წარმოსახვებიდან გამოღვიძება

ხშირად ადამიანებს ფიქრების ზღვაში ჩაძირვა სჩვევიათ. თითქოს ეს თითოეული მათგანის თანდაყოლილი მახასიათებელია. ეს ზედმეტი ფიქრი კი საკუთარი შიშების, კომპლექსების ან თუნდაც შინაგანი სურვილებისგან შეიძლება იყოს განპირობებული. მათ აქვთ უნარი, შეიპყრონ ადამიანის გონება ნებისმიერ დროს ან ადგილას და სწორედ აქ იწყება შიშებთან შეხვედრაცმაშინ, როდესაც ადამიანი განიცდის არა რეალურ პრობლემას, არამედ იმ ვერსიას, რომელიც საკუთარ თავში შექმნა. ფიქრები, რომელთა კონტროლიც, წესით, ჩვენს ხელში უნდა იყოს, ხშირად თავად გვმართავენ და ყოველდღიურობას მუდმივ დაძაბულობად გარდაქმნიან ხოლმე. მარია სიჩანინის სტუდენტური ფილმი, „შუქნიშანი” (2011) სწორედ ამ ფორმატში შეიძლება იყოს განხილული. იგი ადამიანის შინაგანი, ეჭვიანი ფიქრებისაგან გამოწვეულ ილუზიებს, ერთდროულად, მძაფრადაც და სახალისოდაც წარმოაჩენს.

სიუჟეტში მოთხრობილია ბიჭისა და გოგოს არაფრით გამორჩეული რომანტიკული ურთიერთობა, რომელიც მესამე პირის გამოჩენით იძაბება, თუმცა ფილმის დასასრულს აღმოჩნდება, რომ მთლიანად ეს ამბავი ბიჭის ფანტაზიის ნაწილი ყოფილა და სინამდვილეში არაფერი შეესაბამება რეალობას.

ფილმი იწყება ტაქსიში მსხდომი ორი ახალზრდა ბიჭის ჩვენებით. ისინი, შესაძლოა, ახლობლები, შესაძლოა კი, სრულიად უცნობებიც იყვნენ. ერთერთი მათგანი (სერგო)  დაოჯახებულ გოგონას საკმაოდ ვნებიანად ეფლირტავება, რაც მეორეში (გიორგი) გაღიზიანებას იწვევს და ცდილობს, ამ დიალოგის მოსმენას თავი აარიდოს. სწორედ მაშინ, შუქნიშანზე, ტაქსის გვერდით მეორე ტაქსი გაჩერდება, სადაც ერთერთი მთავარი პერსონაჟი, სალომე ზის. მაყურებელი ხედავს, თუ როგორი ჰარმონიული ურთიერთობა აქვთ მომავალში გიორგისა და სალომეს. ისინი ერთად ცხოვრობენ და ტკბებიან ახალგაზრდული სიყვარულით მანამ, სანამ მათ ცხოვრებაში სერგო არ გამოჩნდება და მათ სიმშვიდეს არ დაარღვევს.

საგულისხმოა ერთი კადრი, რომელშიც, გიორგისა და სალომეს ჩახუტებისას, გიორგი საკუთარ თავს სარკეში სერგოს გამოსახულებით დაინახავს. ეს მომენტი, ალბათ, მის შიშზე მიუთითებს, რომ არ იყოს ისეთი, როგორიც არის სერგოთვალთმაქცი, მატყუარა, მანიპულატორი 

კიდევ ერთი საყურადღებო მომენტია ტბის სცენა, სადაც გიორგი და სალომე ერთად ცურავენ, თუმცა მომენტებში გიორგი მაყურებელს ისევ სერგოს გამოსახულებით ევლინება. მისი ეს ხელახალი შინაგანი გაორება მისსავე პიროვნულ დისბალანსზე მიუთითებს.

ფილმი კულმინაციას მაშინ აღწევს, როდესაც სერგო და სალომე ინტიმური აქტით დაკავდებიან. ამ დროს გიორგი თითქოს სერგოს მოკვლას ცდილობს, მაგრამ არა იმ ნამდვილი სერგოსი, რომელიც მის გვერდით ტაქსიში ზის, არამედ იმ სერგოსი, რომელიც მასში არსებობს და რომელსაც ასე გამალებით ებრძვის მთელი ფილმის განმავლობაში. ამ დროს მაყურებელი ხვდება, რომ რეალურად გიორგისა და სალომეს წარმოსახვითი ურთიერთობის დამანგრეველი სერგო სულაც არაა და რომ მთელი ეს ამბავი ეძღვნება გიორგის შინაგან ბრძოლას.

კვანძი მას შემდეგ იხსნება, როდესაც გიორგი ერთი შემოძახილით რეალობას დაუბრუნდება. იმ რეალობას, სადაც სალომესათვის გამარჯობაც არ აქვს ნათქვამი და სადაც სერგო მისთვის უბრალო თანამგზავრია. 

ფილმის იდეა საკმაოდ საინტერესოა, მისი გადმოცემის ფორმა შეიძლება ცოტა პრიმიტიულადაც ჩაითვალოს. სარკეში საკუთარი თავის სხვისი სახით დანახვა, შიშებთან ჭიდილი, ბოლოს ფანტაზიებიდან გამოღვიძება და მაყურებლისთვის იმის ჩვენება, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ ილუზია იყო, ალბათ, ერთერთი ყველაზე გაცვეთილი ხერხია კინოში მსგავსი ამბის მოსაყოლად. კინოს დაბადებიდან მოყოლებული დღემდე, სიზმრით თუ წარმოსახვებით მაყურებელზე მანიპულირება საკმაოდ აქტუალური იყო და არის. აქედან გამომდინარე, ეს მოულოდნელობა უკვე აღარც ისეთი ეფექტურია და გაოცების შეგრძნებასაც ნაკლებად იწვევს. ისეთი თემები როგორიცააშინაგანი ბრძოლა, გაორება, საკუთარი თავის მიუღებლობა და სხვ., იმდენად სერიოზული პრობლემებია და იმდენად ფართო მასშტაბებზე ვრცელდება, რომ მისი ექსპრესიის ხერხებიც საკმაოდ მრავალფეროვანი უნდა იყოს და აღარ უნდა იტკეპნებოდეს ერთი და იგივე ადგილი. 

ამის მიუხედავად, ეს ყველაფერი სრულებითაც არ ნიშნავს წარუმატებელ ნამუშევარს. სტუდენტური ფილმის კვალობაზე საკმაოდ ეფექტური გამოვიდა სიუჟეტური შემობრუნების სცენაც. ასევე საინტერესოდ წარმოჩენდა გიორგის გაორება, რომელიც არა ოპერატორის ან მემონტაჟის განსაკუთრებული ოსტატობით გამოისახა, არამედ ხმის ეფექტებით, რაც, რასაკვირველია, ყველაზე მარტივად უქმნის ამა თუ იმ კადრს დაძაბულობის შეგრძნებას. რამდენიმე კადრში დაუმუშავებელი იყო ხმა. რამდენჯერმე შემოვიდა არასასურველი ხმაური, რაც ფილმის ტექნიკურ სწორხაზოვნებას არღვევს. რაც შეეხება მსახიობების თამაშს, განსაკუთრებულად არც ერთი მათგანის არტისტიზმს არ უნდა გამოიყოს. სამივე მათგანი საკმაოდ მისაღებად ერგება თავის როლს.

გარკვეული ცდომილებებისა და სიუჟეტური თუ ტექნიკური გაუმართაობის მიუხედავად, ხაზი უნდა გაესვას ფილმის ხასიათს. მასში ამბავი ისეა გადმოცემული, რომ შეიძლებოდა ყურებისას რაღაც მომენტში წარბები შეგეკრა და რაღაც მომენტში ჩაგეცინა კიდეც. 11 წუთის განმავლობაში ამბავი იმდენად მარტივად ვითარდება, რომ დაღლილობის შეგრძნებაც არ გაწუხებს.

ნათლად ჩანს, თუ რამხელა შრომაა ფილმშუქნიშანშიჩადებული. კინოსურათი მეტად ძლიერი იქნებოდა სხვადასხვა კომპონენტის უკეთ და დამაჯერებლად დამუშავების შედეგად, თუმცა აშკარად თვალსაჩინოა რეჟისორისა და მისი გადამღები ჯგუფის კარგი შემოქმედებითი პოტენციალი.

ნინო დვალი

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *