ცოდვის შვილები

სკოლა, ადგილი, სადაც ცხოვრების დიდ ნაწილს ატარებენ ადამიანები. გაიცნობენ სხვებს, უმეგობრდებიან, ჩხუბობენ კიდეც, უშვებენ შეცდომებს და შემდეგ ეს ყველაფერი მთელი ცხოვრების მანძილზე მიყვებათ. თითოეული არასწორად გადადგმული ნაბიჯი თუ შეუსაბამო ქცევა სხვებზე ახდენს გავლენას. იარები, რომლებიც სკოლიდან აქვთ ადამიანებს ზოგჯერ ხილულია, ხშირად უხილავი და მათ ანადგურებს.

„სალამი, ჩემო ტანჯულო ბავშვობავ!“ – ფრაზა, რომელმაც მთელი კინოსურათი დაიტია. დავით ფირცხალავას ფილმი, „დიდი შესვენება“ (2022) ერთ ღამეში ჩატეულ სკოლის საშინელ პერიოდს ასახავს. პირველივე კადრებიდან სინანული და სიმარტოვე იგრძნობა. სასოწარკვეთა და ცხოვრების ამაოება თან სდევს ფილმის დასაწყისში ნაჩვენებ პერსონაჟს. ციცის ეგონა, რომ მოკვდებოდა და ყველაფერს დაასრულებდა, მაგრამ ცხოვრება ხომ ირონიაა ხოლმე, მას დანა ბლაგვი კუთხით ეჭირა და ერთადერთი, რაც მოახერხა ყელზე უდიდესი იარის დატოვება იყო. მამამისის ხმამ დააბრუნა რეალობაში – „რა გავაკეთო, რითი დაგეხმარო“ – ისმის ხმა და პასუხი არ ჩანს.

ციცი მარტოსული, ცხოვრებისგან დაჩაგრული ადამიანი, პიროვნებაა, რომელსაც ცხოვრება ვერ აეწყო და ყველაფერს ბავშვობას აბრალებს. იგი წარსულს ებღაუჭება და ცდილობს დამნაშავე არა საკუთარ თავში, არამედ სხვაში მოძებნოს და გამოსდის კიდეც ეს. ის მიდის თანაკლასელთან, გუგასთან. კარზე მოურიდებლად აკაკუნებს, არ იცის რას ელოდება მეორე მხრიდან, არ ფიქრობს. გუგა მისთვის ბავშვობის კოშმარია. კარს გუგას ცოლი უღებს და თითქოს იმედი უცრუვდება, მოჩვენებითი სიმშვიდით შედის ოთახში, თვალს გარემოს ავლებს, ჯდება, ცდილობს საუბარი წამოიწყოს, ვერ ისვენებს, დგება, ოთახიდან გადის და კლასელს სადარბაზოში ელოდება. როცა გუგა მოდის, ციცი არ ელაპარაკება ბევრს, მხოლოდ იმას უყვება, როგორი ცუდი ცხოვრება აქვს. არც ფოჩხუაზე ეუბნება, არც სხვებზე, უბრალოდ, შეკრებაზე ეპატიჟება. რატომ არ უთხრა ციციმ ფოჩხუას ამბავი გუგას? მართლა გაუფრთხილდა? ალბათ, არა, შეეშინდა, რომ შეიძლებოდა შეკრებაზე აღარ მისულიყო და ამ შემთხვევაში მასზე შურს ვერ იძიებდა.

ყოფილი თანაკლასელები ცამეტი წლის შემდეგ იკრიბებიან. საკითხავია რატომ არ შეიკრიბნენ ისინი აქამდე, მაგალითად, სკოლის დასრულებიდან 3-4 წლის შემდეგ? იქნებ სხვა რეალობა ჰქონოდათ. ალბათ, ერთმანეთის თვალებში ჩახედვის ეშინოდათ ან გუგასი ეშინოდა ყველას ერთად. რატომ არ გადავიდნენ ისინი სხვა კლასში თუ ასე ცუდად გრძნოდნენ თავს და ცხოვრება თავზე ენგრეოდათ? ვერ გაბედეს? შეიძლება მშობლებს არ უყვებოდნენ, რა ხდებოდა სკოლაში. ერთ-ერთს მშობლები არ ჰყავდა და გუგა იყო ის ადამიანი, ვისაც საჭმელი მიჰქონდა მისთვის. ანუ ბიჭი ყველასთვის ცუდი არ ყოფილა. როგორც ჩანს, გუგა არ ყოფილა ის, ვისაც ყველაფერს დააბრალებენ. თვითონაც სუსტები იყვნენ. როცა ერთმანეთს ჩაგრავდნენ, არცერთს არ უთქვამს, აღარ გვინდა, გავჩერდეთო. მთელი სკოლის პერიოდის განმავლობაში გრძელდებოდა სხვისი ცხოვრების გამწარება და ამით ერთობოდნენ. მაშინ არ ჩანდა ყველაფერი ასე მძაფრი, რაც წლებთან ერთად უფრო დამძიმდა.

ფილმში ამბავი პირველი კადრიდან არ იწყება. სიუჟეტის კვანძი იხსნება მაშინ, როცა სკოლის ძველ სასადილოში ყველა იკრიბება და, საიდუმლო სერობის მსგავსად, დასხდება. დანარჩენი კადრები რომც არ არსებობდეს, კინოსურათს დიდად არ დააკლდება. თითქოს ისინი, უბრალოდ, ქრონომეტრაჟს ემატება. მაგიდასთან შემომსხდარი „გაზრდილი“ კაცები კი „ცოდვის შვილები“ არიან. სკოლის პერიოდში სხვებს და ერთმანეთს ამწარებდნენ და ზუსტად ამიტომ დასაჯა ცხოვრებამ თითოეული მათგანი. გულო ლოთია, ფოჩხუამ დაკარგა სიარულის უნარი, ციციც მარტოა, არავინ ჰყავს მამის გარდა და არაფერი აქვს, „დევდარა“ ცდილობს რეალობა კლუბურ ნარკოტიკებში გაცვალოს, ერთი შეხედვით, გუგა ბედნიერი უნდა იყოს, ცოლი ჰყავს, კარგი სამსახური აქვს, მაგრამ ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს. გადარჩა ვინმე? ალბათ, „დებილო“. მასზე მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ შვილები ჰყავს და ბებიას სახარებას უკითხავს.

რა არის ფილმის მთავარი არსი? იყოს გაკვეთილი სხვა ადამიანებისათვის? ალბათ, არა. პატარები ფილმს ვერ გაიგებენ, დიდებისათვის უკვე გვიანია, სკოლა დამთავრებული აქვთ. მაშინ რატომ გადაიღო რეჟისორმა ფილმი? რისი თქმა უნდოდა მაყურებლისთვის? ასეთი სიტუაცია არის სკოლებში და იცოდეთო? ეს ხომ ისედაც ყველამ იცოდა. ალბათ, უბრალოდ, ღრმად ჩამარხული ტკივილები გაახსენა ადამიანებს.

რთულია იმის თქმა, ვინ როგორ თამაშობს როლს ან რომელი უფრო კარგი მსახიობია. სიუჟეტის გამო ყურადღება მათ თამაშს აღარ ექცევა. არავის აინტერესებს, ვინ რამდენი ნაბიჯი გადადგა, ვინ დაჯდა არასწორად. ამ ყველაფერს სცენარი ფარავს. უმისამართო, ერთმანეთის მიყოლებით გადატანილი კადრები, რომლის ფონად თანაკლასელების საუბარი ისმის, თითქოს მათ განვლილ გზას აჩვენებს.

მიუხედავად იმისა, რომ ფილმში ბევრი პერსონაჟი მონაწილეობს, მაინც რჩება შთაბეჭდილება, თითქოს კინოსურათი ორი მსახიობის სპექტაკლია. დანარჩენები, უბრალოდ, რეკვიზიტები არიან კადრის მრავალფეროვნებისთვის. მართალია, გუგა მათი ბავშვობის კოშმარიცაა, რომელზეც, ალბათ, აღარც ლაპარაკობენ, მაგრამ ციცისა და გუგას დუელი უფრო მკვეთრი და კაშკაშაა, ვიდრე დანარჩენებისა. ისინი უკანა ფონზე არიან. ყველა ემოცია, ტკივილი, ზიზღი, იმედგაცრუება და ამავე დროს პატიებაც თითქოს მხოლოდ ამ ორის გარშემო ტრიალებს. ციციმ როცა დაბლა დაგდებული გუგა დაინახა, რომელიც ალბათ ერთი ნაბიჯით ახლოს იდგა სიკვდილთან, რამდენიმე წამით გაშეშდა, შემდეგ ღრმად ჩაისუნთქა, სუნთქვა შეიკავა, ამოისუნთქა, გუგას აპატია და სწორედ ამის შემდეგ სცადა მისი დახმარება. როცა მიხვდა, რომ, მართალია, გუგას კარგი სამსახური ჰქონდა, ცოლიც ჰყავდა, მაგრამ მაინც არ იყო ბედნიერი, ზუსტად მაშინ აპატია. თითქოს იგრძნო, რომ კაცი მის სიმაღლეზე დაეშვა და ახლა ორივე ერთ ხაზზე იდგნენ, ერთმანეთის პირისპირ. ახლა გუგა აღარ იყო მჩაგვრელი და არც ციცი იყო სკოლის მოსწავლე, გაიზარდნენ და იმ ბიჭის აღარავის ეშინია.

საინტერესოა ცოლის სკოლაში მისვლის ეპიზოდიც. მონაკვეთი, რომელიც იმ სიტუაციასთან არაფერ შუაში იყო. თითქოს როლიდან გამოიყვანა მსახიობები. არაფერი იყო ამ ეპიზოდში მნიშვნელოვანი. რა აჩვენა ამ მომენტით რეჟისორმა მაყურებელს? თითქოს, შეხედეთ, გუგას ცოლი ჰყავსო? ეს ისედაც კარგად იცოდნენ.

დასაფიქრებელია ფილმის სათაურიც „დიდი შესვენება“. ჩნდება კითხვა, რისგან? ან ვისგან? ერთმანეთისგან? და ამ კითხვებს პასუხები არ აქვთ. ალბათ, მას სხვა სათაური უფრო მოუხდებოდა. მაგალითად, განკითხვის ღამე ან სამსჯავრო. ყველაფერი ისე ეწყობა, თითქოს ისინი იმიტომ შეიკრიბნენ, რომ გუგას აჩვენონ, როგორი ცუდი იყო ბავშვობაში და თითოეული მათგანი როგორ გაანადგურა. მისი სიტყვებისა და ქმედებების გამო ფოჩხუამ თავი დაანება ცეკვას, ერაყში წავიდა, ტყვია მოხვდა და ახლა ეტლში ზის. მან ბევრჯერ მოკლა გუგა თავის ფიქრებში, მაგრამ რეალურად ვერ გაუბედა. რატომ არ ნახა ის ამდენი წლის მანძილზე ან რატომ არ მიწერა? ვერ აპატია სკოლის პერიოდი თუ მისი ეშინოა? ან ციციმ რატომ არ სცადა გუგასთან პირისპირ საუბარი სკოლის დამთავრებიდან ცოტა ხნის შემდეგ? რატომ დაიტოვა გულში ის სიბრაზე, რომელმაც დაანგრია? რას ფიქრობდა ამდენ ხანს გუგაზე? ალბათ, მანაც მოკლა თავის ფიქრებში იგი და ის სიტყვებიც უთხრა, რასაც პირისპირ ვერ უბედავდა და როცა ნახა, ვერც მაშინ გაუბედა. მხოლოდ შორიდან უვლიდა და უხეშად საუბარს ცდილობდა მასთან. მინიშნებებით, შეფარული ბოღმით გაატარა შეკრების ნახევარი ღამე და ეს ბრაზი მარწუხებივით ეკვრებოდა მის სხეულს, შიგნიდან ჭამდა და ბოლოს ამოხეთქა, თავი ვეღარ შეიკავა და დანა გაშალა. მაგრამ მაინც, ალბათ, კინოსურათი ფოჩხუასა და გუგას დიალოგით უნდა დასრულებულიყო, დანარჩენი ქმედებები კი მხოლოდ ილუზიის ნაწილია.

ბარბარე კალაიჯიშვილი

 

 

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *