მივიწყებული პროფესია

რა არის პროფესია? ბავშვობის ოცნების ასრულება თუ ზრდასრულ ასაკში რაციონალური არჩევანის გაკეთება? ყველაზე ხშირად დასმული კითხვა ბაღის ან სკოლის ასაკის მოზარდისთვის ეხება სწორედ პროფესიას. მცირეწლოვანები ხშირად ოცნებობენ ექიმობაზე, მსახიობობაზე, კოსმონავტობაზე, მფრინავობაზეც კი, თუმცა არსებობს ისეთი პროფესიებიც, რომლებიც არა მარტო ბავშვების, არამედ უფროსების ინტერესის მიღმა რჩება. ასეთი პროფესიები არანაკლებ მნიშვნელოვანია. მათ გარეშე ჩვენი ყოველდღიურობა წარმოუდგენელი იქნებოდა. დღევანდელი საზოგადოება გახდა მომხმარებელი. ის არ აქცევს სათანადო ყურადღებას ისეთ სფეროებს, რომლებიც მას კომფორტს უქმნის. არავინ ამახვილებს ყურადღებას იმაზე, თუ როგორ ჩნდება პური სურსათის მაღაზიის დახლებზე, სად მიდის ნაგავი, როგორ ფუნქციონირებს თბილისის მეტროპოლიტენი. არსებობს ისეთი სამსახურები, რომლებიც როგორც საათის მექანიზმი, უზრუნველყოფენ თანამედროვე ცხოვრების მოწყობას, ხალხს სთავაზობენ ისეთ პროდუქტს თუ სერვისს, რომელიც დღევანდელი ადამიანის ცნობიერებაში თავისთავად არსებობს. ვინ დგას ამ ყველაფრის უკან? ჩვეულებრივი ადამიანი, რომელმაც თავის ბავშვობის ოცნებაზე უარი თქვა და აირჩია, რომ საკუთარი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ჯანმრთელობის ფასად შეესრულებინა ერთფეროვანი და რუტინული სამუშაო, ყოფილიყო მექანიზმის ერთ-ერთი ჭანჭიკი.

ლუკა ყუფუნიას სტუდენტური ფილმი, „გაგუა“ (2019) თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეების ერთ სამუშაო დღეზე მოგვითხრობს. მასში ასახულია სამი ძმის: ნუგზარის, კახასა და დათოს ამბავი, რომლებსაც აერთიანებთ საგვარეულო პროფესია — მემანქანეობა. ისინი მამის საქმეს აგრძელებენ და საუბრობენ ამ სამსახურის სპეციფიკასთან დაკავშირებულ სირთულეებზე.

რეჟისორი ფილმით ცდილობს მაყურებელს დაანახოს და აგრძნობინოს მემანქანეების რუტინა. ამისთვის ის სამივე ძმას დამოუკიდებლად ცალ-ცალკე გვანახებს. ლუკა ყუფუნია ქმნის სამი ნაწილისგან შემდგარ ციკლს, რომლის თითოეულ ნაწილშიც სამივე ძმა ერთ შეკითხვას პასუხობს. კითხვაზე წარმოდგენა მხოლოდ პასუხებიდან გამომდინარე გვექმნება. ეს ციკლი და მასთან ერთად მოქმედი გმირების ახლო ხედით გადაღებული სახეების, სამუშაო დღის ცალკეული ფრაგმენტისა და მემანქანის კაბინის კადრების მიმდევრობა მაყურებელს ისეთივე წრებრუნვის განცდას უქმნის, როგორ რეალობაშიც მეტროპოლიტენის თანამშრომლებს უწევთ მუშაობა. სამუშაო დღის სხვადასხვა ფრაგმენტს სხვადასხვა ძმის მონაწილეობით ვხედავთ, რაც ერთგვარ ფაზლს ქმნის, რომლის აწყობისას მაყურებელს ისეთი შთაბეჭდილება ექმნება, თითქოს არა სამი ცალკეული ადამიანის, არამედ ერთი მემანქანის ამბავს გაეცნო. ამასთან ერთად კითხვებზე გაცემული პასუხებიდან გამომდინარე შეგვიძლია ნათლად დავინახოთ, რომ სამივე ძმას არა მარტო სამსახური, არამედ ოცნებებიც, ფიქრებიც, შეხედულებებიც ერთნაირი აქვთ. თავად ფილმის სახელიც „გაგუა“ არის ნუგზარის, კახასა და დათოს გამაერთიანებელი – გვარი. შესაძლოა, რეჟისორს ამ სამი პერსონაჟის თითქმის იდენტური ცხოვრების მაგალითზე უნდა, რომ გადმოგვცეს და დაგვანახოს თბილისის მეტროპოლიტენში დასაქმებული ყველა მემანქანის ზოგადი და ამავდროულად კონკრეტული სურათი.

ფილმში საინტერესო ეპიზოდია, როდესაც უმცროსი ძმა შესვენების დროს მობილურში რთავს ვიდეოს იმისთვის, რომ თავი მარტო არ იგრძნოს, და მისი თანხლებით ჭამს. ეს დეტალი იმით არის გამორჩეული, რომ თვალსაჩინოდ აჩვენებს ასეთი მონოტონური სამსახურის შემსრულებლის შინაგან სამყაროს და პერსონაჟის ბავშვობის ოცნებებზე საუბართან მიმართებაში კონტრასტს ქმნის. ეს კონტრასტი ბადებს ფილმის თანმდევ მელანქოლიურ ხასიათს. აღსანიშნავია, რეჟისორის მიერ გამოყენებული საინტერესო მონტაჟი, რომელიც აძლიერებს ფილმის ემოციურ მხარეს. როდესაც სამივე პერსონაჟი პასუხობს მეორე კითხვას, კამერა გვიჩვენებს მემანქანის თვალით დანახულ გვირაბს, ხოლო შემდეგ კადრში კამერა თავად მემანქანეს უყურებს თვალებში და ისმის მისივე ხმა კადრს მიღმა, რომელიც აღწერს იმ პრობლემებს, რომლებსაც იწვევს ეს პროფესია, ამ პროცესის სირთულეს და მის შინაგან მდგომარეობას მატარებლის მოძრაობის დროს. ამ მონტაჟით ლუკა ყუფუნია ერთსა და იმავე პროცესს სამი სხვადასხვა რაკურსით გვანახებს: პერსონალური კამერით უშუალოდ იმას, რასაც მემანქანე მუდმივად ხედავს; ახლო ხედით ნაჩვენები მთავარი გმირის პორტრეტს, რომელიც წინა კადრთან მიმართებაში ქმნის ილუზიას, თითქოს მაყურებელს შეუძლია გვირაბის სიღრმეებიდან ჩახედოს მემანქანეს სევდიან თვალებში სწორედ იმ მომენტში, როცა ის მართავს მატარებელს და კადრს მიღმა ხმას, რომელიც მაყურებლისთვის მემანქანის შინაგანი სამყაროს გამოძახილია, მისი ფიქრებია. ამ სამი ასპექტის ერთობლიობით რეჟისორს შევყავართ მეტროს თანამშრომლების რეალობაში და ჩვენთვის სრულიად გასაგები ხდება მათი როგორც ფიზიკური, ისევე ფსიქოლოგიური და ემოციური მდგომარება. ამ მომენტში მაყურებლისთვის მაქსიმალურად მარტივი ხდება განეწყოს ემპათიით მთავარი პერსონაჟების მიმართ.

2018 წლის ივნისში, საზოგადოებაში ცნობილი გახდა თბილისის მეტროს თანამშრომლების პრობლემა. საქმე ისაა, რომ მემანქანეები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ და პროტესტის ნიშნად ორი დღით გაიფიცნენ, რამაც თბილისის მოსახლეობა საგრძნობლად დააზარალა. ამის შედეგად, საზოგადოების დიდმა ნაწილმა ყურადღება მიაქცია იმ ადამიანებს, რომლებიც მეტროში მატარებელს მართავენ და გაიაზრა, რომ მათაც აქვთ პრობლემები, რასაც მანამდე არ უღრმავდებოდნენ. ლუკა ყუფუნიამ სწორედ ამ ფაქტის შთაგონებით გადაწყვიტა გამოხმაურებოდა მიმდინარე მოვლენებს და ხალხისთვის ეჩვენებინა ამ პროფესიით დაკავებული ცალკეული პიროვნებები. კინოსურათი მაყურებელს აცნობს ყველასგან მივიწყებული პროფესიის წარმომადგენლებს, მათი სამსახურის სირთულეებს და ანახებს, რომ ისინიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორებიც თავად მაყურებელი.

დასაფასებელია, როცა ახალგაზრდა რეჟისორი ირჩევს ისეთ სოციალურ თემას, რომელიც აქტუალურია. რეჟისორმა დაგვანახა, რომ მეტროს მემანქანეების სამუშაო მხოლოდ რუტინული პროცესი კი არ არის, არამედ დაუფასებელი შრომის სიმბოლოა, რომელიც თბილისის ყოველდღიურობას ამოძრავებს. ძმების ამბავი ნათლად გვაჩვენებს, როგორ შეიძლება ცხოვრებისეული არჩევანი ხშირად კომპრომისზე დამოკიდებული იყოს, ხოლო ბავშვობის ოცნებები რეალობის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდეს.

ფილმი „გაგუა“ მნიშვნელოვან საკითხებს ეხება. მისი ნახვა ყველასთვის საინტერესო იქნება იმიტომ, რომ ისევე, როგორც მთლიანად საზოგადოებისთვის, ცალკეული ადამიანისთვისაც მნიშვნელოვანია, გაიცნოს და გაიაზროს მისი უსაფრთხო მგზავრობის უზრუნველმყოფი ადამიანები, დააფასოს მათი შრომა. ამას ხელს უწყობს რეჟისორის მიერ განსაკუთრებულ დეტალებზე გამახვილებული ყურადღება და ამბის გადმოცემის საინტერესო ფორმა.

სალომე გოგოლი

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *