ადამიანური ფუნდამენტის მთავარი ქვაკუთხედი ურთიერთობებია. ეს ურთიერთობები ერთმანეთთან და შემდეგ საკუთარ თავთან გვაკავშირებს. ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე გამოჩენილ ძვირფას ადამიანებს, სხვადასხვანაირად, განსაკუთრებული ადგილი უკავიათ ყველასათვის. და–ძმის ურთიერთობას ხშირად შეიძლება ბეწვის ხიდზე გადიოდეს. რთული წარმოსადგენი არაა, თუ რამდენად კომპლექსურია ურთერთობა, სადაც ერთ ჭერქვეშ, ერთ გარემოში, ერთ ოჯახში იზრდება ორი ადამინი და მხოლოდ ასეთ ცხოვრებას არიან მიჩვეული. მოულოდნელად, წლები გადის და მათი ერთად ცხოვრების ეპოქაც მთავრდება, უეცრად აღმოაჩენენ, რომ ერთმანეთს ვეღარ უგებენ ანდაც მათი ცხოვრება ზედმეტად განსხვავდება ერთმანეთისაგან.
გიორგი მუხაძის მოკლემეტრაჟიანი სტუდენტური ფილმი, „ანას მოლოდინში” (2016) სწორედ ამ რთულ საკითხს ეხება. ფილმი მოგვითხრობს ახლად დაობლებულ და–ძმაზე. და, ანა საზღვარგარეთ ცხოვრობს, ძმა, ნიკო დედას უვლიდა, დედას, რომელიც ახლახანს გარდაიცვალა და მისმა შვილმა, ანამ დაკრძალვაზეც ვერ მოასწრო მისვლა.
ფილმის მსვლელობისას თითქმის არ ვიცნობთ სხვა პერსონაჟებს, მაგრამ ისინი ირიბად მუდმივად ჩართული არიან ამ ამბავში. „ოჯახის ახლობლები“ – ეს ფართოდ გავრცელებული ცნება სწორედ იმ პირადი სივრცის არარსებობას აღწერს, რაც ნიკოსა და ანას სჭირდებათ. ამ ადამიანების კეთილი სურვილების, მომზადებული სადილებისა და ანთებული კანდელების უკან დგას ინტერესი, რამდენი ხნით ჩამოვიდა ანა, აქამდე სად იყო და, საერთოდ, რანაირი შვილია იგი. სწორედ ეს აჩენს უფსკრულს ანასა და ნიკოს შორის, ყველა მითქმა–მოთქმა, რაც მთელი ჩუმად, მაგრამ მუდმივად გვესმის.
რეჟისორმა საკმაოდ კარგად გაართვა თავი მისსავე ამოცანას – მოიტანა მაყურებლამდე ის ტკივილი, რაც ასეთი რთული და ხშირია, მით უმეტეს საქართველოში, ქვეყანაში, სადაც ხშირია გაკიცხვა და ინტერესი. როდესაც ადამიანი შორდება ბუდეს, თავისუფლდება მარწუხებისაგან და დგება მის ორ ფეხზე მყარად და დამოუკიდებლად. ანა სწორედ ასეთი ადამიანის პროტოტიპია.
როგორც თავად რეჟისორმა აღნიშნა მის პერსონაჟებზე, ნიკო (გიორგი გიორგანაშვილი) კომფორმისტია, ანა (ანა მაყაშვილი) – თავისუფალი ადამიანი. სწორედ ეს განსხვავება ქმნის მათ შორის უფსკრულს, რომლის ამოვსება სასურველი, თუმცა ძალიან რთულია. მსახიობებმა კარგად გაართვეს მათთვის დაკისრებულ დავალებას თავი და ჩვენამდე ზუსტი ხასიათი მოიტანეს, რომელიც მაყურებელში უმალვე ემპათიას ბადებს. ფილმი არ არის დიალოგებით დახუნძლული, თუმცა რაც მას ავსებს, არის ის მძიმე ენერგია, უთქმელობა და სევდა, რომელიც ჰაერში სუფევს და მაყურებელიც ამ ბურუსში ეხვევა. ჩვენც მათთან ერთად ვსუნთაქვთ მძიმე ჰაერს და გვესმის მათი. როდესაც ანა და ნიკო სახლში მარტო დარჩებიან, ანა სარკეზე აფარებულ, თეთრ უღიმღამო ნაჭერს ჩამოაძრობს და იქიდან ბავშვობის ფოტოს აიღებს, მერე დიდხანს და რუდუნებით აკვირდება მას. ამ დროს კარზე ზარის ხმა ისმის და ნიკო იმწამსვე სარკეზე უკან აბრუნებს ნაჭერს. მას არ სურს გაკიცხვის საგანი გახდეს, არ უნდა, რომ რამე „შეეშალოს“ მისი სტერეოტიპებით გაჟღენთილი სანათესაოს თვალში. ანას არ აინტერესებს არც ერთი სტერეოტიპი, თავადვე ანგრევს მათ და ცხოვრებას უფრო პოეტურად უყურებს. სწორედ ეს უნდა ანას – დაანახოს ნიკოს მისეული სამყარო. ნიკოს კი, უბრალოდ, ანას თანადგომა უნდა, მისთვის მთავარია ადამიანის გვერდში ყოფნა.
გიორგი მუხაძის ამ ნამუშევარს ნამდვილად აქვს პრეტენზია იყოს უკეთესი, ვიდრე რიგითი სტუდენტური ფილმი. რეჟისორი რუდუნებით გვიყვება უთქმელ ტკივილსა და სირთულეებზე. პარალელურად, ჩვენს თვალწინ, ძალიან მცირე დროში, იშლება მთელი ცხოვრების ამბავი. არ მინახავს ანასა და ნიკოს ბავშვობის კადრები, მაგრამ ზუსტად ვხვდები, როგორ ზრუნავდა ნიკო ანაზე, როგორ ასწავლიდა ანა ნიკოს გამბედაობასა და როგორ უყვარდათ ერთმანეთი. მათ ერთმანეთი ახლაც უყვართ, შეიძლება უფრო შორიდან, მეტი მორიდებითა და დისტანციით, მაგრამ მაინც ერთმანეთისთვის ისევ ის ადამიანები არიან. ქართულ დედ–მამიშვილობაში ყოველთვის იქნება ანა და ნიკო. ნიკო ყოველთვის დაელოდება ანას და ეს მხოლოდ კონკრეტული სურათი არ არის. რეჟისორმა შეძლო განზოგადებული ტკივილი და შეტყობინება მოეტანა მაყურებლამდე. ამაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მუსიკალურმა გაფორმებამაც, როდესაც ფილმი ტრიუმფით სრულდება, მის ამაღლებულ განწყობას მუსიკა კიდევ უფრო აღვივებს. ის ასევე არის ძაფი, რომელიც აკავშირებდა წარსულსა და მომავალს ერთმანეთთან და რამაც ხელახლა დააკავშირა ნიკო და ანა.
ფილმის კიდევ ერთი განსაკუთრებული მომენტია, როდესაც რეჟისორი აჩვენებს, რომ ყველას ინდივიდუალური გლოვის გზა აქვს. ანა დედის ჩითის კაბას იცვამს და ისე მიდის სასაფლაოზე, ნიკო ტრადიციული გლოვის ყველა წესს იცავს, რაც კი არსებობს, რათა თითქოს შეამსუბუქოს საკუთარი ტკივილი, თუმცა, რეალურად, მათ დაობლების გარდა კიდევ ერთი დიდი ტკივლი აერთიანებთ – ერთად ყოფნა ერთმანეთის გარეშე. ნიკო ანას მოლოდინში იყო. მთელი ეს დრო ეგონა, რომ გამოჩნდებოდა, დაეხმარებოდა და გაიზიარებდა მის განსაცდელს. ანას მოლოდინში იყო დედაც, მაგრამ ანას მხოლოდ ნიკო დახვდა. ანა ძალიან დიდხანს იყო წასული და ნიკო მის გარეშეც მიეჩვია ყოფნას. თუმცა ლოდინი არასოდეს ყოფილა გვიანი, ანა დაბრუნდა და დაბრუნდა მათი და–ძმური ურთიერთობის საწყისებიც, რომელიც ერთმა ძველმა სიმღერამ გააღვიძა და თითქოს მაყურებლის თვალწინ წამში აივსო უზარმაზარი ორმო, რომელსაც ორივე მათგანი, ალბათ, წლების მანძილზე თხრიდა.
მორჩა – ანა აღარ დატოვებს ნიკოს, ნიკო ანასავით გამბედაობას ისწავლის და ერთად ყველა ტკივილს გაუმკლავდებიან. ფილმის დასასრულს მაყურებელს სწორედ ამისი სჯერა და უჩნდება ყველაზე ძვირფასი რამ – რწმენა, განსაცდელში თავთავივით აღმოცენებული ნათელი მომავლის რწმენა.
ლიზი გაფრინდაშვილი