თანამედროვე ქართული კინო ხშირად ქვეყანაში აქტუალური სოციალური პრობლემების ანარეკლს წარმოადგენს. ერთ–ერთი ასეთი ნამუშევარი გვიხატავს მტკივნეულ ესკიზს იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობს ადამიანი, გააცნოს თავისი სამყარო უცხო სტუმარს, მაშინ როცა თავად ამ სამყაროსგან გაქცევაზე ოცნებობს.
ფილმი იწყება უმარტივესი სიტუაციით, აეროპორტში დახვედრით, თუმცა ერთი დაკარგული სავიზიტო ბარათი მთელ მოქმედებას კომიკური და დრამატული გაუგებრობის პლატფორმად აქცევს. ეს არის ამბავი მასპინძლობის რიტუალზე, რომელიც იქცევა არა სიხარულის, არამედ ღრმა შინაგანი სასოწარკვეთილების გამოხატულებად. რა თქმა უნდა, ქართული სტუმართმასპინძლობა არის ფენომენი, რომელიც ღრმადაა ფესვგადგმული საქართველოს კულტურაში. ის ბევრად მეტია, ვიდრე უბრალო ეტიკეტი. სტუმარი ტრადიციულად „ღმერთის გამოგზავნილად“ ითვლება. ეს რწმენა მასპინძლობის აქტს თითქმის რელიგიურ მოვალეობამდე ამაღლებს. სტუმრის მიღება, მიუხედავად მისი ვინაობისა, სოციალური სტატუსისა თუ ეროვნებისა, არის ოჯახის, კუთხისა და ქვეყნის ღირსების საკითხი.
თამარ თვარაძის სტუდენტური ფილმი, „საოცნებო მიწა“ (2014) ერთგვარი გულწრფელი და მტკივნეული სურათია თანამედროვე ქართული ყოფისა, რომელიც ერთ დღესა და ერთ მოკლე თავგადასავალშია თავმოყრილი. ფილმი კონცენტრირებულია მძღოლისა და გერმანელი სტუმრის ურთიერთობაზე. მიუხედავად იმისა, რომ მთავარი გმირი სტუმარს, იდენტიფიკაციის პრობლემის ფონზე, შემთხვევითობის პრინციპით ხვდება, ის მაინც მთელი არსებით ცდილობს, შეასრულოს ქართული მასპინძლობის უმაღლესი რიტუალი. ეს არის სცენათა სერია, სადაც მძღოლი ენობრივი ბარიერის (რომელიც კულტურული ბარიერის სიმბოლოცაა) მიუხედავად, სტუმარს თავგამოდებით აყვარებს საქართველოს: პატიჟებს ყავაზე, ღვინოზე (ერთ ბოთლს საჩუქრადაც კი გადასცემს) და ასინჯებს ტრადიციულ სამზარეულოს რესტორანში. მძღოლის მხრიდან საკუთარი სამშობლოს უცხოელისთვის გაცნობა არის ქართული კულტურის კეთილშობილური, თუმცა ცოტა არ იყოს, სასოწარკვეთილი დემონსტრირება, სტუმრისთვის „საოცნებო მიწის“ იდეალური სახის დახატვის მცდელობა.
ფილმის კულმინაციური, ყველაზე მძაფრი ეპიზოდი რესტორანში ვითარდება, როდესაც მძღოლი უცხოელ სტუმარს გულს უშლის და საკუთარი ეგზისტენციალური პრობლემების შესახებ უყვება. ის საუბრობს ემიგრაციაზე, უმუშევრობასა და საქართველოში სამსახურის არარსებობაზე. ეს მონოლოგი, რომელიც, ალბათ, გერმანელისთვის მხოლოდ გაუგებარ ბგერებად იქცევა, ფილმის მთავარი გზავნილია. საქციელი, როდესაც ქართველი უცხო ადამიანისგან, რომელიც სულ რამდენიმე საათის წინ გაიცნო, დახმარებას მოელის, ნამდვილად ააშკარავებს გულუბრყვილო რწმენას „უცხოს“ ყოვლისშემძლეობაზე. მძღოლი, მიუხედავად ზრდასრული ასაკისა, ოჯახისა და შვილებისა, მოქმედებს როგორც პატარა ბავშვი, რომელიც მშობლისაგან ელოდება მზრუნველობასა და პრობლემების გადაჭრას. ის ვერ იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ ცხოვრებაზე და იმედს ამყარებს გარე ძალაზე, რომლის ხორცშესხმული სიმბოლოც მის პირისპირ მჯდარი გერმანელი სტუმარია.
ფილმის ერთ–ერთი ყველაზე მძაფრი და სიმბოლური მომენტი არის „საოცნებო მიწის“ ცნების ორმაგი ინტერპრეტაცია, რომელიც მაყურებლისათვის გასაგები მძღოლის ქცევიდან გამომდინარე ხდება. როდესაც მძღოლი უცხოელ სტუმარს კახეთს აცნობს, როგორც საოცნებო მიწას, ის ცდილობს შეასრულოს იდეალური მასპინძლის როლი. კახეთის დასახელება ამ კონტექსტში არის ნაციონალური რომანტიზმის გამოხატულება. ეს არის საქართველოს ის სახე, რომლითაც საკუთარი თავით ვამაყობთ და რომლითაც გვინდა, რომ უცხოელებმა დაგვინახონ: ღვინო, სტუმართმოყვარეობა, ავთენტურობა. ეს არის გარე ფასადი, რომლის მიღმაც მძღოლის განსხვავებული შინაგანი სამყარო იმალება. ფილმის მსვლელობისას, ეს პატრიოტული განცხადება სრულ წინააღმდეგობაში მოდის მძღოლის შინაგანი სურვილისა და ეგზისტენციალური მოტივაციის მიმართ.
ფილმი „საოცნებო მიწა“ ეფექტურად იყენებს ამ ორმაგობას იმის საჩვენებლად, რომ ქართველი ადამიანისთვის სამშობლო ხშირად მტკივნეულ კონფლიქტად იქცევა: გვიყვარს და ვეამაყებით ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას (კახეთი), მაგრამ ვეღარ ვახერხებთ მასში ნორმალურ ცხოვრებას. მძღოლი არის ადამიანი, რომელიც იძულებულია გაყიდოს ოცნება (კახეთი, ღვინო, ტრადიცია), რათა მოიპოვოს საშუალება, წავიდეს და მიაღწიოს ნამდვილ ოცნებას (დასავლეთი, სამსახური, სტაბილურობა). ეს წინააღმდეგობა ფილმს ანიჭებს ღრმა დრამატულ დატვირთვას, რადგან მძღოლი არის არა მხოლოდ მასპინძელი, არამედ საკუთარი ქვეყნიდან გაქცევის პასიური მაძიებელიც.
რეჟისორი თავისი კინოსურათით თანამედროვე საქართველოს კიდევ ერთ პრობლემაზე, ემიგრაცია ამახვილებს ყურადღებას. ემიგრაცია თითქოს არაა ფილმის ცენტრალური თემა, თუმცა მისი მსვლელობასთან ერთად შესამჩნევია, რომ ეს აქტუალური სოციალური პრობლემა თამარ თავაძის ინტერესის საგანი გახდა. მძღოლის მცდელობა, თავგამოდებული მასპინძლობით მოხიბლოს უცხოელი სტუმარი, არის მისი სასოწარკვეთილი სურვილის გამოვლინება, საკუთარი კულტურის სანაცვლოდ რაიმე სახის დახმარება მიიღოს ქვეყნიდან წასვლაში.
„საოცნებო მიწა“ სვამს მტკივნეულ კითხვებს: რა არის „საოცნებო მიწა“ ქართველისთვის? არის ეს ევროპა თუ ამერიკა, სადაც სამსახურია, თუ თავად საქართველო, სადაც გულწრფელი მასპინძლობის მიუხედავად, ადამიანებს გამუდმებით გაქცევის სურვილი აქვთ? ფილმი ამძაფრებს იმ განცდას, რომ ქვეყანა, რომლის კულტურასაც ამხელა გულმოდგინებით ვუზიარებთ სტუმრებს, თავად ჩვენი თავშესაფარი აღარ არის.
სალომე გოგოლი






