მეშვიდე დღესაც იმუშავა ღმერთმა

 

XX საუკუნის შემოქმედებითი სფეროს ერთ-ერთი განსაკუთრებული წარმომადგენილი, დეივიდ ბოუი ხშირად უკავშირებდა თავის შემოქმედებას სულიერებასა და ღმერთის არსებობის კონცეფციას. მან 1997 წლის ინტერვიუში ახსენა კიდეც, რომ ღმერთის ძიება არის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი სიცოცხლის ცხოვრებად ქცევისათვის. სწორედ ამ გენიალური მუსიკოსის ცნობილი სიმღერით, “Space Oddity”-ით იწყება გიორგი ფსიტიძის სტუდენტური ფილმი, „A4 ღმერთი სამსახურშია” (2022). გვესმის გიტარის პირველი ჰანგი და პარალელურად ვხედავთ თბილისის ხედებს. გახუნებული ფერებითა და კამერის არასტატიკურობით, პერსონაჟთან ერთად, ვსხდებით მანქანაში და იწყება მოგზაურობა.

მთავარი პერსონაჟი, დავით მაისურაძე (ნიკოლოზ გვაზავა) უნივერსიტეტში, თაროზე უკვე შემოდებული დიპლომის ასაღებად მიდის. მოლოდინი გვიჩნდება, რომ აქედან იწყება მისი ცხოვრების ახალი ეტაპი, თუმცა დეივიდ ბოუის სიმღერა, რომელიც ლაიტმოტივად გასდევს ფილმს, მძიმე მელოდიით თითქოს სხვა რამეს მიგვასწავლებს. შემდეგ ვხვდებით ტაქსის უცნაურ მძღოლს, რომელიც ზედმეტი აქტიურობით გამოირჩევა, არ იცის გზა და, საერთოდაც, მეექვსე დღეა, რაც მუშაობს, ხოლო შემდეგ დღეს აუცილებლად დასვენებას გეგმავს. ალბათ, მოქმედება შაბათ დღეს ვითარდება. გზაში გარდამხდარი ხიფათების მიუხედავად, ისინი მიაღწევენ დანიშნულების ადგილს და ერთმანეთს გამოემშვიდობებიან. დავითი მეგობრებთან ერთად ატარებს ღამეს და მეორე დილას ნაბახუსევზე მყოფი ქუჩაში იმავე ადამიანს გადააწყდება. მძღოლი ირწმუნება, რომ იცოდა, მას დასჭირდებოდა და უსასყიდლოდ ჩაიყვანს თბილისში, რადგან “დაწესებულება ეპატიჟება”.

მთელი ფილმის მანძილზე რეჟისორი სხვადასხვა სიმბოლოთი გვანიშნებს, თუ ვინ არის ეს მისტიკური ტაქსისტი. მაყურებელისათვის ასეთი რამ შეიძლება, გარკვეულწილად, პირდაპირპროპორციულად აღიქმებოდეს. მაგალითად, მისი 12 თანამშრომელი, რომელთაგან 1 გაუშვა და 11 დარჩა; მისი შვილი, რომელიც 33 წლისაა და ერთხელ, ორი დღით გათიშული იყო და მესამე დღეს ისე გაიღვიძა, თითქოს აღსდგა და ა.შ.

თემატიკა, რასაც ფილმი ეხმაურება, ნამდვილად არ არის უნიკალური, თუმცა საინტერესოა, რატომ აარჩია რეჟისორმა ეს თემა, რადგან იმის მიუხედავად, რომ არ გვაქვს ამაზე ფაქტობრივი ინფორმაცია, ფილმი აშკარად გადაღებულია დათო გორგილაძის მოთხრობის, „ღმერთი სამსახურშია” მიხედვით. სადაც, ზუსტად იგივე ამბავია გადმოცემული, რომლის თანახმად განკაცებული ღმერთი ტაქსისტად გვევლინება თბილისის ქუჩებში. ეს უფრო რთულს ხდის რეჟისორისათვის, რომ სწორად მოიტანოს მაყურებლამდე სათქმელი და ლიტერატურული პირველწყარო აქციოს მის ინდივიდუალურ შემოქმედებად. ფილმის ქრონომეტრაჟი 18 წუთია. ეს დრო სრულიად საკმარისია სათქმელის გადმოცემისათვის. ყველაზე მეტად ფილმში მონტაჟის სათანადო ხარისხი და „კინოს ფერების” ნაკლებობა იგრძნობა. თითქოს ამ კინოსურათს არა დიდ ეკრანზე, არამედ პატარა ჩაბნელებულ ოთახში, მარტოებმა უნდა ვუცქეროთ. იქნებ რეჟისორის ჩანაფიქრიც ასეთი იყო?! ყველანი ხომ მარტონი ვრჩებით მაშინ, როცა ჩვენსავე ჭეშმარიტებას ვეძებით და ამ ძიებაში ვპოულობთ ღმერთს.

თითოეული ჩვენთაგანი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე დგება გზაზე, რომელიც ძალიან გრძელი და ბუნდოვანია. ამ გზაზე მიმართულების მიცემისათვის გამოწვდილი დახმარების ხელი ყველასთვის სხვადასხვანაირი, თუმცა საჭიროა. ხშირად შეიძლება ეს ბურუსით მოცული გზა სხვა, ახლობელმა ადამიანმა გაგინათოს ან სრულიად უცხომ. ხანდახან ეს ის გზაა, რომელშიც სრულიად მარტო ებმები ან გგონია, რომ მარტო ხარ, რადგან ღმერთი, ანუ ყოველი ადამიანისათვის ინდივიდუალურად აღქმადი აღმატებული ცნება მუდმივად რჩება ჩვენთან. გიორგის ფსიტიძის ამ ფილმში ღმერთმა არც მეშვიდე დღეს დაისვენა და მთავარ გმირს გაუნათა ბურუსიანი გზა.

ფილმის კულმინაციაში მაყურებელი ხედავს, თუ როგორ ასრულებს ღმერთი თავის სამსახურს და აღმართზე მიმავალი მზის ფერებში იკარგება. აქ სრულდება მისი მიწიერი სამსახური და იწყება მთავარი პერსონაჟის გზის გაკაფვა. ბოლო სცენაში დავითი იღვიძებს მანქანაში, თუმცა მძღოლის სავარძელში. სარკის გვერდით სათავსოში მისი ტაქსის მძღოლობის საბუთი ინახება. დავითი ჯერ კიდევ გაურკვეველ მდგომარეობაშია, თუმცა თავდაჯერებული აგდებს მის საბუთს, ინახავს დიპლომს და ხსნის ტაქსის ტრაფარეტს. აქ იწყება მისი სვლა უკვე განათებულ გზაზე, იქვე შორიახლოს კი გვერდითა მანქანიდან ღმერთი უცქერს იმედიანი თვალებით.

აღსანიშნავია ის თანამედროვე დეტალები, რომელსაც რეჟისორი გვთავაზობს. მაგალითად, სასწავლებელი, რომელიც დავითმა დაამთავრა სულხან კვერნაძის სახელობის უნივერსიტეტია, რომელიც ასევე კინოსამყაროდან არსებობს ქართულ რეალობაში და ერთგვარი სავიზიტო ბარათია “გამოუსადეგარი” დიპლომების აღსაწერად. განკაცებული ღმერთი ზედმეტად შეგუებია მიწიერ ცხოვრებას, ტელეფონში ონლაინ სლოტებს თამაშობს, ნაბახუსევ დავითს კი ისევ ალკოჰოლით უმასპინძლდება. ამასთანავე, მას მოაქვს ორი თევზი და ხუთი პური და დავითს ჰპირდება, რომ თუ არ ეყოფათ, გაამრავლებს. ეს კი ნამდვილად არის კლასიკური ღმერთის ციტირება და ფილმის კვანძის გახსნა. აქ საბოლოოდ ნათელი ხდება ყველასათვის, თუ რა მიზანს ემსახურება ეს კაცი (თუ შეიძლება, რომ ღმერთს კაცი ვუწოდოთ).

ფილმის სიუჟეტი აქტუალური და კარგად ნაცნობია. ახალგაზრდა მამაკაცი უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ცხოვრების გაურკვეველ ფაზაში იმყოფება. რეჟისორმა უცნაურად გადაუხვია გზიდან და გაგვაცნო ღმერთი მიწიერი სახით. რელიგიური შთაგონება და ღრმა რწმენა თანამედროვე ახალგაზრდობაში არ არის მისი აქტუალურობის ზენიტში. შესაბამისად, ეს საინტერესოს ხდის რეჟისორის გადაწყვეტილებას. სასიამოვნო იქნებოდა იმის სრული აღქმა, რომ ფილმის საბოლოო ვერსიას ვუყურებთ, მეტი ოპერატორული ხედვითა და მონტაჟის შედეგით განპირობებულს. დანაკლისების მიუხედავად, რეჟისორმა შეძლო თავისებურად გაეცოცხლებინა გორგილაძის მოთხრობა და მაყურებლამდე მიეტანა სათქმელი.

ლიზი გაფრინდაშვილი

 

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *