ორი – როგორც ამბობენ – სრული ოჯახი (ცოლ–ქმარი + შვილები) – ზაფხულის დღეების გასატარებლად, შუაგულ ტყეში, ტბისა და ჭაობის სიახლოვეს მდებარე საოჯახო სასტუმროში ერთდროულად სახლდება. განმარტოება გამორიცხულია, რაც, სავარაუდოდ, იყო თითოეულის მიზანი, როდესაც დასასვენებლად, სწორედ ეს, „ცივილიზაციისგან“ იზოლირებული ადგილი და გარემო აირჩიეს.
ასეთ პირობებში ვითარდება ვახტანგ ჯაჯანიძის მხატვრული ფილმის, „რეალური არსებები“ (2025) ამბავი. განმარტოება, იზოლირება, გაუცხოება, გულგრილობა, ფორმალური ურთიერთობები, დარღვეული შინაგანი კავშირები – კი კინოსურათის მთავარი ხაზი, სათქმელი და გზავნილია, შესატყვის გარემოსა და ატმოსფეროში მოქცევით. (ფილმი საქართველო–იტალიის ერთობლივი პროექტია, მწარმოებელია „მაგნეტ ფილმზი“, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის სრულმეტრაჟიანი სადებიუტო ფილმების კონკურსის დაფინანსებით, რომლის წარმოება 2025 წელს დასრულდა და რომლის პრემიერა თბილისის 26-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა).
„რეალური არსებები“ თეონა დოლენჯაშვილის იგივე სახელწოდების (რამდენიმე კონკურსის გამარჯვებული) მოთხრობაა. გამორჩეული – ამბის, პრობლემის შეთხზვითა და კონტექსტით, თავისებური სტილითა და სიღრმეებით. მოგვიანებით, ავტორმა „რეალური არსებების“ ამბავი რომანში, „ჩანაცვლება“ გააგრძელა (რაც ასევე უმნიშვნელო ფაქტი არაა ქართული ლიტერატურის ისტორიისთვის).
ვახტანგ ჯაჯანიძის „რეალური არსებები“ მოთხრობის საფუძველზეა აგებული, ძირითადი ფაბულისა და მოვლენების მსვლელობის მიხედვითა და არსთან სიახლოვით, თუმცა, ფორმით, თხრობის ხერხით, სტრუქტურითა და სტილით საკმაოდ შორს მოთხრობიდან, კინემატოგრაფიული ენაზე და პლასტიკური გამომსახველობითაა გადატანილი.
„რეალური არსებების“ – „საცოდავი, გადაგვარებული, არასრულფასოვანი ადამიანების – 3D განზომილებაში შექმნილი ახალი, ლამაზი, სრულყოფილი ადამიანებით ჩანაცვლება“ – მოთხრობის ერთ–ერთის პერსონაჟის, 13 წლის დათუნას მიზანია. ის საძულველ რეალობასა და ასევე საძულველ უახლოეს გარემოცვას კეთილი და ბოროტი ავატარებით, ვირტუალური სივრცითა და კომპიუტერული თამაშებით ცვლის და თავს იქაურობას აფარებს.
დათუნას სწრაფვას თავისებური მხატვრული ფორმა და დატვირთვა, მიზანი და სამიზნე აქვს. მოქმედების რეალური ადგილი კი (პალიასტომის ტბა და მისი მიდამოები) ისევე ანაცვლებს რეალობას და ახალ, იდუმალ განზომილებაში ექცევა, როგორც კომპიუტერული თამაშების სამყარო, ქმედების მექანიკურობა, ირეალურობა, პირობითობა, სქემატურობა და ხელოვნური, არაბუნებრივი წესები ვახტანგ ჯაჯანიძის კინოსურათში ალეგორიაშია გადატანილი და რეჟისორის მეტაფორული აზროვნების გამომხატველია.
„რეალურ არსებებში“ რამდენიმე „ხილული“ მოქმედი გმირია – ლანა (ნუცა კუხიანიძე), მიკა (პოლიკა (აპოლონ) კუბლაშვილი), ქეთა (ეკა ნიჟარაძე), თენგო (თემიკო ჭიჭინაძე), ტყისმცველი (ნიკო თავაძე), ნია (ნინა ერაძე), ბებე (ტასო ბოკუჩავა), დათუნა (დემეტრე ყაველაშვილი), ფოტოგრაფი (ჯანო იზორია). და სხვა არავინ. ლამაზები, მოხდენილები, მიმზიდველი და „არაუბრალო“, არასტანდარტული გარეგნობით – ადამიანები არა „მასიდან“. ერთ სოციალური წრიდან. საერთო ბევრი აქვთ. თითქოს მშვიდობიანად და კოლიზიების გარეშე ცხოვრობენ. არც იქაურობის სიმშვიდეს არღვევენ, თუმცა არც თვითონ არიან მშვიდად.
პირველივე ეპიზოდებიდან ჩანს და იგრძნობა, რომ ამ ადამიანებისთვის ყველაფერი დროებითია და უღიმღამო. ერთფეროვანი და უშინაარსო. ჩანს და იგრძნობა, რომ მათ აღარაფერი ახარებთ, ახალისებთ, იმ „მოცემულობებიდან“, რასაც ჰქვია და რისთვისაც ღირს სიცოცხლე. მათი განწირულობა მორალური პრინციპების უქონლობიდან, ცოცხალი ემოციების, შეგრძნებებისა და ინტერესების დაკარგვიდან გამომდინარეა. პირველ რიგში, ერთმანეთისა და შემდეგ უკვე, ბუნებრივად, სხვების მიმართ. ასე ხდება მაშინ, როდესაც ადამიანები ვერ და არ უგებენ ერთმანეთს; როდესაც მშობლებს, შვილებს, საზოგადოების წევრებს არ ესმით ერთმანეთის, არც აინტერესებთ და არც აღელვებთ. რაც მეტყველებს, რომ პრობლემა ბევრად რთული და ჩიხურია, ვიდრე, რომელიმე კონკრეტული დრამატული ვითარება, რომელსაც, ადრე თუ გვიან, აქვს ან დასასრული ან გამოსავალი.
მსგავსებისა და „არსებებად“ ყოფნის მიუხედავად, მსახიობები ქმნიან მეტყველ და ზუსტ ფსიქოლოგიურ ნიშნებიან პერსონაჟებს, რომლების ბუნებისა და შინაგანი მდგომარეობის გამომხატველი თვისებრივი მახასიათებლები არა ერთ შრესა და რაკურსს მოიცავს.
ერთადერთი, ვისაც კეთილშობილი თვისებები ჯერ არ დაუკარგავს – ბებეა, პატარა გოგონა, რომელიც ეწირება კიდეც მშობლების, უფროსების, საზოგადოების უყურადღებობასა და გულგრილობას – როგორც ყველას გარდაუვალი სასჯელი, რადგან უსიყვარულობას, თანაარსებობით ჩანაცვლებულ გულწრფელ კავშირებს ასეთი მსხვერპლი აუცილებლად მოჰყვება ხოლმე – ყველაზე სუფთა და ნათელი „რეალური არსების“ სახით.
ოპერატორ გიორგი შველიძის აღბეჭდილი მშვენიერი და მრავალფეროვანი, მომაჯადოებელი ლანდშაფტები, გაშლილი და გახსნილი სივრცეები, ტბა, ჭაობი, მდელოები, ტყის ბილიკები, ნავის მისადგომები, მზე, სიმწვანე – ყველაფერი, რაც უკაცრიელ ადგილზე მდგომ სახლს გარს არტყია – სიმშვიდის მომგვრელი, მედიტაციური უნდა იყოს, სიმყუდროვისა შეგრძნებისა და შინაგანი თავისუფლების მომტანი. „რეალური არსებების“ მიკროსამყარო, ნეიტრალურად და განყენებულად განწყობილი, გულგრილი და გულცივი ბუნება კი, ჩაკეტილობის, გამოუვალობისა და უიმედობის ნათელ და მკაფიო მეტაფორად იქცევა.
აქ, ამ სიცარიელესა და განდგომილობაში გარეშეთაგან არც სასტუმროს მეპატრონე ჩანს, არც მომსახურე პერსონალი, თუმცა სადღაც, „კადრს მიღმა“, „რეალური“ მასპინძლების არსებობის დამადასტურებელია, რომ იქაურობა უპატრონოსა და მიტოვებულს არ ჰგავს. საუზმე ადგილზე ხვდებათ, ოთახები მოწესრიგებულია. „სხვების“ არყოფნით, რეჟისორი უფრო ამძაფრებს და ააქტიურებს იზოლირების, იდუმალებისა და გაუცხოების შემცველ პარაბოლას.
მძაფრი სიუჟეტისა და კოლიზიების ნაცვლად, ვახტანგ ჯაჯანიძე მონოტონურ, „უძრავ“ დროში გავრცობილ მოქმედებასა და სიჩუმეს, დისტანცირებას, შინაგან დრამატიზმსა და დაძაბულობას, არაბანალური შინაგანი რიტმის გამომსახველობის ძალას მიმართავს. სიჩუმე და ფაქტობრივი უძრაობაა „რეალური არსებების“ – როგორც პერსონაჟების, ისე მთლიანად კინოსურათის მხატვრული სტილის მთავარი ნიშანი. სიჩუმე, „არაფრის კეთება“, არაქმნადობა. თუ დამკვიდრებულ ტერმინებსა და განსაზღვრებებს მივუსადაგებ, „ჭვრეტითობა“ და „მედიტატიურობა“.
რეჟისორი დამკვირვებელია და არა თანამონაწილე, რაც პირდაპირი ავტორისეული „პასუხია“ პერსონაჟების თვისებებზე, ცხოვრების წესზე, პრობლემაზე, რომლის შესახებაცაა „რეალური არსებები“. ნებისმიერ შემთხვევაში, კავშირი ყოველთვის შინაგანი უნდა იყოს და არა გარეგნული. რადგან, თუ ასე არ ხდება, ნამდვილობასა და „ავტორობას“ ხელოვნური სქემები ანაცვლებს. დოგმა კი, ყოველთვის ისაა, რაც საქმეს აფუჭებს და საგნებს, მოვლენებს არსსა და სისუფთავეს, დანიშნულებას უკარგავს. დაღს ასვამს. როგორც ურთიერთობებში, ასევე ხელოვნებაში.
არც მაყურებელს რჩება იქ, იმ გარემოში ყოფნის, ჩართულობის შეგრძნება. ისიც „შორიდან“ უყურებს ეკრანის ჩარჩოში მოქცეულ ამბავს. ორი ოჯახის ცხოვრების თითქოს შემთხვევით თვალმოკრულ, უფერულ მონაკვეთს. და ცივი, გულგრილი რჩება პერსონაჟების ბედის მიმართ, ბავშვის ხვედრის მიმართაც, რომელიც ჭაობში იწყებს ჩაფლობას. და მხოლოდ შემდეგ, როდესაც ყველაფერი ჩაივლის, მაყურებელიც „იძულებული“ ხდება, გადააფასოს, რაც მოხდა, განსხვავებულ ჭრილში შეხედოს და განსხვავებულ რაკურსში აღიქვას.
ვახტანგ ჯაჯანიძე მკაფიო და ზუსტი ნიუანსებით აჩვენებს ფილმის პერსონაჟების ცხოვრების უინტერესო, მოსაწყენ და ბანალურ ერთფეროვნებას. აჩვენებს, რომ, პრაქტიკულად, ყველაფერი მომხდარია, რომ უკვე შედეგია და არა მიზეზი და პროცესი. რეჟისორი სიცარიელის ატმოსფეროსა და რეალობის „შინაგანი“ არსის ჩვენებით, ამგვარი სამყაროს არსებობას ინდივიდუალური ხედვით წარმოდგენილ სივრცეში საზღვრავს და პირადი შემოქმედებითი თავისუფლების გეზს მიჰყვება.
Lela Ochiauri






