თეთრი სინათლე

და თქუა ღმერთმან: იქმენინ ნათელი და იქმნა ნათელი. და იხილა ღმერთმან ნათელი, რამეთუ კეთილ. და განწვალა ღმერთმან შორის ნათლისა და შორის ბნელისა.“( „ძველი აღთქმა, დაბადება“) – აღნიშნული ციტატა ბიბლიიდან, შეიძლება ითქვას, რომ ერთერთ პირველ სიმბოლურ გამმიჯვნელ მეტაფორად გვევლინება სინათლესა და სიბნელეს, დღესა და ღამეს, როგორც სიკეთის, იმედის, რწმენისა და, მეორე მხრივ, უიმედობის, ამოუცნობის განსახიერებას შორის. მართალია, „ძველი აღთქმისპირველ თავში სიბნელეს პირდაპირ აბსოლუტური ბოროტების მნიშვნელობა არ აქვს შეძენილი, ის უფრო ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი ქაოსურიქვეყნისღვთიური წესწყობილების ნაწილადაა ქცეული, თუმცა შემდგომ, ბიბლიურ ტექსტებში სიბნელე უკვე აშკარად ბოროტებასა და ღმერთისაგან განდგომას სიმბოლიზირებს, მაშინ როცა სინათლე თავად ღმერთს, ჭეშმარიტებასა და მადლს განასახიერებს. 

მართა ურუშაძის ფსიქოლოგიურ, „საშინელებათაქვეჟანრის ელემენტებით გაჯერებულ, მოკლემეტრაჟიან სტუდენტურ ფილმში, „კონტაქტი“ (2021) „ნათელისადა ბნელის ტრადიციული ბიბლიური სიმბოლიზმი უარყოფილი და ინვერსიულია (ამან შეიძლება გაგვახსენოს მიხეილ კობახიძის 1964 წლის კინოსურათი, ,,ქორწილი’’, სადაც ბედნიერებასა და სიყვარულთან გაიგივებულ სიტყვა ,,ქორწილს’’ ტრაგიკული და ირონიული დატვირთვა აქვს მინიჭებული). როგორც აღნიშნულ ქვეჟანრს შეეფერება, ამ ნამუშევარშინათელიცკი, ის თეთრი სინათლე, რომელიც მთავარი გმირის (მართა ურუშაძე), ახალგაზრდა გოგონას ცხოვრებაში დროდადრო ფიზიკურად ჩნდება თავისი არსითა და დატვირთვით, ერთი შეხედვით, ბნელი, უღმერთო, ბოროტი, დამაბნეველია და არა იმედისა და შვების მომტანი. ამ აზრსა და განცდას მაყურებელში ფილმის მთლიანად ბნელი და, შეძლებისდაგვარად, დამთრგუნველი ატმოსფეროც აძლიერებს. შეიძლება ითქვას კიდეც, რომ რადგანაც ნამუშევარში დიალოგი ან მონოლოგი საერთოდ არ გვხვდება, მთლიანად ამგვარი ატმოსფეროს დამსახურებაა ის, რომ მაყურებელს მთავარი გმირის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში შეღწევა შეუძლია. ამდენად, რეჟისორი, მოცემულ შემთხვევაში, მთლიანად კინოს ვიზუალურ და ტექნიკურ მხარეს ანდობს ძირითადი სათქმელისა და გმირის გასაჭირის, შინაგანი ბრძოლის გადმოცემას, რაც კინემატოგრაფის განსაკუთრებული შესაძლებლობააუსიტყვოდ გადმოსცეს ის, რაც ხელოვნების სხვა ჟანრებს ნაკლებად ხელეწიფებათ. 

ფილმში მიმდინარე ფრაგმენტული სიზმრისეული, მისტიკური მოვლენები (რომელთა შორისაც თითქოს, ერთი შეხედვით, ლოგიკური კავშირი არ არსებობს) და ასევე დამაბნევლად არასწორხაზოვანი სიუჟეტი, როგორც ფსიქოლოგიურ ჰორორს შეშვენის, მთავარი გმირის შეგრძნებებზე, ქვეცნობიერიდან ამოტივტივებულ მოგონებებზე, შიშებსა და მძიმე ემოციურ, სულიერ კრიზისზეა დამყარებული. მიუხედავად იმისა, რომ ფილმის ტექნიკური მხარე არ არის იდეალური და შეიმჩნევა გარკვეული ხარვეზები (გამოსახულების ხარისხი, ხმის რეჟისურა, დრამატურგიული თვალსაზრისით, ქაოტურობა), ავტორმა მაინც წარმატებით გააცოცხლა ეკრანზე, რეალობაში გადმოსული გმირის არაცნობიერი მდგომარეობა მოძრავი სუბიექტური კამერის, არასტანდარტული რაკურსების, ბნელი, მუქი ფერებისა და დაძაბული მუსიკის გამოყენებით.

 ხშირად ადამიანის გონებაში სრულიად ჩვეულებრივი ნივთები, სიზმრები და ყოველდღიურობის პატარპატარა დეტალები გარკვეულ სიმბოლურ დატვირთვას იძენს და ასეთი სახით ილექება კიდეც პიროვნების ქვეცნობიერში, რაც შემდგომ წამიერად ბრუნდება ინდივიდის მოგონებებში. ამ კუთხით, ფილმში საინტერესო სიმბოლური დატვირთვა აქვს რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალს, რომელთა გაშიფვრაც, გარკვეულწილად, გმირის ფსიქოლოგიური მდგომარეობისა და მთლიანად სიუჟეტის არსის გაგებაში დაგვეხმარება. ერთერთი ასეთი დეტალია წითელი ფერი, უფრო კონკრეტულად კი, წითელი ყვავილი, პირველი მკვეთრი ფერი, რომელიც სიბნელითა და მონოტონური ტონებით გაჯერებულ ნამუშევარში ჩნდება და რაც მთავარ გმირს ასოციაციურად ახსენებს ფრაგმენტულ სურათსწითელი კაბით დამშვენებულ ქუჩაში მიმავალ უსახო ქალს, რაც შესაძლებელია იუნგისეული ანიმას არქეტიპადაც განვიხილოთ. წითელი ყვავილი და ქალი კაბით წარსულიდან (ეს უკანასკნელი შეიძლება იყოს როგორც გმირის მოგონების, ისე სიზმრის ფრაგმენტი) თითქოს ერთმანეთის პარალელურ და ურთიერთდაკავშირებულ სიმბოლოებად გვევლინებიან, იმად, რაც, ერთდროულად, იზიდავს და აშინებს კიდეც პერსონაჟს. ფერის ინტენსიურობა და ქალის უსახობა უფრო არქეტიპულ დატვირთვას სძენს ამ გამოსახულებას, თითქოს ის კონკრეტული ადამიანი კი არა, არამედ ქალური ენერგიის, სურვილისა და საფრთხის სიმბოლური ვიზუალური გამოხატულებაა.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ერთერთი ყველაზე დამაინტრიგებელი ვიზუალური დეტალიმონიტორზე გამოჩენილი ასევე ამოუცნობი უსახო მამაკაცი, რომელსაც მთავარი გმირი აკვირდება. ამ შემთხვევაში, უნდა ითქვას, რომ მონიტორი ერთგვარად სარკის ფუნქციას ასრულებს, სარკისა, რომელიც ჭეშმარიტებას არა პირდაპირი, არამედ როგორც ქვეცნობიერის ბუნებას სჩვევია, სიმბოლური გზით ირეკლავს. მაყურებელი ამჩნევს, რომ მთავარი გმირი ეკრანზე ,,სხვის’’ რეალობას აკვირდება, თუმცა ეს ,,სხვა’’ სინამდვილეში თავად ამ გმირის ქვეცნობიერი და მის შინაგან სამყაროში ჩაკეტილიმამაკაცურიარქეტიპია, იუნგის მიერ აღწერილი ანიმუსი (ქალის ფსიქიკაში ჩაბუდებული უცნობი და, ხშირ შემთხვევაში, უარყოფილი მამაკაცური მხარე). ეკრანზე გამოსახული უცხო მამაკაცი მიუწვდომელია, ისევე როგორც ამ გმირისათვის სულიერ დონეზე დამწყვდეულიშინაგანი მე“. უცნობი, საშიში და გაუგებარია პროტაგონისტისათვის საკუთარი თავის ყველაზე ბნელი, გაუცნობიერებელი მხარეც, .წ იუნგისეული ,,ჩრდილი’’, რაც ამ პერსონაჟს გარედან მომავალ საშიშროებად მიაჩნია მაშინ, როცა ეს სიბნელი მისივე სულისა და ფსიქიკის განუყოფელი ნაწილია. აღნიშნული არქეტიპი ფილმში პირდაპირ რეალური ლანდის სახითაა წარმოდგენილი, კერძოდ, მაყურებელი შემსწრეა როგორ ფარავს და შთანთქავს ჩრდილი თანდათან იისფერ ყვავილს. საინტერესო და მნიშვნელოვანი ნიუანსი კი ისაა, რომ შემდგომ სცენაში თავად მთავარ გმირს ვხედავთ იისფერი ყვავილით ხელში. სწორედ ამიტომაც, თამამად უნდა ითქვას, რომ ფინალურ ნაწილში კვანძი იკვრება. მართალია, ერთობ დახლართული თხრობით, მაგრამ მაინცმთავარი აზრი ისაა, რომ რეალურად მთელი ფილმის განმავლობაში მაყურებელი მთავარი გმირის საკუთარ გაუცნობიერებელ, შესაბამისად, საშიშ, მიუღებელ მხარესთან ჭიდილის შემსწრეა, თეთრი სინათლე და სიმბოლური ფრაგმენტები კი (წითელი ყვავილი, უცნობი მამაკაცი და უსახო ქალი) ქვეცნობიერის მიერ ამ ადამიანთან დაკონტაქტების საშუალებაა. არაცნობიერი ჩრდილოვანი მხარის მიღება ადამიანებისათვის მტკივნეული პროცესია, მით უმეტეს, როცა ეს სუფთა და წმინდა მხარესთან დაშორებას მოითხოვს (ამის მეტაფორა იისფერი ნაზი ყვავილია). ეს პროცესი, ამავდროულად, უნივერსალური გამოცდილებაცაა და ფილმის ბოლოს მთავარი გმირის მიერ მეოთხე კედლის დარღვევაც სწორედ ამას გამოკვეთს. 

ფილმს აქვს გარკვეული ტექნიკური და დრამატურგიული ჩავარდნა, თუმცა ის მაინც საინტერესოდ უნდა ჩაითვალოს, უმთავრესად კი იმიტომ, რომ ფსიქოლოგიური ჰორორის ელემენტებს შეიცავს, რითაც ქართული კინო ნამდვილად არ არის განებივრებული. 

ნატო მწარიაშვილი

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *