ადამიანის ბუნებაში მჭიდროდ ჩაჭედილი ლურსმანივითაა გამჯდარი კომფორტის ძიება და უკეთესისკენ სწრაფვა. როგორც წესი, როცა ჩიხში მოქცეული ინდივიდი ალყაშემორტყმული კედლების გარღვევას ვერაფრით ახერხებს, ნაცვლად იმისა, რომ სრულ სასოწარკვეთას მიეცეს, გამალებით აცეცებს ხელებს ღრიჭოების საპოვნელად – ეგებ შენიშნოს თავისუფალი სივრცეები, რომელთა ამოვსებაც მის წინააღმდეგ ამხედრებულ ცხოვრებას გამორჩა და მათზე ფეხის დადგმითა და ბაწრად დაწნულ უკანასკნელ ოცნებაზე ჩაჭიდებით კედლის მეორე მხარეს აღმოჩნდეს.
ამერიკას ტყუილად არ ეძახიან „ოცნებების მიწას“. არის ეს სიმართლე თუ არა, სულ სხვა საკითხია, მაგრამ ის, რომ მას თავისუფლებისა და შესაძლებლობების სიმბოლოდ მიიჩნევენ, უკვე ათწლეულებია უცვლელ ფაქტად რჩება.
მირანდა ნამიჭეიშვილის სტუდენტური ფილმი, „ტვირთი“ (2021) ამბავია ახალგაზრდა კაცისა, რომელიც ძმის დასახმარებლად ამერიკაში მიდის ან, უფრო ზუსტად რომ ითქვას, მიიპარება. მათე და კიდევ ორი მისთვის უცნობი ადამიანი, რეი და მუჰამედი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არალეგალური გზით მიემგზავრებიან ამერიკაში, ტვირთის გადამზიდ გემზე, პატარა ყუთებში სწორედ ტვირთივით არიან მოთავსებული. ფილმი გადაზიდვის პროცესს აღწერს. დროის ხანმოკლე პერიოდში პერსონაჟებს, ასე თუ ისე, ვეცნობით, მათ შორის კავშირი კი ჩვენ თვალწინ იბადება და ვითარდება.
ფილმს იდეალური ექსპოზიციური ნაწილი აქვს, რომელიც არა მხოლოდ იმითაა დახვეწილი, რომ მაყურებელში პერსონაჟისადმი ინტერესს სწრაფად აღვივებს, არამედ იმითაც, რომ ვიზუალური თხრობის მეშვეობით ძალიან ბევრ დეტალს აღწერს, თუმცა ფაზლი მაინც მაშინ იღებს დასრულებულ სახეს, როცა მათე რეის ეუბნება – „მეც ამერიკაში მივდივარ“. ამ მომენტში მაყურებელს, ალბათ, გაახსენდება არა მხოლოდ ექსპოზიციურ კადრებში ნაჩვენები უჩვეულო სამზადისის პროცესი, არამედ ისეთი პატარა დეტალიც, როგორიცაა, მაგალითად, სასწორთან გადაფენილი ამერიკის დროშა. აღსანიშნავია, რომ არცერთი წამით არ არის ფილმი გამაღიზიანებლად დამაბნეველი. პერსონაჟის ყოველ ქცევას, რაც არ უნდა უცნაური იყოს ის, სიტუაცია ამართლებს ოდნავ მოგვიანებით, როცა მაყურებელი ხვდება, რა თემატიკასთან აქვს საქმე.
ფილმის დრამატურგიული განვითარებაც მხოლოდ და მხოლოდ ქებას იმსახურებს. მიუხედავად იმისა, რომ რეის და მუჰამედს მაყურებელი ვერ ხედავს, დაუკმაყოფილებლობისა და დანაკლისის გრძნობა საერთოდ არ ჩნდება, რადგან ერთმანეთისათვის ნათქვამი პატარ-პატარა რეპლიკებით, დამტვრეული ინგლისურით ლაპარაკი იქნება ეს თუ სიმღერა, მათი გაცნობაც ისევე ხერხდება, როგორც მთავარი პერსონაჟისა. დიალოგები ძალიან ბუნებრივია და პერსონაჟებს შორის კავშირსაც ბუნებრივად აყალიბებს.
ცნობილი ფაქტია, რომ ტრავმულ სიტუაციაში ერთად ყოფნა ადამიანებს ისე სწრაფად აახლოებს, როგორც სხვა არაფერი. ამ კინოსურათში ეს ძალიან მკაფიოდ ჩანს. ამ მხრივ, განსაკუთრებით საგულისხმოა ის მონაკვეთი, როცა მათე ეროვნული მოტივებით გაჯერებულ რიტმულ ღიღინს იწყებს, რეი კი, სავარაუდოდ, თავის ეროვნულ სიმღერას მღერის. თითქოს ხომ ქაოსი უნდა იყოს, მაგრამ არა, პირიქით, შესანიშნავი ჰარმონიაა და მთელს ფილმში საუკეთესო მაჩვენებელია იმ ძმობის, რომელიც გვერდიგვერდ მდგომ სამ პატარა ყუთში ერთდროულად იბადება. გარდა ამისა ეს სცენა გამორჩეულია მძლავრი ემოციური ეფექტით. სასიამოვნო ხმოვანი ხაზი და საინტერესო გამოსახულება ერთად ქმნიან ტანდემს, რომელიც მაყურებელზე შთამბეჭდავად მოქმედებს, თუმცა რეჟისორისგან არანაირი ძალდატანება არ შეინიშნება. ემოცია ბუნებრივად მოდის, რაც სტუდენტურ კინოში არც თუ ისე ხშირი სიამოვნებაა.
პერსონაჟთან ერთად მაყურებელიც ერთ პატარა სივრცეშია გაჭედილი. ატმოსფერო ისეა შექმნილი, რომ, თითქოს, ეკრანში და ეკრანს მიღმა მყოფნი ერთდროულად განიცდიან კლაუსტროფობიას, შიმშილს, წყურვილსა და ყველა იმ ფიზიოლოგიურ თუ ფსიქოლოგიურ ელემენტს, რაც მსგავს კრიზისულ მომენტებში გარდაუვალია. ოპერატორს, დავით გუჯაბიძეს, შესანიშნავად აქვს ნამუშევარი თითოეულ კადრზე. ექსპოზიციური სცენების ვიზუალური მხარეც ძალიან შთამბეჭდავია, თუმცა საოპერატორო ხელოვნების მთავარი არტილერია ფილმის ძირითად ნაწილშია გამოყენებული, რაც ლოგიკურია, ასეც უნდა იყოს. ყოველთვის რთულია, ყურებადი და, მით უმეტეს, საინტერესო გახადო ერთ სივრცეში განვითარებული მოქმედება, რომ აღარაფერი ვთქვათ ისეთ ვიწრო სივრცეზე, როგორიც ეს ყუთია, რომელშიც ფაქტობრივად მოქმედება არც კი ხდება. ასეთ დროს განსაკუთრებული სიცხადით ვლინდება რეჟისორისა და ოპერატორის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი უნარი – კინემატოგრაფიული აზროვნება, რაც ამ ფილმში ნამდვილად არის წარმოჩენილი.
ფილმის ძირითად ნაწილში აქცენტი, მეტწილად, რაკურსის ცვლილებაზე, განათებასა და, რა თქმა უნდა, მსახიობის ოსტატობაზე კეთდება. როგორც ჩანს, ოპერატორი ყველა შესაძლებლობას, ყუთის ყოველ მხარესა და ყოველ ღრიჭოს იყენებს იმისთვის, რომ კადრი სტატიკური არ იყოს. მართალიცაა – დიალოგი არც იმდენად საინტერესოა, რომ სტატიკამ მაყურებელი არ დაღალოს, თუმცა ეს ფაქტი დიალოგის ხარისხზე არ მეტყველებს, უბრალოდ, ამ ფილმში ასეა საჭირო. რაც შეეხება განათებას, სინათლე ყოველთვის პერსონაჟის სახის იმ ნაწილს გამოკვეთს, რომელიც იმ კონკრეტულ მომენტში ემოციური თხრობის განსავითარებლად ყველაზე მნიშვნელოვანია.
ლაშა გურგენიძე, რომელიც მათეს როლს თამაშობს, საკმაოდ კარგად ირგებს პერსონაჟის ხასიათს და დრამატულ სიტუაციაშიც ბუნებრივად მოქმედებს. მისი მიმიკები და საუბრის მანერა იმდენად შეეფერება ამბავს, რომ ლაპარაკისას რამდენჯერმე გაპარულ თეატრალურ მანერიზმზე თვალის დახუჭვა ღირს, შეიძლება თვითონ სიუჟეტის დრამატულობითაც გავამართლოთ ეს. თან ამ ფილმში სიტყვა გამოხატვის ყველაზე მნიშვნელოვანი საშუალება ნამდვილად არ არის და, შესაბამისად, ოდნავი მანერულობა გაღიზიანებას საერთოდ არ იწვევს.
რეჟისორი თითოეულ ტექნიკურ ელემენტს სიმფონიურად იყენებს ფილმში ნაჩვენები პრობლემის გასაშლელად. ცხადია, პრობლემის სრულყოფილად გაშლა შეუძლებელია მოკლე ქრონომეტრაჟის კინოსურათში, თანაც ისეთი მძიმე და ვრცელი პრობლემისა, როგორსაც რეჟისორი ეჭიდება, თუმცა, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, კიდევ უფრო დასაფასებელია ის, თუ მთლიანობაში რამდენად კარგად არის ფილმი შეკრული. ზედაპირულია ამბავი, მაგრამ ზედაპირულები არ არიან არც პერსონაჟები და მაყურებელს არც მათი ამერიკაში წასვლის მიზეზები ეჩვენება ხელოვნურად. პირიქით, მათ მიერ ლაკონიკურად მოთხრობილი ამბები საკმაოდ დამაჯერებელია. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მათეს და რეის მიზეზებს მათი დიალოგიდან ვიგებთ, მაგრამ მუჰამედი მეტწილად ჩუმად არის, რამაც შეიძლება მაყურებელში გარკვეული კითხვები გააჩინოს, თუმცა, სავარაუდოდ, ეს უბრალოდ მის დინჯ, გაწონასწორებულ ხასიათზე მეტყველებს და სხვა არაფერზე, იქიდან გამომდინარე, რომ ერთ მომენტში დანარჩენ ორსაც მოუწოდებს სიჩუმისკენ, რათა ზედმეტი ჟანგბადი არ დახარჯონ.
ფილმი დრამატულ, ძალიან ემოციურ ნოტაზე სრულდება. შეიძლება ითქვას, ზედმეტად ემოციურზეც კი, თუმცა სწორედ ასეთია ამ პრობლემის რეალობა – დრამატული, რისკიანი, კომპლექსური და ძალიან სევდიანი. ადამიანები „ოცნებების მიწაზე“ წასასვლელად ამ გზას ირჩევენ, იმიტომ რომ უკიდურესად უჭირთ, იმიტომ რომ კედლების ალყაში მომწყვდეულებს სუნთქვა აღარ შეუძლიათ და თუ ყუთი, რომელიც კუბოს წააგავს, ერთადერთი შანსია მეორე მხარეს გასაღწევად, მზად არიან გარისკონ.
კულმინაციის შემდეგ მაყურებელმა არ იცის, რა ბედი ეწია მუჰამედს, ისევე როგორც მისი ამერიკაში წასვლის მიზეზი არ იცოდა. ეს პერსონაჟი შეუცნობლად დარჩა, თუმცა დაუვიწყარია მისი როლი კულმინაციურ მომენტში.
რაც შეეხება რეის, მას ეპილოგი არ აქვს, ან, შეიძლება ითქვას, კულმინაციაა მისი ეპილოგი – ზოგჯერ ხომ ასეც ხდება. რეის იმედი უკეთესი ცხოვრებისა მასთან ერთად კვდება კუბოს ფორმის ყუთში. ფილმი ამ რეალობას გვიჩვენებს – ზოგის იმედი ყუთიდან თავის დაღწევას ახერხებს, ზოგის კი სამუდამოდ ყუთშივე რჩება.
მათემ კედელი უკან მოიტოვა და აღმოჩნდა იქ, სადაც უკეთესი ცხოვრების შესაძლებლობები ეგულებოდა. ფინალში მაყურებელი იგებს, რომ მან მუშაობა დაიწყო. შესაბამისად, ის უკვე მიიწევს თავისი მიზნისკენ, დაეხმაროს პატიმრობაში მყოფ ძმას. ბედნიერი უნდა იყოს, მაგრამ აშკარაა, რომ არ არის. შესანიშნავი დეტალია, ყურსასმენებში იმ სიმღერის მოსმენა, რომელსაც მგზავრობისას რეი ღიღინებდა. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რაც უკვე აშკარა იყო – რომ მათი კავშირი სამუდამოა. გარდა ამისა, პერსონაჟის მიერ ამ სიმღერის მოსმენის ფაქტი და ფილმის ამ კადრით დასრულება ერთ დამაფიქრებელ კითხვასაც ბადებს:
აღმოჩნდა მათესთვის „ოცნებების მიწა“ ის, რასაც ელოდა?
იქნებ მისი იმედიც სასიკვდილოდაა განწირული…
თამარ ზანდუკელი