ტრაგედია უსიტყვოდ

ფილმში გადმოსაცემი ამბავის სიძლიერეს მხოლოდ კადრების სილამაზე არ განსაზღვრავს. მნიშვნელოვანია ისიც, რამდენად ახერხებს რეჟისორი გამოსახულების საშუალებით ამა თუ იმ თავგადასავლის მოყოლას. დიალოგებზე უარის თქმისას ეს ამოცანა კიდევ უფრო რთულდება, რადგან პერსონაჟების ქმედებებმა, გამომეტყველებამ და მათ შორის ურთიერთობამ სიტყვების ფუნქციაც უნდა შეასრულოს. სიჩუმე შეიძლება ძლიერი მხატვრული საშუალება იყოს, თუ ის არა მხოლოდ განწყობას ქმნის, არამედ მაყურებელს მოვლენების გაგებაშიც ეხმარება. ამ თვალსაზრისით საინტერესოა თინათინ ემირიძის მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „შავი ზღვა“ (2021), რომელიც ოჯახურ ტრაგედიასა და დანაკარგთან შეგუების მცდელობას ეხება.
საყვარელი ადამიანის დაკარგვა ოჯახის ყოველდღიურობას ცვლის. ზოგჯერ გლოვა იმდენად ხანგრძლივდება, რომ ადამიანებს ერთმანეთთან ურთიერთობაც უჭირთ. წარსულის ტკივილი აწმყოში იჭრება და ცხოვრების ჩვეულ რიტმს არღვევს. „შავი ზღვის“ პერსონაჟებიც ასეთ მდგომარეობაში იმყოფებიან. მათი ყოფა თითქოს შეჩერებულია, ხოლო ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობა სევდითაა მოცული. რეჟისორი ამ მდგომარეობის გადმოცემას ცდილობს, თუმცა მაყურებელს ნაკლებ შესაძლებლობას აძლევს, რათა გაიგოს, რა მოვლენებმა მიიყვანა ისინი აქამდე.
ფილმის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო სასადილო მაგიდაზე დალაგებული ოთხი თეფშია, თუმცა მაგიდასთან ოჯახის მხოლოდ სამი წევრი ზის. ისინი მეოთხე, ცარიელ თეფშს უყურებენ. ეს დეტალი მიანიშნებს, რომ ოჯახს დაკარგული ადამიანი არ დავიწყებია, თუმცა, კადრის ემოციური დატვირთვის მიუხედავად, გაურკვეველია, რა იმალება ამ სიმბოლოს მიღმა. თეფში კარგად გამოხატავს არყოფნით გამოწვეულ ტკივილს, თუმცა მის მიზეზს ვერ ხსნის.
სიუჟეტის არსი მხოლოდ სინოფსისის წაკითხვის შედეგად ხდება ნათელი: ოჯახმა ვაჟი ზღვაში დაკარგა. ამ ინფორმაციის ცოდნა ეკრანზე ნანახ მოვლენებს კონკრეტულ მნიშვნელობას ანიჭებს. მეოთხე თეფში გარდაცვლილი შვილის ადგილს უკავშირდება, ხოლო გოგონას ქმედებებში ოჯახის გლოვისგან გათავისუფლების სურვილი იკითხება. თუმცა აქვე ჩნდება კითხვა: რატომ სჭირდება მაყურებელს სინოფსისი იმის გასაგებად, თუ რა ხდება ფილმში? მისი დანიშნულება ნაწარმოების მოკლედ გაცნობაა და არა თხრობის ხარვეზების შევსება. როდესაც მაყურებელს თავად უწევს ძირითადი მოვლენების გამოცნობა, გაურკვევლობა ამ ამბის აღქმას ართულებს.
თხუთმეტწუთიანი ფილმის განავლობაში პერსონაჟების მდგომარეობა თითქმის უცვლელია. ეკრანზე მუდმივად იგრძნობა სევდა, მდუმარება და მძიმე განწყობა, თუმცა ამ განცდებს განვითარება აკლია. დასაწყისში შექმნილი მელანქოლიური ატმოსფერო თანდათან ერთფეროვანი ხდება, რადგან მსგავსი ემოციების განმეორებითი ჩვენება პერსონაჟების შესახებ ახალს თითქმის არაფერს ამბობს. ოჯახის წევრები ერთსა და იმავე მდგომარეობაში რჩებიან, ამის გამო კი ფილმის დრამატურგია აშკარად მოიკოჭლებს.
კინოსურათში მხოლოდ ორი მნიშვნელოვანი ცვლილება ხდება: ნავის დაწვა და მუსიკის შეცვლა. მამისთვის ნავი წარსულთან კავშირის შენარჩუნების საშუალებაა, ხოლო მისი განადგურება ამ ჯაჭვის გაწყვეტის მცდელობაა, რათა მან საკუთარი ცხოვრება დანაკარგის მიღმაც დაინახოს. მეორე მხრივ, სევდიანი მუსიკის შეცვლა ყოველდღიურობაში ახალი ენერგიის შემოტანას გულისხმობს. ამ ორ ქმედებას საერთო მიზანი აქვს, ოჯახის გათავისუფლება იმ მძიმე მდგომარეობისგან, რომელშიც იგი ტრაგედიის შემდეგ აღმოჩნდა. ეს არის ფილმის მთავარი სათქმელიც: დანაკარგთან შეგუება წარსულის დავიწყებას არ ნიშნავს, თუმცა ტრაგედიამ მთელი ცხოვრება არ უნდა განსაზღვროს.
გოგონა ფილმის ყველაზე აქტიური ფიგურაა, თუმცა მისი გადაწყვეტილებები საკმარისი არ არის სიუჟეტის განვითარებისთვის. „შავ ზღვაში“ ქმედებები ცალკეულ სიმბოლურ ეპიზოდებად რჩება. ამასთან, თავად ამ პერსონაჟის შინაგანი მდგომარეობაც ნაკლებად არის წარმოჩენილი. ისიც იმავე ოჯახის წევრია და ძმის დაკარგვა მისთვისაც ტრაგედიაა, მაგრამ ფილმი, ძირითადად, მშობლების გლოვაზე ამახვილებს ყურადღებას. ამ დრამის ყველაზე მძიმე მხარე მშობლების გულგრილობაა. წარსულის ტკივილში ჩაკეტილი დედ-მამა ისეა გადართული გარდაცვლილი შვილის გლოვაზე, რომ მეორე შვილის არსებობას თითქმის ვეღარც ამჩნევს. მათთვის გოგონას შინაგანი სამყარო უმნიშვნელო ხდება, ის საკუთარ სახლშივე მარტო რჩება. მშობლები მთელ ენერგიას იმის შენარჩუნებას ახმარენ, რაც აღარ არსებობს, რითაც ცოცხალი შვილის აწმყოსა და მომავალს უბრალოდ უგულვებელყოფენ.
სახლის ჩაკეტილი სივრცე პერსონაჟთა შინაგან მდგომარეობას კიდევ უფრო ამძაფრებს. ოთხ კედელს შუა მოქცეული ყოველდღიურობა არა მხოლოდ ოჯახის ჩაკეტილობაზე მიანიშნებს, არამედ იმაზეც, რომ ეს გარემო ყველა მათგანისთვის ერთგვარი მახეა. სახლი, რომელიც უსაფრთხოებისა და სიახლოვის ადგილი უნდა იყოს, ფილმში დუმილისა და გაუცხოების სივრცედაა ქცეული, სადაც თითოეული პერსონაჟი საკუთარ ტკივილთან სრულიად მარტო რჩება.
სიუჟეტის განსავითარებლად განსაკუთრებით საინტერესო შეიძლებოდა ყოფილიყო ოჯახის წევრებს შორის არსებული შინაგანი დაპირისპირება. მშობლები მთლიანად გარდაცვლილი შვილის ხსოვნაში არიან ჩარჩენილი და თითქოს ვეღარც ამჩნევენ გოგონას, რომელსაც მთელი ცხოვრება წინ აქვს. ეს გაუცხოება ღრმა უსამართლობის განცდას აჩენს. ერთმანეთს უპირისპირდება წარსულის გლოვა და ცოცხალი ადამიანის ბუნებრივი სურვილი, განაგრძოს ცხოვრება. სწორედ ამ წინააღმდეგობიდან შეიძლებოდა წარმოშობილიყო მთავარი დრამატურგიული კონფლიქტი, თუმცა ფილმი ამ შესაძლებლობას გვერდს უვლის.
„შავი ზღვის“ სცენარის წაკითხვა, შესაძლოა, უფრო საინტერესო აღმოჩნდეს, ვიდრე თავად ფილმის ნახვა. ეკრანზე წარმოდგენილი ეპიზოდები უფრო ვრცელი ამბის ნაწილებს ჰგავს, რომელთა შორის კავშირი დაკარგულია. საინტერესოა, რომ ფილმი, რომელიც თითქმის მთლიანად უარს ამბობს სიტყვებზე, საბოლოოდ სწორედ მათ საჭიროებას ტოვებს. ჩნდება სურვილი, რომ ეს ამბავი წერილობითაც იყოს წარმოდგენილი, რათა უფრო ნათელი გახდეს პერსონაჟთა შინაგანი მოტივები.
ამ ხარვეზების მიუხედავად, აღსანიშნავია, ფილმის ვიზუალური მხარე და რეჟისორის მიერ არჩეული თემა. ცალკეულ კადრებში იგრძნობა ესთეტიკური ხედვა, ხოლო მელანქოლიური განწყობა ბუნებრივად ერწყმის ოჯახის მძიმე მდგომარეობას. საბოლოოდ, მაყურებელს უფრო მკაფიოდ დაამახსოვრდება ცალკეული ვიზუალური ნიშნები: ოთხი თეფში, დამწვარი ნავი, ვიდრე თავად ეს ამბავი.
თინათინ ემირიძის „შავი ზღვა“ საინტერესო ჩანაფიქრის მქონე, მაგრამ ბოლომდე განუხორციელებელი ნამუშევარია. რეჟისორი ახერხებს დანაკარგით გამოწვეული სევდის გადმოცემას, თუმცა, ვიზუალური სილამაზისა და მელანქოლიური განწყობის მიღმა, გამართული სიუჟეტი არ იკვეთება. სიჩუმე, რომელიც ფილმის მთავარი მხატვრული საშუალება უნდა ყოფილიყო, ვერ ფარავს დრამატურგიულ სისუსტეებს. პერსონაჟების ქმედებების მიზეზები გაურკვეველია, მათი ურთიერთობები კი სათანადოდ არ ვითარდება. შედეგად, „შავი ზღვა“ ცალკეული შთამბეჭდავი კადრების ერთობლიობად რჩება.

ბარბარე კალაიჯიშვილი

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *