რას ხედავენ ადამიანები სიკვდილის წინ?

ღრმა უიმედობა და სუიციდის სურვილი ის მძიმე შინაგანი მდგომარეობაა, როდესაც ცხოვრების გაგრძელების ძალა ილევა და ადამიანის წინაშე მხოლოდ გამოუვალობისა და სიცარიელის განცდა რჩება. ასეთ დროს სასოწარკვეთა იმდენად მძაფრდება, რომ შინაგანი ტკივილის, დაღლილობისა და სიმძიმისგან გათავისუფლების ერთადერთ გზა გაქრობა ან საკუთარი სიცოცხლის ხელყოფაა. ეს განცდა თანდათან აცარიელებს ყოველდღიურობას, აუფერულებს იმედსა და მომავლის განცდას და ადამიანს სრული მარტოობისა და ჩაკეტილობის ზღვარზე აყენებს. ამ წერტილზე მდგომი ადამიანის ფიქრები ხშირად ტკივილისა და შინაგანი სიმძიმისგან საბოლოო გათავისუფლების სურვილთან იყრის თავს, თუმცა იმავე წამს ცნობიერება შეიძლება მოულოდნელად მიუბრუნდეს იმ დროს, როცა სამყარო ჯერ კიდევ ნათელი, მსუბუქი და უსაფრთხო ეჩვენებოდა. ეს გახსენება უკიდურესი უიმედობის ფონზე სიცოცხლის პატარა ნაპერწკალს აღვივებს.

სწორედ ამ შინაგანი რღვევისა და სუიციდური იმპულსის ირგვლივ ვითარდება საბა ბოდოკიას მოკლემეტრაჟიანი სტუდენტური კინოსურათი „აქ ვარ“ (2026), რომელშიც მთავარ როლსაც თავად ასრულებს და რომელსაც მამის ტრაგიკული გადაწყვეტილების ჩრდილი გასდევს. თხრობა მდინარესა და სანაპიროზე იწყება, სადაც გმირი ნავით გადის გაუცხოებულ, მდუმარე გარემოში. ბინოკლით მზერა და წყალში გაშვებული ყვავილი ამ ფრაგმენტს განსაკუთრებულ სიმძიმეს ანიჭებს. თითქოს გმირი ეძებს ნიშანს, კავშირს იქ, სადაც პასუხს აღარავინ გასცემს. სწორედ აქ ხდება ფილმის ემოციური ღერძის გახსნა. გმირი მდინარის პირას დგას და მამას ეძახის. შვილი პასუხს ეძებს, პასუხი კი არ მოდის. მამის ცხედრის ძებნისას გაჩენილი იდუმალი ხილვა შვილს მამასთან პირისპირ ახვედრებს, რითაც ფილმში რეალურსა და ირეალურს შორის მიჯნა ბუნდოვანდება. ამგვარად, ფილმის სათაური ორმაგ დატვირთვას იძენს: ის, ერთი მხრივ, სიტყვებია, რომლებსაც მამა ვერასდროს იტყვის და, მეორე მხრივ, შვილის ყოფნის დასტური.

ფილმის კულმინაცია სწორედ იმ ადგილას ხდება, რომელიც თავიდანვე დანაკარგის სივრცედ იყო დასახული, გმირი მდინარეში ხტება, თითქოს მამის გზას იმეორებს. თუმცა სწორედ ჩაძირვის წამს ფილმი ცვლის მიმართულებას: უიმედობის უკიდურეს წერტილში გმირს ბავშვობა ახსენდება, სამყარო, რომელიც ჯერ კიდევ ნათელი, მსუბუქი და უსაფრთხო იყო. მდინარის პირას ნანახი ხილვა ცხადსა და წარმოსახვას შორის ზღვარს შლის და დანაკარგის სიმძიმეს ამძაფრებს, ბავშვობის მოგონება კი პირიქით, იმ შინაგან საყრდენად იქცევა, რომელიც პერსონაჟს  ამ სასოწარკვეთისაგან ათავისუფლებს. გახსენება მხოლოდ ნოსტალგიური ჩანართი არ არის, საბოლოოდ, ფილმის დრამატურგიულ ღერძად იქცევა, რადგან გმირს აძლევს იმას, რასაც ამ მომენტამდე ვერაფერი აძლევდა: დაკარგული კავშირის ნაცვლად საკუთარი ცხოვრების ფასის შეგრძნებას. ეს გახსენება გმირს ბედისგან გამიჯვნის შესაძლებლობას ანიჭებს. ის წყლიდან ამოდის და ეს ამოსვლა, ერთდროულად, ფიზიკური მოქმედებაცაა და ხატოვანი დაბრუნებაც სიცოცხლისკენ, ამის გამოსახატად კი იცვლება გამოსახულებაც, სიცოცხლესთან დასაბრუნებლად რეჟისორი შავ-თეთრიდან ფერად გამოსახულებაზე გადადის.

ფილმის მთავარი გამომსახველობითი საშუალება სწორედ, ფერია. დასაწყისში შავ-თეთრი გამოსახულება გმირის შინაგან მდგომარეობას გადმოსცემს: გაუფერულებულ, გაყინულ სამყაროს. მდინარეც, ნავიც და ნაპირიც დანაკარგის ჩრდილშია გახვეული. მდუმარე და ცივ სივრცეს თანდათან ცვლის კამერის მოძრაობა და სივრცის რღვევა. ჰორიზონტის დახრა და ამოტრიალება, რასაც გმირის წყალში შესვლა და ჩაძირვა მოჰყვება. წყლის ქვეშ სინათლის სხივები და ბუნდოვანი სილუეტები ჩნდება, ხოლო რიტმი და ატმოსფერო უკიდურესად მძიმდება. თითქოს ჩაძირვა პირდაპირ იმეორებს შინაგანი წონასწორობის დაკარგვასა და გაქრობის იმპულსს. სწორედ ამ წყალქვეშა სიმძიმესა და გაუფერულებულ სიცივეში იჭრება მოულოდნელი კონტრასტი: მკვეთრად ფერადი, მზიანი ეზოსა და ბავშვების თამაშის მოგონება, ძახილითა და სოფლის ძველი სახლის კადრებით, რაც სრულიად სხვა, ცოცხალ განზომილებას ხსნის და ბოლოს ისევ წყლის ზედაპირზე ამოსვლამდე მიდის.

ამ მდუმარე სივრცეში ავტორი სიტყვებს თითქმის არ იყენებს და ამბავს მცირე დეტალებს ანდობს. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი ორია: ბინოკლი და წყალში გაშვებული ყვავილი. ბინოკლი მზერის გაფართოების იარაღია, ის შორეულის დასანახად გამოიყენება და სწორედ ამიტომ იძენს განსაკუთრებულ დატვირთვას, როცა გმირი მას გაუცხოებულ, უკაცრიელ სანაპიროზე იყენებს, თითქოს იმას ეძებს, რისი პოვნაც ახლოს, ხელშესახებად ვერ შეძლო. ეს ძიება ფიზიკურიცაა და ემოციურიც. გმირი სივრცეში ნიშანს, კვალს, რაიმე პასუხს ეძებს. ბინოკლით ყურება მაყურებლისთვისაც ძიების ფორმად იქცევა, რადგან მაყურებელიც გმირის თვალით უყურებს მდინარეს დდა ცდილობს დაინახოს ის, რასაც პერსონაჟი ეძებს. ამ ჟესტში იმედიცა და უძლურებაც ჩანს. ბინოკლით შორეულის დანახვა შესაძლებელია, მაგრამ გამქრალის დაბრუნება ვერავითარი ოპტიკით ვერ მოხერხდება. წყალში გაშვებული ყვავილი კი საპირისპირო მოძრაობას ასახავს. თუ ბინოკლი რაღაცის დანახვას ცდილობს, ყვავილი ვიღაცის გაშვებას, გამომშვიდობებას ნიშნავს. მდინარეში გაშვებული ყვავილი გარდაცვლილისადმი მიძღვნილი ჟესტის ასოციციას იწვევს. ეს უსიტყვო მისალმებაა, ტრადიციული გამოხატულება იმისა, რისი თქმაც სიტყვებით რთულია. ამ ორი ჟესტით ფილმი გმირის შინაგან წინააღმდეგობას აჩვენებს. ის არ აღიარებს დანაკარგს და, ამავე დროს, მასთან შერიგებას ცდილობს. ამ ორმაგობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს ის, რომ ორივე ჟესტი იმავე მდინარესთანაა დაკავშირებული, რომელიც ფილმში დანაკარგის სივრცეცაა და კავშირის შესაძლო ადგილიც.

ფილმი კითხვას – რას ხედავენ ადამიანები სიკვდილის წინ? თავისებურ პასუხს სცემს. გმირი სიკვდილის წინ სიკვდილს კი არა, სიცოცხლეს ხედავს. მას ახსენდება არა ტკივილი და დანაკარგი, არამედ უდარდელი ბავშვობა, ეზო, თამაში და ის წუთები, ამიტომ რეჟისორის მთავარი სათქმელი არამხოლოდ დანაკარგის გადმოცემაა, არამედ მცდელობაა, ფერითა და სიჩუმით თქვას ის, რისი ახსნაც სიტყვებით რთულია, რომ უიმედობის უკიდურეს წერტილშიც შეიძლება არსებობდეს რაღაც, რაც ადამიანს სიცოცხლის ხალისს უბრუნებს. ფილმის მთავარი ძალა ზომიერებაშია. ავტორი არც კრიზისს რომანტიზირებს, არც მის ტკივილს ამცირებს და არც თავის პირად ამბავს სწირავს ამა თუ იმ გამომსახველობით ხერხს.

Tinatin Asatiani

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *