ხშირ შემთხვევაში, რეჟისორი იმას იღებს, რაც აწუხებს, რაც უნახავს, რაც გადაუტანია, კინოსურათს პირადი დეტალებით ავსებს და არ არიდებს თავს სუბიექტურობას. ლუკა კოპალეიშვილის სტუდენტური დოკუმენტური კინოსურათი, „ცოტა რამ მამაჩემის შესახებ“ (2022), აშკარად, პირადი ნამუშევარია, სადაც ავტორი მამამისის შესახებ გვიყვება.
დიახ, ეს სუბიექტური ნამუშევარია, რეჟისორის ოჯახის ამბავია – რთული, სამწუხარო, მაგრამ საინტერესო მოცემულობა, რომელშიც ის ცხოვრობს. რეჟისორის მამა ხდება მთავარი მოქმედი გმირი და, ამის მიუხედავადაც კი, ფილმი არ ტოვებს განცდას, რომ ავტორი მხოლოდ საკუთარ ამბავს ყვება. კინოსურათის სათაურიდან უკვე გასაგებია, რომ ეს ერთი კაცის ამბავია, მაგრამ თემა საკმაოდ დიდი და პრობლემატურია, რომელიც თურმე არა მარტო რეჟისორს, არამედ ბევრ ჩვენგანს აწუხებს, აფიქრებს, ალაპარაკებს.
მერაბ კოპალეიშვილი მხატვარია, რომელიც ბაზარში ტკბილეულს ყიდის. მისი ყოველდღიურობის დიდ ნაწილს ვაჭრობა შეადგენს, ხოლო მხატვრობისათვის მხოლოდ მაშინ იცლის, როცა სამსახურიდან დაბრუნებულს დრო და ენერგია თუ შერჩა. ფილმის სრული დრო მერაბის ყოველდღიურობას ეთმობა – შოკოლადის დახარისხება, გაყიდვა, „კოლეგებთან“ კომუნიკაცია, სახლის გზა, სამუშაო ადგილი, სკულპტურები, მოხატვა, ხელოვნება.
რაც არ უნდა ბევრი ადამიანი შემოიჭრას კადრში, რამდენი ახალი სახეც არ უნდა გამოჩნდეს, ჩვენი ინტერესი ყოველთვის მერაბზეა, რომელიც თავისი ცხოვრების მოცემულობით სამყაროზე კი არ ბრაზობს, პირიქით, უკეთესის მოლოდინის იმედად, ყოველდღე, რუტინულად, ერთსა და იმავეს აკეთებს. მაშინ, როდესაც მაყურებელს უჩნდება დიდი უსამართლობის განცდა მთავარი პერსონაჟის ცხოვრებაში განვითარებულ მოვლენებზე, თავად მხატვარი იმედიანად უყურებს ყველაფერს. იგი უფრო მეტად იწვევს თანაგანცდას, რადგან მხოლოდ უსამართლობა კი არ გვაბრაზებს, არამედ მისი გულშემატკივარიც ვხდებით, რომ იქნებ ერთ დღესაც გამოვიდეს ის, რაც მას ასე ძლიერ სურს.
ფილმის პირველ წუთებში მთავარი გმირი გვიყვება ამბებს თავის ცხოვრებაზე, პირად შეხედულებებზე, მოგონებებზე, ოცნებებზე, კაცისა და ხელოვნების ურთიერთობაზე. ძირითადი თემა, რომლის გარშემოც ვითარდება მოვლენები მაშინ ჩნდება, როდესაც მერაბის ოცნება მაყურებლისთვის უკვე ცნობილია – მხატვრის ყოველდღიურობაში პერსონალური გამოფენის პერსპექტივა იჭრება. შესაძლოა, მისი უდიდესი სურვილი ახდეს და ეს ნამუშევრები პირველად იხილოს საზოგადოებამ.
„ამ ყველაფრის გამოფენა? კი, ოცნებაა, ახდენილი-აუხდენელი, ვნახოთ, როგორც იქნება.“
რეჟისორი ყურადღებას სხვა, ყოფით დეტალებზე ამახვილებს, თუმცა, რა თქმა უნდა, პასუხის მოლოდინი მთელ ფილმს ფონად გასდევს. იგი ერთგვარი „დაუსრულებელი ციკლია“, სადაც დღეები ერთმანეთს მიჰყვება, მერაბი ბაზარში თორმეტ საათს ატარებს, აკვირდება ადამიანებს, ეძებს მუზებს, ფიქრობს, ლაპარაკობს, ჰალვას ჭრის და ა. შ.
საბოლოოდ ირკვევა, რომ მერაბ კოპალეიშვილის გამოფენა ამ ეტაპზე არ შედგება. მისი ქმნილებები ისევ სახლის კედლებზე რჩება, ვინ იცის, რამდენი ხნით. ფილმის ბოლოს მერაბი ცარიელ სივრცეში ზის – „ხანდახან ოცნება ოცნებად რჩება“. კინოსურათს სევდიანი დასასრული აქვს, მაგრამ მხატვარი მაინც იტოვებს იმედს, რომ ახლა თუ არა, ოდესმე აუცილებლად მოაწყობს პერსონალურ გამოფენას.
ეს ამბავი არ არის მხოლოდ ერთი კაცის „ტრაგედია“. ეს არის მთელი საქართველოს უსარგებლო სევდა, სადაც ხელოვანი ადამიანები იძულებული არიან აკეთონ მატერიალურად უფრო ხელსაყრელი საქმე, რათა არჩინონ ოჯახი და საკუთარი თავიც, გაფანტონ, გაანიავონ ნიჭი და ცხოვრების მთავარ პრობლემად ექცეთ დაუმთავრებელი, დაუხატავი, შეუქმნელი ხელოვნება.
მერაბ კოპალეიშვილი ყველა იმ მამის სახეა, რომლებმაც ხელოვნებას ბოლომდე ვერ მიუძღვნეს თავი, ყველა იმ მამის სახე, რომლებმაც შვილების, ოჯახის კეთილდღეობა არჩიეს ხელოვნებისათვის თავდადებას.
როგორც მხატვარი ამბობს, „ხელოვნება უხილავი რაღაცების დაძლევაა“ და, ალბათ, ცხოვრებაც ამ „რაღაცების“ დაძლევაა, თუნდაც ხატვის სურვილის, რომლის სანაცვლოდაც მაღაზიაში მუშაობა და ტკბილეულის გაყიდვა გიწევს. მთავარი ის არის, რომ სამსახურშიც, შოკოლადის გაყიდვაშიც კი ეძებო ბედნიერება, ეძებო საინტერესო, რადგან „სამსახური ერთადერთია, რომელიც არ გიღალატებს“.
ახალგაზრდა რეჟისორის გადაწყვეტილება, მამაზე გადაეღო ფილმი, არა მარტო მამის პერსონას გამოკვეთს, არამედ რეჟისორზეც მეტყველებს, რადგან ისიც ხელოვნებას ემსახურება. იგი, ნაწილობრივ, მამის კოლეგაცაა და ზუსტად ესმის მისი თითოეული სიტყვა ხელოვნის ბედზე, ცხოვრებაზე, მიღწეულ თუ მიუღწეველ შედეგებზე. თავად რეჟისორიც ხომ იმ რეალობაშია, სადაც ხელოვანს უწევს აკეთოს ყველაფერი, ხელოვნების გარდა.
ასე, პირადი სათქმელით ავსებს ლუკა კოპალეიშვილი თავის ერთ-ერთ პირველ ფილმს, სადაც, საბოლოო ჯამში, „ცოტა რამ მამაჩემის შესახებ“, ასევე „ცოტა რამ ჩემს შესახებ“გამოდის, რადგან რეჟისორიცა და მაყურებელიც სიუჟეტის არა მხოლოდ დამკვირვებელი, არამედ უშუალო მონაწილეც ხდება.
ევა გვრიტიშვილი