2020 წელს საქართველოს ისტორიაში პირველად საფეხბურთო კლუბმა მოახერხა უეფას ჩემპიონთა ლიგის 32 საუკეთესო კლუბში მოხვედრა. ეს შეძლო ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთი“. აღნიშნული მოვლენა საქვეყნო ყურადღებისა და სიხარულის მიზეზი გახდა.
ელენე და ნატალია ადამაშვილები თავიანთ სტუდენტურ დოკუმენტურ ფილმში „ლანჩხუთი“ სამი წლის შემდეგ“ (2023) წარმოგვიდგენენ ამ კლუბის ცხოვრებას სამი წლის შემდეგ. ამასთანავე, ამ კინოსურათში ნაჩვენებია ფეხბურთელების ამბები, მათი პირადი თავგადასავლები, რაც საფეხბურთო კლუბში მოხვედრას უკავშირდება, ხაზგასმულია რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა 2020 წლის მიღწევას თითოეული მათგანისათვის. ყურადღება ექცევა იმასაც, თუ რა დიდი როლი შეასრულა „ლანჩხუთის” ფეხბურთელების წარმატებამ ახალი თაობის დაინტერესებაში.
საინტერესოა, რომ 1981 წლიდან მოყოლებული, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოგება ქართველი გულშემატკივრის ერთ-ერთ უსაყვარლეს გამარჯვებად რჩება. 42 წელი გავიდა და ამ გამარჯვებით გამოწვეული სიამაყით იზრდებიან თაობები. ცალსახად, მსგავსი ისტორიული მოვლენა ჩვენი ქვეყნისათვის დიდი მნიშვნელობისაა. და 39 წლის განმავლობაში ასეთი მნიშვნელობის საფეხბურთო მოვლენა არც გვქონია. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ისეთი წარმატება, როგორიც „ლანჩხუთმა” მოიპოვა, არაა ისე უცებ დასავიწყებელი, როგორც ეს ჩვენს რეალობაში მოხდა. შესაძლოა, ეს გამოიწვია იმან, რომ საქმე ქალთა ფეხბურთს ეხება, მაგრამ სასიამოვნოა, ის ფაქტი, რომ კინოში, მითუმეტეს ახალგაზრდები, დაინტერესდნენ ამ თემით. ასეთი დამოკიდებულება საზოგადოებასაც მეტად ჩართულს გახდის აღნიშნული თემატიკის მიმართ და სპორტსმენებსაც გაუზრდის მოტივაციას.
ელენე და ნატალია ადამაშვილების დოკუმენტური ფილმი იწყება ეპიზოდით, რომელშიც ბავშვები ფეხბურთს თამაშობენ. თავდაპირველად, ამ ეპიზოდს კლუბ „ლანჩხუთთან” საერთო არაფერი აქვს, მაგრამ ფილმის სხვა მონაკვეთებშიც ვხვდებით ეპიზოდებს, როცა ჩანს ქუჩების, ეზოების, უბნის სტადიონების კადრები, რომლებზეც ახალგაზრდები ფეხბურთს თამაშობენ. ფილმის დასასრულსაც ვხედავთ ფეხბურთის თამაშით, როგორ ერთობა ორი პატარა გოგონა. ეს გადაწყვეტილება ფილმს კრავს და მაყურებელს აჩვენებს, როგორი გავლენა იქონია ახალგაზრდა გოგონებზე ქალთა ფეხბურთის ისეთმა წარმატებამ, როგორიც ჩემპიონთა ლიგაზე თამაშია.
კინოსურათი სტანდარტული დოკუმენტური ფილმის სტილშია გადაწყვეტილი. ნამუშევარი ამ სახელობის ტრადიციულ სისტემაზეა აგებული, მაგრამ რამდენიმე ეპიზოდი არაბუნებრივია. განსაკუთრებით მწვრთნელის მონოლოგები, როცა იგი თავის გუნდს ამხნევებს ვარჯიშის შემდეგ ან თუნდაც გასახდელში. ეს უფრო წინასწარ გამზადებულ ტექსტს ჰგავს. შესაძლოა, ეს რეჟისორების სურვილი იყო ან თავად მწვრთნელმა გადაწყვიტა ასე. ხშირად ადამიანები კინოკამერის წინ არაბუნებრივად მოქმედებენ, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ეპიზოდები არაბუნებრივია და არაბუნებრიობა განსაკუთრებით შესამჩნევია დოკუმენტურ ფილმში.
რეჟისორები ცდილობენ, ფილმი არ იყოს მოსაბეზრებელი, ამიტომ ერთმანეთში ანაცვლებენ ვარჯიშისა და თამაშის კადრებს, ფეხბურთელებისა და საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის“ დამაარსებლის, გურიის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის, დურმიშხან ჩხაიძის ინტერვიუებს, სპორტსმენების თავისუფალი დროის კადრებს და ა.შ. მაგრამ ფილმი მაინც დამღლელი ხდება. მისი თხრობა ისე მიმდინარეობს, რომ თამაშის დასრულებასთან ერთად უნდა დადგეს დასასრული, მაგრამ თამაშში გამარჯვების შემდეგ ფილმი კვლავ გრძელდება, ხოლო კულმინაცია აღარ ჩანს.
დურმიშხან ჩხაიძის ემოციური სიტყვები, როცა ამბობს: „მეუღლემ მითხრა: შენ ამ გოგოებმა გადაგარჩინესო…“ – რომ ყოფილიყო ფილმის ბოლო ნაწილში, სავარაუდოდ, ზემოთ აღნიშნული გაწელილობაც გადაიფარებოდა, მაგრამ ეს მონაკვეთი კინოსურათის შუა ნაწილშია და ემოცია, რომლითაც მაყურებელი ივსება, ფილმის ბოლომდე ნელდება ან საერთოდ ქრება.
დასასრულისაკენ კი მივყავართ თილისმას, რომელსაც ერთ-ერთი ფეხბურთელი ქსოვს. შიგადაშიგ ჩანს, როგორ ემატება სიგრძე სამაჯურს და მისი დასრულება, ერთგვარად, გზას გვიხსნის ბოლო ეპიზოდამდე. ჩანაფიქრი მიმზიდველი და საინტერესოა, მაგრამ ვინაიდან თილისმა ფილმის მეორე ნაწილში ჩნდება, მისი, როგორც თავისებური გიდის გამოყენება მთლად მომგებიანი გადაწყვეტილება არაა. ის ფილმის დასაწყისში რომ გამოჩენილიყო და მის მსვლელობას ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყოლოდა, უფრო მარტივი და მოსახერხებელი იქნებოდა მაყურებლისთვის.
ფილმი ხაზს უსვამს და წარმოაჩენს მნიშვნელოვან მოვლენას – ქართველი ხალხის დამოკიდებულების ცვლილებას ქალთა ფეხბურთის მიმართ, რაზეც ხაზგასმითაა ყურადღება გამახვილებული დურმიშხან ჩხაიძის სიტყვებში: „დრო იყო, ხალხი ჩემზე ამბობდა – გასულელდა, გააბდლდაო. რა დროს ქალთა ფეხბურთია, სად გაგონილაო. სულ შეიცვალა, სულ შეიცვალა…“.
საერთო ჯამში, ეს კინოსურათი შედგა, როგორც საინტერესო სტუდენტური ფილმი და ახალგაზრდა რეჟისორებს პირველი გამარჯვებაც მოუტანა.
გვანცა ნოზაძე