ხშირად, როდესაც სიცოცხლის უსაშველო, გადახლართულ რითმში ხარ ჩართული, ძნელია შენს ირგვლივ რეალობას ნამდვილად ჩახედო თვალებში. ცხოვრება იმდენად გაუგებარია, რომ თითქმის შეუძლებელია გაჩერდე და გვერდიდან შეხედო საკუთარ გზაზე მიმავალ თავს. სამწუხაროა, რომ ჩვენთვისავე მნიშვნელოვან რაღაცეებს სწორედ მაშინ ვაანალიზებთ, როდესაც ჭეშმარიტი დასასრული ახლოსაა და ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც გრძნობს, რომ არაფერს არ ნანობს.
ეს ცხოვრებისეული ტრაგედია და ვიწრო სპექტრის ფილოსოფიაა, რომლის ირგვლივაც რეჟისორებს ძალიან უყვართ თავგადასავლების შეთხზვა და საკუთარი ხედვით ამ უსუსური მდგომარეობის აღწერა.
ვასიკო ჯანიბეგაშვილის მოკლემეტრაჟიანი სტუდენტური ფილმი, „როცა გარეთ წვიმდა“ (2016) სწორედ ამ თემებს ეხება.
სადარბაზოს კართან შუახნის ასაკს გადაცილებული ქალი უყურებს წვიმას და ეწევა პაპიროსს. სადარბაზოში კიბის ქვეშ კუბო დევს და თავდაპირველად გაუგებარია, კუბო მოცემული რეალობის ნაწილია თუ ალეგორიაა, რადგან ეს პერსონაჟი დიდი ტრაგიზმითაა აღსავსე, რასაც გაუგებარი, აბსურდული მონოლოგებით ამჟღავნებს. მის განწყობაში ცალსახად იგრძნობა სევდა და ნოსტალგია წარსულისადმი, რადგან ის იხსენებს ახალგაზრდობას, როცა ქარივით თავისუფალი დარბოდა ყაყაჩოებიან მდელოზე. ამგვარი მსგავსება თენგიზ აბულაძის გახმაურებულ კინოსურათთან, „ნატვრის ხე“, ალბათ, სუფთა სახის შთაგონება იყო ავტორისათვის.
ამ პერსონაჟის განცდებისა და განწყობის უკეთ გადმოსაცემად რეჟისორი ფონად მოცარტის „რექვიემს“ იყენებს, რომელსაც შიგა და შიგ თან სდევს ქართული სიმღერა, „დიმპიტაური, დამპიტაური“. ასეთი კონტრასტი ძალიან გაუგებარი და დამაბნეველია მაყურებლისათვის, თუმცა თუ ფილმის ხასიათის ბოლომდე ჩაწვდომისას აუცილებლად გაჩნდება შეგრძნება, რომ სიკვდილისებურ მუსიკას ისე ახალისებს ქართული სიმღერა, როგორც ხასიათები და ფიქრები ენაცვლებიან ერთმანეთს მთავარ მოქმედ გმირში.
„რამდენადაც მეტად შეგაფასებენ, მით უფრო უგუნური ხდები“ – ამბობს ეს პერსონაჟი და ისევ თავჩაქინდრული შესცქერის წვიმას, თითქოს ყოველგვარი იმედი გადაეწურა ცხოვრებაში და ყველაფერს, რასაც ამბობს, ეუბნება საკუთარ თავს, რომელზეც ბრაზობს. ბრაზობს, რადგან არ შეუძლია დროის დაბრუნება და იმ ნაკვალევის წაშლა, რომლებმაც მოიყვანეს იგი აქამდე, რადგან, ახალგაზრობის მოგონებებთან ერთად, ეკრანზე ჩანს პატარა სიმფონიური ორკესტრი ტრიალ მინდორში, რაც ორმაგ ასოციაციას იწვევს აუდიტორიაში. ლოგიკურია, ამ ყოველივეს შედეგად გაჩენილი კითხვები პერსონაჟის ვინაობის შესახებ, თუმცა აქ ცხადია მისი წუხილი – ის დარდობს გასულ წლებზე და დიდებაზე, რომელიც ოდესღაც გააჩნდა, ახლა კი, უფრო დასუსტებული, სიცარიელეში მდგომი, აღარავის სჭირდება და ვეღარსად მიდის.
უეცრად კარში შემოდის წვიმისაგან გალუმპული, რომელიც ქალის დანახვისთანავე ჩერდება და არ მიდის აღარც უკან და აღარც წინ. ქალი ისევ საუბრობს და თითქოს ირიბად მიმართავს ყმაწვილს. ის ამბობს, რომ გარეთ არა წვიმაა, არამედ ქალის სევდა, რომელმაც სიყვარული დაკარგა, ტირის და ეძებს მას. ეძებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ვეღარ პოულობს, რადგან ცხოვრების ამაოებას და სიცარიელეს უბრუნდება, რომელშიც გაუგებარია, სად არის სიბნელე და სად სინათლე.
პერსონაჟის მონოლოგი უწყვეტლივ გრძელდება მანამ, სანამ იგივე კარში არ შემოდის ახალგაზრდა მღვდელი, როგორც ღვთის ნიშანი იმისა, რომ არსებობს იმედი, რომელსაც შეუძლია იხსნას სული ამ ბინძური „ვარდისფერი“ სამყაროსგან.
მღვდელი ქალის დანახვისთანავე ჩერდება, თუმცა მალევე აგრძელებს გზას და მანამ, სანამ საბოლოოდ დანიშნულებამდე მივა, კიდევ ერთხელ ტრიალდება, შეხედავს თავგაკრულ, შავებში გამოწყობილ ქალს და მის გვერდით მდგომ ახალგაზრდას, პირჯავრს აწერს მათ და უცებ მიდის. ცარიელია განათებული კიბე, რაც ქმნის დაძაბულ მოლოდინს და სწორედ მაშინ იგივე ადგილი ივსება ხალხით. ზოგს ყვავილები მოაქვს, ზოგს კი – სურათი. ისინი გვერდს აუვლიან ქალს, რომელსაც სახეზე შეაშრა ტკივილი. ხალხი კარიდან გადის და გააქვს კუბო. არავინ საუბრობს, აღარც ქალი. სადარბაზოში რჩებიან ორნი – ქალი და ყმაწვილი. ამით ფილმი მთავრდება.
გავლილი ცხოვრებისადმი წუხილი ძალიან გულისამაჩუყებელი საკითხია, რომელიც ხაზს უსვამს ადამიანის ეგზისტენციალურ კრიზისს და მსგავსი თემატიკის ფილმები სწორედ იმიტომაცაა საინტერესო სანახავი და განსახილველი, რომ ხშირად შეიძლება საკუთარი თავი ამოიცნო იქ, სადაც ყველაზე ნაკლებად ელი.
მიუხედავად იმისა, რომ მოცემული ფილმის მეტრაჟი საკმოდ მოკლეა და ბადებს ბევრ კითხვას, მასში არსებული განცდისა და ესთეტიკის შეგრძნება არ წარმოადგენს რთულ ამოცანას, არამედ პირიქით – სწრაფად ხდები მისი მესამე თვალი და სადარბაზოში მყოფი კიდევ ერთი მსმენელი, რადგან ვარდები ამ ამბის მორევში და უკვე გაინტერესებს, რა შეემთხვა იმ ლამაზ ქალს, რომლის სახეზეც ამდენი ნაოჭია და რომელსაც, სამწუხაროდ, აღარ უტოკდება არც ერთი ნერვი.
სოფიო ჩიტალაძე






