პატიება ხშირად ყველაზე მარტივია, ხშირად კი ყველაზე ძნელი, თუკი საქმე ოჯახის წევრს ეხება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კომუნიკაცია თითქმის არ არსებობს და ყოველგვარი ემოცია – ბრაზი თუ წყენა სადღაც ერთი ადამიანის გულში თავს იყრის და გროვდება.
უთქმელობა ძალიან დიდ პიროვნულ კრიზისსა და კატასტროფას იწვევს, რომელიც შემდგომში სხვადასხვა სახით ვლინდება და, სამწუხაროა, რომ მსგავს შემთხვევაში ადამიანი თვითგვემისაკენ ხან მიზანმიმართულად, ხან კი გაუცნობიერებლად მიდის. მისი ცხოვრება ერთი დიდი იმედგაცრუება ხდება, რომელსაც ვერა და ვერ უბრუნებს წინანდელ სახეს. გამოსავალი კი სწორედ ისაა, რაც ყველამ კარგად ვიცით – საუბარი. საუბარი მანამ, სანამ გზა არ გამოჩნდება.
„ვიწრო ხედი“ (2024) ელენე შეყლაშვილის სტუდენტური ნამუშევარია, რომელიც გვიამბობს და-ძმის ბეწვის ხიდზე გამავალ, ჩამქრალ ურთიერთობაზე. მთავარი მოქმედი პერსონაჟი – უფროსი დაა, რომელიც ცხოვრების ჯანსაღ რითმს ხელიდან უშვებს და კარგავს, რადგან საკუთარი თავის მთავარი აზრი დაკარგა – აწი მნიშვნელობა არა აქვს, სად იქნება და რას გააკეთებს, ამიტომაც მუშაობს ბარში და ძალიან ბევრს სვამს. მის სახლში ყოველთვის არეულობაა, რაც მისი შინაგანი სამყაროს განსახიერებად იქცა. სამსახურში წასვლამდე იგი დღეებს ატარებს უაზროდ, თითქოს ცდილობს ენერგია აინაზღაუროს, სანამ საკუთარ რესურსს ისევ მისთვისვე უაზროდ არ დახარჯავს. ქეთო ხშირად დუმს და მის თვალებში მუდამ სევდაა, თუმცა ჩანს, რომ არაფრის შეცვლას არ აპირებს. არც ძალა აქვს ამის და არც სურვილი, რომ ეს ძალა იპოვოს.
სწორედ მსგავს მორიგ დილას მის კარზე გაისმა კაკუნი და უეცრად კადრში შემოდის ქეთოს ძმა. შეუძლებელია ითქვას, რომ ძმის მიმართ ის თბილადაა განწყობილი, რადგან მხოლოდ ის გვესმის, თუ როგორ უნდა ქეთოს ისევ მარტო დარჩენა – ეუბნება ძმას, რომ წავიდეს, რომ არავის დაუპატიჟებია, მან კი პირიქით გადაწყვიტა ქეთოს „მაგარ ადგილას წაყვანა“ და მიუხედავად კამათისა, სულ ცოტა ხანში აღმოჩნდებიან გზაში.
მიდიან ისინი სადღაც შორს, გაუგებარი ვითარებაც იზრდება და ჩნდება კითხვები – სად, რატომ და რა მოხდა? გზადაგზა ვიგებთ არამხოლოდ იმას, რომ ქეთო არც მშობლებს ეკონტაქტება და თავიდან ბოლომდე მოწყვეტილია მათთან ურთიერთობას, არამედ იმასაც, თუ რა არის ამის მიზეზი – ფიზიკური ტრავმა, რომელიც შემთხვევით მოხდა და რომელიც გამოიწვია ძმამ და მისმა დაუფიქრებელმა ნაბიჯმა. სწორედ ამის გამო ქეთომ დაკარგა ოცნება – ფეხბურთის თამაშის შესაძლებლობა.
ფილმში პირნათლად ჩანს, რომ ეს ინციდენტი არავის აძლევს მოსვენების საშუალებას. ეს ამბავი ორივე მათგანს აჩრდილივით მოყვება და დავიწყებაც არ შეუძლიათ, რადგან ტრავმამ არამხოლოდ წაართვა ქეთოს ოცნება, არამედ წაართვა ძმაც და ძმის დაუფიქრებელმა საქციელმა არა უბრალოდ დაუმსხვრია ქეთოს ცხოვრება, არამედ სამუდამო დანაშაულში დატოვა საკუთარ ოჯახთან. ერთი სიტყვით, ყველაფერი კიდევ უფრო ძნელდება და შორს მიდის, რადგან სიტუაცია ვერ გამოსწორდება და ერთადერთი ნათელი გამოსავალი მხოლოდ პატიება და შერიგებაა, ანუ ისევ იმ ადამიანურ გზაზე დადგომა, რომელიც ცხოვრებაში სხვა, ახალ ბედნიერებას მოიტანს.
და აი, მოსალოდნელი კამათის მომენტიც დგება. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ზრდასრულია, მათ შორის მაინც დგას ის ბავშვური განწყობა, რომელიც ამდენ გადამეტებულ ემოციას იწვევს მათ კომუნიკაციაში და რეჟისორის ამგვარი მიდგომა ძალიან მოსაწონია, რადგან მათი არქეტიპები ძალიან კარგად შეესაბამება არსებულ რეალობას და რეალურ განცდებს. ასევე აღსანიშნავია, რომ ბავშვური მელანქოლიის გასახსენებლად რეჟისორს კადრში მეორეხარისხოვანი მსახიობები შემოჰყავს, რომლებიც მთავარი გმირების წარსულს „თამაშობენ“ გარკვეულ მონაკვეთში.
თენდება და ისინი თამაშობენ ფეხბურთს. თამაშობენ და იცინიან. და საბედნიეროდ, ბედნიერება ბრუნდება. შემდეგ კი ერთად შეუდგებიან გზას, გზას სახლამდე თუ დიდ მწვერვალებამდე. მიდიან გახარებულები, ნანატრი სიხარულით აღსავსენი.
ისევე როგორც ამავე რეჟისორის სხვა ფილმებში, აქაც ვხდებით მისთვის დამახასიათებელ სტილისტურ ელემენტებს – დიდ და უკაცრიელ მდელოებს, საშუალო ხედებს და ნათელ ფერებს. ყოველი მათგანი კარგად ჯდება იმ გარემოში, რომელშიც აცხოვრებს ელენე შეყლაშვილი საკუთარ პერსონაჟებს, რადგან ამ სამყაროების კვეთა გარემოსთან ძალიან კონტრასტულია.
ფილმი „ვიწრო ხედი“ არა მხოლოდ ოჯახურ კონფლიქტზე, არამედ ადამიანის შინაგან მარტოობასა და დამსხვრეულ, გადაკარგულ იმედებზე გვიყვება. რეჟისორი გვაჩვენებს, რომ წარსულის ტკივილი ადამიანს შეიძლება მთელი ცხოვრება თან გაჰყვეს, თუმცა ერთმანეთის მიტევება მაინც ტოვებს გადარჩენის შესაძლებლობას და, უმეტეს შემთხვევაში, სწორედ ეს გადაწყვეტილება ხდება ადამიანის გათავისუფლებისა და ახალი ცხოვრების დაწყების ძალა.
სოფიო ჩიტალაძე






