კაცობრიობის არსებობის მანძილზე მშობლისა და შვილის ურთიერთობა მუდამ რჩებოდა ყველაზე რთულ და წინააღმდეგობრივ ფენომენად. სიყვარული, რომელიც სიცოცხლის, ზრდისა და განვითარების წყარო უნდა იყოს, ხშირად გარდაიქმნება დამანგრეველ ძალად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საზღვრები ირღვევა. რა ხდება მაშინ, როცა შვილისადმი სიყვარული პასუხისმგებლობისაგან გადადის სრულ თავისუფლებასა და ბრმა მფარველობაში.
არაერთი ფილმი შეხებია ამ თემას, თუმცა გურამ ბაქრაძის მოკლემეტრაჟიანი სტუდენტური კინოსურათი „მამა“ (2014) ახერხებს, ეს საყოველთაო ტრაგედია წარმოაჩინოს ქართული სოციალური რეალობის ჭრილში. ფილმი პირველივე კადრიდან გვთავაზობს არა უბრალოდ სიუჟეტურ ამბავს, არამედ სიღრმისეულ ფსიქოლოგიურ აღქმას იმისა, თუ როგორ უწევენ მშობლები შვილებს დათვურ სამსახურს და როგორ ღუპავენ მათ სწორედ იმ გადაჭარბებული მზრუნველობით, რომელსაც „გადარჩენას“ უწოდებენ.
ისინი თავიანთი ხელით ანადგურებენ ახალგაზრდების მომავალს და ცივ ნიავს არ აკარებენ, ხოლო ლანგარზე მორთმეული, ლამაზად დალაგებული ცხოვრება ხშირად ხანმოკლე და მარტივად დაკარგვადია, რადგან ყველაფერ ღირებულს გაფრთხილება სჭირდება. ფილმის დაძაბულობა იქმნება შესავალშივე – მანქანით გზაზე მიმავალი მამა-შვილი. ეს არ არის ჩვეულებრივი მგზავრობა, ეს არის დევნა და ლტოლვა. მამამ, გურამმა, შვილი ციხიდან დაიხსნა, მიუხედავად იმისა, რომ ბიჭს უნდა მოეხადა კუთვნილი სასჯელი. უკან ადევნებული საეჭვო მანქანა და მამის მიერ მკვეთრი დამუხრუჭება თითქოს დროებით აჩერებს საფრთხეს, თუმცა მაყურებელი პირველივე წამებიდან ხვდება, რომ მთავარი საფრთხე გარეთ კი არა, მათ შორისაა. იგრძნობა, როგორ გასდევს ფილმს გულისცემის ხმა ლაიტმოტივად.
სახლში მისვლისას ოჯახური ვახშმის სცენა ფილმის ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი ფსიქოლოგიური პორტრეტია. ჩახუთულობა ამ შემთხვევაშიც ჰაერშივე იგრძნობა. მამის შენიშვნასა და სიმკაცრეს ყოველთვის მყისიერად აბალანსებს დედის პოზიცია, რომელიც შვილს ინსტინქტურად იცავს და ხელს აფარებს. დედის ასეთი ქცევა კლასიკური მაგალითია ოჯახისა, სადაც დანაშაულის გააზრების ნაცვლად ხდება მისი დამალვა. პრობლემა კიდევ უფრო ღრმავდება, როდესაც ბიჭისათვის გაურკვეველია მშობლების დამოკიდებულება ერთმანეთის და მის მიმართ, არ იცის და ვერ იაზრებს რა და რატომ ხდება მის გარშემო. მამა უყვირის შვილს, უკრძალავს გარეთ გასვლას და აფრთხილებს, რომ იტალიაში გამგზავრების გეგმა არავის გაანდოს, თუმცა შვილის პასუხისმგებლობის გრძნობა მინიმალურია.
სადარბაზოში ძმაკაცთან საუბრისას იგი უპასუხისმგებლოდ ამჟღავნებს საიდუმლოს. ბიჭი თავს იმშვიდებს იმით, რომ სულ მალე მიფრინავს და პრობლემებს გაექცევა, თუმცა არ ესმის, რომ პრობლემა უცვლელი რჩება. ბარგის ჩალაგების სცენაში ნათლად ჩანს გაუცხოება ოჯახის წევრებს შორის: მამა ოთახის შესასვლელში დგას და შვილს თვალებშიც კი არ უყურებს. მათ შორის არ არის მამა-შვილური სითბო. დარჩენილია მხოლოდ ვალდებულების მძიმე ტვირთი და სრული დისტანცირება.
ყოველგვარ ღირებულს აქვს საწყისი, მყარი ფუნდამენტი, რასაც ამ შემთხვევაში არაფერი ესაქმება. მოცემული ვითარებით ნათელია პროცესი, როგორ და რა მეთოდებით აღზარდეს ამ მშობლებმა ერთადერთი ვაჟი. ფილმის პრობლემაც ბავშვის აღზრდის ტრაგიკულ შეცდომებში მდგომარეობს. დღევანდელ რეალობაში, განსაკუთრებით თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში, ხშირად ვხვდებით ჰიპერმზრუნველობის მოდელს. მშობლები, სოციალური თუ ემოციური წნეხის გამო, შვილებს არ აძლევენ საშუალებას, იწვნიონ საკუთარი შეცდომების შედეგები. როდესაც ახალგაზრდა ჩაიდენს დანაშაულს და მის წილ პასუხისმგებლობას მშობლები საკუთარ თავზე იღებენ, შვილს უყალიბდება მცდარი განცდა, რომ მას პასუხი არ მოეთხოვება და ყოველთვის გაუმართლებს. ეს არის ცივი დამოკიდებულება, რომელიც ბავშვისაგან მოდის. იგი მიჩვეულია შველას, აკეთებს იმას, რაც უნდა, რადგან იცის, რომ მის უკან მშობელი დგას. რეჟისორიც ამ საზოგადოებრივ სენს უსვამს ხაზსს: შვილის მომავალი ნადგურდება არა იმით, რომ მას მამა ეხმარება, არამედ იმით, რომ არასწორად ეხმარება, რადგან მსგავსი შემთხვევები სრულდება უბედურებით.
ფილმის კულმინაცია და ფინალი ლოგიკურია. ღამით, როდესაც მამა ჩუმად ისმენს შვილისა და მისი ძმაკაცის საუბარს სადარბაზოში, მასში რაღაც საბოლოოდ ტყდება. იგი აცნობიერებს, რომ მტერი კვლავ ახლოსაა (გარემო, რომელშიც ის იმყოფება, საშინლად დამთრგუნველია მისთვის, კარზე კაკუნი თუ სხვა გარე ხმაური თავზარდამცემია მამისთვის) და რომ მთელი მისი ძალისხმევა, სტრესი და მსხვერპლი სრულიად ამაო იყო. ფინალურ ეპიზოდში, მაღაზიიდან დაბრუნებული გურამი ხედავს სადარბაზოსთან მდგარ ნაცნობ, საეჭვო მანქანას. სწორედ აქ ხდება გარდატეხა მამის ფსიქოლოგიაში. მანამდე თუ გარეთ იგი არ უშვებდა შვილს და კანკალებდა მის უსაფრთხოებაზე, ამჯერად სრულიად დემოტივირებული, დეპრესიული და ემოციურად დაცლილი მამა თითქოს გამიზნულად, სრულიად გააზრებულად უშვებს მას მაღაზიაში. თითქოს უკვე ყველაფერი ნათელია. მამა წვება…
ისმის მანქანის მკვეთრი მუხრუჭის, იარაღის სროლისა და დედის განწირული ყვირილის ხმა, ასეთია ლოგიკური გაგრძელება მომხდარისა, რომელსაც გარდაუვალი დასასრული აქვს. გურამი კი ნელ-ნელა ხუჭავს თვალებს. ეს არის რეაქცია იმ რეალობაზე, რომლის შეცვლაც მან ვეღარ შეძლო, რადგან უკვე ძალიან გვიანი იყო და იმ შეცდომებზე, რომლებმაც ოჯახი კატასტროფამდე მიიყვანა.
მთელი ფილმის განმავლობაში მეტნაკლებად იგრძნობა მოლოდინისა და შიშის განცდა. გარემო ჩახშული და კლაუსტროფობიულია. საინტერესოა გურამის პერსონაჟი. როგორც მსახიობი, იგი ერთადერთია, ვინც შედარებით ბუნებრივად გადმოსცემს იმ შინაგან ტკივილს, ბრაზს, დაღლილობასა და ბოლოს სრულ ემოციურ განადგურებას, რაც მის პერსონაჟს სულს უხრჩობს. შეიმჩნევა მისი გამოხედვა, სადაც შვილისადმი სიყვარული და იმედგაცრუება ერთმანეთს ებრძვის… დედის პერსონაჟიც ზუსტად ასახავს იმ ტრადიციულ, ბრმა დედობრივ ინსტინქტს, ხოლო შვილი ტიპური განებივრებული ახალგაზრდაა. ამბავი არის აუცილებელი სარკე ჩვენი საზოგადოებისთვის. ეს არის გაფრთხილება იმის შესახებ, რომ შვილის გადარჩენა ნიშნავს მისთვის სიმართლის თვალებში ჩახედვის სწავლებას და არა დანაშაულის დაფარვას. ფილმი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ დათვური სამსახურით დაწყებული ხსნა, ადრე თუ გვიან, მაინც განწირული ყვირილითა და დახუჭული თვალებით სრულდება.
მარიამ აბრამაშვილი






