გარემოვაჭრეები არიან ის ადამიანები, რომელთა შრომა რამდენადაც ხილული, ამდენადვე უხილავია. ხილულია იმ მხრივ, რომ ისინი თითქოს განუყოფელ დეტალს წარმოადგენენ ქუჩებისა და ქალაქების ექსტერიერისათვის. უხილავობაც ზუსტად ამ ყოველდღიური გადაკვეთისა და ნახვის შესაძლებლობის გაცვეთილი სურათებიდან გამომდინარეობს, რომელსაც რამდენადმე უსწორდება თვალი, ჩაუვლის ფიზიკური სხეული გვერდს თუ შეიძენს მისგან ყოველდღიურ საჭირო პროდუქტებს, იმდენადვე გაგრძელებს მის გზას, შეუმჩნევლად მოიტოვებს უკან განსხეულებული ეკონომიკური პრობლემის უცვლელ და სადაგ არსებობის ფაქტს. ხილულისა და უხილავის ასეთი სინთეზი, რისიც ნებისმიერ მორწმუნესა თუ სარწმუნო ობიექტს შეშურდებოდა, საქმე არაფერი აქვს „სასაწაულთან“, პირიქით, ის დადგენილი პროცესების ნაწილია. შედეგად, ადამიანების მარგინალიზაციაც ასეთნაირად ხორციელდება. გარემოვაჭრეების ყოველდღიური კაბალური შრომა ხატია ჩვენი ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური პროცესებისა, რომელთა უსახური განვითარების ყოველი სტადია ჩირქს სცხებს და ართულებს მათ ყოველდღიურ ბრძოლას გადარჩენისთვის.
მსგავს პროცესებში კინო ყოველთვის იკიდებს ფეხს. ასახვისა და გადმოცემის უნარით იგი ყოველთვის წარმოადგენდა დამაკავშირებელ რგოლს, გაეჟღერებინა იმ კლასის ხმა, რომლის გულისნადები და ტკივილი ქალაქისა და ქუჩების ყურისწამღებ ექოში აღარ გაირჩევა. დოკუმენტურ ფილმს ეს ყველაზე გარკვევით და თავისთავად ხელეწიფება, რადგან კინო სივრცული ბლოკებით აზროვნების შესაძლებლობაა. ფილმის ფაბულის მიღმა ასევე ღირებულია მისი გადმოცემისა და ფორმის ურთიერთმიმართება, რომელიც საშუალებას იძლევა გამოიკვეთოს პრობლემა და მისი სრული კონსტრუქცია დამახასიათებელი პერიპეტიებით. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ფილმის ფაბულა ისეთ თემებსა და საკითხებს ეხება, რომელთა გადმოცემა ფრიად საპასუხისმგებლოა, რადგანაც საქმე ადამიანებსა და მათ სულიერებას ეხება და არა წარმოსახვით გმირებს მხატვრული ფილმის კატეგორიიდან, რომელიც რეჟისორის ან სცენარისტის ყალიბში ჩამოისხმება სათამაშო თოჯინასავით.
ანა მამაიაშვილის სტუდენტური დოკუმენტური ფილმი, „სამგორის გოგოები“ (2023) გარემოვაჭრეებსა და მათ ყოფაზე მოგვითხრობს. 2023 წელს ნავთლუღის ბაზარი დაანგრიეს, რის შედეგადაც მოვაჭრეებს, ამ ფილმის სამ მთავარ პერსოანაჟს, ბაზრის ტერიტორიის მიღმა გასვლა და იქ საკუთარი საქმიანობის გაგრძელება მოუწია. პირველი კადრებიც დანგრეული ბაზრის სტატიკური სურათებია, საღამოსათვის დამახასიათებელ სილურჯესა და ნანგრევების რკალში, შორი პერსპექტივით, მის მიღმა დარჩენილ სამარშრუტო ტაქსებთან შეკრებილ ადამიანთა ჯგუფით. წარსულში არსებული ქარბუქი, რომელმაც ირგვლივ ყველაფერი გააცამტვერა, გადაინაცვლებს და მომდევნო კადრებში უკვე ვხედავთ ხალხმრავალ და გადატვირთულ ვიწრო ქუჩებს, გარემოვაჭრეების ეპიცენტრს, სადაც მიმდინარე საუბრებსა და საჯარო დისპუტებში ცხადი ხდება კონფლიქტის არსიც და მისი პირველწყაროც. ბაზრის იჯარის გადაუხდელობა, კერძო სექტორის მიერ დაწესებული საფასური, რომელიც აღემატება დღის ნავაჭრ თანხას, გამოუყვანია ეს ქალბატონები ქუჩაში, ბაზრის კედლებს გადაღმა. ისინი, სასტიკ გარემოსთან პირისპირ დარჩენილები და გაუსაძლის შრომას მიჩვეულები, სილაღითა და პოზიტივით ცდილობენ რუტინულ უღირს პირობებთან ურთიერთზემოქმედებას, რათა მოახერხონ და დარჩნენ, შეძლონ და გადარჩნენ, იშრომონ და იცხოვრონ.
რასაკვირველია, პოზიტივის, მხნეობისა და თვითირონიის არსებობა, მაშინ როდესაც ეს კონკრეტული ადამიანის თანდაყოლილი თვისება, და მძიმე გარემოებას ან სიდუხჭირეს არ ძალუძს ამ დადებითი თვისებების გამომჟღავნების შეფერხება, საკმაოდ იმედის მომცემი მოვლენაა, თუმცა ამის შემონახვა ფილმს მიღმაც, რომელიმე კამერის მქონე ტელეფონშიც შეიძლებოდა. ოპერატორულ სვლებს, კადრების თანმიმდევრობასა და მათი აგების დრამატურგიას ფილმის დიდ მინუსად მივიჩნევ. ძირითადად, შორი და საშუალო ხედებით აგებულ ფილმს არ გააჩნია ის მაგისტრალური ხაზი, რომელიც დაგვეხმარებოდა უკეთ აგვეთვისებინა გარემოსა და სივრცის, მასში არსებული მოქმედი გმირების პორტრეტები, რომლებიც, ცხადია, მხოლოდ და მხოლოდ პოზიტივის მქადაგებლად არ გვევლინებიან. ისინი, პირველ რიგში, პიროვნებები არიან, რომლებმაც ყველაზე მეტად გამოსცადეს, თუ რას ნიშნავს ჩაგვრა და დამცირება, სოციალური უთანასწორობა, ცუდი სამუშაო პირობები და კანონის ეგიდით დევნა, მუქარა. რეჟისორი თითქოს ამ ყველაფერზე თვალს ხუჭავს. მისთვის პირველადია ხუმრობა და სიმარტივე, საკითხის ლაღი და უპრეტენზიო თხრობა. გადაღების მანერაც ასეთივეა, თითქოს დადგენილი ინტერვალით მოცილებულია გამოსახვის ობიექტს (რომელიც მთლად დადგენილიც ვერ უნდა იყოს), რადგანაც კამერის რაკურსი ხშირად კარგავს წონასწორობის ცენტრს, იბურება, იგრიხება და ეს იმიტომ კი არა, რომ ასეთია ექსპერიმენტი და ახალი სიტყვა ქართულ კინოდოკუმენტალისტიკაში, არამედ, გულგრილობისა და მიწას მოწყვეტილი სურვილების შედეგად, ნაგულისხმებია როგორც საკითხთან და პრობლემასთან მიმართებით არაორგანულ და ხელოვნურ რეფლექსიად.
დოკუმენტური კინო ოდითგანვე ითვალისწინებს ეთნოგრაფიული, სოციალური ან თუნდაც უჩვეულო ამბებისა და მოვლენების გადაღებისა და თხრობის პრაქტიკას. ეს ეგზოტიკური გამოცდილების მიღებისთვის, სხვათა გამოცდილებისა და მოვლენათა გააზრების საუკეთესო შესაძლებლობაა, თუმცა, ასეთი ტიპის „ეგზოტიკური“ გამოცდილება არ წარმოადგენს, მხოლოდ და მხოლოდ, დოკუმენტური ფილმის ამოსავალ წერტილს, ის არ განეკუთვნება მხოლოდ საგანმანათლებლო ფილმის პრაქტიკას. ის ასევე გულისხმობს თავისებური ესთეტიკური კრიტერიუმებით და ტექნიკური გამომსახველობით მხატვრულ-სტილისტური ფორმით აზროვნებას, რომელიც, ამავდროულად, სინქრონიზებულია ფილმის საკითხის ბუნებასთან. ანა მამაიაშვილის ფილმს სტილისა და ფორმის უქონლობა დაეწუნება. მისი მთავარი ღირსება მოქმედ გმირთა თვისებებია, რომლებიც, ასახვისა და ფილმის გარეშეც, დამოუკიდებლად გააგრძელებდნენ არსებობას. მათ ყოველდღიურობაში ჩარევა არც ყურადღებას იპყრობს იმდენად რომ ამ პრობლემის არსებობის გონში ჩაგაგდონ, არამედ, პირიქით, მასთან შეჩვეულ და დამყოლ თანაარსებობას მეტად უწევს პროვოცირებას, რაც რიგ შემთხვევაში საამაყო სულაც არ არის.
გაურკვეველია ფილმის ფინალიც, რომელიც დაიწყო ნანგრევებითა და დასრულდა რესტორანში ცეკვა-ქეიფით. ამ უდიდეს პარადოქსში შემთხვევითად გამოწოვილი მორალი იმისა, რომ ,,ცხოვრება მშვენიერია“ ისეთი ბანალური დემაგოგიით არის გამყარებული, თითქოსდა, ადამიანური ბედნიერების ლოგიკური პრინციპის რაობაზეც აქვს პრეტენზია. სხვა მხრივ, გაურკვეველია, ასეთ არაფრისმთქმელ ფინალს რატომ დაეხარბა რეჟისორი.
ნინო მუჩიაშვილი