ჭვავის ყანაში მორბენალი ბავშვების სადარაჯოზე

,,თუ სიზმარი ფხიზელი ცხოვრების თარგმანია, მაშინ ფხიზელი ცხოვრებაც ასევე სიზმრის თარგმანია. გონებას უყვარს შეუცნობელი. მას უყვარს გამოსახულებები, რომელთა მნიშვნელობაც ამოუცნობია, რადგან თავად გონების მნიშვნელობაც ამოუცნობია” – ამბობდა რენე მაგრიტი.

შეუცნობლის შეცნობის მცდელობა, შეიძლება ითქვას, ნებისმიერი ადამიანის ერთერთი უმთავრესი ცხოვრებისეული გამოწვევაა. ხელოვანი ადამიანისთვის ეს, წესით, ორმაგად საინტერესო და კომპლექსური პროცესი უნდა იყოს, მაგრამ რა ხდება, როცა ის, პირიქით, გზას იმრუდებს და ამისთვის სიურრეალისტურ გზას ირჩევს? ეს, ალბათ, მხოლოდ და მხოლოდ თავზეხელაღებული ხალხის ხვედრია

ყველა ქვეყნის კინემატოგრაფს ჰყავს ასეთი თავზეხელაღებული, „ხულიგანიდა მეამბოხე რეჟისორთა კატეგორია, ჩვენში კი ასეთი ალეკო ცაბაძეა. ცოტა თუ გაბედავდა საბჭოთა კავშირში (მართალია, უკვე იმ პერიოდში, როცა იმპერია არსებობის ბოლო წლებს ითვლიდა), თანაც სადებიუტოსადიპლომო ნამუშევარში, ტრადიციული საბჭოური ნარატივისგან რადიკალურად განსხვავებული რეალობის ჩვენებას, რომელშიც კრიმინალი, პროსტიტუცია, აზარტული თამაშები და ნარკომანია ერთმანეთს ენაცვლებიან. ყველაფერი კი, ერთი შეხედვით, უწყინარი წაგებული სანაძლეოთი იწყება, რომელიც საბედისწერო გამოდგება ახალგაზრდა კაცისთვის.

ნაწილობრივ ეყრდნობა რა ქართული კინოსთვის დამახასიათებელ ტრადიციულ ელემენტებსა და ნარატივებს (უმეტესწილად, სოციალურ კონტექსტში), ალეკო ცაბაძე თავის გმირებს ევროპული კინოს ესთეტიკისათვის დამახასიათებელ სიუჟეტებში დამოჰოლივუდოტიპის კონფლიქტებით წარმოაჩენს და ქმნის ჭეშმარიტად უნიკალურ ხელწერას. არამეინსტრიმული, მარგინალი ადამიანების ამბები, რომლებსაც ტრაგიკომიკულ საბედისწერო თავგადასავლებში ატარებს, მისთვის ყოველთვის იყო ყურადღების ცენტრში. ამასთან ერთად კი მრავალფეროვანი პორტრეტებით ადამიანური ფსიქოლოგიის ღრმა შრეებშიც გვახედებს, გვიბიძგებს რა აქტიურად ვიყოთ ჩართული მისი პერსონაჟების ეკრანსმიღმა ცხოვრებისეულ გამოწვევებში და, ერთდროულად, ვიფიქროთ არაერთ საკაცობრიო პრობლემაზე. ეს ყველაფერი მის აქამდე შექმნილ ფილმებში ყველაზე თამამად და მრავალფეროვნად ვლინდება სიურრეალისტურ თრილერში, „რენე მიდის ჰოლივუდში“ (2010).

როგორ შეიძლება ფანტაზია ისე გავიღიზიანო, რომ წარმოსახვის უნარი გამიძლიეროს?“ – ამ კითხვით მიმართავს 37 წლის რენე დადიანი (ნიკა თავაძე) ფსიქოლოგს (ლეო ანთაძე). კონკრეტული პასუხის მიუღებლობაზე და უკან შებრუნებულ კითხვაზე, თუ რა პროფესიისაა, ის მრავალმნიშვნელოვნად ციტირებს ჯერომ სელინჯერის საკულტო ნაწარმოების ლაიტმოტივად ქცეულ ფრაზას – “ბავშვებს დავსდევ, ჭვავის ყანაში, ხევში რომ არ გადაიჩეხონ“. მიუხედავად იმისა, რომ ამ ფრაზაში უფრო მეტად სარკაზმი იგრძნობა, ვიდრე გულწრფელი კეთილშობილებით ნაკარნახევი გრძნობა, ჭვავის ყანაში მოდარაჯე დადიანების შთამომავალი გარკვეულ მომენტებში გვევლინება კეთილ სამარიტელადგანსაკუთრებით კი პატარა ობოლ ჟღალთმიან ბიჭთან, უჩასთან (ვიქტორ ბარბაქაძე) მიმართებაში, რომელიც ჩარლზ დიკინზისეულ პერსონაჟს მოგვაგონებს თავისი ციმციმა და ცნობისმოყვარე თვალებით, ბინძური ტანსაცმლით, უთითო ხელთათმნებითა და კეპით. 

სწორედ ასეთი მულტიკულტურული ციტირებებით ვეფლობით მთავარი პერსონაჟის სამგანზომილებიან თავგადასავალში, რომელიც წარსულის, აწმყოსა და პარალელური რეალობის ქრონოლოგიით იშლება და ჩვენი ფანტაზიის გაღიზიანებითაც გვამოგზაურებს ეკლექტურ სამყაროში, სადაც ილია ჭავჭავაძის დროინდელ თავადაზნაურობას XX საუკუნის გერმანელ ფაშისტთა ათეულისგან სულ რაღაც ერთი კედელი აშორებს, მათ პარალელურად კი თანამედროვე სამხედრო ფორმაში გამოწყობილ მთავარ გმირს საზოგადოებასთან აქვს ოცწლიანი ომი გამოცხადებული და იბრძვის მანამ, სანამ საზოგადოება მას ისეთად არ მიიღებს, როგორიც ის არის. ერთი შეხედვით, გაჭირვებული რენე დადიანი საკმაოდ კარგად მოწყობილ სახლში ცხოვრობს (აქვსეფლისკომპიუტერი), რენე მაგრიტის ნამუშევრები უკიდია და როგორც მის სეხნიობას შეეფერება, თავადაც ფრიად სიურრეალისტურ ცხოვრებას ეწევა: ვიდეოხელოვნების მასწავლებელია კინოსკოლაში და შეთავსებით გაზის ბალონებს არიგებს და ცდილობს წარმოსახვის უნარი გაიძლიეროს და ხან რომელ ეპოქაში ხვდება, ხან რომელში. ეს ყველაფერი კი რეალობისა და ფანტაზია/დღის ზმანების ზღვარზე ისე გადის, რომ გარკვეულ მომენტებში იბნევი, სადაა დასაწყისი და სად დასასრული. მთავარი პერსონაჟიც ისე ირევა ამ ყველაფერში, რომ ნარკოტიკის მოხმარებას იწყებს კიდეც.

სიუჟეტი მალე ემსგავსება ჰოლივუდურ კრიმინალურ თრილერს, როცა ერთერთ კლიენტთან გაზის ბალონის მიტანისას რენეს ე.. იაჰუების რაიონში ჟღალთმიან კლიენტ ვაცა ლერწმისელთან (ზურა ბეგალიშვილი) ფიზიკური დაპირისპირება მოუვა, როცა ეს უკანასკნელი მას ნაკლული ბალონის დაყენებაში ადანაშაულებს. კონფლიქტს ვაცას გერი, უჩა აშველებს, რითაც მამინაცვალს დახრჩობას გადაარჩენს, თუმცა დროებითრენე მოგვიანებით შურის საძიებლად უკან ბრუნდება იაჰუებთან და ჟღალთმიან იაჰუათა მამამთავარს კლავს კიდეც. მოკლულს ეშმაკთან მოკითხვას აბარებს, თუმცა მისი ჩამოცილება ასე ადვილი როდიამის აჩრდილად ჭლექიანი უჩა რჩება, რომელიც ეცოდება და ბიჭს, ფაქტობრივად, იშვილებსდაატარებს, ანებივრებს შეძლებისდაგვარად, ექიმთან მიყვანას უპირებს, საყიდლებზე მიჰყავს. მის გამო უსინათლო მეგობარ თომასაც (ნიკო გომელაური) კი შეაწუხებს, რომელიც რენეს შინაგან საღ და მშვიდ ხმას მოგვაგონებს თავისი სიდინჯითა და სიბრძნით. ამის პარალელურად, მის ცხოვრებაში ჰალუცინაციებივით იელვებს ალტერნატიული რეალობები, სადაც ის საზოგადოების წინააღმდეგ იბრძვის, ჰიტლერს ხვდება, ხდება ილია ჭავჭავაძის მკვლელობის მომსწრე, რომელსაც თანამედროვე პოლიციის მანქანებით მოსული სამართალდამცავები იკვლევენ და ა.. და, რაც მთავარია, არ ასვენებს იაჰუა და მისი ბანდა (აქ, რა თქმა უნდა, იგულისხმებიან ჯონათან სვიფტისეული იაჰუებიუხეში, ბინძური და არასასიამოვნო არსებები), რომლებიც ფეხდაფეხ აფუჭებენ საქმეს. საინტერესო ისიცაა, რომ სწორედ ასეთ ადამიანს აძლევს ავტორი მოკეთილშობილო სახელს და ერთგვარ ოქსიმორონსაც კი ქმნის. თავად მთავარი გმირიც კიდადიანთა შთამომავალი, მისი გვარისთვის არც თუ ისე სახარბიელო საქმიანობითაა დაკავებული.

მოკლედ რომ ითქვას, როგორც ჭეშმარიტ პოსტმოდერნისტულ ნამუშევარს შეეფერება, სიუჟეტი დახუნძლულია ციტირებარეფერენსებით, ირონიისა და ოქსიმორონების ქარბორბალით. ეს მებიუსის ფირივით შეკრული, ერთმანეთთან უმცირესი დეტალებით დაკავშირებული ფრაქტალური ამბები მოზაიკურადაა მოწოდებული, რომელიც თითქოსრაშომონისეულიეფექტით ანახებს ერთი და იმავე ამბის მრავალრაკურსიან პერსპექტივას. ყველაფერი ეფუძნება სამ საბაზისო ელემენტს: მრავალფეროვან სამსახიობო დასს, სადაც თითოეული პორტრეტი ვიზუალური კონცეფციიდან გამომდინარე შთამბეჭდავად შეულამაზებელი და უნიკალურია (თუმცაღა, გარკვეულ მომენტებში იპარება მსახიობთა მხრიდან ,,თეატრალობაც“), მინდია ესაძის საოპერატორო ნამუშევარს და, რა თქმა უნდა, თავად ალეკო ცაბაძის სარეჟისოროსასცენარო ოსტატობას.

პარალელური მონტაჟის საშუალებით რამდენიმე ნარატივი ვითარდება და ყველა მათგანის ქვაკუთხედი და ამოსავალი წერტილი თავად რენეა: ვხედავთ მის წინაპრებს, მის სულიერ სამყაროს, შინაგან განცდებს, ფსიქოლოგიურ გამოწვევას ეროვნულ იდენტობასთან, მისი, როგორციგის“, ინდივიდისა და საზოგადოებასთან ურთიერთდამოკიდებულების საკითხებს და ა.. რენე დადიანი რამდენიმე პიროვნებაა, რომელიც არსებობს, ფუნქციონირებს დამოღვაწეობსსხვადასხვა მოცემულობაში. იგი ერთგვარად წააგავს ლეოს კარაქსის საკულტოჰოლი მოტორსისმთავარ პერსონაჟსმისტერ ოსკარს, რომელსაც დღის განმავლობაში ლიმუზინით 9 სხვადასხვაშეხვედრააქვს ჩანიშნული. ესეც შეიძლება კიდევ ერთ ღირსებად მივიჩნიოთალეკო ცაბაძე ერთბაშადეპოტინებაბევრ თემას, რაც ნებისმიერი დრამატურგიისთვის საკმაოდ სარისკოა და, ამ ფილმის შემთხვევაში, შეიძლება შედეგს იდეალური არ ეწოდოს, მაგრამ მისი მიკუთვნება (ქართული) „არტჰაუსისკატეგორიაში თავისუფლად შეიძლება იმდენად, რამდენადაც ის, კარგი გაგებით, განსხვავებული ნამუშევარია.

და საერთოდაც, საინტერესოა, რატომ ეპოქებთან თამაშის ასეთი გადაწყვეტილებანუთუ ეს რენეს ქვეცნობიერია, რომელშიც ყველა ტიპის ნაფიქრალი და არანაფიქრალი გროვდება და ეს ყველაფერი მისი, როგორც ქართველი და, ასევე, მსოფლიო მოქალაქის ისტორიული კოლექტიური არაცნობიერის რეპრეზენტაციაა? მაშინ რატომ გვევლინება ის, ერთდროულად, გმირადაც და ანტიგმირადაც? შეიძლება კი ეს იყოს უბრალო მიმოხილვა, ანალიზი და თუნდაც ხელახალი გადათამაშება წარსული და აწმყო მოვლენებისა, რათა თავიდან იქნას აცილებული უკვე ჩადენილი შეცდომები და ამით შეიცვალოს ისტორიის მიმართულება? მაგრამ არაილიას ისევ მოკლავენ თავიდან და თანაც პირადად დაადგებიან იაჰუები თავზე და პირში ეტყვიან ამას ცნობილიჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერის?“ ციტირებით; ისევ იქნება ღალატი, დაუფასებლობა, „იგისადა საზოგადოების, კეთილისა და ბოროტის დაპირისპირება. ალეკო ცაბაძეს არ უყვარს დემაგოგობა, პირიქითრენეს პირით ის ირიბად გვეუბნება, რომ ფიქრის დისციპლინა და საკუთარი აზრი ჩამოვიყალიბოთ (და ასევე პატარა შეგონებას გვაძლევს კინოზე შეყვარებულ ადამიანებს, რომ თუ რამე ფასეულის შექმნა გვინდა, უნდა ვიყოთ ამბიციური…).

ჰოლივუდში წასვლა, საბოლოო ჯამში, პირდაპირი მნიშვნელობით არ ხდება, თუმცაღა ჰოლივუდური ფილმის მსგავსი თავგადასავლის მომსწრენი კი ვხდებით: ფინალურ ეპიზოდში ვხედავთ რენეს მიერ მოკლულ და გაცოცხლებულ ვაცას, დასისხლიანებული პერანგით, რომელიც მიდის და რენეს მტკვრის სანაპიროზე გვერდით უჯდება,  ჯოჯოხეთიდანსაღსალამათად დაბრუნულ მტერს რენე უწილადებს პურის ნაჭერს და ისინი ერთად აჭმევენ იხვებს მდინარეზე. ეს არის შერიგება, პატიება და ყველაფერზე უფრო მეტად, შეგუება საკუთარ მტერთან, რომელიც, გარკვეულწილად, მისი მსგავსია, მისი ალტერ ეგოა. ბოლოს და ბოლოს, ერთ მონეტას ხომ ორი მხარე აქვს; ყველა დადიანშია იაჰუა, ყველა კეთილშობილშიპატარა ნაძირალა, ყოველ თეთრშიცოტა შავი და პირიქით. რამდენად მივცემთ უფლებას ერთ მხარეს მოიცვას მეორე, ეს ჩვენზეა დამოკიდებული. შეიძლება, ჭვავის ყანაში ყოფნა მხოლოდ სხვა ბავშვების დარაჯს არ ნიშნავს, ამაში ჩვენს თავში მყოფი ბავშვიც იგულისხმება.

ანდაც, შეიძლება, ასე სერიოზულად არ უნდა მივუდგეთ ამ ფილმის ანალიზს. შეიძლება, ეს ყველაფერი უბრალო თამაში იყოს. პოსტმოდერნიზმის მთავარი ღირსება ხომ სწორედ (თვით)-ირონიაა? დადაისტსიურრეალისტი პოეტი ფილიპ სუპო ამბობდა, თვით ცხოვრებაზე უფრო სიურრეალისტური არაფერიაო. ჰოდა, არცაა გამორიცხული, რომ ალეკო ცაბაძემ სწორედ რეალობა გვაჩვენა.

ეთერ ფარჩუკიძე

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *