ადამიანების უმეტესობას სმენითი მეხსიერება აქვს – გარკვეული ფრაზები, მელოდიები და ჰანგები მარტივად ამახსოვრდება, მათი დიდი ხნის შემდეგ გაგონება კი ნოსტალგიურ გრძნობას ბადებს. რა შეგრძნება დაგეუფლებოდათ ახლა რომელიმე ძველ ქართულ რადიოს რომ მოუსმინოთ? თავისი გადაცემების შესავლებითა და ნაცნობი წამყვანის ხმებით. ეს რაღაც ძალიან შორეულ და ნოსტალგიურ ქმედებად იქცა, ვინაიდან ახლა ადამიანების უმეტესობა მანქანაში, ბლუთუზის მოწყობილობის საშუალებით, რთავს მისთვის საყვარელ მუსიკას, თუმცა არის ადგილი, სადაც შეიძლება ეს ნაცნობი და მივიწყებული ჰანგები გაიგონოთ – ტაქსი. ტაქსით მგზავრობა დროში მოგზაურობას ჰგავს, სადაც არასდროს იცი, როგორი ტიპის მძღოლი დაგვხდება და რა გავლენას მოახდენს ის შენს დღეზე. თბილისის ტაქსი ძალიან მნიშნველოვანი ნაწილია ლოკალური კულტურის გასაცნობად. მათი შეთხზული ისტორიები უბნიდან უბანში ვრცელდება, მძღოლების განათლებაზე კი ცალკე ლეგენდები დადის. წარმოუდგენელია, რომ ისინი არ გამოგელაპარაკონ და საკუთარი მოსაზრება არ გაგიზიარონ, ხანდახან ზედმეტადაც კი, თუმცა რას იტყოდით ისეთ ტაქსიში მგზავრობაზე, რომელმაც თავადაც არ იცის, რომ ტაქსია?
საბა შონიამ თავის სტუდენტურ ფილმში, “ტაქსი ტანგო” (2014) სწორედ ასეთი სცენარი შემოგვთავაზა. მისტიკური ადამიანი სამრეცხაოში ტაქსის ტრაფარეტს ადგამს ჩვეულებრივ მანქანას და აქედან იწყება მძღოლის თავგადასავალი. მის მანქანაში მოულოდნელი სტუმარი ჩნდება და მხოლოდ ვოიაჟის დასასრულს აღმოაჩენს მისი იქ ყოფნის მიზანს. ეს თავგადასავალი ჰგავს ბედისწერის იმ ნაწილს, სადაც ერთი ადამიანისათვის ყველაფერი ბევრად უფრო კოსმიურია, ვიდრე მეორესთვის. მამაკაცს არსაიდან მოევლინა ქალი, რომელმაც მასში გრძნობები აღძრა, მიიზიდა, დაინტერესდა მისი პიროვნებით და ვერც კი გაიგო, საიდან გაჩნდა მის მანქანაში. მხოლოდ ბედისწერას თუ მიაწერდა ამას.
ქალბატონისთვის ეს იყო რიგითი მგზავრობა. მან დაინახა ტაქსი და პირდაპირ ჩაჯდა მასში, რა თქმა უნდა, მისამართის მითითებით, თუმცა მათ შორის შედგა კონტაქტი და ეს რეჟისორს უნდა, რომ შევადაროთ ტანგოსა და მის ბობოქრებას. არადა, ფილმის გადაღების ხარისხსა და კინოოპერატურას სხვაგან მივყავართ. ძალიან ხშირად ვხედავთ მანქანის გარე კადრებს, რაც მოკლემეტრაჟიან ფილმზე მეტად ავტომობილის ბრენდის რეკლამას ჰგავს. ამას ერთვის მინდორში დამონტაჟებული კადრები, რომლებიც აშკარა წარმოსახვის ნაწილია, მუსიკის ფონზე. ეს კონტექსტიდან სრულიად ამოვარდნილი მონტაჟური ნაწილი 8-წუთიანი ფილმის თამასას ბევრად უფრო დაბლა წევს.
„ტაქსი ტანგო“ ინგლისური განმარტებიდან შეგვიძლია გავიგოთ, როგორც დაქირავებული მოცეკვავე, რომელიც პროფესიონალურ საცეკვაო გარემოში, კომპენსაციის სანაცვლოდ, ეცეკვება პარტნიორს. შონიას ფილმშიც თითქოს ეს ხდება – მამაკაცი იღებს თანხას, თუმცა ვერც კი ხვდება რისთვის და ქალი კი სანაცვლოდ სასურველ მისამართზე მიდის.
მაყურებლის პერესპექტივაში უფრო მეტად იკვეთება განცდები მამაკაცისათვის, ვიდრე ქალისთვის. ვერ ვიტყვი დანამდვილებით, რამდენად ანალოგიურად ინტიმური და საინტერესო იყო ეს მგზავრობა ქალისათვის, თუმცა გამომდინარე მისი ნათქვამიდან, როდესაც კაცი კიდევ ერთხელ შეხვედრას შესთავაზებს და იგი მხოლოდ ფულს აწვდის და ხურდასაც არ ითხოვს უკან, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს გრძნობათა აალება არ იყო ორმხრივი. ტანგო არის ძალიან ვნებიანი და ინტენსიური ცეკვა, მოითხოვს ძალისხმევის აბსოლუტურ მაქსიმუმს. ეს მგზავრობა მამაკაცისთვის აშკარად ამ ტიპისა იყო, თუმცა არა ქალისთვის.
რეჟისორს სურდა, რეალიზმის ჟანრში გადაწყვეტით მოეყოლა ფანტასმაგორიული ამბავი, თუმცა ეს უფრო მუსიკალურ კლიპს ან ავტომობილის რეკლამას მოგვაგონებს.
ფილმში დიალოგების რაოდენობა მინიმალურამდეა შემცირებული. ქალი (ნათია სანაძე) მაქსიმალურად იზოლირებულია მამაკაცისგან (ბაჩო ჩხეიძე), თუმცა, ამავდროულად, მანქანის წინა სავარძელზე ჯდება. კადრების ბაცი ფერებითა და უცნაური დიალოგის მომენტებით რეჟისორი ცდილობს მეტად გვამყოფოს წარმოსახვით სამყაროში. სიუჟეტს თან ერთვის დრამატული მუსიკა, რომელიც მაყურებელში გარკვეულ სევდას ბადებს და აღარ გვჯერა ამ ამბის რეალურობისა. ფილმი თითქოს მეტად მოკლებულია შინაარსობრივ განვითარებას და მხოლოდ ზედაპირულად გვესაუბრება ქალისა და კაცის ვნებებზე, რაც ამ მგზავრობის დროს გაჩნდა.
რთულია გამოიკვეთოს კინოს სპექციფიკასთან მიმართებაში შესრულებული კომპონენტები, ვინაიდან ეს ყველაფერი მინიმალურამდეა დაყვანილი. სამსახიობო თამაში მეტად პლაკატურია და ამძაფრებს კინოს სარეკლამო რგოლთან შედარების იდეას. საოპერატორო სისუსტის მიუხედავად, რეჟისორი შეეცადა ეს სასაცილო და თანაც სევდიანი ამბავი მისეული გადაწყვეტილებებით მიეტანა მაყურებლამდე, თითქოს შეგვახსენა ცხოვრების ირონიულობა და რომ ხანდახან ბედისწერა შეიძლება სულაც არ იყოს ის, რასაც ვიფიქრებდით, ხანდახან ცხოვრებაში პასუხის გაცემა კითხვებზე ბევრად უფრო მარტივია.
ლიზი გაფრინდაშვილი