„მემენტო მორი“ – „გახსოვდეს, რომ სიკვდილი გელის“. ეს ლათინური ხატოვანი გამოთქმა მრავალმხრივ შეიძლება გაიაზროს კაცმა და სულაც არ ატარებდეს იმ დრამატულსა და პესიმისტურ განწყობას, რომელიც ტერენტი გრანელის ამავე სახელწოდების ლექსიდან იღვრება. თუკი ამ ფრაზას ოპტიმისტურად შევხედავთ, ის შესაძლოა ახალი ცხოვრებისა და განახლების დასაწყისადაც აღვიქვათ – სტიმულად, რომელიც გიბიძგებს, იცხოვრო ყოველდღე ისე, თითქოს ეს შენი უკანასკნელი დღეა და დატკბე ყოველი წამით, რასაც ცხოვრება გთავაზობს, თუნდაც მაშინ, როცა იცი, რომ სასიკვდილო სენით ხარ დაავადებული და მალე ამქვეყნად აღარ იქნები. ვიღაცისთვის უკვე ცნობილია საკუთარი აღსასრულის შესახებ, ვიღაცისთვის კი – ჯერ არა, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სიკვდილი მას კარზე უფრო გვიან მიუკაკუნებს, ვიდრე იმას, ვინც ამის შესახებ უკვე შეიტყო.
გიორგი ქადაგიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი „მემენტო მორი“ (2021) სწორედ სასიკვდილო სენით დაავადებული გოგონას, მერის (მატილდა გვარლიანი), განცდებს ასახავს. მას დედა ბავშვობაში უკურნებელი სენით გარდაეცვალა და ახლა მამასთან (ზურა ყიფშიძე) ერთად ცხოვრობს.
პირველივე კადრებიდან ჩანს, რომ მათი ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც მერის მძიმე დიაგნოზი დაუსვეს. მამისათვის მართლაც რთულია ცოლის დაკარგვით გამოწვეული ტკივილისა და მოუშუშებელი იარების ხელახლა, ამჯერად, შვილთან მიმართებით, განცდა, ამიტომ ცდილობს, გოგონა მკურნალობაზე დაითანხმოს, თუმცა, რეჟისორის ჩანაფიქრი სრულიად ბუნდოვანი და არადამაჯერებელია: გაუგებარია, რატომ ამბობს მერი უარს მკურნალობაზე – იმიტომ, რომ დედამისმა იმკურნალა, მაგრამ მაინც ვერ გადარჩა (რაც მასში უიმედობის განცდას ამწვავებს), თუ მხოლოდ იმიტომ, რომ აღიზიანებს მამა, რომელიც თანაგრძნობის სიტყვებით ცდილობს მის დახმარებას? თავად მერის რეპლიკებიც მოკლებულია საღ აზრს: თან სიკვდილი არ უნდა, თან კი მამას ნიშნის მოგებით პასუხობს, იქნებ გადარჩენა საერთოდაც არ მსურსო.
მოკლემეტრაჟიანი კინო, თავისი ქრონომეტრაჟიდან გამომდინარე, რეჟისორისგან სხარტ ხედვასა და აზროვნებას მოითხოვს, რათა სათქმელი – იქნება ეს მსახიობების რეპლიკებითა თუ ვიზუალური ენით გადმოცემული – მაყურებლამდე ნათლად და ლაკონურად მივიდეს.
ქართულ კინოს არაერთი მაღალმხატვრული მოკლემეტრაჟიანი ფილმი მოეპოვება. მათი ნაწილი სწორედ საინტერესო და სხარტ დიალოგებზეა აგებული, ზოგიერთი კი სრულიად უსიტყვოდ, კინემატოგრაფიული ხერხების, მუსიკისა და გამართული დრამატურგიული სტრუქტურის საშუალებით გადმოსცემს მთავარ არსს.
ამ მხრივ გიორგი ქადაგიძის ფილმი ვერც ერთით ვერ დაიკვეხნის. დიალოგები აბსოლუტურად მშრალი, პარადოქსული და აზრს მოკლებულია. მაშინაც კი, როდესაც ღამის ქუჩებში უიმედოდ მოხეტიალე მერი ხვდება ბიჭს (გიორგი ტიგინაშვილი), რომელიც მისი „მფარველი ანგელოზი“ აღმოჩნდება და რომელიც გადაწყვეტს, მას მომავლის იმედი ჩაუსახოს, სპონტანურად წამოჭრილი ფრაზები სიყალბის შეგრძნებას ბადებს. ვერ ხვდები, რატომ ეუბნება შემთხვევით შემხვედრი ბიჭი, რომ თავადაც უნდა მოკვდეს, ოღონდ იმ დღესვე – იმისთვის, რათა გაამხნევოს მერი, რომელსაც სიცოცხლის ხუთი წელი აქვს დარჩენილი, თავად მას კი – მხოლოდ ერთი დღე, თუ მართლაც ორივეს ერთი ბედი აერთიანებს.
ფილმის სიუჟეტი ისე ვითარდება, რომ სასოწარკვეთილი და ცხოვრებაზე ხელჩაქნეული მერის ყოფაში ერთ „ჯადოსნურ“ ღამეში ყველაფერი იცვლება. მის ცხოვრებაში მოულოდნელად გამოჩენილი ბიჭი მის ცხოვრებაზე იწყებს ზრუნვას: მიჰყავს უფსკრულის პირას და სიბნელეში ჩაძირული, პირქუში კლდეების ფონზე ცდილობს დაარწმუნოს, რომ ეს მისი უკანასკნელი დღეა, რათა ამით გოგონას თითოეული წამით ტკბობის სურვილი გაუღვიძოს. შემდეგ კლუბში წაიყვანს გასართობად და ბოლოს სიყვარულშიც უტყდება. ეს ყველაფერი იმდენად ნაჩქარევად და ბანალურად ხდება, რომ თითქოს რეჟისორი ამ ხაზით ფილმის რომანტიზებას ცდილობდა, თუმცა საპირისპირო შედეგი მიიღო. სიტყვა „მიყვარხარ“, რომელსაც ახალგაცნობილი ბიჭი მერის მისამართით წარმოთქვამს, იმდენად აბსურდულად ჟღერს, რომ მთლიანად ამსხვრევს იმ დრამატიზმს, რომელსაც მთელი ფილმის განმავლობაში ღამის ქალაქი თავისი მელანქოლიური მისტიციზმით მუხტავდა.
რეჟისორმა ფილმში მეტაფორის მხატვრულ ხერხს მიმართა, როდესაც დასაწყისში მთავარი გმირების ოთახის ვაზაში ჰორტენზიის ყვავილები მოათავსა, ხოლო იმ ეპიზოდში, სადაც მამა წარსულს იხსენებს, ცოლ-შვილთან ერთად სეირნობისას ვიღაც შემხვედრი დედა-შვილს სწორედ ამავე ყვავილს გადასცემს. ეს ყვავილი სიმბოლურად დედა-შვილს სიკვდილთან აკავშირებს. თუკი ეს საბედისწერო სიმბოლოა, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ, დედის მსგავსად, მერისაც იგივე ბედი ელის და ის განწირულია. მიუხედავად ამისა, ფილმი სრულიად განსხვავებულ ფინალს გვთავაზობს – მამას ჩახუტებული მერი მკურნალობის გადაწყვეტილებას იღებს.
კინოენაში მეტაფორა ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი გამომსახველობითი საშუალებაა, რომელიც რეჟისორს საშუალებას აძლევს, სიტყვების გარეშე გადმოსცეს პერსონაჟთა შინაგანი მდგომარეობა, კავშირები, სიუჟეტის განვითარების ხაზი თუ ფარული ქვეტექსტები, თუმცა ვიზუალური სიმბოლო მხოლოდ მაშინ მუშაობს, როცა ის ორგანულად ერწყმის ფილმის საერთო დრამატურგიასა და ფინალს. ჰორტენზიას შემთხვევაში მეტაფორის ეს მნიშვნელობა გაურკვევლობაში ტოვებს მაყურებელს, რადგან ბუნდოვანი რჩება რეჟისორის ჩანაფიქრი.
ასევე გაურკვეველია, რისი თქმა სურდა რეჟისორს მერის საბოლოო გადაწყვეტილებით. თუ მას მიზნად ჰქონდა მთავარი გმირის ამ ნაბიჯით ფილმისთვის ოპტიმისტური ელფერი შეეძინა, მაშინ რატომ არის ბოლო კადრი ასეთი ნაცრისფერი, მუსიკა კი ნაღვლიანი, მაშინ როცა მამა-შვილის ჩახუტება და გოგონას აზრიანი გადაწყვეტილება იმედის ნაპერწკალს უნდა აღვივებდეს?!
მიუხედავად იმისა, რომ მძიმე სენით დაავადებული და სასიკვდილოდ განწირული მერი ყველაზე მეტ თანაგრძნობას უნდა იწვევდეს, მისი მამის დარდისაგან ჩამოღვენთილი სახის ნაკვთები ბევრად უფრო მეტ ტკივილს, სევდასა და ემოციას აღძრავს. მამაკაცის ბედი, რომელმაც უკვე დაკარგა ცოლი და, შესაძლოა, სულ მალე ერთადერთი შვილიც გამოეცალოს ხელიდან, თავად სიკვდილზე მძიმე ტრაგედიაა. იცოცხლო და უყურო, როგორ გეცლებიან ხელიდან ყველაზე ძვირფასი ადამიანები, თავად კი უძლური იყო ამ ბედისწერის წინაშე – ეს ხომ სიკვდილზე უარესი სასჯელია.
ზურაბ ყიფშიძე თავისი ვირტუოზული ოსტატობით, ხმის ნაღვლიანი ტემბრითა და თუნდაც ერთი, სიტყვებისგან დაცლილი მზერით ამ ტკივილის ყველაზე მართალი და ღრმა მთხრობელია. ის თითქმის უსიტყვოდ ახერხებს იმ შინაგანი ნგრევის გადმოცემას, რასაც სცენარის მშრალი დიალოგები ვერაფრით აღწევს. მისი ბუნებრივი თამაში იმდენად ძლიერია, რომ იგი ფაქტობრივად მარტო იღებს საკუთარ თავზე ფილმის მთელ ემოციურ სიმძიმეს და სწორედ მამის, როგორც ყველაზე ტრაგიკული პერსონაჟის წყალობით ინარჩუნებს კინოსურათი მხატვრულ ღირებულებას.
განსაკუთრებით ყურადღების გასამახვილებელია ოპერატორის საინტერესო ხედვა – კამერა ზედხედით რამდენჯერმე აფიქსირებს ამ ორ ახალგაზრდას, რაც ფილმის სათაურს სრულად ეხმიანება. ოპერატორი ისეთი სიმაღლიდან იღებს მინდორზე მწოლიარე მერისა და ბიჭს, რომ თითქოს ეს ზეციდან მომზირალი თვალია, რომელიც გვახსენებს, თუ ვის ხელშია ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი. მსგავსი კინემატოგრაფიული ხერხი არაერთ ფილმშია გამოყენებული, მაგრამ აქ ის ზუსტად და ორგანულად ერწყმის სიუჟეტურ ხაზს.
ფილმი ღამით იწყება და გარიჟრაჟზე სიკვდილთან ბრძოლის ოპტიმისტური გადაწყვეტილებით სრულდება. რთული მისახვედრი არ არის, რატომ აირჩია რეჟისორმა სწორედ ღამე ცხოვრებაზე ხელჩაქნეული მერის სულიერი მდგომარეობის გადმოსაცემად და რატომ დააფიქრა ის სიცოცხლის ფასზე ამ იდუმალ დროს. ღამე ხომ თავისი მისტიკური ბუნებით უამრავ ფიქრს აღძრავს და ადამიანის განცდებსაც გაცილებით მეტ სიღრმეს სძენს, ხოლო გარიჟრაჟი ახალი დღის დასაწყისთან ერთად გმირის შინაგანი გარდატეხისა და სიცოცხლისკენ შემობრუნების სიმბოლოა.
და მაინც, ალბათ, რეჟისორის მთავარი სათქმელი ის იყო, რომ აუცილებელი არ არის, სასიკვდილო განაჩენს დაელოდო იმისათვის, რომ უკანასკნელ დღეს მაინც მოასწრო ნამდვილი ცხოვრება. ამისთვის იმის გააზრებაც საკმარისია, რომ წუთისოფელი სულ ერთი წამია და არავინ იცის, როდის დადგება ის საბედისწერო წუთი, როცა ამქვეყნად აღარ იქნები. იცხოვრე ისე, რომ ყოველი დღე გაილამაზო. გახსოვდეს, რომ მარადიული არაფერია და ერთ დღესაც ეს დრო მართლაც დადგება.
Ketevan Ghonghadze






