თანამედროვე ქართული კინო ბოლო წლებში სულ უფრო ხშირად ცდილობს მაყურებელს არა მხოლოდ საინტერესო ამბავი მოუყვეს, არამედ დააფიქროს კიდეც. ამ ფილმებში ხშირად მთავარი მოქმედება კი არა, არამედ გარემო და ადამიანის შინაგანი სამყაროა. სწორედ ასეთ რეჟისორებს შორისაა ალექსანდრე კობერიძე, რომლის ფილმები განსხვავდება ტრადიციული სიუჟეტური კინოსგან. მისი ნამუშევრები ნელი ტემპით, პოეტური კადრებითა და განსაკუთრებული ატმოსფეროთი გამოირჩევა. კობერიძე არ ცდილობს მაყურებელს ყველაფერი პირდაპირ აუხსნას. პირიქით, ის ტოვებს სივრცეს, სადაც თითოეულ ადამიანს შეუძლია ფილმი საკუთარი შეხედულებით გაიაზროს.
„ხმელი ფოთოლი“ (2025) სწორედ ასეთი ფილმია. ერთი შეხედვით, სიუჟეტი ძალიან მარტივია, მაგრამ რაც უფრო ვითარდება მოქმედება, მით უფრო ნათელი ხდება, რომ რეჟისორს მხოლოდ დაკარგული შვილის თავგადასავლის მოყოლა არ სურს. ეს არის ფილმი დაკარგულ ადამიანებსა და გამქრალ ადგილებზე, იმაზე, თუ როგორ იცვლება სამყარო ისე, რომ ზოგჯერ ვერც კი ვამჩნევთ.
ფილმის მთავარი გმირი ირაკლია. ის სპორტის უნივერსიტეტში მუშაობს და მშვიდი ცხოვრებით ცხოვრობს. ერთ დღეს იგი იღებს წერილს თავისი ქალიშვილისგან, ლიზასგან, რომელიც წერს, რომ სახლიდან მიდის და თხოვს, არ მოძებნოს. ბუნებრივია, მამა ამას ვერ ეგუება. პოლიცია ამბობს, რომ ლიზა სრულწლოვანია და რადგან საკუთარი სურვილით წავიდა ძებნას, ვერ დაიწყებენ. ამის შემდეგ ირაკლი თავად გადაწყვეტს შვილის მოძებნას.
მოგზაურობის დროს მას უერთდება ლევანი – ჟურნალისტი, რომელიც ადრე ლიზასთან ერთად მუშაობდა. მათ ერთად უნდა მოიარონ საქართველოს სხვადასხვა სოფელი, სადაც ლიზა ფეხბურთის მიტოვებულ მოედნებს იღებდა. თავიდან ეს თითქოს ჩვეულებრივი მოგზაურობაა, მაგრამ მალე მაყურებელი ხვდება, რომ ფილმი რეალურ ამბავზე მეტად ადამიანის შინაგან მდგომარეობაზეა.
ერთ-ერთი პირველი დეტალი, რომელიც ყურადღებას იქცევს, არის ის, რომ ფილმში ზოგი პერსონაჟი საერთოდ არ ჩანს. თავიდან ეს შეიძლება უცნაურიც კი მოგვეჩვენოს. ირაკლი ესაუბრება ადამიანს, რომელიც ეკრანზე არ ჩანს, ხელს ართმევს იმას, ვისაც მაყურებელი ვერ ხედავს, მანქანაში თითქოს მარტო ზის, თუმცა სინამდვილეში გვერდით თანამგზავრი ჰყავს. რეჟისორი თავიდანვე გვაფრთხილებს, რომ ამ სამყაროში ყველა პერსონაჟი ხილული არ იქნება. ფილმის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მხარე სწორედ უხილავი პერსონაჟებია. თანამედროვე კინოში მაყურებელი მიჩვეულია, რომ ეკრანზე ყველაფერი ნათლად უნდა იყოს ნაჩვენები. კობერიძე ამ წესს არღვევს. ის გვაიძულებს, დავიჯეროთ ისეთი ადამიანების არსებობა, რომლებსაც საერთოდ ვერ ვხედავთ. თავიდან ეს უცნაურ შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ ნელ-ნელა ეს ხერხი ბუნებრივიც კი ხდება. მაყურებელი აღარ ელოდება, რომ ყველა პერსონაჟი აუცილებლად გამოჩნდება კადრში.
ამით რეჟისორი გვახსენებს, რომ ცხოვრებაშიც ბევრი რამ უხილავია. მაგალითად, ვერ ვხედავთ მოგონებებს, მაგრამ ისინი ჩვენთან არიან; ვერ ვხედავთ წარსულს, თუმცა ის გავლენას მაინც ახდენს ჩვენს დღევანდელ ცხოვრებაზე; ასევე ვერ ვხედავთ იმ ადამიანებს, რომლებიც აღარ არიან ჩვენს გვერდით, მაგრამ მათი კვალი მაინც რჩება. სწორედ ამიტომ ფილმში უხილავი პერსონაჟები მხოლოდ რეჟისორის ექსპერიმენტი არ არის. ისინი იმ სამყაროს ნაწილია, რომელიც თითქოს არსებობს, მაგრამ თანდათან ქრება.
ირაკლის მოგზაურობა მხოლოდ შვილის ძებნა აღარ არის. ნელ-ნელა ეს გზა საკუთარი თავის შეცნობის პროცესადაც იქცევა. ყოველი ახალი სოფელი, ყოველი მიტოვებული მოედანი და ყოველი შემთხვევითი შეხვედრა მას ახალ ფიქრებს უჩენს. თითქოს გზას უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე საბოლოო მიზანს.
ამ მოგზაურობისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება საქართველოს სოფლების ჩვენება. რეჟისორი არ გვიჩვენებს ტურისტულ, ლამაზ და იდეალურ საქართველოს. პირიქით, კამერის ობიექტივში ხვდება მიტოვებულ სახლები, ძველი გზები, ცარიელი მინდვრები და ფეხბურთის მოედნები, სადაც თითქმის აღარავინ თამაშობს. ეს ადგილები მხოლოდ დეკორაცია არ არის. ისინი თავადაც პერსონაჟებად იქცევიან.
ფეხბურთის მოედნები აქ ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა. ერთი შეხედვით, ეს უბრალოდ მინდვრებია, მაგრამ რეალურად ისინი ადამიანების ცხოვრების ნაწილია. სწორედ ასეთ ადგილებში იზრდებოდნენ ბავშვები, თამაშობდნენ, მეგობრობდნენ და ქმნიდნენ მოგონებებს. ახლა კი ბევრი მათგანი ცარიელია. ზოგან კარებიც აღარ დგას, ზოგან კი მინდორი საერთოდ აღარ ჰგავს ფეხბურთის მოედანს.
ფილმის ცქერისას ხშირად ფიქრობ, იპოვის თუ არა ირაკლი შვილს, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ ეს კითხვა უკვე მეორეხარისხოვანი ხდება. უფრო მნიშვნელოვანია თავად მოგზაურობა, ადამიანები, რომლებსაც ისინი ხვდებიან და განცდა, რაც ფილმს თან სდევს.
ბოლოს კიდევ უფრო ნათელი ხდება, რომ გაქრობის თემა მხოლოდ ლიზას არ ეხება. სინამდვილეში ქრება ყველაფერი, რაც ადამიანისთვის ძვირფასია. ლიზა ბოლო წერილში წერს, რომ არ უნდოდა ენახა სპორტის უნივერსიტეტის დანგრევა, რადგან იცოდა, რამდენად მტკივნეული იქნებოდა ეს მამისთვის. ამ ეპიზოდში კარგად ჩანს, რომ ზოგჯერ ადგილი მხოლოდ შენობა არ არის. მასთან დაკავშირებულია წლები, მოგონებები, ადამიანები და ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპები. როდესაც ასეთი ადგილი ქრება, ადამიანი თითქოს საკუთარი წარსულის ნაწილსაც კარგავს.
ფილმში არის ეპიზოდი, როდესაც ირაკლი პატარა ბიჭს ეკითხება, სად თამაშობენ ფეხბურთს. ბიჭი მშვიდად პასუხობს: „ყველგან.“ ეს, ერთი შეხედვით, ძალიან უბრალო პასუხია, მაგრამ სწორედ ამ სიტყვებში იმალება ავტორის ერთ-ერთი მთავარი სათქმელი. შეიძლება მოედნები აღარ არსებობდეს, მაგრამ თამაშის სურვილი მაინც რჩება. შეიძლება სივრცეები შეიცვალოს, მაგრამ ადამიანის მეხსიერებას ვერავინ წაშლის.
ძალიან საინტერესოა ვიზუალური მხარეც. კობერიძე შეგნებულად იყენებს დაბალი ხარისხის გამოსახულებას. დღეს, როდესაც თითქმის ყველა ფილმი მაღალი გარჩევადობით არის გადაღებული, ასეთი გადაწყვეტილება უჩვეულოა. თავიდან შეიძლება ვინმეს ეგონოს, რომ გამოსახულება უბრალოდ უხარისხოა, მაგრამ სინამდვილეში ეს რეჟისორის გააზრებული არჩევანია.
ამგვარი გამოსახულება ძველ ვიდეოჩანაწერებს მოგვაგონებს. თითქოს ვუყურებთ წლების წინ გადაღებულ კადრებს, რომლებიც დროთა განმავლობაში გაცვდა. ამდენად, ფილმი უფრო ჰგავს მოგონებას, ვიდრე რეალურ მოვლენას. ზოგჯერ კადრები იმდენად ბუნდოვანია, რომ დეტალების გარჩევაც რთულია, მაგრამ ეს ბუნდოვანება ქმნის განსაკუთრებულ განწყობას.
ყურადღებას იმსახურებს ბუნების ჩვენებაც. ფილმში ხშირად ვხედავთ ხეებს, მინდვრებს, მთებს, ცხოველებს, ძაღლებს, ძროხებს, ცხენებს. ისინი მხოლოდ გარემოს ნაწილი არ არიან. ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს რეჟისორი მათაც ისეთივე სიყვარულით უყურებს, როგორც ადამიანებს. კამერა არ ჩქარობს. ის აძლევს მაყურებელს დროს, დააკვირდეს ქარს, ბალახს, ფოთლებსა და ცხოველების მშვიდ მოძრაობას. იგრძნობა დიდი სიყვარული ადამიანების, ბუნებისა და ყოველდღიური ცხოვრების მიმართ. რეჟისორი თითქოს ამბობს, რომ სანამ ამ ყველაფერს ვამჩნევთ, სამყარო ბოლომდე არ გამქრალა.
მიუხედავად იმისა, რომ „ხმელი ფოთოლი“ საინტერესო იდეებზეა აგებული და განსხვავებული კინოენით გამოირჩევა, ფილმს რამდენიმე ისეთი მხარეც აქვს, რომელიც შეიძლება პრობლემური აღმოჩნდეს. აქედან ყველაზე თვალშისაცემია მისი ძალიან ნელი ტემპი. თითქმის სამსაათიანი ხანგრძლივობის კინოსურათში ბევრი ეპიზოდი ერთმანეთის მსგავსია. პერსონაჟები ხშირად ერთსა და იმავე მოქმედებებს იმეორებენ – მოძრაობენ ერთი სოფლიდან მეორეში, ესაუბრებიან ადგილობრივებს და ათვალიერებენ მიტოვებულ მოედნებს. ზოგჯერ იქმნება შთაბეჭდილება, რომ ფილმი ერთსა და იმავე აზრს რამდენჯერმე იმეორებს, რის გამოც დრამატული დაძაბულობა სუსტდება.
უხილავი პერსონაჟების გამოყენებაც საინტერესო იდეაა, თუმცა ყველა მაყურებლისთვის თანაბრად დამაჯერებელი ვერ იქნება. დასაწყისში ეს ხერხი ნამდვილად იწვევს ინტერესს, მაგრამ მოგვიანებით შეიძლება ხელოვნურ შთაბეჭდილებას ტოვებდეს და მაყურებელს უფრო აშორებდეს, ვიდრე აახლოებდეს პერსონაჟებთან.
ასევე, ფილმში ძალიან მცირე ინფორმაცია გვაქვს ლიზას შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ მთელი სიუჟეტი მის ძებნაზეა აგებული, მაყურებელი მას თითქმის არ იცნობს. ამის გამო ზოგიერთისთვის შეიძლება რთული იყოს ემოციური კავშირის დამყარება იმ პერსონაჟთან, რომლის გარშემოც მთელი ეს ამბავი ვითარდება.
ვიზუალური სტილიც შეიძლება სადავო იყოს. დაბალი ხარისხის გამოსახულება რეჟისორის გააზრებული არჩევანია, თუმცა ზოგჯერ იმდენად ბუნდოვანია, რომ ყურადღება შინაარსიდან ტექნიკურ მხარეზე გადააქვს. მაყურებლის ნაწილს შეიძლება გაუჩნდეს განცდა, რომ ეს ფორმა ზედმეტად დომინირებს და თავად სიუჟეტს ჩრდილავს.
ფილმის ექსპერიმენტული ფორმა, ნელი რიტმი და მინიმალისტური თხრობა მოთმინებასა და განსაკუთრებულ კონცენტრაციას მოითხოვს. ამიტომ, მიუხედავად საინტერესო იდეებისა და ორიგინალური კინოენისა, იგი ყველა მაყურებელზე ერთნაირ შთაბეჭდილებას ვერ მოახდენს.
ალექსანდრე კობერიძის ფილმებში ხშირად რთულია იმის თქმა, სად მთავრდება რეალობა და სად იწყება წარმოსახვა. „ხმელი ფოთოლიც“ ამის ნათელი მაგალითია. ზოგჯერ მაყურებელს უჩნდება კითხვა, ნამდვილად არსებობს თუ არა ყველაფერი, რასაც ხედავს. ბოლოს კი შეიძლება კიდევ ერთი კითხვა დაიბადოს – საერთოდ ვხედავთ კი ყველაფერს, რაც ჩვენს გარშემოა? შესაძლოა, ყოველდღიურ ცხოვრებაში იმდენად მივეჩვიეთ გარემოს, რომ ვეღარ ვამჩნევთ იმას, რაც ნელ-ნელა ქრება. ავტორი გვახსენებს, რომ ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასი ყოველთვის ადამიანები არ არიან. ზოგჯერ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ადგილებსაც: ქუჩას, სადაც ბავშვობა გავატარეთ; სკოლას, სადაც ვსწავლობდით; სტადიონს, სადაც პირველად ვითამაშეთ ან შენობას, სადაც წლების განმავლობაში ვმუშაობდით. როდესაც ასეთი ადგილები ქრება, მათთან ერთად ჩვენი ცხოვრების ნაწილიც იკარგება.
რეჟისორი დიდ ყურადღებას უთმობს დუმილსაც. თანამედროვე კინოში დიალოგი ხშირად ყველაფერს ხსნის, კობერიძესთან კი სიჩუმე ზოგჯერ სიტყვებზე მეტს ამბობს. პერსონაჟები დიდხანს უყურებენ გზას, ბუნებას, ცარიელ მოედნებს. მაყურებელიც იძულებულია, ამ დუმილს აჰყვეს. შეიძლება ეს ყველასთვის კომფორტული არ იყოს, მაგრამ სწორედ ამ სიჩუმეში იწყება ფიქრი.
აღსანიშნავია მსახიობების თამაშიც. ისინი ძალიან ბუნებრივად გამოიყურებიან. არ არის გადაჭარბებული ემოციები, ხმამაღალი მონოლოგები ან დრამატული სცენები. ყველაფერი მშვიდად და რეალისტურად ვითარდება. განსაკუთრებით დასამახსოვრებელია არაპროფესიონალი დავით კობერიძის მიერ შესრულებული ირაკლი. მისი თამაში ძალიან რეალურია.
ოპერატორული ნამუშევარიც ფილმის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარეა. დაბალი ხარისხის გამოსახულების მიუხედავად, კადრები ზოგჯერ თითქმის მხატვრულ ტილოს ემსგავსება. განსაკუთრებით დასამახსოვრებელია სოფლების, გზებისა და მინდვრების კადრები.
მუსიკაც ძალიან ფრთხილად არის გამოყენებული. არ ხდება მუსიკით ემოციების ხელოვნურად გაძლიერებას. პირიქით, ხშირად ისმის მხოლოდ ქარის ხმა, ჩიტების ჭიკჭიკი, მანქანის ძრავის ხმა ან სოფლის ბუნებრივი ხმები. ეს კიდევ უფრო აძლიერებს რეალობის განცდას და მაყურებელს მეტხანს ამყოფებს ფილმის სამყაროში.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, „ხმელი ფოთოლი“ მნიშვნელოვანი ნამუშევარია თანამედროვე ქართულ კინოში, რადგან ის განსხვავებული კინოენით გვესაუბრება ისეთ თემებზე, როგორიცაა დრო, დაკარგვა, მეხსიერება და ადამიანის კავშირი საკუთარ გარემოსთან. ეს არ არის მარტივად საყურებელი ფილმი, მაგრამ მაყურებელს ბევრ კითხვას უტოვებს და სწორედ ამაში მდგომარეობს მისი მთავარი ღირებულება.
თეონა ვეკუა






