ორი დროის ხიდზე დაკარგული

ბავშვობიდან ზრდასრულობამდე გამავალ ხიდზე ჩასაფრებულ გარდაუვალ ცვლილებებს გვერდს ვერავინ აუვლის. ბავშვობის მეგობრებთან თითქოს უხილავი გაუცხოება ერთ დღეს თავს იჩენს და ზრდასრულობის წნეხით დამძიმებულ ადამიანებს, საკუთარი თავის პოვნას საზოგადოების მუდმივად ფხიზელი თვალის დაკვირვების ქვეშ მყოფნი რომ ცდილობენ, მისთვის თვალის გასწორება მოუწევთ. ორ ნაპირს შორის გადებული ხიდი ნელ-ნელა ტყდება, მასზე მდგომ ახალგაზრდებს კი მრავალწახნაგოვანი ფიქრები ამძიმებენ – წარსულის ნოსტალგია, მომავლის შიში და თანთადანობით შეგუება აზრთან, რომ აწმყოში მიმდინარე ცვლილებებისთვის ფეხის აწყობა ერთადერთი გამოსავალია ხიდის გადასარჩენად.

ნია ჟვანიას მოკლემეტრაჟიანი სტუდენტური ფილმი, „გადახვევა“ (2023) ამ მასშტაბური თემებით დამძიმებული პერსონაჟების ყოფას გვიჩვენებს. დათა, თეკლა და თაზო ბავშვობის მეგობრები არიან, რომლებმაც ეს-ესაა შეაბიჯეს ზრდასრულობის ქაოსში. თითოეული თავისებურად ცდილობს ახალ რეალობასთან გამკლავებას. მაყურებელი სიტუაციას დათას თვალით უყურებს, დათა კი ის პერსონაჟია, რომლის შინაგანი ბრძოლაც, შეეგუოს თავს დამტყდარ ცვლილებებს, მათ შორის, მეგობრებს შორის უნებურად გაჩენილ დისტანციას, ყველაზე აშკარაა, ამიტომ ავტორი მაყურებელში ემოციას სწორედ ამ პერსონაჟის მეშვეობით იწვევს. შინაგანი ბრძოლა ფილმის ბოლო მოქმედებით გვირგვინდება, რითაც რეჟისორი ამბობს, რომ, რამხელა ნებისყოფასაც არ უნდა მოითხოვდეს, ხანდახან საკუთარი თავის საპოვნელად კომფორტის ზონიდან გამოსვლაა საჭირო, რადგან მხოლოდ წარსულის ნოსტალგიას ჩაჭიდებული ადამიანი მომავლის კარს ვერ გააღებს და, ორ დროს შორის გაჭედილი, მუდამ იმის მაყურებლად დარჩება, როგორ აგრძელებენ სხვები ცხოვრებას, ამიტომ არ ღირს კადრების „გადახვევა“ და მათში ცხოვრება. იცვლება ურთიერთობები, იცვლებიან ადამიანები და ვიცვლებით ჩვენ, ყველა, მაგრამ ეს არ არის სამყაროს დასასრული.

ფილმის დრამატურგია კარგადაა აგებული. სათქმელიც გასაგებადაა გადმოცემული, თუმცა მომენტებში ისეთი განცდა რჩება, თითქოს სათქმელის მასშტაბურობა და მასში სხვადასხვა, თუმცა ერთმანეთთან დაკავშირებული, პრობლემის გაერთიანება ქრონომეტრაჟის სიმცირეში იკარგება. ავტორს ბევრი რამის თქმა უნდა, ყველაფრის ერთ პატარა ფილმში გაერთიანება კი, ისე რომ ფოკუსი არ დაკარგო, ძალიან რთულია. მიუხედავად ამისა, ვიზუალური ენა იმდენად სწორადაა შერჩეული, რომ მაყურებელი მაინც ახერხებს თემების ზედაპირულ ჩვენებას ჩაეჭიდოს და, სანამ ხელიდან გაუსხლტება, სიუჟეტს დაუკავშიროს. რომ არა ეს „ჩართული“ კადრები, პერსონაჟების გაცნობა თითქმის შეუძლებელი იქნებოდა, რადგან ძირითადი მოქმედება ერთ ადგილზე ხდება, დიალოგი კი არ არის იმდენად ძლიერი, რომ თითოეულ პერსონაჟზე საჭირო ინფორმაცია დაიტიოს და, რაც მთავარია, ბუნებრივად მიიტანოს მაყურებლამდე. მიუხედავად იმისა, რომ ამ კადრებმა ფილმის სტილი შექმნა და თხრობის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა, მომენტებში მათი გამოყენება, ალბათ, გადაჭარბებული იყო, რადგან ხანდახან აუცილებელია, რეჟისორი მაყურებლის ფანტაზიას მიენდოს და ყველაფერი ეკრანზე არ აჩვენოს. მაგალითად, აქციის კადრები სულაც არ იყო საჭირო, რადგან ინფორმაცია დიალოგის სახით მივიდა მაყურებლამდე. სავარაუდოდ, ამ კადრებით ფილმი სტილის ხაზგასმასა და კომიკური ეფექტის შექმნას ცდილობს, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, მათი ამოღება უკეთესი იქნებოდა.

ყველაზე მეტად ფილმში პერსონაჟების სახეებმა, მათმა განსხვავებულმა ხასიათებმა და ურთიერთობამ მომხიბლა. თავიდან ცოტა გაუგებარია, ვინ არიან ისინი ერთმანეთისთვის, მეგობრები თუ და-ძმა, რადგან დასაწყისში ნაჩვენები მათი ბავშვობის კადრები ამ უკანასკნელზე უფრო მიუთითებს, მაგრამ თანდათანობით მაყურებელი ხვდება, რომ ისინი ბავშვობის მეგობრები არიან. ეს ამბავს სრულიად ცვლის, რადგან პერსონაჟები დედმამიშვილები რომ ყოფილიყვნენ, თხრობა სულ სხვა კუთხით წავიდოდა. დათას პერსონაჟის ხასიათი განსაკუთრებით კარგად აღწევს მაყურებლამდე, რაც, ალბათ, ასეც უნდა იყოს – ის ხომ მთავარი გმირია და თხრობის ცენტრში დგას. ავტორი კარგად გადმოსცემს მის წუხილსა და მოტივაციას, იმ პატარა ნაპერწკალს, რაც საბოლოოდ ამოქმედებისაკენ უბიძგებს – „მეც ხომ უნდა ვაკეთო რაღაც, არა? არაფერს არ ვაკეთებ. თქვენ კი სულ რაღაცას აკეთებთ“. მაყურებლის უმრავლესობა ამ ახალგაზრდა, დაკარგულ ბიჭში საკუთარი თავის დანახვას მარტივად შეძლებს, რისთვისაც ავტორიცა და მსახიობიც ქებას იმსახურებენ.

რეჟისორი კარგად იყენებს არასწორხაზოვან თხრობას და მონტაჟით ნაჩვენები კონტრასტის საშუალებით უფრო ამძაფრებს სათქმელს. ე.წ. „ფლეშბექები“ ზომიერად და გემოვნებიანად არის გამოყენებული. განსაკუთრებით ბოლოს, როცა დათა მეგობრებს ღამის მასთან გათევას შესთავაზებს, ისინი კი უარს ეუბნებიან დროის უქონლობის გამო. რეჟისორი ამ სამი ადამიანის ბავშვობას გვიჩვენებს – როგორ სძინავთ დათას დაბადების დღის წვეულების შემდეგ დაღლილებს ერთად. ასეთი აშკარა კონტრასტის დანახვა ყველაზე იმოქმედებს, ვისაც, დროის სვლისა თუ სხვა გარდაუვალი გარემოებების გამო, მეგობრებთან სიახლოვე დაუკარგავს. ემოციას აძლიერებს ისიც, რომ ფილმი ამ „ფლეშბექით“ სრულდება.

ფილმის მთავარი პრობლემა დიალოგები და ზოგჯერ მათი არაბუნებრიობაა. როცა მოქმედების უმეტესი ნაწილი ერთ სივრცეში, ყოველგვარი მოძრაობისა და კადრშიდა მონტაჟის გარეშე ვითარდება, მთელი დატვირთვა დიალოგებსა და მსახიობების დინამიკაზე მოდის, რისი კონტროლი და ფილმის საერთო რიტმში ჩასმა რთულია, განსაკუთრებით – დამწყები რეჟისორებისა და მსახიობებისთვის. ზოგიერთ მონაკვეთში ბუნებრიობის ზედმეტი მცდელობა იკვეთება, რაც სრულიად საპირისპირო ეფექტს იძლევა. ახალგაზრდა მსახიობებიც, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ირგებენ როლებს და ხასიათების მაყურებლამდე მოტანას ახერხებენ, ასეთ მომენტებში თითქოს კავშირს კარგავენ საკუთარ პერსონაჟებთან.

ეს პრობლემა ყველაზე უკეთ ფილმის კულმინაციურ მომენტში იჩენს თავს. თეკლა და თაზო დათას პასპორტს პოულობენ და აღმოაჩენენ, რომ იგი საზღვარგარეთ წასვლას გეგმავს. მასთან ლაპარაკის შემდეგ იმასაც იგებენ, რომ ეს დათასათვის არა უბრალო მოგზაურობა, არამედ ცხოვრების ახალი ეტაპია, რომელსაც სამშობლოსა და მეგობრებისგან მოშორებით იწყებს. წესით, ეს უნდა იყოს დრამატული მომენტი, გაცილებით დრამატული, ვიდრე ფილმშია. გარდა იმისა, რომ მეგობრები ახლა უკვე არა მხოლოდ სულიერი, არამედ ფიზიკური დაშორების საფრთხის წინაშე დგანან, ეს სცენა მნიშვნელოვანია მაყურებლისთვისაც, რათა უკეთ შეიცნოს დათას პერსონაჟი, დაინახოს მისი მცდელობა ცვლილებებთან შეგუებისა და, ალბათ, ოდნავ დასევდიანდეს კიდეც, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ რეალობისათვის თვალის გასწორება და მოქმედების დაწყება იმედის მომცემია, არის რაღაც სევდიანიც, თუნდაც დათას იმ ფრაზაში – „მე იქაც არავინ დამაკვრევინებს, მაგრამ…“. კულმინაციაში თავს იყრის დამშვიდობება მეგობრებთან, ოცნებასთან, ბავშვობასთან, მისალმება ზრდასრულობასთან, „რაღაცის კეთების“ აუცილებლობასთან, შეჭიდება სიახლესთან, დასაწყისთან, რაც ყოველთვის ძალიან რთულია, განსაკუთრებით – დათას ასაკში, ამიტომ უკეთესი იქნებოდა, მომენტს უფრო მძაფრად ეტყობოდეს, რომ კულმინაციაა. სავარაუდოდ, პრობლემა აქაც დიალოგსა და მეგობრების არაბუნებრივ რეაქციაშია, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ, ამ ყველაფრის მიუხედავად, რეჟისორის ჩანაფიქრი მაინც ჩანს და ემოციაც, ასე თუ ისე, აღწევს მაყურებლამდე.

მიუხედავად იმისა, რომ ფილმში ხარვეზები იკვეთება, რეჟისორი არა მხოლოდ სათქმელის, არამედ ემოციის მიტანასაც ახერხებს მაყურებელთან. ჭკვიანურად შერჩეული ვიზუალური სტილი, საინტერესო პერსონაჟები და სიტუაცია, რომელშიც, შესაძლოა, ერთხელ მაინც ყველა აღმოჩენილა, დამწყები რეჟისორის გამოსწორებად შეცდომებს ფარავს. ფილმზე დადებითად მეტყველებს ის ფაქტიც, რომ იგი გარკვეულ კითხვებს უტოვებს მაყურებელს: არის დათას წასვლა მათი მეგობრობის დასასრული? ღირს ბავშვობის ოცნებაზე ხელის აღება, მხოლოდ იმ ვალდებულების გამო, რომ „რაღაც აკეთო“? ზრდასრულობის მიერ მოტანილმა პასუხისმგებლობებმა და ვალდებულებებმა გამოიწვია დათას ამოქმედება თუ საკუთარი გზის პოვნის სურვილმა? ეს და მსგავსი კითხვები ჩნდება არა იმიტომ, რომ დათას ამბავი განსაკუთრებულია ან განსაკუთრებულადაა მოთხრობილი, არამედ სწორედ იმიტომ, რომ ის არაფრით არაა განსაკუთრებული – ბავშვობიდან ზრდასრულობამდე გამავალი ხიდი ერთადერთია, რომელსაც უკლებლივ ყველა გავდივართ. ზუსტად ამ საერთო წერტილის დაჭერა და მაყურებლამდე მიტანა შეძლო ახალგაზრდა რეჟისორმა.

თამარ ზანდუკელი

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *