ბრმები

ადამიანები ბრმავდებიან მაშინ, როცა საქმე საკუთარ დანაშაულს ეხება. სხვისი შეცდომის დანახვა ყოველთვის ადვილია, საკუთარის კი – თითქმის შეუძლებელი. არ უჭირთ სხვისი გაწირვა, თუ ამის სანაცვლოდ პირად კეთილდღეობას შეინარჩუნებენ. სინდისის ქენჯნას ნელ-ნელა ეგუებიან, მერე ივიწყებენ კიდეც. ბოლოს იმდენად ეჩვევიან ამ მდგომარეობას, რომ დამნაშავედ თავს აღარასოდეს მიიჩნევენ, ყველა პრობლემას სხვას აბრალებენ და სწორედ მაშინ იწყება ნამდვილი სიბრმავე.

გიგიშა აბაშიძის ფილმი „მეზობლები“ (2018) სწორედ ასეთ ადამიანებზეა. ადამიანებზე, რომლებმაც ერთმანეთის გვერდით ცხოვრება ისწავლეს, მაგრამ ერთმანეთის დანახვა – ვერა. რეჟისორი თავიდანვე ანგრევს ძველი თბილისური იტალიური ეზოს იმ სახეს, რომელიც ქართულ კინოში წლების განმავლობაში მეგობრობის, ურთიერთგატანისა და სითბოს სიმბოლოდ იყო ქცეული. აქ ეზო აღარ აერთიანებს ადამიანებს. პირიქით, ერთი სივრცე მათ შორის დაგროვილ სიძულვილს, შურსა და ბოღმას კიდევ უფრო აშკარას ხდის.

ეს ადამიანები გაჩერებულ დროში ცხოვრობენ. მათ ყოველდღიურობას არც მიზანი აქვს და არც პერსპექტივა. ზოგი ემიგრაციაში წასული ცოლის გამოგზავნილ ფულს ელოდება, ზოგი მთელ დღეს ნარდის თამაშში ატარებს, ზოგი კი მხოლოდ იმაზე ფიქრობს, როდის შეიცვლება ცხოვრება ისე, რომ თავად არაფრის გაკეთება არ მოუწიოს. შრომა მათთვის გამოსავალი აღარ არის. ისინი ელოდებიან, რომ ერთ დღეს ფული თავისით მოვა. ამის ყველაზე ნათელი მაგალითი ზურაა. მისი სახლი ინგრევა, ოჯახი მძიმე პირობებში ცხოვრობს, მაგრამ რეალური პრობლემების მოგვარების ნაცვლად მეხუთე შვილს ელოდება მხოლოდ იმიტომ, რომ ბიჭი უნდა. თანაც პასუხისმგებლობას არ იღებს არც საკუთარ თავზე და არც შვილების მომავალზე.

ამ გარემოში ერთადერთი განსხვავებული ადამიანი გიაა და სწორედ ამიტომ ვერ ეგუებიან მას. ის სხვებზე მეტად შრომობს, ცდილობს ღირსეულად იცხოვროს და მხოლოდ თავის თავზე არ ფიქრობს: მეზობლებს ფულს ასესხებს, სამსახურს სთავაზობს, ზაურის ცოლი მანქანით დაჰყავს ნამცხვრების დასარიგებლად. თემურსაც ეუბნება, რომ მასთან წავიდეს სამუშაოდ და უკეთესი ცხოვრება ექნება, თუმცა თემურისთვის შრომა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე წარუმატებლობის სხვისთვის გადაბრალება.

გია არც ის ადამიანია, ვისაც ფული არ აინტერესებს. მასაც უნდა სახლის გაყიდვა, მაგრამ სამართლიან ფასად. კარგად იცის, რა შრომა აქვს ჩადებული ამ სახლში და არ აპირებს, პირველივე შეთავაზებას დათანხმდეს. სწორედ აქ ცდებიან მეზობლები. მათ ჰგონიათ, რომ გია ხარბია, სინამდვილეში კი ის ერთადერთია, ვინც თავის ნაშრომს აფასებს. ამ ორ რამეს შორის კი დიდი განსხვავებაა. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ მეზობლები ამ ყველაფერს ვერ ხედავენ. მათთვის გია მხოლოდ ის ადამიანია, რომელმაც ინვესტორის გეგმას ხელს უშლის. ავიწყდებათ, რამდენჯერ დაეხმარა, რამდენჯერ ასესხა ფული, რამდენჯერ გაუწოდა ხელი. სიკეთე მათ მეხსიერებაში ქრება, რადგან ბოღმა ბევრად ძლიერია, ვიდრე მადლიერება.

ნელ-ნელა გია ყველასთვის საერთო მტერი ხდება. მას აბრალებენ ჩაშლილ გარიგებას, საკუთარ გაჭირვებას, მომავალს, რომელიც ჯერ არც დამდგარა. ზაური კი ამ სიძულვილს კიდევ უფრო აღვივებს. იგი თორნიკეს, თავის პატარა შვილს, არწმუნებს, რომ ყველაფერში გიაა დამნაშავე, თითქოს მის გამო ინგრევა მათი ოჯახიც და მისი დედაც იტანჯება. ყველაზე საშიში სწორედ ეს არის – როცა ტყუილი იმდენჯერ მეორდება, ბოლოს სიმართლედ იქცევა.

ფილმში ყველაფერი მაშინ იცვლება, როცა ეზოში ინვესტორი გამოჩნდება. სწორედ ამ მომენტიდან იწყება პერსონაჟების ნამდვილი სახის გამოჩენა. ყველაზე უცნაური კი ის არის, რომ არც ერთ მათგანს აზრადაც არ მოსდის, ვინ არის ეს კაცი. არავინ კითხულობს, საიდან მოვიდა, მართლა აქვს თუ არა ფული, რამდენად სანდოა მისი შეთავაზება. მხოლოდ ფულის დაპირებაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ყველას თვალები დაუბრმავდეს და ყველაფერი დაავიწყდეს.

გია ერთადერთია, ვინც მოვლენებს ცივი გონებით უყურებს. იგი ინვესტორის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ არ სურს საკუთარი სახლი იმ ფასად გაყიდოს, რომელსაც სხვები უყოყმანოდ თანხმდებიან. ეს ხდება კონფლიქტის მიზეზი. მეზობლებს ჰგონიათ, რომ გია მათ გამდიდრებაში ხელს უშლის, სინამდვილეში კი საკუთარი სიხარბე აბრმავებთ. მათთვის მთავარი ფულია და არა სიმართლე.

შეიძლება ითქვას, ინვესტორი მხოლოდ საბაბია. გიას მიმართ აგრესია ბევრად ადრე არსებობდა. მეზობლებს მისი ცხოვრება ყოველთვის აღიზიანებდათ. შურდათ, რომ მუშაობდა, საკუთარი შემოსავალი ჰქონდა. ინვესტორის გამოჩენამ მათ მხოლოდ საბაბი მისცა, მთელი დაგროვილი ბოღმა ერთ ადამიანზე გადაენთხიათ. ამ ყველაფერში გულდასაწყვეტი თემურის საქციელია. მეგობარი, რომელიც ყველაზე კარგად უნდა იცნობდეს გიას, პირველივე უარს ღალატით პასუხობს.

ფილმის ყველაზე მძიმე სცენა გიას მკვლელობაა. მნიშვნელობა აღარ აქვს, ვინ არის მკვლელი. გია ერთმა ადამიანმა კი არა, მთელმა ეზომ მოკლა. თითოეულმა მათგანმა თავისი დუმილით, სიძულვილით, გულგრილობითა და ბოღმით ხელი შეუწყო ამ დანაშაულს. მათ გიას განაჩენი ბევრად ადრე გამოუტანეს, ვიდრე სისხლი დაიღვრებოდა.

კიდევ უფრო საშინელი არის მკვლელობის შემდგომი რეაქცია. მეზობლებისათვის გიას სიკვდილი ტრაგედია კი არა, პრობლემის მოგვარება აღმოჩნდა. მათთვის მთავარი მხოლოდ ის არის, რომ გიას ცოლმა საბუთებს ხელი მოაწერა და მიზანს მიაღწიეს. ამის დასტურია ზაური, რომელიც ამ მომენტში სრულიად უსინდისოდ ამბობს: აბა რა ეგონა, გამდიდრება რომ მოინდომაო. საკუთარ თავში ჩახედვა მათ არც ამ უბედურების შემდეგ შეუძლიათ.

მაგრამ ზუსტად აქ ხვდებათ ყველაზე მწარე ირონია. ინვესტორი თაღლითი აღმოჩნდება. პოლიცია აკავებს, ხელმოწერილი დოკუმენტები ძალას კარგავს და ირკვევა, რომ ყველაფერი, რის გამოც ადამიანები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და მეგობარი გაწირეს, თავიდანვე სიცრუე იყო. ისინი არც კი დაინტერესდნენ, ვის ანდობდნენ საკუთარ მომავალს. ბოლოს კი დარჩნენ ცარიელი ხელებით და გიას სისხლით. ადამიანი, რომელიც მთელი ფილმის განმავლობაში სხვებს ეხმარებოდა, იმ ოცნების გამო მოკლეს, რომელიც სინამდვილეში არც არსებობდა.

კინოსურათის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიმბოლო დანგრეული კედელია. მთელი ფილმის განმავლობაში ლაშა და ლევანი სწორედ ამის გამო ჩხუბობენ. სინამდვილეში ეს კედელი მხოლოდ აგური და ბეტონი არ არის. იგი ჩამოშლილი მეგობრობის, მეზობლობისა და ადამიანური ურთიერთობების სიმბოლოა. ძველი იტალიური ეზო გარედან ისევ დგას, მაგრამ ადამიანები დიდი ხნის წინ დაშორდნენ ერთმანეთს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ფილმის ბოლოს კედელს აგურით ან ბლოკით კი არ აშენებენ, არამედ ფანერით ფარავენ. ეს დროებითი გამოსავალია. ისეთივე დროებითი და მყიფე, როგორიც მათი ურთიერთობებია. მათ ვერ აღადგინეს ის, რაც წლების განმავლობაში ინგრეოდა. მხოლოდ გარედან დაფარეს ბზარები, შიგნით კი ყველაფერი ისევ დანგრეული დარჩა. მათი მეგობრობა და მეზობლობა ისეთივე მსხვრევადია, როგორც ძველი იტალიური ეზოს კედლები.

ყველაზე სამწუხარო მაინც ის არის, რომ გიას სიკვდილი და გარიგების ჩაშლა მათთვის არაფერს ცვლის. არც ერთ პერსონაჟს არ უჩნდება დანაშაულის გრძნობა. არავინ ამბობს, რომ შეცდა, პირიქით, ცხოვრება ისევ ძველ კალაპოტში ბრუნდება. თითქოს არც არაფერი მომხდარა. გიას სიკვდილი მათთვის არც გაკვეთილია და არც გაფრთხილება. ის უბრალოდ კიდევ ერთი ამბავია, რომელიც მალევე ავიწყდებათ.

ეს არის ფილმის ყველაზე მძიმე სათქმელიც. პრობლემა ერთ ადამიანში არასოდეს ყოფილა. გიას სიკვდილმაც ვერ შეცვალა ისინი, რადგან ადამიანი, რომელსაც საკუთარ დანაშაულთან შეხვედრისა ეშინია, ვერ შეიცვლება. შეიძლება ყველაფერი დაკარგონ, მაგრამ სანამ საკუთარ შეცდომას არ აღიარებენ, ისინი ისევ იმავე წრეზე იტრიალებენ.

ამ თვალსაზრისით, „მეზობლები“ პარალელს ავლებს რუსუდან ჭყონიას ფილმთან – „ვენეცია“ (2024). ორივე ფილმში სახლი მხოლოდ საცხოვრებელი სივრცე აღარ არის – იგი ადამიანების შინაგან მდგომარეობასა და მათ ნამდვილ სახეს ამხელს. ორივე შემთხვევაში სივრცე, რომელიც ადამიანისთვის თავშესაფარი უნდა იყოს, კონფლიქტების, ეგოიზმისა და გაუცხოების ადგილად იქცევა.

„ვენეციაში“ პერსონაჟები საკუთარ სურვილებსა და ეგოს ეწირებიან. მათთვის მთავარი პირადი კომფორტი და მიზნები ხდება, რის გამოც თანდათან ერთმანეთის დანახვის უნარს კარგავენ. „მეზობლების“ მსგავსად, აქაც ადამიანები ვერ ამჩნევენ, რომ საკუთარი ინტერესების დაცვით ხშირად სწორედ იმას ანადგურებენ, რაც მათთვის ყველაზე ძვირფასი უნდა იყოს.

თუმცა ამ ორ ფილმს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაც არსებობს. „ვენეციაში“ ტრაგედია ადამიანების შინაგანი სიცარიელე და დაშლილი ურთიერთობებია, „მეზობლებში“ კი სიბრმავე უკიდურეს ზღვრამდე მიდის – აქ პირადი კეთილდღეობის გამო მეგობარს წირავენ და საქმე მკვლელობით სრულდება. თუ „ვენეციაში“ ეგოიზმი პერსონაჟებს მარტოობისთვის იმეტებს, „მეზობლებში“ ის პირდაპირ ძალადობის მიზეზად იქცევა.

ორივე ფილმის მთავარი სათქმელი კი ერთ წერტილში იყრის თავს: ადამიანი ყველაზე მეტად მაშინ კარგავს ადამიანურობას, როცა საკუთარ სურვილებსა და ინტერესებს სხვის ტკივილზე მაღლა აყენებს. სწორედ ამ დროს სახლი, რომელიც ადამიანების გაერთიანების ადგილი უნდა იყოს, მათი მორალური დაცემის მოწმე ხდება.

კინოსურათის დასასრული კიდევ ერთ მნიშვნელოვან კითხვას ტოვებს. ამ ეზოში ბავშვებიც ცხოვრობენ. ისინი ყოველდღე უყურებენ, როგორ შეიძლება სხვისი წარმატება სიძულვილის მიზეზად იქცეს, როგორ შეიძლება მადლიერება ერთ დღეში გაქრეს და მკვლელობის შემდეგაც ჩვეულებრივ გაგრძელდეს ცხოვრება. ბავშვები სწორედ ამ გარემოში იზრდებიან და იმას სწავლობენ, რასაც უფროსები აჩვენებენ. თუ უფროსები ბრმები არიან, როგორები გაიზრდებიან მათი შვილები?

გიგიშა აბაშიძე მხოლოდ ერთი ეზოს ამბავს არ გვიყვება. „მეზობლები“ იმ საზოგადოების სარკეა, რომელმაც სინდისი შურით ჩაანაცვლა. ისინი არც ბრმები არიან და არც გაუაზრებლები – მათ სიკეთე დაინახეს, მაგრამ შეგნებულად გათელეს, რადგან საკუთარ ჩრდილში ცხოვრება ერჩივნათ. საბოლოოდ, ისინი დარჩნენ იქ, სადაც გიას მკვლელობის შემდეგ აღმოჩნდნენ: დანგრეულ კედლებთან და იმ სიცარიელესთან, რომელსაც ვეღარაფრით ამოავსებენ. მათ საკუთარი ხელით გაანადგურეს ერთადერთი ადამიანი, ვინც გამოფხიზლებაში დაეხმარებოდა. ახლა კი მარტო არიან იმ სინდისთან, რომელსაც თვალებში ვეღარასდროს შეხედავენ.

ბარბარე კალაიჯიშვილი

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *