ადამიანურ იზოლაციას თავისი ენა აქვს – გონებასა და გარე სამყაროს შორის ერთდროულად ჩუმი და ადამიანის იდენტობისათვის გამანადგურებლად ხმაურიანი, მახრჩობელა დიალოგის ფორმა. სალომე ვეფხვაძის სტუდენტური ფილმი, „მე, ისინი და მამა“ (2014) ამ ენას ოსტატურად მიმართავს და მაყურებელს მთავარი გმირების, 12 წლის გოგონასა და მისი ფსიქიკურად ავადმყოფი მამის წარმოსახვით სამყაროში ინტერესით ითრევს. კინოსურათმა ბულგარეთში, სოფიაში გამართულ საერთაშორისო სტუდენტურ კინოფესტივალზე საუკეთესო უცხოენოვანი მხატვრული ფილმისათვის მთავარი ჯილდო მიიღო. ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს თავად რეჟისორის მამა, ვლადიმერ ვეფხვაძე ასრულებს, 12 წლის გოგონა (გვანცა დარსანია) კი გადამღებმა ჯგუფმა ქასთინგის საშუალებით აარჩია. საოცარია, თუმცა ფილმი როგორც ტექნიკურად, ისე შინაარსობრივად გამართულია და მსახიობთა თამაშიც ბუნებრივია, რაც, როგორც წესი, სტუდენტურ ფილმებს ნაკლებად ახასიათებს.
სიუჟეტი მისტიკურად იწყება, თითქმის სიურრეალისტურადაც და მიუხედავად დროის შეზღუდულობისა, (ქრონომეტრაჟი დაახლოებით სულ რაღაც 16 წუთია) მაყურებლისათვის თავიდანვე შესამჩნევია მამა-შვილს შორის არსებული ახლო ურთიერთობა და მძლავრი კავშირი, რომელშიც ბზარები მამის ფსიქიკურმა ავადმყოფობამ შეიტანა. აღსანიშნავია, რომ ფილმის დაწყებიდან საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, მაყურებლის ცნობიერებაში იბადება აზრი, რომ მამა-შვილის წარმოსახვითი სამყარო და ერთმანეთთან უჩვეულო ინტეგრაცია რეალური, ფიზიკური სამყაროს ნაწილია. ფილმის ერთ-ერთი ანგარიშგასაწევი მხარეც ეს არის – რეალობასა და წარმოსახვას შორის საზღვრის მოშლა. პირველი ნაწილი ვითარდება ისე, რომ მაყურებელზე რეჟისორი მანიპულირებს – წამით გვაჯერებს, რომ ამბის გმირები და მათი წარმოსახვითი ,,მტრები’’ სულაც არ ეკუთვნიან რომელიმე გამოგონილ მეტაფიზიკურ განზომილებას და რომ მაყურებელს უბრალოდ არ აქვს უნარი აღიქვას ის, რასაც პერსონაჟები ხედავენ. მხოლოდ ფინალური ნაწილიდან ხდება ნათელი, რომ მამა ფსიქიკურად ავადმყოფია და რომ ქალიშვილი მამის „წარმოსახვით თამაშში“ იძულებით, გააზრებულად ერთვება, მხოლოდ იმიტომ, რომ მას თავი კიდევ უფრო უბედურად არ აგრძნობინოს.
ხშირად კინორეჟისორები იმ მიზნით, რომ მათი ნამუშევარი მეტად პოეტური და ღირებული გახადონ და, ამავდროულად, ფილმს სპეციფიკური გარემო შეუქმნან, გაურბიან დიალოგისათვის დიდი ადგილის დათმობას. საინტერესოა, ამ შემთხვევაში გაექცა თუ არა რეჟისორი ამ რთულ სამუშაოს, რასაც დიალოგის ხელოვნება ჰქვია, თუმცა უნდა ითქვას, რომ ამ ფილმში ვერბალური კომუნიკაციის მინიმალურმა გამოყენებამ საბოლოოდ დადებითად იმოქმედა კინოსურათში ერთგვარი მისტიკური ატმოსფეროს შექმნაში. გარდა ამისა, დიალოგების სიმცირემ უკეთ წარმოაჩინა, ერთი მხრივ, ის გაუცხოება და ემოციური სიშორე, რომელიც მამის ფსიქიკურმა მდგომარეობამ დაბადა ოჯახის წევრებს შორის (ფსიქიკურმა ავადმყოფობამ ხომ მამა-შვილს შორის არსებული სიახლოვე და ნაცნობობის განცდა მოკლა), ხოლო მეორე მხრივ, დუმილის ენით უკეთ გადმოიცა პერსონაჟების მძლავრი კავშირი, რომელსაც ბოლომდე ვერ აქრობს ფსიქიკური ავადმყოფობა.
მთავარი გმირები სრულიად იზოლირებული არიან გარე სამყაროსაგან. ეს იზოლაცია არა მხოლოდ ფიზიკურია, არამედ, უპირველესად, მენტალური ავადმყოფობის მაიზოლირებელ ბუნებას გამოხატავს, რომელიც სრულიად მარტოს, ჩაკეტილს, იდენტობადაკარგულს, რეალურ სამყაროსა და ყველასაგან მოწყვეტილს, გაუცხოებულს ტოვებს პიროვნებას, სხვების გაგებისა და მხარდაჭერისაგან მოკლებულს.
პირველ ნაწილში განვითარებული მოვლენები მაყურებელში გაურკვევლობის განცდას აჩენს იმის თაობაზე, თუ რა არის რეალური და რა არა. ეს გაურკვევლობა და დაბნეულობა 12 წლის გოგონას ემოციურ მდგომარეობასა და შინაგან ბრძოლასთანაა თანხვედრაში, რომელმაც მამის მსგავსად (არა ისე მძიმედ, თუმცა მაინც) დაიწყო რეალობასთან კავშირის დაკარგვა. ამიტომაც მამის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ჩაბარების გადაწყვეტილება, ერთი მხრივ, შვილის მიერ საკუთარი თავის გადარჩენის მცდელობის გამოხატულებადაც შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა თუ კი გავითვალისწინებთ მამა-შვილს შორის არსებულ იმ მძლავრ ოჯახურ, ახლო კავშირს და გოგონას დაუღალავ მცდელობას მისთვის ძვირფას ერთადერთ ადამიანს თავი შედარებით უკეთესად აგრძნობინოს, რისი შემსწრეც მთელი ფილმის განმავლობაში ვართ, უფრო მართებული იქნება თუკი მივალთ დასკვნამდე, რომ შვილის მიერ მამის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ჩაბარება გოგონას მამისადმი სიყვარულისა და ზრუნვის გამოხატულებაა.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ფილმის სათაური – „მე, ისინი და მამა“, რაც მაყურებლის ყურადღებას თავიდანვე იპყრობს. თუკი მხედველობაში მივიღებთ გარემოებას, რომ მამა-შვილი გარშემო მყოფებისაგან იზოლირებულად ცხოვრობს, „მათში“ მამის პარანოიისა და ავადმყოფობისათვის დამახასიათებელი წარმოსახვითი, უჩინარი საფრთხე მოიაზრება, რომელმაც გმირებს შორის კედელი აღმართა.
მენტალური ავადმყოფობა საქართველოში ერთ-ერთი მძიმედ სტიგმატიზებული საკითხია. ჩვენთან ხშირად ადამიანები სხვადასხვა მიზეზის – საზოგადოების მხრიდან განსჯის შიშისა თუ სირცხვილის გამო სპეციალისტს არ აკითხავენ და მკურნალობას მაქსიმალურად არიდებენ თავს, მანამ სანამ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა ყველაზე რთულ ფორმას არ მიიღებს. განუკურნებელი ფსიქიკური მდგომარეობა არა მხოლოდ ავადმყოფზე მოქმედებს დამაზარალებლად, ასევე გარშემო მყოფებზეც. სალომე ვეფხვაძის ფილმშიც იგივენაირად ვითარდება სიუჟეტური ხაზი – გოგონა მამის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ჩაბარების რთულ გადაწყვეტილებას იღებს, თუმცა ამ ნაბიჯს დგამს მას შემდეგ, რაც ამ პერსონაჟის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება. ამაზე მინიშნებას ფილმის დასაწყისშივე გვაძლევს რეჟისორი, მამის მკლავზე შეხორცებული ჭრილობის ჩვენებით. ფინალურ სცენაში შავი კარი იხურება. ამით ცხადი ხდება მაყურებლისათვის, რომ გოგონასა და მამას შორის მაკავშირებელი ძაფი, რომლის შენარჩუნებასაც შვილი ყველა გზით ცდილობდა, საბოლოოდ გაწყდა. მიუხედავად ფილმის სევდიანი დასასრულისა (მამა ფსიქიატრთან უკანმოუხედავად მიდის და ამ განწყობას წვიმაც აძლიერებს), ამაში იმედისმომცემი სხივის შემჩნევაც შესაძლებელია – წვიმა ახალ დასაწყისს სიმბოლიზირებს. გოგონას მიერ გაღებული მსხვერპლი მამის განკურნების გზაზე აუცილებელია.
ნატო მწარიაშვილი