ამბავი მამათა და შვილთა

მამაშენს ალცჰაიმერი აქვს. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ მოუვლის. არც კი ახსოვს, რომ მისი შვილი ხარ…“ – ეუბნებიან ნადერს, ასღარ ფარჰადის სულისშემძვრელი დრამის, „ოსკაროსანიირანული ფილმის, „განქორწინება“ (2011) მთავარ პერსონაჟს. მამაკაცი, რომელიც ავადმყოფ მამას არ ტოვებს და მისი ბანაობისას ბავშვივით ტირის, ასე პასუხობს: „მე ხომ მახსოვს, რომ მამაჩემია…“ . არაა გამორიცხული, რომ ათასში ერთხელ ნადერს შეიძლება ნებისყოფამ უმტყუნოს და თავში არაკეთილშობილურმა ფიქრმა გაურბინოს მამის მოვლასთან დაკავშირებით, მაგრამ, ამ ყველაფრის მიუხედავად, ვხედავთ თავდადებულ შვილს, რომელიც უმწეო მამას უვლის, უბრუნებს იმ ყურადღებას, რასაც პატარაობაში თავად უანგაროდ იღებდა მისგან.

მსგავს სენტიმენტებს და ინიციატივას ვერ ვხვდებით დიტო ცინცაძის ფილმშიდა მერე გათენდა“ (2022), სადაც იგივე თემა ფიგურირებსროგორ უვლის, უფრო სწორად კი, როგორაა იძულებული ახალგაზრდა ბიჭი, მოუაროს ინვალიდ მამას, ოღონდ ეს ურთიერთობა ზიზღითა და დაძაბულობითაა სავსე. ყოველ შემთხვევაში, დასაწყისში მაინც, ხოლო ფინალში ბიოლოგიური კოდი მამაშვილური კავშირისა მაინც იმძლავრებს და მანამდე არსებულს ზიზღს, წყენას, ნეგატივსა და დაძაბულობას გადაწონის და აღმოფხვრის.

თუ ერთი ფრაზით დავახასიათებთ დიტო ცინცაძის შემოქმედებას, შეგვიძლია გამოვიყენოთ მისი ერთერთი გამორჩეული ნამუშევრის, „შეჭრისსათაურიროგორ იჭრებიან ადამიანები ერთმანეთის ცხოვრებაში და როგორ გავლენას ტოვებენ ერთმანეთზე, ხან ნეგატიური, ხან კი არანეგატიური გაგებით (განზრახ არ ვხმარობ სიტყვასპოზიტიური“, რადგან ეს თითქმის არ ხდება). მისი პერსონაჟები გადაკვეთისას საბედისწეროდ ცვლიან დააყირავებენერთმანეთის ცხოვრებას, თუნდაც ეს გადაკვეთა მცირეხნიანი იყოს.

დიტო ცინცაძე უდავოდ გამორჩეული ფიგურაა თანამედროვე ქართულ კინოში. ფსიქოლოგიური ნარატივებით გაჯერებულ დრამებსა და თრილერებში ის საუბრობს სოციალურ პრობლემებზე, თაობათა შორის ჭიდილზე და, ზოგადად, ყველაფერზე, რაც ქართულ საბჭოთა სივრცეში აღზრდილი ადამიანის ყურადღების ცენტრში ექცევა. ორმაგად საინტერესოა მისი ხელწერა იმდენად, რამდენადაც ის უცხოურ, კერძოდ კი, გერმანულ მხარესთან ერთად აწარმოებს პროექტებს და ქართულ პრობლემებს არა მარტოშიგნიდანხედავს, „გარედანაცუყურებს, „ქართულიპერსონაჟები გაჰყავს ევროპაში და პირიქითევროპელები შემოჰყავს პოსტსაბჭოურ სივრცესა და მენტალიტეტში. საგულისხმოა, რომ მისი ყველაზე საინტერესო ნამუშევრები, ფართოდ გავრცელებული აზრით (რასაც ვეთანხმები), მაინც უცხოეთში გაკეთებული და უცხოელებთან, უფრო ხშირად კი გერმანულ მხარესთან, შექმნილი კოპროდუქციებია („კაცი საელჩოდან“, „შეჭრა“…) სხვადასხვა მიზეზის გამო. 

და მერე გათენდაარ შედისუცხოურპროექტში. ის, ფაქტობრივად, ქართული ნამუშევარია, ქართველი მსახიობებითა და შემოქმედებით ჯგუფით დაკომპლექტებული (პროდიუსერის, კონსტანტინ ლუზინიანისა და რუსი მსახიობის, ანია ჩიპოვსკაიას გარდა). შეიძლება სტერეოტიპულად ჟღერს ზემოთ ხსნებულიდან გამომდინარე, მაგრამ სამწუხაროდ, ჩემთვის ეს ფილმი ისეთი შთამბეჭდავი არ გამოდგა, როგორც მისი მანამდელი სხვა (უცხოური) ნამუშევრები, თუმცაღა მას, რა თქმა უნდა, აქვს გარკვეული დადებითი თვისებებიც. 

რამდენიმეგვერდიანი სცენარითა და ორკვირიან გადასაღებ პერიოდში შექმნილი ფილმი იკვლევს მუდამ აქტუალურ მამათა და შვილთა პრობლემებს შვილის, ნიკასა (ანდრო ჭიჭინაძე) და მამამისის, სანდროს (თემიკო ჭიჭინაძე) ურთიერთობაში. ნიკა ავტოავარიის შედეგად დაინვალიდებულ მამას უვლის და თავად ემზადება პრაღაში ხუთწლიან კონტრაქტზე სამუშაოდ წასასვლელად, მამას კი თავშესაფრისათვის იმეტებს. ურთიერთობა მეტისმეტად დაძაბული და ტოქსიკურიამამა შვილს უგულობასა და ინდიფერენტულობაში ადანაშაულებს, შვილი კი მამას გარდაცვლილი დედის უპატივცემულობაში, დამცირებაში, ეგოისტობასა და ცუდ მამობაში დებს ბრალს. მათ ცხოვრებაში იჭრება ნიკას შეყვარებული, ნასტია (ანია ჩიპოვსკაია), რომელიც ცდილობს თავისი ადგილი იპოვოს ამ ორი ადამიანის ცხოვრებაში და, პოტენციურად, გაანეიტრალოს კიდეც მათ შორის არსებული დაძაბულობა.

სანდრო სარძლოს მეტად უცნაურად უახლოვდება. აინტერესებს, რა მოეწონა მის შვილში, არ ერიდება მკვდარი მეუღლის შეურაცხყოფას, რომ მსუბუქი ყოფაქცევის ქალი იყო და ა.. ნასტია მალე ხვდება, თუ რატომ ირგებს ასეთ საძაგელ ნიღაბს მამაკაცი. სანდრო უბიძგებს კიდეც გოგონას, რომ გაუმხილოს ნიკას მისი ადრინდელი ურთერთობისა და აბორტის შესახებ. ლოგიკურია იმის ნახვაც, რომ მამაკაცს შურს შვილისაც და, გარკვეულწილად, მასში ხორციელი ვნებაც აღიძვრება გოგონას მიმართ. მთავარი ისაა, რომ გოგონას გამოჩენა, ერთდროულად, კიდევ უფრო მეტად ძაბავს მამაშვილს შორის ურთიერთობას, მაგრამ თან თითქოს კატალიზატორი ხდება დაძაბულობის გაქარწყლებაში.

პირადი ურთიერთობების გაშიშვლება და ფსიქოლოგიურ სიღრმეებში ჩაწვდომა უცხო არაა ამ რეჟისორისთვის. ამაში იგულისხმება ის, თუ როგორ ეპარება მამას შვილისადმი უნდობლობა და ესიზმრება, თუ როგორ კლავს ძილში, როგორ ეუბნება მას, რომ გადააგდოს კლდიდან და ერთ, სიბრაზით აფეთქებულ მომენტში ნიკა მართლაც მიაქანებს მამას კლდისკენ. ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა სწორედ სანდროს მორალური კომპლექსურობა, ერთგვარი დეგრადაცია და შემდგომ გამოსწორება საბოლოო განწმენდამდე და კათარზისამდე. კარგად ჩანს, თუ როგორი დაუცველი და უმწეოა იგი, როდესაც ღამე, კოკისპირულ წვიმასა და ჭექაქუხილში, სარდაფში მწოლიარეს სიბნელეში საწოლის გვერდით ფიგურა ელანდება და შეშინებული ნიკას ეძახის, რამდენჯერმე კი საერთოდ ატყუებს და გაითამაშებს სიკვდილის სცენას. საერთოდ, რეჟისორი კარგად წარმოაჩენს დაჩაჩანაკებული და გაუარესებული ჯანმრთელობის მქონე ადამიანის ფსიქოლოგიურ პორტრეტს. არაერთხელ გაგვიგონია, თუ როგორ ,,აბოროტებსდაავადება ადამიანს, ართმევს რა მას ყველაზ მნიშვნელოვანს და ტოვებს უსასოოს, სხვის იმედად მყოფს. ეს უძლურება  ხშირად რეალობისა და საკუთარი თავის შეცვლის შეუძლებლობის შედეგად ბრაზში ფორმირდება და როცა შიგნით ვეღარ ეტევა, გარეთ, სხვაზე გადადის. მშობლის ხატის დანგრევის ფენომენიც ფიგურირებს მაშინ, როცა თავად სანდრო ყვება, თუ როგორ დაკარგა მამისადმი პატივისცემა, როცა სხვა ჩინოვნიკებთან და საპატიო ხალხთან ერთად ყოფნისას სრულიად შეიცვალა და ჯამბაზობა დაიწყო. ამას ემატება ისიც, რომ თავად სანდრო აღიარებს, რომ ცუდი მამა იყო ნიკას მიმართ და სათანადოდ სითბოსა და ყურადღებას ვერ გამოხატავდა. 

სწორედ აქ მჟღავნდება წინასწარ ფილმის ფინალი, რომ ეს გაუგებრობა დიდხანს არ გასტანს და დაშორება შეარიგებს მათ. ფილმის ყველაზე ღირებულ მომენტში შვილი ეხუტება ატირებულ მამას, როცა ეს უკანასკნელი მას პატიებას სთხოვს და უტყდება, რომ მართლა უყვარს და მადლობელია, რომ იგი მასზე ზრუნავს. ეს, ერთი მხრივ, ჭეშმარიტი მშობლის სიყვარულის გამოხატულებაა, თან ქართულ გარემოში, სადაც ცალკე საბჭოური წარსული ფსიქოპორტრეტის გადმონაშთი, ცალკე კი ქართული პატრიარქალური წყობილების გამოხატულება ვლინდება მამებისა და ვაჟების ურთიერთობაში, რის გამოც ხშირად ქართულ რეალობაში მათი ურთიერთობა მერყეობს გრძნობის მინიმალური გამოხატვის, უხეშობის, ემოციურ მიუწვდომლობასა და გაუცხოებას შორის და თუ სითბო გამოიხატება, ისიც მინიმალურად. სიყვარული არის, მაგრამ ის უცნაურად, ხშირად კი, მხოლოდ განსაკუთრებულ მომენტებში ვლინდება. ამრიგად, სანდროს ყველაზე დაუცველი და სულიერად შიშველი მომენტი სწორედ ყველაზე კრიტიკულ მომენტში იჩენს თავს, როცა ის ბოდიშს უხდის შვილსცალკე საკმაოდ საფუძვლიანი შიშის გამო, რომ არ მიატოვოს და ცალკე რეალური სინდისის ქენჯნისა და დანაშაულის აღიარების გამო.

დაშორების წინა ღამეს სამეული ერთად ყოფნის ბოლო დღეს აღნიშნავს პატარა ვახშმით. სანდროს აწყობენ კიდეც კოსტიუმში და, ბოლოს, როცა თენდება და ინვალიდი მამაკაცი უყურებს მის წინ ზურგით მდგარ და ცის მოცქერალ წყვილს, ერთს ამოისუნთქავს და კვდება. იგი კარგად ხვდება, რომ ახალ რეალობაში მისი ადგილი აღარ იქნება და ტყუილ ტვირთადაც დააწვება შვილს, რძალს და საკუთარ თავს. ისე კი, უფროსი თაობის წარმომადგენელი მარტო, გარიყულად რომ რჩება ახალგაზრდა თაობის წინააღმდეგ, ესეც დამახასიათებელი ნიუანსია დიტო ცინცაძესათვის. ამ შემთხვევაში ძალადობით გამოწვეულ მკვლელობასა და კრიმინალურ დრამას არ აქვს ადგილი, პირიქითპასუხისმგებლობას თავად ღებულობს სანდრო, რომ დასვას საბოლოო წერტილი და ჩატეხოს ხიდი. შვილისაგან შეძულებულ უცხო გარემოში მან მარტო ყოფნას სიკვდილი არჩია, ერთგვარად მოინანია ცოდვები, პატიებაც სთხოვა მანამდე ნიკას, ბოლოში ხორციელი სურვილიც დაიკმაყოფილა ნასტიას გაშიშვლებული მკერდის დანახვით, რომლის უფლებაც ნიკამ თავად დართო გოგონას და ცის პირველ შეფერვას გაჰყვა იმიერში. მანკეთილშობილური’’ დამშვიდობებით გაათავისუფლა შვილი შემდგომი წუხილისგან, სინდისის ქენჯნისგან და პასუხისმგებლობისგან, თან ისე, რომ წარსულის ჯაჭვებიც ახსნა: ოჯახის ისტორიის ამსახველი შავთეთრი ფოტოები ერთად დაწვეს კოცონში და სახლიც მოამზადეს ახალი პატრონებისთვის. 

ფილმი უბრალოა ორმხრივი გაგებით. მინიმალისტური სცენარი თავად გადასაღებ მოედანზე შეივსო ექსპრომტული დიალოგებითა და მყისიერი რეჟისორული გადაწყვეტილებებით. სისადავე დრამატურგიულვიზუალური მხრივ არაა დატვირთული, პირიქითეს ის იშვიათი შემთხვევაა რეჟისორის შემოქმედებაში, როდესაც ჩამუქებული, ნაცრისფერი და პირქუში ატმოსფერულობა დომინანტურად არ გასდევს სიუჟეტს. სიმბოლურიფერების შემომტანისწორედაც რომ ნასტიაა და ასევე, პატარა გველი, რომელიც უცნაური სიმბოლურობით ორჯერ ჩნდება სწორედ მასთან ერთად. საინტერესოა, არის ეს ის საბედისწერო ბიბლიური გველი, რომელმაც უნდა მოსპოს ოჯახი თუ გაწყვიტოს ის ბეწვის ხიდი, რომელიც, ალბათ, გასაწყვეტია და იხსნას ტრაგიკული, თუმცა ლოგიკური გზით, ეს პატარა კონფლიქტური მდგომარეობა? 

ფილმი უფრო ჰგავს ერთი რიგითი ქართული ოჯახის ამბავს, რომელსაც ნახავ, წამიერად გაიაზრებ და დაფიქრდები, მაგრამ მალევე დაგავიწყდება. კონცეპტი უფრო ლოკალურ ჭრილში გადის, ვიდრე ფართო მასშტაბზე, მიუხედავად იმისა, რომ თემა საკმაოდ რელევანტური და გლობალურია. პერსონაჟები არ არიან გამორჩეული და ეს არანაირად არაა კავშირში იმასთან, რომ უბრალო, საშუალოზე დაბალი ფენის წარმომადგენლებზეა საუბარი, არც მსახიობების პრობლემა არააისინი ზუსტად ისე წარმოაჩენენ იმ სენტიმენტებისგან დაცლილ ინდიფერენტულობას, როგორიც ამას სჭირდება და, ალბათ, ამ გარემოს, თან მამისა და ვაჟის ურთიერთობას სხვა მიმართულება ვერც ექნებოდა. დრამატურგიულ სწორხაზოვნებაში იჭრება პარალელური ჩანართები (რწმენისა და ღმერთის არსებობის თემა, ნასტიას აბორტი და ა..), რომლებიც მხოლოდ ხელოვნურად და არასაკმარისად ავსებენ თემატიკას. სივრცე ერთდროულად ჩაკეტილი და გახსნილია და თემა, რომელიც ემპათიასაც და დაფიქრებასაც უნდა იწვევდეს, ცოტა მიუღებელი რჩება და გაურკვევლობის შეგრძნებას ტოვებს.

ეს ფილმი, რომელიც ერთგვარად ექსპერიმენტულიც კი იყო დიტო ცინცაძისათვის, საბოლოო ჯამში, მაინც ცდილობს, მსგავსი პრობლემის მქონე ირანული ნამუშევრისაგან განსხვავებით, უფრო პოზიტიურ ნოტაზე დამთავრდეს. ბოლოს მაინც სიყვარული და ჰუმანურობა იმარჯვებს და ჩნდებიან სხვა მორალური კომპასის მქონე ადამიანები, რომლებიც აღიარებენ თავიანთ შეცდომებს და აანალიზებენ პრობლემას, რომლის თავი შეიძლება ბოლომდე არ იყვნენ, მაგრამ ხვდებიან, რომ საკუთარი პოზიციის დათმობით ჩატეხილ ხიდს და უკან მისაბრუნებელ გზას შეცდომებით სავსე წარსულამდე მოსპობენ, თუმცა სუფთა ნამუსით შეხედავენ და გაიკვალავენ ახალს. ყველაზე დადებითი, ამ კინოსურათში, ალბათ, სწორედ ეს არის.

ეთერ ფარჩუკიძე

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *