რეალობის ილუზია ან პირიქით

ივანე ბეგიაშვილის სტუდენტური ფილმი, „დიალოგი ტბის პირას“ (2022), რომელიც გადაღებულია რიუნოსკე აკუტაგავას მოთხრობის – „დიალოგი წყვდიადშიმოტივების მიხედვით, უფრო საინტერესოს ხდის მის ყურების პროცესს. მიუხედავად ამისა, დასასრულისას რჩება შეგრძნება, რომ ფილმს რაღაც აკლია და რომ თითქოს რეჟისორმა განზრახ დატოვა მაყურებელი ამ უჩვეულო პოზიციაში. ეს აჩენს კითხვასწარმოდგენილი ამბავი რეალურია თუ ძლიერად შეფუთული ილუზიაა? 

პირველივე კადრიდან მოჩანს თოვლიანი გზა და მასზე მიმავალი ახალგაზრდა მამაკაცი. რამდენიმე წამში გზაზე ჩერდება მანქანა, რომლიდანაც გადმოდიან კაცი და ბავშვი და იქმნება წარმოდგენა, რომ ისინი მამაშვილი არიან. უეცრად, მძღოლსა და გზაზე მიმავალ ყმაწვილს შორის წარიმართება უცნაური დიალოგი, რომელიც ეჭვებს ბადებს. ისინი დიდხანს უყურებენ ერთმანეთს, თითქოს შორეული ახლობლები არიან, შემდეგ კი ყმაწვილი ჯდება მანქანაში და გზად პაპიროსს უკიდებს. უკიდებს მძღოლიც. შესამჩნევია, რომ აურა მძიმდებაფონად ისმის კლასიკური მუსიკა, რომელიც საგრძნობლად ამძაფრებს მომენტს.

მანქანა ჩერდება დათოვლილ ტბასთან და მხოლოდ სიცივეა ირგვლივ. ყმაწვილი თვალის გასწორების გარეშე მიმართავს მძღოლს და ეუბნება, რომ სხვანაირი ეგონა, რომ ის მხდალია და არაფრისმაქნისი. აღსანიშნავია, რომ უსახელო მძღოლი უსახელო მგზავრის სრულიად საპირისპირო ტიპაჟია. მისი გარეგნობა უფრო გროტესკულია, თითქოს ხასიათი აქვს უფრო მძიმე. ისინი არ ჯდებიან არანაირ კანონზომიერებაში, თუმცა ერთი რამ აშკარად გასაგებიაისინი იცნობენ ერთმანეთს, ეს არ არის შემთხვევითი შეხვედრა, ეს არც უმნიშვნელო ლოკაციაა და უკვე ცხადია, რომ რაღაც უნდა მოხდეს. რაღაც, აუცილებლად ბნელი და იდუმალი, რადგან ტბა ამ ყოველივესთან ასოცირდება ისევე, როგორც ზამთრის მკაცრი, ცივი დღე. 

მოულოდნელად საბარგულიდან ისმის ხმა, რომელიც სასაკლაოზე მყოფი ღორის ხმას ჰგავს, თუმცა სინამდვილეში იქ ადამიანია. მისი სახე არ ჩანს და მიზეზიც გაუგებარია, თუ რატომაა ასეთ მდგომარეობაში. მძღოლი მალევე იარაღს იღებს და ცდილობს, ესროლოს საბარგულიდან ამოყვანილ ტყვეს, მაგრამ ის გარბის. მძღოლი მას დაეწევა და, ყმაწვილის ზემოქმედების ქვეშ მყოფი, ესვრის. ტყვე ძირს ვარდება, მძღოლი გარბის. საერთო ხედით ჩანს ყველაფერი: მანქანა, ცხედარი, მძღოლი, ბავშვი, ტბა და ძაღლები. ჩანს ყველა, მაგრამ მგზავრი ბიჭი არა. ის ისე ქრება, თითქოს არც არსებობდა. მძღოლი ისევ გარბის და ჯდება მანქანაში, ქოქავს მას და მიდის. მიდის ისე, რომ ტოვებს ბავშვს. სრულდება კადრი, შემდგომ კი სრულიად ფილმი.

საკუთარ ნაწარმოებებში რიუნოსკე აკუტაგავა ხშირად მოიხსენიებდა და იკვლევდა ადამიანის ორბუნებოვნებასა და მის ზნეობასა, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებულია იყო მის შინაგან მესთან. ამასთანავე, იგი აანალიზებდა პიროვნულ კრიზისსა და სიმართლის სასოწარკვეთილ ძიებას, რითაც შედარებით გასაგები ხდებოდა ავტორის აზრობრივი მიმდინარეობა. ცხოვრებაში ყველაფერს აქვს კავშირი და საფასური, ამიტომაც საინტერესოა მოცემული სიტუაციის განხილვა, რადგან იმაზე მეტად არის ჩახლართულია, ვიდრე ვინმეს ჰგონია. 

ალბათ, მგზავრი არის ფანტომი, არამატერიალური ცნობიერი, რომელიც სახლობს ბავშვის გონებაში, ბავშვი კი, თავის მხრივ, თითქოსდა, დაუსრულებელ, საშიშ სიზმარში ცხოვრობს და ყველაფერი, რაც მოხდამხოლოდ შიშია. 

ბავშვის ფსიქოლოგია ყველაზე სათნო და საინტერესოა, რადგან მისი უმწეობა ყოველთვის ეჭვს აჩენს იმაში, რომ მის ცნობიერში, შესაძლოა, ტრიალებდეს რაღაც ამდენად საზარელი და საფიქრალი. მართლაც, არაფერია იმაზე საშინელი, ვიდრე შიში, რომელიც ჭამს სულს და მითუმეტეს მაშინ, როდესაც ხარ ბავშვი და გიწევს იცხოვრო იმ შეგრძნებით, რომ ოდესღაც მიგატოვებენ. 

ანდაც, შესაძლოა, რომ ყველაფერი პირიქითაა და ამ ამბის მთავარი პერსონაჟი არა ბავშვია, არამედ მძღოლი, რომელიც ისეთ დაბრკოლებასთანაა ჭიდილში, რომელიც აგიჟებს, აფიქრებს და ყველაფერი, რასაც ფილმში ჩანს, ალეგორიაა იმ რეალობისა, რომელშიც იგი იმყოფება მენტალურად. 

სხვა სტუდენტური ფილმების მსგავსად, ეს ფილმიც არ გამოირჩევა გადაღების ორიგინალური სტილითა და მონტაჟით, რაც სულაც არაა ტრაგედია. მიუხედავად ამისა, მსგავსი სიუჟეტისათვის უკეთესი იქნებოდა ფერების მანიპულაციისა და სიმბოლიკის გამოყენება, რომელიც რამდენიმე კითხვას მაინც გასცემდა პასუხს და უკეთ მიახვედრებდა მაყურებელს, სად არის ის ჭეშმარიტება, რომელსაც ყველა ეძებს. 

ფილმის სიუჟეტი იმდენად ორიგინალურია, რომ განიხილება თამამ და საინტერესო გადაწყვეტად, რომელიც ფიქრის საშუალებას აძლევს მაყურებელს. თავად ფილმი სწორედ ისეთ კატეგორიას განეკუთვნება, რომელიც გითრევს საკუთარ სამყაროში, ხოლო ამის შედეგად ყველაფერი ის, რაც დაგაინტერესებს, შენითვე უნდა ამოხსნა. 

ხშირად საინტერესოა მსგავსი საავტორო ნამუშევრების ყურება, რადგან პროცესი ჭეშმარიტი ამოცანაა, რომელიც ხან უფრო მარტივია, ხან უფრო ძნელი და რასაკვირველია, ასეთია ბუნებრივი დინება, რადგან ხედვაც იმდენად მრავალფეროვანია, რამდენადაც მრავალფეროვანია არიან ადამიანები. 

სოფიო ჩიტალაძე

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *