ზაფხულის ზარხუფი

ცნობილი ამერიკელი მწერალი სტივენ კინგი თავის 1982 წელს გამოქვეყნებულ მოთხრობაში, „გვამი“ წერდა: „რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გამოუთქმელიცაა. ამგვარი აზრის თუ განცდის გამჟღავნებას ვერიდებით, რადგან სიტყვები მის მნიშვნელობას აკნინებს. რაც ადრე უმნიშვნელოვანესი გვეჩვენებოდა, როგორც კი ვინმეს გავუზიარებთ, წამსვე ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ამბად იქცევა.“ სტივენ კინგის აღნიშნული ციტატის დაკავშირება კინოს, როგორც მედიუმის, ბუნებასთან შეიძლება. კინოხელოვნების ძვირფასი მხარე ისაა, რომ იგი ადამიანებს საშუალებას აძლევს, ვიზუალურად გამოხატონ საკუთარი განცდები და გამოცდილება, ის, რასაც სიტყვები გააუფერულებდა. კინოში საკუთარი ტრავმებისა თუ თვალისათვის დაფარული შინაგანი, ფსიქოლოგიური მდგომარეობის ვიზუალიზაციას რეჟისორები ხშირად მიმართავენ, განსაკუთრებით კი, ამ მიზნის მისაღწევად სიმბოლოების ენას რთავენ. 

ამ მხრივ, ირინე რურუას მოკლემეტრაჟიანი სტუდენტური ფილმი „ასეთი ხანგრძლივი არყოფნა“ (2022) გამონაკლისი არაა, რომელშიც ვერბალური მეტყველება არათუ მინიმალურ დონეზე, არამედ საერთოდ არ არის. ნამუშევარს არ აქვს გამოკვეთილი ტრადიციული ნარატივი და თუმცა, მართალია, ყველა ის სცენა, რასაც მაყურებელი ხედავს, ნაცნობი რეალური ყოფის ნაწილია, თუმცა მთელი ფილმის განმავლობაში დასადგურებული სიჩუმე, მინიმალიზმი და თხრობის სწორხაზოვნების ოდნავ დარღვევა მნახველში მაინც აჩენს განცდას იმის თაობაზე, რომ სოფიკო გაგუას მიერ განსახიერებული ცისფერ ოთახებში გამოკეტილი გმირის ცხოვრების რამდენიმე წუთის მაყურებლისათვის გაზიარება პერსონაჟის სევდისა და მარტოობის ვიზუალურ ილუსტრაციას ემსახურება.

ამ ფილმში ვერბალური მეტყველება, დიალოგი, მონოლოგი ან კადრს მიღმა დადებული ხმა არ არის ჩართული. ეს ფაქტორი და ფილმის მთლიანი იზოლირებული ატმოსფერო, რომელშიც სევდასთან და მელანქოლიასთან ასოცირებული ლურჯი ფერი დომინირებს, მაყურებელს მინიშნებებს მაინც უტოვებს მთავარი გმირის სულიერი კრიზისისა და გაორების შესახებ, რასაც, ისევ და ისევ, რეჟისორი სიმბოლოების დახმარებით გამოხატავს. ერთ-ერთი ასეთი სიმბოლო სარკეა, რომელიც კინოს განვითარების ისტორიაში ამ დატვირთვით არაერთ რეჟისორს გამოუყენებია. მაგალითად, ინგმარ ბერგმანს, აკირა კუროსავას, რაინერ ვერნერ ფასბინდერს, ანდრეი ტარკოვსკის, დარენ არანოვსკის, სტენლი კუბრიკს, დეივიდ ლინჩს, ლუის ბუნიუელს, ჟან კოკტოს, ალფრედ ჰიჩკოკს და ამიტომაც, როგორც წესი, ძირითადად, კინოხელოვნებაში სარკემ თავი ადამიანის იდენტობის კრიზისისა და გაორების სიმბოლოდ დაიმკვიდრა. ამ კუთხით ირინე რურუას ფილმში არ არის სიახლე, თუმცა მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული სიმბოლოს გამოყენების საინტერესო ვიზუალური გადაწყვეტა შემოგვთავაზა ოპერატორმა ვასილ დოლიძემ, რომელმაც ნამუშევარი, ძირითადად, ფერწერული ხასიათის მკაცრ სტატიკურ კომპოზიციურ კადრებზე ააგო. 

ფილმის დასაწყისსა და დასასრულს ვხედავთ მთავარი გმირის სარკეებში არეკლილ გამოსახულებას – ერთ სარკეში პერსონაჟის მხოლოდ თავს, ხოლო მეორეში – ტანს, რაც მარტივად ჩასაწვდომი მინიშნებაა პერსონაჟის ორად გახლეჩილი იდენტობის შესახებ, რომელიც გამთელებული არასდროსაა. რამდენადაც ფილმის მთლიანი განწყობისა და ატმოსფეროს დამსახურებით მთავარი გმირის სულიერი კრიზისი, მარტოობა და იზოლაცია მაყურებლისათვის გადამდებია, იმდენად რთულია ამ პერსონაჟის გასაჭირის კონკრეტული მიზეზის გაგება. ამასთან დაკავშირებით, მართალია, რეჟისორი გვიტოვებს მინიშნებებს, მაგრამ ბოლომდე მაინც არ ამხელს საიდუმლოს, რაც, თავის მხრივ, მეტი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.

კინოსურათის დასაწყისსა და დასასრულს მთავარი პერსონაჟის (რომლის სახელიც ბოლომდე განუცხადებელი რჩება) აბაზანაში ჩაძირვის ფრაგმენტული სცენის შემსწრე ვართ, რასაც მის ბნელ საძინებელში გაღვიძების კადრი ცვლის. ამის გამო იმის თქმაც კი შეიძლება, რომ ეს გმირი თითქოს კოშმარშია ჩარჩენილი, საიდანაც გამოღწევის ძალა არ აქვს. სარკის, დამპალი ვაშლის, პოეტ ივენ ბოლენდისეული ბროწეულის დარჩევის მეტაფორული ეპიზოდები მთავარი გმირის დეპრესიულ მდგომარეობასა და სულიერ კრიზისს გამოკვეთს, რაც, წესით, სოფიკო გაგუას მიერ შესრულებული პერსონაჟისათვის საყვარელი ადამიანისა და ასევე საკუთარი თავის ნაწილის დაკარგვას უნდა უკავშირდებოდეს, რისი თქმაც ფილმში ჩართული ალბომის ფოტოების თვალიერების ეპიზოდსა და ასევე იმ კადრზე დაყრდნობითაც შეიძლება, სადაც ოპერატორი სპეციალურად ახლო ხედში აფიქსირებს ამ ადამიანის ბეჭედს. ერთ მომენტში მთავარი გმირი საკუთარი ახალგაზრდობის ფოტოს უყურებს. ეს ეპიზოდი ზემოთ განხილულ სარკის სცენას ლოგიკურად უკავშირდება და უკვე მაყურებლისათვის გასაგებს ხდის, რომ მთავარი გმირის იდენტობა ორადაა გახლეჩილი, მას წარსულისა და საკუთარი თავის ძველი ვერსიის გაშვება არ შეუძლია, მიუხედავად იმისა, რომ ამის მცდელობა აქვს. მაგალითად, ამას უკვე რეჟისორი იმ ეპიზოდით გამოკვეთს, სადაც ჩანს, თუ როგორ ტოვებს სახლს ეს გმირი, მაგრამ მას მალევე უბრუნდება, თითქოს ამ სახლის კედლებსა და ზაფხულის ზარხუფშია გამოკეტილი, ისევე როგორც ამერიკელი პოეტის, სილვია პლათის რომანის გმირი, ესთერ გრინვუდი.

ირინე რურუას ფილმი, „ასეთი ხანგრძლივი არყოფნა“, ერთი მხრივ, მართალია, მარტივად გასაგებ შაბლონურ სიმბოლოებს მიმართავს და გამორჩეულად დასამახსოვრებელი კომპლექსური ნამუშევარი არ არის, თუმცა ის, საბოლოო ჯამში, რეჟისორის საინტერესო კინომცდელობად უნდა ჩაითვალოს, განსაკუთრებით ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობისა და ქართულ კინოში ისეთი მეტწილად იგნორირებული თემის რეპრეზენტაციისათვის, როგორიც შუა ხნის ასაკში მყოფი ქალის დეპრესია და სულიერი კრიზისია.

ნატო მწარიაშვილი

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *