კინემატოგრაფი – იარაღი პროპაგანდისათვის

თამბაქოს მოწევა ჯანმრთელობისთვის სერიოზული საფრთხეა, რომელიც იწვევს ფილტვების დაავადებებს, გულ-სისხლძარღვთა პრობლემებსა და სიმსივნეს. ნიკოტინი და სხვა ტოქსიკური ნივთიერებები იწვევს დამოკიდებულებას, რაც რთულს ხდის მის შეწყვეტას. მიუხედავად ამისა, ბევრი ადამიანი აგრძელებს მოწევას სტრესის შესამსუბუქებლად თუ სხვა მიზნებისათვის. საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამები ცდილობენ ცნობიერების ამაღლებას და მოწევის შემცირებას. მსგავსი გლობალური პრობლემისადამი მიძღვნილი კინოსცენარის შექმნა მარტივი, მაგრამ არცთუ ისე ახალი და კრეატიული საქმეა. დასაწყისიდანვე, კინო საუკეთესო იარაღი იყო პროპაგანდისათვის, მაგრამ იმისათვის, რომ მაყურებელს ფილმის ნახვის შემდეგ მართლაც მოუნდეს, რომ შეცვალოს თავისი ცხოვრება და უარი თქვას მანკიერ თვისებებზე, ამ შემთხვევაში, თავისივე ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია სწორად და ზედმიწევნით ზუსტად დაანახო როგორც პრობლემა, ასევე მისი მოგვარების ხერხი. 

ლევან მელიქიშვილის სტუდენტურ ფილმში, „მოწევა კლავს“ (2016) ნაჩვენებია შეყვარებული წყვილის დამოკიდებულება მოსაწევზე. რეჟისორი ყოველგვარი ირიბი მეტაფორების გარეშე გვიჩვენებს, რომ მოწევა მართლაც კლავს და ფატალურ შედეგებამდე მიჰყავს ადამიანი. პერსონაჟებისთვის მოწევა ამ სამყაროდან გაქცევას, თავისუფლებასა და ერთგვარ „თავშესაფარს“ წარმოადგენს. თუმცა ისინი მალევე შორდებიან მათსავე შექმნილ სამყაროს და იძულებული არიან, თვალი გაუსწორონ რეალობას. დამოკიდებულება ხდება მათი დეგრადაციის, არაადეკვატურობისა და, საბოლოოდ, ერთ-ერთი პერსონაჟის ტრაგიკული სიკვდილის მიზეზი. ფილმი ცხადად გვიჩვენებს, რომ „უწყინარი“ ჩვევა, შესაძლოა, საბედისწერო გახდეს. სიკვდილი ფილმის კულმინაცია და ერთგვარი გაფრთხილებაა ბიჭისა და მაყურებლისთვის. 

რეჟისორი ზუსტად მიჰყვება ამბავს და არცერთი წუთით არ უხვევს გზიდან. დასაწყისში წყვილი ბედნიერი, თავისუფალი და უდარდელია. იცინიან, ეწევიან, უსმენენ მუსიკას, საუბრობენ. ოპერატორები (სანდრო მარგველაშვილი, ლევან მელიქიშვილი) ახლო კადრიდან გვაჩვენებენ პერსონაჟებს, კარგად გვაცნობენ მათ ხასიათს და დამოკიდებულებას ერთმანეთის მიმართ. თუმცა იმ წუთასვე, როცა ისინი რაღაც გადაკარგული მდინარის ნაპირიდან ცივილიზაციაში ბრუნდებიან, აქვთ შიშის, დაძაბულობის განცდა, რაც აბსოლუტურად სხვა შთაბეჭდილებას გვიტოვებს იმ პერსონაჟებზე, რომლებიც ასეთი ლაღები იყვნენ რამდენიმე ხნის წინ. კადრები ჰარმონიული, მონტაჟი კი თანმიმდევრულია, რაც მაყურებლის დაღლას არ იწვევს. 

რაც შეეხება პერსონაჟებს, ისინი თითქოს კარგად უგებენ ერთმანეთს, უყვართ ერთმანეთი და ბევრი საერთო აქვთ, მაგრამ აშკარაა, რომ ისინიც განსხვავდებიან ერთმანეთისგან. გოგო – იმპულსური და რისკიანია, მისი პირველი ინსტინქტი გაქცევაა. ბიჭი – პასიურია. მისი უარი ნიშნავს იმას, რომ ის უფრო რაციონალურად აზროვნებს ან უბრალოდ შიშითაა პარალიზებული. სწორედ ეს არის მათი განსხვავებული პიროვნული თვისებების მაჩვენებელი. 

კინოსურათში დიალოგები ნაკლებად არის, ამიტომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი მუსიკამ უნდა ითამაშოს. მუსიკა დასაწყისში მშვიდია და გვეხმარება, დავიჯეროთ როგორი უდარდელია პერსონაჟების ცხოვრება. როდესაც კულმინაციას ვუახლოვდებით, მუსიკაც ნელ-ნელა უფრო აზარტული, მძაფრი და დაძაბული ხდება. ის ასახავს გმირების შიშსა და პარანოიას – რაც უფრო უახლოვდებიან ისინი რეალობას მით უფრო მეტად ინგრევა „უსაფრთხო ზონა“. 

მიუხედავად იმისა, რომ ფილმი მოკლემეტრაჟიანია და არც დიალოგებით არის გადატვირთული, მსახიობის ოსტატობა უმნიშვნელოვანესია. კინოსურათს მხოლოდ ორი პერსონაჟი ჰყავს (მსახიობები – ქეთი ქებურია და გოგა გოგრიჭიანი). მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, სიუჟეტი არც საჭიროებს დამატებით პერსონაჟებს და ამიტომ მაყურებლის მთელი ყურადღება ორ მსახიობზეა მიმართული. ისინი გადაჭარბებული არაბუნებრიობითა და სიყალბით თამაშობენ. ემოციები არადამაჯერებლად ხელოვნურია, რაც ფილმის რეალურობას არღვევს. სიყალბე მსახიობების თამაშში ყველაზე დიდი პრობლემაა. ხშირად, ცუდი თამაშის მიზეზი ბუნებრივი დიალოგის არარსებობაა – მსახიობები თითქოს იზეპირებენ სცენარს და კინოკამერის წინ გაუაზრებლად ლაპარაკობენ. გარდა ამისა, ვერ ითავისებენ როლს სათანადოდ.

ფილმის ფინალი მძაფრია, მაგრამ არა მოულოდნელი. დასასრულს ვხედავთ გოგონას ცხედარს, მაგრამ ვეღარ ვხედავთ ბიჭის რეაქციას. რეჟისორი მაყურებელს უტოვებს საფიქრალს – რას მოიმოქმედებს ბიჭი? როგორი იყო მისი რეაქცია? შეიცვლება თუ არა უკეთესობისაკენ მისი ცხოვრება ამ სამწუხარო ფაქტის შემდეგ? თუ პირიქით, სამუდამოდ ჩაიქნევს ხელს ცხოვრებაზე? ამ ინტრიგის მიუხედავად, ფილმში მაინც არაფერია ახალი, ორიგინალური და კრეატიული. მეტიც, უკვე მომაბეზრებელიც კია კინოსურათები მსგავსი შინაარსით. ის, რომ რეჟისორს სურდა, ეჩვენებინა რა საფრთხეების წინაშე აყენებს მოწევა ადამიანებს, ჩანაფიქრი კი გამოუვიდა, მაგრამ ამის ორიგინალურად ჩვენება – არა. „მოწევა კლავს“ სააგიტაციო რეკლამა უფროა, ვიდრე ფილმი, რომლის მთავარი თემა ჯანმრთელი ცხოვრების პროპაგანდა და მოსაწევზე დამოკიდებული ადამიანების სავარაუდო ტრაგიკული დასასრულია. 

თინათინ ასათიანი

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *