როგორ ,,მოვაწყოთ“ იდეალური კორუფცია

2022 წლის თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კატეგორიაში აჩვენეს სტუდენტური ანიმაციური ფილმი, ,,ცათამბჯენი“ (2020), რომელმაც ჩემთვის ფავორიტ ნამუშევართა სიაში ადვილად დაიკავა თავისი ადგილი. იშვიათად მომწონებია პატარა კინემატოგრაფიული ამბავი, რომელიც სათქმელს ასე ლაკონიკურად, მრავლისმთქმელად და შთამბეჭდავად ამბობდეს. მითუმეტეს კი, ისეთ მარადიულ ადამიანურ მანკიერებასა და, სამწუხაროდ, დაუძლეველ პრობლემაზე, როგორიც კორუფციაა.

,,ანიმაციას შეუძლია ახსნას ნებისმიერი რამ, რისი წარმოდგენაც ადამიანის გონებას ძალუძს. ეს შესაძლებლობა კი მას კომუნიკაციის ყველაზე მრავალმხრივ და მკაფიო საშუალებად აქცევს, რომელიც, იმავდროულად, მის სწრაფ მასობრივ აღქმასა და დაფასებას განაპირობებს“ – ამბობდა გენიალური უოლტ დიზნი. „ცათამბჯენის“ ავტორი, დავით შეყრილაძე სწორედ კინოს ამ საინტერესო სახეობითა და მიმზიდველი ინდივიდუალური ხელწერით ახერხებს გადმოგვცეს სათქმელი.

ფილმის სიუჟეტს გადავყავართ სამშენებლო ობიექტთან, სადაც ტანადი მამაკაცები დაუღალავად და მუხლჩაუხრელად ცდილობენ, აღმართონ მრავალსართულიანი ცათამბჯენი. მათ კეთილსინდისიერ შრომას ხელს უშლის ღამით შემოპარული ქურდი, რომელიც ოქროს არმატურების მოპარვას ცდილობს. მას ერთ-ერთი მუშა ადგილზევე წაასწრებს და გადასცემს სამართალდამცავს, თუმცა ქურდის პოლიციის განყოფილებამდე არ მიიყვანენ -გათავისუფლების სანაცვლოდ დამნაშავე პოლიციელს რამდენიმე მოპარულ არმატურას სთავაზობს, რაზეც ეს უკანასკნელი დაუფიქრებლად თანხმდება და მეტიც, უერთდება სამართლდამრღვევს სხვა სამშენებლო მასალის მოპარვაში. დუეტს დრო გაურბის და დილით სამსახურში დაბრუნებული მუშები წაასწრებენ, რის შემდეგადაც პროცესი იძენს სამართლებრივ სახეს და ჩანს მომჩივანი და ბრალდებული მხარეები სასამართლოში, თუმცა სამართლიანობა აქაც არაა მიღწეული – ოქროსფერი არმატურა მოსამართლის ეგოსაც აცდუნებს, რომლის შემსწრეც ხელახლა ხდება დაზარალებული მხარე. საბოლოო სამართლიანობის ძებნა ქალაქის მერთან მიდის, რომელიც ერთი შეხედვით აიმედებს მუშას, რომ დასჯის ყველა დამნაშავეს, თუმცა როგორც კი მუშა თვალს მიეფარება, „უზენაესი სასამართლოც“ კი ისაკუთრებს ოქროს არმატურებს. საინტერესოა, სიმბოლოებით გადმოცემული ეს მონაკვეთი – ფინალური „ბოსი“ გაუნძრევლად ზის და მისი მკერდიდან დამატებითი ორი შავი ხელი ამოიზრდება, რომლიდანაც ერთით არმატურებს იღებს, ხოლო მეორეზე კორუმპირებული მოსამართლე ემთხვევა და შემდეგ მოუტრიალებლად, ჩოქვით გადის ოთახიდან.

მიჩმქალული კორუფცია გრძელდება ისევე, როგორც მშენებლობა – ცათამბჯენი რამდენადაც მაღლა მიიწევს, შინაგანად ის ნახევრადაც კი არაა გამაგრებული, რადგან არმატურების ორი მესამედი ნაწილი დღის ბოლოსვე ქრება. დინამიკური მონტაჟისა და ორმაგი ექსპოზიციის შედეგად კულმინაციას ვუახლოვდებით: იკვრება ჯაჭვური რეაქცია – გახსნის დღეს კორუმპირებული ქალაქის მერის სიტყვით გამოსვლისას ინგრევა შენობა. ხმაური, რომელიც ხმის გამაძლიერებლების მიერ ექოთი ვრცელდება ტერიტორიაზე, სუსტად გამაგრებულ შენობაში ბზარს აჩენს და ანგრევს ცათამბჯენს, შიგ იქცევს რა ყველა ჩინოვნიკს, მშრომელი ხალხი უვნებელი რჩება. ამ ჯერზე, საბედნიეროდ, დაისაჯა ყველა ბოროტი, მაგრამ აღმოიფხვრა კი ბოროტება?

ფილმმა 2020 წლის რადიო „თავისუფლების“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში „5-წუთიანი ფილმების კონკურსი კორუფციაზე“ პირველი ადგილი დაიკავა და საკმაოდ დამსახურებულადაც – ანიმაცია შესანიშნავ საშუალებას აძლევს ავტორს ზუსტად გადმოსცეს ის მხატვრული სახეები, რომლებიც დამატებით დატვირთვას და სიმბოლოებს სძენს აქტუალურ თემას. დასამახსოვრებელია გროტესკული, ნიღბისეული და ექსპრესიონისტული ტიპაჟები, რომლებიც განზრახაა გაზვიადებული, „გაბერილი“, განსაკუთრებით კორუმპირებული სამართალდამცავებისა და ჩინოვნიკების პერსონაჟები – ისინი ჯორჯ ორეულისეული „ცხოველების ფერმის“ ღორებს წააგვანან. აღსანიშნავია ისიც, რომ მშრომელი ხალხის დიზაინი თითქმის გაუფერადებელია, უბრალო სკეტჩისა და მონახაზის დონეზე, რაც ხაზს უსვამს მათ უბრალოებას და კეთილ მხარეზე დგომას, ხოლო დანარჩენი – პერსონაჟების გაფერადებული არიან. ერთი შეხედვით, ანიმაციის სტილი ორგანზომილებიანი, ნახატისეული სტილის კვალობაზე თითქოს უბრალოდ ჩანს, აკლია სიღრმე და დეტალიზება, არის თითქმის მინიმალისტური, მხოლოდ საჭირო დეტალებითა და კომპოზიციით გაჯერებული. შეიძლება ითქვას, ცოტა სიბრტყისეულიც კია გამოსახულება. ეს ყველაფერი კონკურსის გამო არსებულ ბოლო ვადას შეიძლება „დაბრალდეს“, თუმცა, ამავდროულად, ასეთი სტილი სიუჟეტს თავის ხიბლს სძენს და ადვილად აღქმადს ხდის ნებისმიერი ასაკის მაყურებლისთვის. მცირე ქრონომეტრაჟი ადასტურებს, რომ ,,გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის“.

ეჭვგარეშეა, რომ ფილმი მიმართულია კორუფციის გლობალურ პრობლემაზე, რომლის შედეგები ყოველდღე სახეზეა. არაერთი ქალაქის შენობა გამხდარა ამ „სენის“ მსხვერპლი, რამაც, ფინანსურ და მატერიალურ ზარალთან ერთად, ადამიანთა სიცოცხლეებიც კი შეიწირა – ეს არა მარტო ლოკალურ დონეზე არსებული, არამედ ე.წ. ელიტური კორუფციის შედეგებია. უბედური შემთხვევებისა და მათ უკან მდგარი პიროვნებებისა თუ ორგანიზაციების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, თუმცა ამ ყველაფრის საპირწონედ შეიძლება ანტიკორუფციული წარმატების ერთი მაგალითის გახსენება: მაშინ, როცა 2023 წლის თებერვალში მომხდარმა საშინელმა, 7.7 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრამ თურქეთსა და სირიაში თითქმის მთლიანად მიწასთან გაასწორა თურქეთის ჰათაის პროვინცია, ამავე პროვინციის ქალაქ ერზინში ერთი შენობაც კი არ დანგრეულა. საფუძვლიანი კვლევის შედეგად ამ სასწაულის უკან მდგომ „შემოქმედს“ მალე მიაგნეს. გარდა იმისა, რომ გეოლოგებმა ამის მიზეზად ქალაქის ბუნებრივად მაღალ პლატოზე განლაგება და პროფესიონალი ინჟინრების საქმიანობა დაასახელეს, ასევე აღინიშნა რომ, ეს იყო ქალაქ ერზინის მერის სიჯიუტის შედეგი, რომელიც კატეგორიულად ებრძოდა კორუფციას.

ხელოვნების და მისი ნებისმიერი სფეროს ერთ-ერთი მთავარი მისია და დანიშნულება ისაა, რომ მნიშვნელოვანი სათქმელი ადვილად მიიტანოს მაყურებლამდე – შეყრილაძის ფილმი ამას იდეალურად ახერხებს და თანამედროვე კინოში ფრიად დაჩაგრულ ქართულ ანიმაციას, რომელსაც მდიდარი ისტორია აქვს, თავის წილ ახალ სიცოცხლეს სძენს და ამტკიცებს, თუ როგორ საჭიროა დღევანდელ ქართულ კინოში ანიმაციისა და შეყრილაძისეული ნიჭიერი ადამიანების ხელშეწყობა.

ეთერ ფარჩუკიძე

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *