სადა ხარ, სადა ხარ, სადა ხარ?..

ალექსანდრე კობერიძის ფილმში, „ხმელი ფოთოლი“ (2025) განსაკუთრებული თითქოს არაფერი ხდება. ან, საერთოდ, „NOTHING“. ამ ამბავს არც სიუჟეტი აქვს, არც კლასიკური დრამატურგიული წყობა. სამაგიეროდ, აქვს მყარი და მკაფიოშინაგანიმოხაზულობა და უჩვეულო აგებულება. არავის ჰგავს დაგარედანარაფერს იმეორებს. მსუბუქია და ნათელი, თუმცა ბევრ პრობლემას მოიცავსპირადულსა და საყოველთაოს. 

რეპორტიორი ლიზა მშობლებს გამოსამშვიდობებელ წერილს უტოვებს და უჩინარდება. თითქოს მიზეზი არ აქვს, არც კონფლიქტიოჯახში, სამსახურშისპორტულ ჟურნალსხივში“… და მამაირაკლიშვილის შინ დაბრუნების რამდენიმედღიანი მოლოდინის შემდეგ, საძებნელად მანქანით მიეშურება, გზებით, რომლებიც მივლინებაში მყოფ ლიზას, წესით, უნდა გაევლოსაქართველოს სოფლებში, ფეხბურთის მოედნების გადასაღებად.

მიზეზიც, თუ, სად და რატომ წავიდა ლიზა სახლიდან, და ისიც, თუ რატომ დაუტოვა მამას სხვადასხვა კოდებიანი და უცნაურ მინიშნებებიანი გზავნილი (როგორ შეიძლება სახლის მიგნება, სადაც ამჟამად ცხოვრობს), მხოლოდ ფინალში ცხადდება. და მამაც, რომელსაც მშვენივრად ესმოდა და ესმის ლიზასი და მისი შიფრის ამოცნობაც შეუძლია, პოულობს მას. და დედაც, მამასთან ერთად, შვილის ასეთგაქცევასმშვიდად ეგუება და ელოდებანახვის დღეს“ – ახალ წელს შეხვედრის იმედით.

თვითონ მიზეზი კი, ახალ მიმართულებას, საზრისსა და კონტექსტს სძენს ფილმსსპორტის აკადემიის დანგრევანგრევის, დანაკარგების, ნიადაგთან, წარსულთან, აწმყოსთან გაწყვეტილი კავშირებისა და ცხოვრების სუფთა ფურცლიდან დაწყების სურვილის მეტაფორად იქცევა. როგორც წინამორბედ ფილმებში, ალექსანდრე კობერიძე ძირითადი მოვლენების მსვლელობას, უკიდურესად, პირადულს, ქვეყანაში მიმდინარე აქტუალური, ეკოლოგიური, სოციალური პრობლემების ხაზით ტვირთავს. და ქმნის სამყაროსა და კინოს ახალ მოდელს, განსხვავებულსა და თავისთავადს, საკუთარი წესებით მართულს და სხვაზე დაუქვემდებარებელს. მას აქვს მხატვრული გამოხატვის თავისებური ხერხი და ფორმა. „უსასრულო ნიშნებისნაკრებით, რომელიც სიმბოლოებში გადადის. 

ფილმი საქართველოსა და გერმანიის კოპროდუქციაა. სცენარი, გადაღება, მონტაჟი, რეჟისურა, კადრსმიღმა მთხრობელის ხმა ალექსანდრე კობერიძეს ეკუთვნის, მთავარმამის როლსდავით კობერიძე ასრულებს, ხოლო ეპიზოდურებს: ირინა ჭელიძე, მანუ თავაძე, ოთარ ნიჟარაძე, გიორგი ლაზარიშვილი, დავით ჯინჭარაძე, ვახტანგ ფანჩულიძე, გიორგი ბოჭორიშვილი, ნატო გელაშვილი. ეს ადამიანები ქმნიან საზოგადოების ჯგუფური პორტრეტის ნაწილებს, ფრაგმენტებსა და სახასიათო დეტალებს.

სხვა პერსონაჟების უმეტესობა უხილავია. თვით ლიზას მეგობარი ლევანიც კი ირაკლის მოგზაურობაში თან ახლავს და ესაუბრება. ზოგი პერსონაჟი, რომლებსაც მამა შვილის ფოტოს უჩვენებს, წამიერად და შორ ხედზე ჩნდება და მალევე ქრება, ზოგი მოსაუბრე საერთოდ არ ჩანს. მხოლოდ ხმები ისმის, მოკლე და ერთი ტიპის დიალოგების დროს. ძალიან მოკლე ფრაზებითა და ყრუდ. თხრობის აუღელვებელ მსვლელობას მსუბუქი იუმორი ერევა, მოქმედი სახეების, მათი მოქმედების, რეპლიკების თავისებურ რაკურსებში მოქცევით. იმითაც, რომ პერსონაჟები უხილავი არიან და ხანპირდაპირ კადრში არ ჩანან, მაშინაც კი, როდესაც მათ ირაკლიხვდებადა ესაუბრება.

ფილმისონი ერიქსონის“ (ისევე, როგორცნეტავ, აღარასდროს მოვიდეს ზაფხული“) ტელეფონითაა გადაღებული და ჩაწერილი. გამოსახულება უხარისხოა, უფოკუსო, გაცრეცილი და დაძველებული სურათივით თუ ილუსტრაციასავით. „უხარისხო“, დაუხვეწავი, გადაუმუშავებელი, ბუნებრივად ჩაწერილი ხმოვანი რიგი ბუნდოვანი გამოსახულების ასეთივე ხმოვანებად იქცევა. „შიდა ხმებსკადრსმიღმა მთხრობელის მოკლე კომენტარებიც უერთდება. ისეთივე ფრაგმენტული ჩანართები. მშვიდად, უემოციოდ დაგარედანნათქვამი. ასეთი გადაწყვეტა, ასეთი ხერხი ბუნებრივს, უშუალოსა და ინტიმურს ხდის ამბავს, პერსონაჟებს, სამყაროს პირველქმნილობას. 

ირაკლის მოგზაურობადინამოსსტადიონთან, ბორის პაიჭაძის ძეგლიდან იწყება და საქართველოში მიმოფანტულ სპორტულ მოედნებზე ინაცვლებს. მივიწყებულ, გაუქმებულ, დროგადავლილ და ცარიელ ფეხბურთის მინდვრებზე. ზოგისგან მხოლოდ კარების ძელებია დარჩენილი, ზოგისგან მხოლოდ ერთი კარი და ერთი კარის ერთი ბოძი და ზოგი საერთოდ დანგრეულია, ახალი სასტუმროს ასაშენებლად. 

გზადაგზა ცხადდება, რომ ირაკლი მოგზაურობს სამყაროში, რომელშიც, „ნამდვილადმხოლოდ ბავშვები ცხოვრობენ, სტადიონებზე ან მათ მახლობლად. ცხოვრობენ და ფეხბურთს ყველგან თამაშობენ, იქაც კი, სადაც სტადიონები აღარაა. ბავშვების, ძაღლების, კატების, ცხენების, ძროხების, კამეჩებისა დაბუნების კარისგარდა, აქ ცოცხალი თითქოს არაფერია. და იმის მიუხედავად, რომ ესაა ცარიელი, ადამიანებისგან თითქმის დაცლილი სივრცე, მაინც სავსეა, მოძრავია, ინტენსიურად გაჯერებულინიშნებით, ფერებით, პეიზაჟებით, დეტალებით, ფრაგმენტებით, შემოდგომისფერმიხდილიმზის შუქითა და ცხოვრების მდორე ტემპორიტმით, რომელსაც სტატიკურობასა და დინამიკას ობიექტებისა და გამოსახულების ხარისხის ცვალებადობა ანიჭებს. ზებუნებრივი, თან ცხოვრებისეული სიმართლის ამსახველი და ახალი მხატვრული ფორმებით მეტყველი, დოკუმენტური აღწერილობის მიღმა. 

ალექსანდრე კობერიძე კინოს სახვითვიზუალური გადაწყვეტის პრინციპებს უბრუნდება, აქცენტს მასზე აკეთებს და ქმნის კინემატოგრაფიულ ობიექტს, რომელშიც გამსაზღვრელი სამყაროს პოეტური, პლასტიკური გამომსახველობაა. „ხმელი ფოთოლიმონუმენტური ფერწერული ტილოა, ფრესკა თუ პანორამა. გამომსახველი და მისტიკური კადრებით. გამოსახულება იმპრესიონისტების, იაპონური ფერწერისა და მინიატურების ფერადოვნებასა და სიღრმეს, უსასრულობასა და იდუმალებას აერთიანებს, უტამაროს მსუბუქ ეფემერებსა და ჰოკუსაის ჰაეროვან პეიზაჟებს. ფერის, შტრიხის, სილუეტის სიმსუბუქესა და ჰაეროვნებას. აერთიანებს ბუნების ციკლურობის უსასრულობას, განგრძობადობას, უწყვეტობას, რომლის მოცულობა და მასშტაბი, გეოგრაფიული თუ ტერიტორიული საზღვრები ჩვეულებრივი საზომით არ იზომება. ალექსანდრე კობერიძე, როგორც ნამდვილი მეზღაპრე, ასე ხედავს და აღბეჭდავს ცხოვრებას, ასეთ უჩარჩოო, ირეალურ, ჩვეულებრივი აღქმისთვის უცხო და მიმზიდველ სტილისტიკაში. მასში ჩანს მარადი, გარდაუვალი ყოფიერების თავისებურება, და ყოველდღიური ცხოვრების, ყოფის უწვრილმანესი თვისებებიც.

მამის მოგზაურობა ხანგრძლივია, მაგრამ არა შემაწუხებელი, არა დამღლელი. სიმშვიდის, ბედნიერების მომგვრელი. არც ვალდებულებები გაქვს და არც სადარდებელი. მიჰყვები და თითქოს შენც ხარ ამ სივრცეში. მისი ნაწილი. მონაწილე და დამკვირვებელი. ყურადღებით ხარ, რამე რომ არ გამოგრჩეს და ამასობაში, შენი მოგონებები, გრძნობები, ასოციაციები იწყებენ მოქმედებას. ის ცოცხალი და გაცოცხლებული შეგრძნებები, რომლებიც სადღაც მსგავს გარემოში მოხვედრისას იბადებიან ხოლმე. ხან მდინარეს დაინახავ, ხან მინდვრის ყვავილს, ხან ბუჩქს, ხეს, ხან წყაროს, ხან უპატრონო ძაღლს და მობალახე ძროხებს, ხან ძველ ბურთს, ხან პეიზაჟს მიაპყრობ მზერას, „შეღამებული დღის შორეულ ცისკრებს“, სადაცშორი ცა ნისლიან ფიქრებს ცრის“, დაფოთლები მიჰქრიან ქარდაქარ…“ 

დავით კობერიძეარაპროფესიონალი მსახიობიბუნებრიობით, უშუალობით, არახელოვნურობით გამოირჩევა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ისსაკუთარ თავს თამაშობსდა უხილავი რეჟისორი უბრალოდ თან მიჰყვება და იღებს, საითაც ირაკლი მიდის და იმას, რასაც აკეთებს და ამბობს, რაც თავს გადახდა. დავით კობერიძე თავისუფლად, თამამად და გახსნილად კაფავს ფილმისა და გზების ზღუდეებსა და ბარიერებს, იმ მთავარიდაპირებისმისაღწევად, რომელმაც ადამიანებს შვება და, ბედისწერასთან დაპირისპირებით, ხსნა უნდა მოუტანოს. და ირაკლი უკვე აღარაა მხოლოდ ლიზას მამამამის ხატამდე ზოგადდება. 

მეორე ჯადოქარი და ჰიპნოზიორი, რომელიც ფილმიზღაპრის ატმოსფეროს მონაწილეა და ყველა კადრსა თუ შეგრძნებას საკრალურად აცოცხლებს, აძლიერებს, ინტენსიურად და მომნუსხველად აქცევსგიორგი კობერიძეა, რომლის მუსიკაც (ისევე, როგორც ალექსანდრე კობერიძის სხვა ფილმებშიც და დამოუკიდებლადაც) თავისი დიდებული მელოდიკით, პაუზებით, სიჩუმით, ძალიან ჩუმი და უკიდურესად სუფთა ბგერებით, ხმოვანების გამჭვირვალობითა და სიანკარით, სინათლითა და დრამატიზმით, ქმნისხმელი ფოთლისმაგიურ ველს, იმ ბუნებასავით, რომლის არსებობაც სამყაროს არსებობის დადასტურებაა, როგორც ქარის ქროლვა ან ფოთლებისა თუ ბალახის შრიალი. მუსიკა ისეთივე ტონალობისაა, როგორც პეიზაჟების, სტადიონების ბალახის ფერებითითქოს გაცრეცილი, გახუნებული, სიყვითლე და სიწითლეშეპარული, შინაგანი მუხტითა და სევდით გაჟღენთილი, როგორცშემოდგომის დღეებშიიცის, როდესაცყვითლდება მდელო, ყვითლდება მოლი…“ დასცვივა და სცვივა ხეებს ფოთოლი“… და როდესაც მზე ნაზად ოქროსფერდება.

ხმელი ფოთოლიფეხბურთში სპეციფიკური დარტყმის აღმნიშვნელი ტერმინია. ასეთ დროს, ბურთი საკუთარი ღერძის გარშემო იწყებს ბრუნვას და უსწორმასწოროდ, გაუთვალისწინებელი ტრაექტორიით მიფრინავს, როგორც ფოთოლი, რომელიც ხიდან მოწყვეტისას, ვარდნისას, მკვეთრად იცვლის ხოლმე მიმართულებას. 

თავის მხრივ, ყველა ფოთოლი, ვიზუალურად და არსით, ნებისმიერი სულიერის ცხოვრების ეტაპებს გადისდაბადებიდან სიკვდილამდედა თანდათან იცვლის ფაქტურასა და ფერს. ყველა ფოთოლი, რომლებიცმზეზე მოციმციმე, ქარებს აჰყოლიანდა ფოთლები, ბუნებრივი თუ გრაფიკული სახით, ჭკნობისა და ხმობის სხვადასხვა სტადიაში, დროდადროშეიფრენენხოლმეხმელი ფოთლისკადრებში, რომელიც თვითონაც ფოთოლივითაა, რომელსაც ქარი, თუ დრო, „ტოტიდან წყვეტსდა ისიც ვარდება სადღაც სიახლოვეს. და თუ ძლიერმა ქარმა დაუბერაძალიან შორს. ასეთდარტყმებზე“, მიმართულებებზე და ტრაექტორიებზეა აგებული ალექსანდრე კობერიძის ფილმის მხატვრული სტრუქტურა და სახეობრივი კომპოზიცია.

შეიძლება მამის და მანამდე ლიზას მოგზაურობა სხვა, კიდევ უფრო შორეულიმოგზაურობისმეტაფორაა. ნიადაგიდან მოწყვეტის შემდეგ. როგორც სიკვდილი. შეიძლება, შვილის წასვლა ასეთსხვაწასვლას ნიშნავდეს. სივრცეების მშვენიერი შეცვლა, ერთი განზომილებიდან, ერთი სამყაროდან მეორეში გადასვლა, სავსებით სუბსტანციურად აღიქმება, როგორც მითში. რეჟისორის ასოციაციების მარაგი მდიდარი და მრავალსახოვანია. მშვენიერი სიზმარიც კი, შეიძლება მშფოთვარე აკვიატებად იქცეს. თუ გამეორდება. შეიძლება, რაც მოხდა, მამის სიზმარი იყო. „აი, რა მზისდა სხვა არაფერი ყოფილა. ყველაფერი დასაშვებია.

ფილმის რეალობა რეალურზე ზემოთ მდგომია და ამ ნიშნულის ფიქსირება მეტაფორული სინამდვილის პლასტიკურ სახეებში გადმოცემის ერთერთი გამსაზღვრელი, ხელშემწყობი პირობა ხდება. ისევე, როგორც უსასრულო დრო, თუ ფილმის ჩარჩოში მოქცეული დროის უსასრულობა (ფილმის ქრონომეტრაჟი – 3.06 წუთია, თუმცა ცოტა ნაკლებიც შეიძლება ყოფილიყო), როგორც გამჭოლი მოქმედების ღერძის სიმყარე, რომელსაც პირდაპირი კავშირი აქვს იგავურ ენასთან, მეტაფორულ, ხატოვან მეტყველებასთანაც. 

ესთითქოს ნაცნობი და ბევრჯერ ნანახიჩვეულებრივი, მაგრამ მოჯადოებული ადგილები, ჯადოები, ჯადოქრობები და სხვა ამგვარი ოინები ალექსანდრე კობერიძეს უყვარს, აშკარად სჯერა მათი არსებობისა და ნამდვილობისა. უფრო ზუსტად, სწორედ ასეამგვარ ფერებში, ფორმაში, „ფოკუსშიხედავს, აღიქვამს რეალობას. და, პირველ რიგში, თვითონაა ბედნიერი ამ ზღაპრული მოგზაურობისას. და, როდესაც ფილმი მთავრდება, გრძნობ, რომ ადგილებთან, რომლებსაც უკვე მიეჩვიე, გამოთხოვება არ გინდა. იმასაცაღმოაჩენ“, რომ მხედველობაცგიბრუნდება“, მზერა სწორდება და რომ სინამდვილეთურმეარ შეცვლილა. იმასაც უფრო ცხადად გრძნობ, რა მშვენიერ ზღაპარში ან სიზმარში იყავი. რომ ასეთი უცხო ზმანება გქონდა, რეჟისორის ამ ფორმით გამოხატული ფიქრებითთავისუფლებაზე, რომელიც გარესამყაროს წინააღმდეგობებსა და შეზღუდვებს უპირისპირდება. რადგან, როგორც ცნობილია, ახალი დღე ბედნიერებას მოუტანს იმას, ვინც ამტანი იყო.

თუ ხელოვანში ბავშვი ცხოვრობს, მაშინ მისი პირადი სამყარო, ხელოვნება ნათელი, ცოცხალი და თავისუფალია. ალექსანდრე კობერიძეში მართლაც ცხოვრობს ბავშვი, შეიძლება, ცოტა თავნება და მოუსვენარი, მაგრამ კეთილი და იმედიანი, რომელსაც უყვარს ცხოველებიც, ბუნებაც და ბავშვებიც, რომელსაც შეიძლება ენდო და თუ მოგზაურობაში გაჰყვები, არ მიგატოვებს, არ დაიღლება და როგორც მეგზურს, გზაც არ აებნევა. 

ალექსანდრე კობერიძე უკვე იმ რეჟისორებს შორისაა, რომელთა ფილმებსაც ელოდებიან. საზოგადოებაკატეგორიულად მოითხოვსან ეჭვით უყურებსრომ მისი, ყველა ნამუშევარი, წინამორბედებზე არანაკლებიუნდაიყოს. იქნება? „ხმელი ფოთლისშემთხვევაშიც ასე მოხდა. შემდეგ, ლოკარნოს 78-ე ფესტივალზე ფილმმაფიპრესისპრიზი და ჟიურისგანსაკუთრებული აღნიშვნამიიღო; ბანგკოკის ფესტივალზეგრან პრი; ტოკიოს FIlMeX-ზე – „სპეციალური აღნიშვნადა სტუდენტური ჟიურის პრიზი. ლათინურ ამერიკაში, აშშში, იაპონიაში, გერმანიაში, შვეიცარიაში, სერბეთში და ბევრგან ეკრანებსა და ფესტივალებზე გავიდა. აშშში, კინოთეატრებში, მას 2026 წლის მარტიდან უჩვენებენ. თბილისის 26-ე საერთაშორისო კინოფესტივალზეოქროს პრომეთეცმიანიჭესსაუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმისთვის. ბრიტანეთის კინოინსტიტუტის გამოკითხვით კი, კრიტიკოსების საერთაშორისო ჟიურიმ, „ხმელი ფოთოლი“, 2025 წლის საუკეთესო 50 ფილმიდან, მეცხრე ადგილზე დაასახელა.

ხმელი ფოთოლისაფესტივალო და სადისტრიბუციო სვლას აგრძელებს. და რადგანაც ეს ფილმი ავტორის შემოქმედებითი ცხოვრებიდან ბუნებრივადგაუჩინარდა“, კვლავ მოვიდა ალექსანდრე კობერიძისგან ახალი მოლოდინის დრორას გადაიღებს, რაზე და როგორი იქნება მისი შემდეგი კინოსურათი? საით გაუხვევს, რომელი გზებითა და რომელი ადგილების მოსანახულებლად? რა ბადეებს შემოაქსოვს ადამიანებს, ძაღლებს, კატებს, ცხენებს, ადგილებს, ქალაქებს, სოფლებს, ტყეებს, სტადიონებს, სახლებს, ქუჩებს, მთებს, მინდვრებს, მდინარეებს? რომელ სტიქიებს გამოიძახებს? რომელ ჯადოქრობას მოუხმობს? როგორ ზღაპარს მოყვება?

Lela Ochiauri

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *