შორის ნამდვილ ომს გამოიწვევდა. ამ საკითხზე მოლაპარაკებები თანდათან სკანდალში გადაიზრდება და უკმაყოფილება სტაბილურად მძაფრდება გიას მიმართ, რომელიც არ არის თანახმა შეთავაზებულ თანხაში გაყიდოს ბინა, რადგან სხვებისგან განსხვავებით მას ახალი გაკეთებული რემონტი აქვს. მეზობლები იყენებენ ნებისმიერ საშუალებას მის დასაყოლიებლად – მანქანის სავარძელს პარავენ, ლანძღავენ, ცემენ და სხვა ბინძურ ხრიკებს უგებენ.

რეჟისორმა გადაიღო ფილმი გასაგები სიუჟეტითა და მკაფიო კონფლიქტით, სადაც მაყურებელს არ უწევს რომელიმე პოზიციის მხარის დაკავება, რადგან ორივე მათგანი ბევრ კითხვას ბადებს და ამას თავისი ხიბლი აქვს. უბრალოდ, უნდა დაჯდე და უყურო მოქმედებას, როგორ გადადის ის ნელ-ნელა ერთი ჟანრული კომპონენტიდან მეორეში და შემდეგ, მთლიანად იქცევა ტრაგედიად. ეს ნამუშევარი ჟანრების ზღვარზეა, რაც, ერთდროულად, ტრაგიკომედიაცაა და დრამაც.

მასში წამოჭრილი თემები თითქმის ყველასთვის ახლობელია – კონფლიქტები მეზობლებთან, პრობლემები მეუღლესთან, შვილთან, მეგობართან. მაგრამ იმისათვის, რომ მაყურებელი დააინტერესო, ფილმს სჭირდება მთავარი გმირი (გმირები), ვისაც აუდიტორია თანაუგრძნობს, რეჟისორს კი სურს მათ როლში მეზობლები წარმოადგინოს, თუმცა ამის არგუმენტირება იმდენად სუსტად მიმდინარეობს, რომ თანაგრძნობას გია უფრო იწვევს, ვიდრე სხვები. პერსონაჟების ხასიათები და მათი ამბავი ზედაპირულად არის ნაჩვენები. მათ შესახებ მხოლოდ ის ჩანს, რომ მათი უკეთესი ცხოვრებისთვის ერთადერთი გამოსავალი ინვესტორის შემოსვლაა, თუმცა რატომ არ მუშაობენ ისინი და სხვის კმაყოფაზე რატომ არიან, ამაზე პასუხს ფილმი არ სცემს. შესაბამისად, მეტად გესიმპატიურება გია, რომელსაც აქვს სამსახური, ჰყავს მანქანა და ზრუნავს მომავალზე. სიუჟეტის განვითარებასთან ერთად, რეჟისორი მის მიმართ ანტიპათიის გამოწვევას უფრო და უფრო ცდილობს, როცა ის არ თანხმდება ბინის გაყიდვას. მაინც და მაინც აქედან ეწყება სახლს პრობლემები – სწორედ მაშინ ჩამოენგრევა ლევანის კედელი, ლაშას (გიორგი გრძელიძე) ცოლი წავა სახლიდან, ზაურს (თემიკო ჭიჭინაძე) თავზე დაემხობა ჭერი. ამ ყველაფერში დამნაშავედ ყველა გიას თვლის, თუმცა რატომ, ეს გაუგებარია. ის ხომ უბრალოდ კუთვნილს ითხოვს, დიდი შრომა აქვს რემონტში ჩადებული. როცა დანარჩენი მეზობლები წინასწარ ზეიმობენ, გიას თავიდანვე ეჭვი აქვს შემოთავაზებასთან დაკავშირებით. მეზობლების ნაწილი ინტერნეტით უკვე ათვალიერებს ახალ საცხოვრებელს, ზაური აზომვის დროს დიდ რიცხვებს წერს, მეტი ფულის მისაღებად, ლაშა და ლევანი აივანს ვერ იყოფენ, ისინი დაბრმავებულები არიან ფულით და, შესაბამისად, არ იღებენ იმ აზრს, რომ გია, გარკვეულწილად, მართალია ან ასე უცებ გამოჩენილი ინვესტორი, ამხელა თანხით, შეიძლება სანდო არ იყოს.

რეჟისორი დეტალებითა და გარემოთი ცდილობს გადმოსცეს კონფლიქტის არსი. თანამედროვე თბილისის უბანში დანგრევის პირას მყოფი სახლი, თხელი კედლები, დაბინძურებული ეზო, თუმცა გარემო ხაზს ვერ უსვამს იმას, რისი მიღწევა სურს რეჟისორს – გიას მიმართ მაყურებელი განაწყოს ანტიპათიით, რადგან ყოველი ახალი ეპიზოდის მერე მეზობლები უფრო ველურებად წარმოჩნდებიან.

როგორ უნდა გადაჭრა კონფლიქტი მშვიდობიან გზით, როცა ორივე მხარე თავად აძლიერებს მას. ისინი გადადიან ძალიან აბსურდულ იდეებზე, რამაც შეიძლება უკვე არსებული დაძაბულობა უკიდურესობამდე გააღვივოს. ამდენ ხალხში არავინ აღმოჩნდა საღად მოაზროვნე და შედეგად გამოდის, რომ არცერთ მხარეს არ შეუძლია ურთიერთგაგების ენაზე საუბარი – ვერ აწარმოებენ მოლაპარაკებას და არ მიდიან დათმობაზე.

როცა დიალოგების სიმცირეა ფილმში, მის შევსება შესაძლებელი იყო მუსიკით. ამ ნამუშევარში მუსიკა სულ რამდენიმე წამით ისმის, ისიც ხმადაბლა, გარედან შემოსული ხმაურის მსგავსად და არ ასრულებს იმ ფუნქციას, რაც მას აკისრია. არადა, მუსიკა თამაშობს ყველაზე მნიშვნელოვან როლს კინოში – აღქმის დროს ქმნის ემოციურ და სემანტიკურ სივრცეს, განაწყობს პირობებს თანაგრძნობისათვის. ამის გამო მაყურებელი ადვილად ერთვება ფილმის ცქერის პროცესში. მუსიკა ასევე ტოვებს დიდ კვალს ფილმის დამთავრების შემდეგაც. მისი როლი ასევე შეუცვლელია შინაგანი მოქმედების გამოხატვისას, პერსონაჟების ყველაზე მრავალფეროვანი განწყობისა და გამოცდილების გადმოსაცემად. ის ეხმარება მსახიობებს მაყურებლამდე მიიტანონ პერსონაჟების განცდები.

კინოკამერა დიდხანს არის გაჩერებული ცარიელ სივრცეზე, არ მოძრაობს და იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს მაყურებელი თეატრალურ წარმოდგენას ადევნებს თვალს. თითქმის არ არის გამოყენებული ახლო ხედები, რაც ძალიან აკლია ნამუშევარს. ეპიზოდებს შორის იქმნება სიცარიელის გრძნობა, თითქოს მონტაჟის დროს ამოჭრეს მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც დაუსრულებლობის განცდას ტოვებს.

მიუხედავად იმისა, რომ ფილმში კარგად ნაცნობი და გამოცდილი მსახიობები არიან დაკავებული, მათი თამაშის დონე ხელოვნურად გამოიყურება – არცერთი პერსონაჟის სახე არაა დასამახსოვრებელი, მიუხედავა იმისა, რომ მთავარი თემა იძლევა ამის შესაძლებლობას. შედარებით სუსტმა სცენარმა კინოსურათს ამის შანსი არ მისცა.

გაუგებარი და არაფრის მომცემია გიას სიკვდილი, რა აზრი ჰქონდა ასეთ ფინალს, თუ ინვესტორი თაღლითი გამოდგებოდა და საქმე არ გამოვიდოდა? რატომ მოაწერა მისმა მეუღლემ, ნინომ (ია სუხიტაშვილი) ხელი ბინის გაყიდვის დოკუმენტს და ჩუმად რატომ დატოვა იქაურობა? ამდენი წლის ერთ ეზოში ცხოვრების შემდეგ არავინ განიცდის გიას სიკვდილს, არამედ პირიქით, შვებას გრძნობენ, რომ მათ „უკეთეს მომავალს“ წინაღობა არ აქვს.

ზოგჯერ ძნელია მეზობლებთან ურთიერთობა. ზოგიერთი მათგანი ცუდად იქცევა და საერთოდ არ ფიქრობს იმაზე, თუ როგორ ხედავენ მას ისინი, ვინც მეზობლად ცხოვრობს, მაგრამ ზოგჯერ ისეც ხდება, რომ თვითონაც შორს ვართ კარგი ქცევისაგან და, ამ შემთხვევაში, „სამეზობლო ომებმა“ შეიძლება უკიდურეს დონემდე მიაღწიოს.

ფულისადმი გამოდევნებამ, ნაადრევმა ზეიმმა, გიას დაღუპვამ მეზობლები სრულ უბედურებამდე მიიყვანა. ვერცერთმა მხარემ ვერ გაუძლო გამოცდას და ბავშვობის დროიდან მოყოლებული მეგობრობა მეასეხარისხოვანი გახდა. საბოლოო ჯამში, ფილმში წამოჭრილი თემა საინტერესოა, მისი აქტუალობა გაძლევს საშუალებას, მრავალი კუთხითა და უფრო ღრმად გააანალიზო ეს პრობლემა.

თეონა ვეკუა

 

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *