საბჭოთა ხელისუფლების, ცენზურისა და იდეოლოგიური წნეხის არსებობის პირობებში დოკუმენტური კინო გახდა რეალობის პასიური დამფიქსირებელი, თუმცა განვითარების ამ რუტინულ, ერთფეროვან პროცესში იყო ეტაპები, როცა იგი ცდილობდა საავტორო ხედვისა და მოქალაქეობრივი პოზიციების დაფიქსირებას. შეიძლება ითქვას, რომ 1920-იანი და 1960-იანი წლები არის ქართული დოკუმენტური კინოს აღმავლობის ეტაპები.
ახალი თაობა, ერთგვარად, ცდილობს, გააგრძელოს და აღადგინოს საავტორო კინოს საუკეთესო ტრადიციები. დღეს, თანამედროვე ქართული დოკუმენტური კინო, მხატვრულისგან განსხვავებით, აქტიურად ცდილობს წინ წამოსწიოს რეალობაში არსებული მწვავე, აქტუალური სოციალურ-პოლიტიკურ-ეკონომიკური პრობლემები, მოძებნოს თხრობის ახალი ფორმები, გაამდიდროს საბჭოთა ეპოქით „დაშტამპული“ ჟანრები. მაგალითად, ცვლილებები შეეხო ისეთ „ტრადიციულ“ ფორმასაც კი, როგორიცაა პორტრეტი, სადაც წლების მანძილზე დამკვიდრებული სტატიკური, დროში გაწელილი ინტერვიუების მაგივრად ავტორები გვთავაზობენ სტილიზებულ, ვიზუალურ თხრობას: უფრო აქტიურს და შინაარსობრივად დატვირთულს. შეიძლება ითქვას, რომ სულ უფრო მეტად ჩნდება მცირე ყოფითი დეტალებით კონკრეტული გმირის სახის ასახვის, „ფერწერულ“-ვიზუალური გარემოს შექმნის, ძირითადი პრობლემის განზოგადების ტენდენციები. ქართული დოკუმენტური კინოსადმი ავტორთა და მაყურებელთა ინტერესის აშკარად გაზრდა განპირობებულია ამ სახეობის სპეციფიკითა და უნარით, რომ არსებული რეალობისაგან შეიქმნას თანამედროვე ეპოქის მხატვრული სახე. ქართული დოკუმენტური კინოს ტენდენციებს იზიარებს თინათინ და ხვიჩა ემირიძეების ფილმი „რესპუბლიკაც“ (2021).
საქართველოში ფორმაციის სახეცვლამ, ცხოვრების სტილის, მორალურ-ზნეობრივი კრიტერიუმების აქტიურმა ცვლილებებმა პოსტსაბჭოთა სივრცეში წარმოქმნა ახალი სოციალური ფენა ე.წ. დევიანტების, ლუმპენებისა, რომლებიც ქალაქის გაღმა, მიტოვებულ ან აუთვისებელ ტერიტორიებზე ქმნიან საკუთარ „რესპუბლიკას“, სივრცეს, სადაც სახელმწიფოსაგან უარყოფილები, მიტოვებულები საზოგადოების მიერ დადგენილი ნორმების და წესების მიღმა ცხოვრობენ.
ფილმი „რესპუბლიკა“ პორტრეტული ჟანრის ნაწარმოებია, რომელიც ერთ-ერთ ასეთ ლუმპენზე მოგვითხრობს. ფილმის გმირი დათო მარტოსული, საზოგადოებისგან გარიყული ადამიანია. ყოველდღიური რუტინული ყოფა ნაგავსაყრელზე, შეხვედრა შვილებთან, მეზობლებთან, „ბიზნეს-პარტნიორებთან“ ერთიანობაში ქმნის ამ მთავარი გმირის კონტრასტულ სახეს, წარმოაჩენს მის მსოფლმხედველობას და მსოფლაღქმას.
მძიმე სოციალური პრობლემების მიუხედავად, დათოს აქვს ოცნება: თავის პატარა „რესპუბლიკაში“ ააშენოს სახლი, სადაც მშვიდობა და სიმშვიდე დაისადგურებს, სადაც ის და მისი ოთხფეხა „მეგობრები“ ერთად ბედნიერად იცხოვრებენ. ეს იქნება ნოეს პატარა კიდობანი, ცოდვილ სამყაროში გადარჩენის, ახალი მიწის ძიებისა და სიცოცხლის სიმბოლო. ოცნება, რომლის განხორციელებაც ცხოვრების მთავარ მიზნად ექცა ამ ადამიანს, საშუალებას აძლევს გაექცეს რეალობას, რომელიც ვალდებულებებით, მოვალეობებითა და სხვებზე ზრუნვით ტვირთავს და კიდევ უფრო ამძიმებს მის აუტანელ ყოფას. ერთადერთი, რაც დათოს აკავშირებს იმ სამყაროსთან, რომლის ნაწილიც ოდესღაც იყო, შვილებია. მათთან კავშირის გაწყვეტა იმედის დაკარგვის ტოლფასია, იმ იმედისა, რომ მას ისევ აღიარებენ, მიიღებენ. ამიტომაც უფრთხილდება იგი მათთან კავშირს და უკანასკნელ გროშებს დაუფიქრებლად გასცემს.
ავტორები გარე დამკვირვებლის პოზიციით, ვიზუალური სტრუქტურით – ახლო ხედების, გარკვეულ დეტალებზე აპელირებით – თითქმის უტექსტოდ გადმოგვცემენ მთავარი გმირის შინაგან განწყობებს, იმ სევდასა და პესიმიზმს, შეიძლება ითქვას, სასოწარკვეთასაც, რომელიც მისი ცხოვრების უპერსპექტივობის განცდას ახლავს თან.
გმირის შინაგანი პროტესტისა და ავტონომიურობის სიმბოლოდ იქცევა დათოს მიერ შექმნილი, სახლის სახურავზე მოფრიალე დროშა, რომელიც პერიოდულად ჩნდება ფილმში, დროთა განმავლობაში იცვითება და უფერულდება, როგორც მისი ოცნებები.
ბოლო ეპიზოდში – „დღესასწაულზე“, სხვადასხვა ქვეყნის დროშებით მორთულ, ნახევრად აშენებულ სახლში იგი მასპინძლობს ახლობლებს. ეს შეხვედრა „რესპუბლიკაში“ ერთიანობისა და მშვიდობის დასამყარებლად იმართება. დროშებით გარემოცული ფილმის გმირი, მატერიალური პრობლემებით დამძიმებული, თითქოს აღიარებს საკუთარ მიკუთვნებას იმ დიდ „ცივილიზებულ მსოფლიოსთან“, სადაც არსებობს უკიდურესი გაჭირვება უკიდურეს კეთილდღეობასთან ერთად, უარყოფს საკუთარ ავტონომიას, ოცნებებს, სურვილებს. თხრობისას ფილმის ავტორები ხაზს უსვამენ იმ კონტრასტებს, რომლითაც სავსეა თანამედროვე სამყარო: ქალაქი და გარეუბანი, პასტორალური პეიზაჟები და ადამიანის მიერ შექმნილი ხელოვნური „გორაკები“, სადღაც შორს არეკლილი ცათამბჯენები და გადაყრილი ნივთებისგან შეკოწიწებული ქოხები. ამ კონტრასტებით იშლება ფილმის ძირითადი ნარატივები: სიღარიბე, როგორც სოციოეკონომიკური მოვლენა, ადამიანის მარტოობის, გაუცხოების, საკუთარი თავისაგან გაქცევის, ახლობლებისაგან უარყოფის პრობლემა, ავტორები ერთი თავგადასავლის თხრობით შლიან და მაყურებელს აფიქრებენ უფრო მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხზე, იმ საზოგადოებაზე, რომელიც მდუმარედ თვალის არიდებას ცდილობს, უარყოფს დევიანტების არსებობას, საკუთარი კეთილდღეობისათვის რიყავს მათ, ვინც გარკვეული ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზებით ვერ მოახერხა საზოგადოების სრულფასოვანი წევრი გამხდარიყო.
დებიუტანტი რეჟისორების ნამუშევარი „რესპუბლიკა“ არის მცდელობა, საზოგადოებას ლუმპენებში კიდევ ერთხელ დაანახოს ჩვეულებრივი, იმედგაცრუებული, მარტოობისაგან ცხოვრებაზე ხელჩაქნეული ადამიანები, გვიჩვენოს ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური გარემო და ადამიანის, როგორც ღირებულების გაუფასურების პრობლემა.
მაია ლევანიძე