სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში

რა არის ადამიანის ცხოვრება თანამედროვე სამყაროში თუ არა ფუტლიარით აღსავსე ურთიერთობები და ნოსტალგიითა და სევდით გაჯერებული ტრფიალი დიდებული წარსულის მიმართ, თუმცა მაინც რაში მდგომარეობს წარსულის „დიდებულება“ ან რატომ იყო ბავშვობა უფრო ტკბილი, ვიდრე დღევანდელობა?!

ნია ჟვანიას სტუდენტური ფილმი, „გადახვევა“ (2023) სწორედ ამ თემებს ეხება, მსუბუქი და სახასიათო ესთეტიკით, რომელიც, ერთ შეხედვით, კომერციული ჟანრის კინოს მოგვაგონებს ფერთა გამითა და მონტაჟის სტილით, თუმცა პარალელურად ახერხებს დაამყაროს ემოციური კავშირი აუდიტორიასთან და სამი ახალგაზრდა მეგობრის მდგომარეობა ზუსტად მოიტანოს მაყურებლამდე.

დათა, თაზო და თეკლა საუკეთესო მეგობრები არიან, მაგრამ მათ ურთიერთობას ნამდვილად ვერ უწოდებ საუკეთესოს. დათა პროფესიულ საქმიანობასა და სწავლაშია ჩაფლული, თეკლა რეალობას მოწყვეტილი და ფინანსური დამოუკიდებლობისთვის მომუშავეა, ხოლო თაზო მეგობრებთან დროის გატარებაში მომლოდინე ახალგაზრდაა. მათი ცხოვრება თითქოს ძალიან განსხვავდება ერთმანეთისაგან, თუმცა მაინც ახერხებენ დრო გამონახონ თავშესაყრელად. ეს ძალიან ჰგავს იმ რეალობას, რომელშიც ახლა ყველა ვცხოვრობთ.

კიბერეპოქის საუკუნეში ადამიანებს რაც ყველაზე მეტად გვიჭირს, ჩვენი დროისა და პრიორიტეტების სწორად გადანაწილებაა. ვირტუალური სამყარო რეალურ სამყაროში იმდენ დროს გვართმევს, რომ იშვიათად თუ გვრჩება დრო საყვარელ ადამიანებთან ერთად გასატარებლად. სწორედ ამიტომ მეგობრებისათვის დროის აქტიურად გამოყოფა დღესდღეისობით ნამდვილი თავდადებაა, რომელიც შეიძლება უსაქმურობასა და უპერსპექტივობას მიეწეროს, მაგრამ რატომ არ შეიძლება ამას პირიქით, პრიორიტეტების სწორად დალაგება ვუწოდოთ. თუმცა, ამ რეალობაში, ადამიანების პრიორიტეტი, ძირითადად, მხოლოდ კარიერულ წინსვლასა და ფინანსურ სიძლიერეს უკავშირდება, რისი გამტყუნებაც ასევე რთულია, ვინაიდან ცხოვრებამ იცვალა კალაპოტი, საბჭოთა დოგმატების შემდეგ ადამიანებს მოუხდათ უცხო, ჩქარ დინებაში ჩაბმა, სადაც გზის გაკვალვა არცთუ ისე იოლია. მაშინ, როდესაც დათას დაბადების დღეა, იგი თითქოს ნოსტალგიის მორევში ეშვება და იხსენებს ბავშვობას, იმ დროს, როდესაც ცოტაც საკმარისი იყო, გართობისთვის უბრალოდ ერთად ყოფნაც კმაროდა. ფილმი თითქოს ანალოგიური სიმსუბუქით ყვება იმას, რაც ასე ახლო და მტკივნეულია მაყურებლისათვის.

ოპერატორი მიმართავს სტატიკას. მთელი ფილმი თითქმის ერთი ხედვის წერტილიდან გვეშლება, მხოლოდ წარსულის კადრების დროს ვხედავთ კამერის მოძრაობასა თუ უცხო სივრცეებს. ფილმს ნამდვილად აქვს თავისი ხასიათი, რაც სტუდენტი რეჟისორისათვის დასფასებელია. ნია ჟვანიამ შექმნა საკუთარი ესთეტიკა ამ მოკლემეტრაჟიანი ფილმით.

ადვილი მისახვედრია, თუ როგორ არქეტიპებს წარმოადგენს ეს სამი მთავარი პერსონაჟი. ისინი ჩვენს ცხოვრებაში არსებულ რეალურ ადამიანებსაც მოგვაგონებენ.  თითოეულ პერსონაჟს აქვს თავისი სახასიათო ელემენტები და თვისებები, ისინი „ჯენ ზი“ თაობის განზოგადებული სახე არიან. სცენარი პირდაპირპროპორციულია, იმის მიუხედავად, რომ შიგადაშიგ დრამატურგიული წყობა ირღვევა და წარსულსა და რეალობაში ვმოგზაურობთ, მაყურებლისთვის ყველაფერი მაინც იოლი გასაგებია და სათქმელიც ნათელია. სწორედ ესაა მთავარი კომპონენტები, რასაც სტუდენტური ნამუშევარი უნდა აკმაყოფილებდეს. მისი სტრუქტურა და ესთეტიკა კარგად ერწყმის ერთმანეთს. აღსანიშნავია, ახალგაზრდა მსახიობების თამაში. შეიძლება ზოგჯერ მოგვეჩვენოს ზედმეტი თეატრალურობა, თუმცა ისინი ახერხებენ, დარჩნენ ნატურალიზმში და ბუნებრივად წარმოაჩინონ მათ პრობლემებით აღსავსე პერსონაჟები.

ფილმი კულმინაციას აღწევს, როდესაც ირკვევა, რომ იუბილარი თაზო ემიგრაციაში მყოფ დედასთან მიემგზავრება და თავადაც სხვაგან აპირებს დასახლებას. ეს სამეგობროში იწვევს კოლაფსს. თითქოს ახლა იაზრებენ, რომ ყველაფერი უნდა შეიცვალოს, მათი ცხოვრება ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც უწინ. ამ მომენტში დრამატურგიულად მნიშვნელოვანი არის არამხოლოდ ის სევდა და ნოსტალგია, რაც მაყურებელში მელანივით იღვრება, მათი განშორების გამო, არამედ, ის გაბედული ნაბიჯი, რასაც ეს გმირი დგამს. თაზოს პერსონაჟი გვევლინება ადამიანად, რომელიც მუდმივ მოლოდინშია. იგი ელის საკუთარ მეგობრებს, ელის ცხოვრების სიყვარულის გამოჩენას, ელის ქვეყანაში არსებული მდგომარეობის განვითარებასა და ბედნიერებას, თუმცა ეს ლოდინი აშკარად უშედეგო იყო. სწორედ ამ გარდამტეხ მომენტში იგი საკუთარ ხელშივე იღებს თავისი ცხოვრების კალამს და იწყებს წერას, ქმედებასა და ცვლილებას, რაც ბუნებრივად გამოიწვევს ამ უსაზღვრო ლოდინის შეწყვეტას. შეიძლება მისი ეს ნაბიჯი სულაც არ აღმოჩნდეს სწორი ან წარმატებული, თუმცა ცხოვრებაში მთავარია ცდა და ყოველი შესაძლებლობის სწორად გამოყენება. ესეც ფილმის ერთ-ერთი გზავნილია – საკუთარი ახალგაზრდობის სწორად წარმართვა. პარალელურად, ეს არის საქართველოს თანამედროვეობის ქილიკი და გაკიცხვა, ვინაიდან რა უნდა იყოს იმაზე სევდიანი, თუ არა ემიგრაციაში წასული ახალგაზრდობა, საკუთარ ქვეყანაში უპერსპექტივო ჰაერით გაგუდვა და ენერგიის სხვის მიწაზე დახარჯვა.

ტესტი, რომელსაც სამეგობრო გართობის მიზნით ონლაინ ავსებს, მათი ერთად განვლილი ცხოვრების სიმბოლოა, როდესაც წარსულის მოგონებებს იხსენებენ და, ერთი შეხედვით, მოსაწყენი მოგონებები მათთვის ძვირფასი აღმოჩნდება. რეალურადაც ასე, საყვარელ ადამიანებთან ერთად, „არაფრის კეთებაც“ კი სახალისოა, თუმცა არის თუ არა ეს თვითგანვითარების გზისთვის უკუსვლა, სწორედ ფილმის ერთ-ერთი რიტორიკული კითხვაა. რა ბედნიერება იქნებოდა დათას, თაზოს და თეკლას დროში დაბრუნება რომ შეძლებოდათ, დათას ბავშვობის დაბადების დღეზე.

„გადახვევა“ არის ძალიან ყოფითი და რეალური ფილმი ჩვენს ყოველდღიურობაზე და იმ პრობლემებზე, რასაც ახალგაზრდობა მუდმივად აწყდება. რამდენჯერ გვინატრია, მოვწყდეთ არსებულ დღეს და დროში დავბრუნდეთ, ხან თავის არიდების, ხანაც კი მომენტების გამეორების მიზნით, მაგრამ, სამწუხაროდ, რეალობა ბევრად უფრო პირდაპირი და მძიმეა. ხანდახან სწორედ დროის გადახვევა გჭირდება, იმ ეპოქაში დაბრუნება, სადაც სილაჟვარდე და სილაღე მეფობდნენ.

ლიზი გაფრინდაშვილი

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *