საინტერესო და მეტად ფილოსოფიური შეკითხვაა, რაზე წახვიდოდი საყვარელი ადამიანისთვის? თანამედროვე საზოგადოების ყველა კულტურული მოქალაქე ვარიდებთ ამ კითხვას თავს. ალბათ, არც გვაქვს ამაზე პასუხი ან საერთოდაც გვეშინია ვუპასუხოთ. მაქსიმალურად ვცდილობთ თავი დავიჭიროთ ლამაზი ღიმილითა და კოხტად შეკრული ჰალსტუხით; მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა სოციალურ–ეკომონიკური ფარდა ჩვენს შინაგან რეალობას აღარ ფარავს? რას გავაკეთებთ, როცა იძულებულნი ვართ რომ გადავრჩეთ?
თომა ათანელიშვილის სტუდენტური ფილმი, „სიკეთის ფასი” (2021) ამ კითხვას სვამს. ერთი შეხედვით, ბანალურს, მაგრამ მეტად აქტუალურს. შესაბამისად, აქ იწყება და მთავრდება ამ ფილმის იდეაცა და ის, რაც მასში შეიძლება იყოს საინტერესო.
კინოს არსი მის სიმარტივეში მდგომარეობს. ნებისმიერი გაცვეთილი ამბისა და სიუჟეტისგან შეიძლება კარგი ფილმის შექმნა. განსხვავებას ფორმა და სტილი ქმნის. ყველაფერი რეჟისორის ხედვის ირგვლივ ტრიალებს. ამ ფილმის განხილვისას შეუძლებელია თავი ავარიდოთ მისი კინოენის გარჩევას, რადგან “სიკეთის ფასის” ავ–კარგობა ამ რეჟისორის შესაძლებლობებზეა მთლიანად დამოკიდებული.
სიუჟეტი ტყეში ვითარდება. პირველ სცენაში ვხვდებით ახალგაზრდა ქალს, რომელიც ნიღბიან მამაკაცს ემალება. შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ეს გოგონაა მთავარი პერსონაჟი. სიუჟეტის განვითარებასთან ერთად, ყურადღება კრიმინალზე გადადის. მამაკაცზე, რომელიც, როგორც ბოლო სცენებში ირკვევა, კლავს და ძარცვავს ხალხს, რათა ბებიას წამლები მიუტანოს. ამ ბანალურ სიუჟეტში, შესაძლებელია, საინტერესო ფილმი არსებობდეს, მაგრამ რეჟისორის ზედაპირული მიდგომა მდარე მცდელობად გვევლინება.
თომა ათანელიშვილი ტყის სცენებში ქმნის კრიმინალური თრილერის განწყობას, მაყურებელზე თამაშის მიზნით კი ფილმს მსხვერპლზე ფოკუსით იწყებს. ეს საინტერესო გამოძახილია 1990-იანების ჰოლივუდური კრიმინალური დრამების, მაგრამ ფილმის საერთო ფართო ჩარჩოში უფრო პირადი სიამოვნების დაკმაყოფილებად ჩანს, ვიდრე საბოლოო სათქმელისთვის რაიმე მნიშვნელობად. ბოლო სცენამდე, სანამ მკვლელობების მიზეზს გავიგებთ, კამერის ფოკუსი თითქმის მსხვერპლის პერსონაჟზეა, საბოლოოდ კი ეს ბოლო კადრების ეფექტურობას მთლიანად აქრობს.
ყველაზე მნიშვნელოვანია უკანასკნელი კადრები, რომლებიდანაც ვიგებთ მთავარი გმირის ქმედებების მიზეზებსა და ფილმის მორალს. ის სჩადის ასეთ საშინელებებს საყვარელი ადამიანის დასახმარებლად. თითქოს კინოსურათი ცდილობს ჩვენ, როგორც მაყურებელს, გაგვიჩინოს კითხვა, რას გავაკეთებდით მის ადგილას? შესაბამისად უნდა განვსაჯოთ თუ არა ეს პიროვნება? ეს ღრმა სოციალური კითხვებია საკმაოდ საინტერესო თემისა, რომელსაც, სამწუხაროდ, “სიკეთის ფასი” ნამდვილად არ ავითარებს. ასეთი თემატიკს მთლიანი სტრუქტურა პერსონაჟის სიღრმეზეა დამოკიდებული, რაც ამ მოცემულ შემთხვევაში არსად ჩანს.
ამგვარ სოციალურ დრამებში ყურადღება ყოველთვის გამახვილებულია ეკონომიკურ სიდუხჭირესა და ადამიანის ნებისყოფაზე, რათა მას შეებრძოლოს. ამ ფილმში რეჟისორი მთავარი გმირს წარმოაჩენს, ფაქტობრივად, სერიულ მკვლელად, რომელიც “კატა–თაგვობანას” თამაშით იტყუებს მსხვერპლს. შესაბამისად, მნიშვნელობა აღარ აქვს იმის გაგებას, თუ რატომ გახდა ის კრიმინალი. ინტერესი ე.წ. „დიდი სიკეთისთვის“ ჩადენილი ქმედებების მიმართ სულ მცირე უარყოფითობის ან, უფრო მეტად, გულგრილობის შეგრძნებას ტოვებს. თითქოს, უბრალო კრიმინალს უყურებ. არსად ჩანს უფრო ღრმა მორალური თემატიკის კომუნიკაცია ბოლო ეპიზოდამდე. ეს მიდგომა მთლიანად ფილმის ეფექტურობაზე მოქმედებს. საბოლოოდ, არც კრიმინალური თრილერი გამოდის და არც მორალური დრამა. ეს ყველაფერი არასწორად შერჩეული ხედვის ბრალია. ორი სხვადასხვა ფილმის ეს სინთეზი ქმნის ერთ სრულიად ცარიელ კინოსურათს, რომლის ეფექტურად შექმნა დიდ პროფესიონალებსაც კი გაუჭირდებოდათ.
თანამედროვე ქართული სტუდენტური კინო ერთსა და იმავე თემატიკაზეა შეკოწიწებული. ამის ახსნა საქართველოს არასტაბილური სოციალურ–პოლიტიკური მდგომარეობით შეიძლება, მაგრამ შეუძლებელია ყველა სტუდენტს მსგავსი ინტერესი ჰქონდეს, ყველა ფილმი ერთნაირ იდეებზე იყოს აგებული. თითქოს იდეის დონეზე რეჟისორები ეძებენ თემებს, რომლებიც ემოციურად უმძიმესი და საავტორო კინოსთვის დამახასიათებელია და არა იმას, რაც მათ სინამდვილეში აინტერესებთ. ეს მდგომარეობა ქმნის ზედაპირულ სანახაობას, რომელიც არაფერია გარდა იმისა, რომ მხოლოდ ლოგიკური განსაზღვრებით ერქვას ფილმი.
ამგვარად, „სიკეთის ფასი“ რჩება შეუსრულებელ დაპირებად, ფილმად, რომელიც ეხება უკიდურეს მორალურ არჩევანს, მაგრამ ვერ ბედავს ბოლომდე მის გავლას. თითქოს რეჟისორი მხოლოდ ეხება იმ წერტილს, სადაც ადამიანი იძულებულია საკუთარ ადამიანობას უღალატოს, თუმცა უკან იხევს იმ მომენტში, როცა ამ ღალატის სრული სიმძიმე უნდა გვაგრძნობინოს. შედეგად, ეკრანზე ვხედავთ არა ტრაგედიას, არამედ მის იმიტაცია, ქმედებებს მიზეზის გარეშე და მიზეზს ემოციური წონის მიღმა.
სწორედ აქ იკვეთება მთავარი პრობლემა: მზრუნველობის რადიკალური ფორმა არ არის თავად დანაშაული, არამედ ის შინაგანი რღვევაა, რომელიც ამ დანაშაულს ახლავს. თუ გმირი კლავს ბებიის დასახმარებლად, უნდა ვგრძნობდეთ, როგორ ანადგურებს ეს ქმედება თავად მასაც, ნელი, მტკივნეული და გარდაუვალი სისასტიკით, მაგრამ, როდესაც ეს პროცესი ეკრანზე არ ჩანს, ქრება ის სივრცე, სადაც მაყურებელი შეიძლება დადგეს მორალური არჩევანის წინაშე. ფილმი აღარ გვეკითხება, რას გავაკეთებდით, უბრალოდ, გვიჩვენებს, რა გააკეთა სხვამ. ეს განსხვავება ფუნდამენტურია.
ამიტომაც „სიკეთის ფასი“ ვერ აღწევს იმ სიმაღლეს, რომელსაც თავად თემატიკა სთავაზობს. მზრუნველობა, რომელიც ძალადობაში გადადის, ერთ–ერთი ყველაზე რთული და საინტერესო თემაა კინოში. ის მოითხოვს სიზუსტეს, სიმამაცეს და, რაც მთავარია, გულწრფელობას. აქ კი ვხედავთ ფორმალურსა და ზედაპირულ მცდელობას, სადაც იდეა არსებობს, მაგრამ არ არის გადაქცეული რეჟისორის გამოცდილებად.
და მაინც, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ფილმი უნებლიეთ გვიტოვებს იმაზე უფრო ძლიერ კითხვას, ვიდრე თავად სიუჟეტია. სად გადის ზღვარი სიყვარულსა და თვითგანადგურებას შორის? როდის იქცევა მზრუნველობა ძალადობად? და თუ ეს ზღვარი წაიშლება, რჩება კი საერთოდ რაიმე, რასაც „სიკეთე“ შეიძლება ვუწოდოთ? შესაძლოა, სწორედ ამ კითხვების დაუძლევლობაშია ჭეშმარიტი დრამა. ამ შემთხვევაში, არა ეკრანზე ნაჩვენებში, არამედ იმ თითიდან გამოწოვილ სიჩუმეში, რომელშიც ფილმის დასრულების შემდეგ აღმოვჩნდებით.
გიორგი ბაჯელიძე






