კინო კინოში მაყურებლისთვის ყოველთვის საინტერესოა, მით უფრო, როცა მთავარი პერსონაჟი თავად რეჟისორია, როცა რეალობა და ილუზია მჭიდროდ არის ერთმანეთთან გადაჯაჭვული, ერთმანეთს ხსნის და უფრო ღრმად გვახედებს პერსონაჟის სულის სიღრმეებში, ვიდრე ეს სიტყვას შეუძლია. სწორედ ასეთი შემთხვევაა ალეკო ცაბაძის ფილმი, „კიაროსკურო“ (2025).
ფილმი ყოველგვარი პროლოგის გარეშე იწყება. მაყურებელი უსიამოვნო ოჯახური სცენის მოწმე ხდება პატარა ბიჭის, დედამისისა და მისი საყვარლის მონაწილეობით, მაგრამ კამერა უკან იხევს და აშკარა ხდება რომ ეს მხოლოდ სცენაა ფილმიდან. მეორე სცენა კი უკვე რეალური ცხოვრებიდანაა, სადაც ამჯერად თავად ფილმის რეჟისორს, ორმოცს მიტანებული ვატოს (გიორგი ბოჭორიშვილი) ვხედავთ, ასე ვთქვათ, ოჯახურ გარემოში, რადგან ვიგებთ, რომ ის ოჯახიდან წასულია, თუმცა კვლავინდებურად თავის ცოლად თვლის თინას (მარი კიტია), უყვარს და ეჭვიანობს მასზე.
აქედან მოყოლებული, ფილმის მოქმედების ძირითად ღერძს ეჭვიანობის თემა განსაზღვრავს, რომელსაც ტრაგიკულ მოვლენებამდე მივყავართ და დეტექტიური ელემენტები, შესაბამისად გარკვეული დაძაბულობაც, შემოაქვს ფილმში.
პარალელურად უკეთ გვაცნობენ „კიაროსკუროს“ მთავარ პერსონაჟს, ვატოს, რომელიც მისი პროდიუსერის, ენერგიული და საქმისთვის თავდადებული ჟანას (ია სუხიტაშვილი) სიტყვებით, აუტანელი ხასიათის, რთული, თუმცა, როგორც ჩანს, ამავე დროს, კარგი რეჟისორია. ის ფილმის გადაღების პროცესშია, რომელიც რთულია ყოველთვის, მაგრამ მოცემულ ვითარებაში და ასეთი ხასიათით რთულია ათმაგად.
რთულია ზოგადად, რადგან კინოგადაღების ქაოსის მიღმა უნდა დაიცვა შემოქმედებისთვის აუცილებელი ხაზი, შეინარჩუნო საჭირო განწყობა, დაძლიო ყოველდღიური წვრილმანები. განსაკუთრებით რთულია საქართველოში, სადაც, კინორესურსების სიმწირის გამო, არასდროს იცი, დაწყებულ ფილმს როდის დაამთავრებ და საერთოდ დაამთავრებ თუ არა, ან რა კომპრომისებზე მოგიწევს ამისთვის წასვლა.
სირთულეს სხვა საფუძველიც აქვს. მამის სანახავად მისული ბიჭუნას მიერ ყულფში მოქანავე მამის აღმოჩენის სცენაზე შეჩერებული ვატოს დაძაბული მზერა აშკარად მიგვახვედრებს, რომ მხოლოდ სცენარის მორიგი ეპიზოდის გადაღებას არ ვესწრებით. იმასაც ვხვდებით, რომ პირველი სცენის მიმართებაში ზემოთ ნახსენები სიტყვა „მხოლოდ“ სწორად არ ასახავს სიტუაციას. რომც არ გვითხრან, ისედაც აშკარაა, რომ ვატო ავტობიოგრაფიულ ფილმს იღებს. მას საკუთარი ბავშვობის ტრავმების ასახვა და, ალბათ, ამ გზით მათგან განთავისუფლება განუზრახავს. და ამ, ისედაც მძიმე და რთულ საქმეს კიდევ უფრო ართულებს, როცა რეალური ცხოვრებაც წარსულთან არის გადახლართული, თითქოს მას იმეორებს და მუდმივ დაძაბულობაში ამყოფებს პერსონაჟს.
ფილმი პირად დრამაზეა აგებული, მაგრამ ეს დრამა ამასთან ნაცნობ და ადვილად ამოკითხვად რეალობაში ვითარდება და მეტიც, რეალობა მხოლოდ ფონი არ არის. ყოველდღიურობა, რომელიც ძალდაუტანებლად, სიუჟეტის კვალდაკვალ შემოდის ფილმში და მწვავედ კრიტიკულად აღიქმება, კიდევ უფრო დასაფასებელია, რადგან ფილმი ამაზე არაა, ის პირადი დრამაა და სოციალური თუ პოლიტიკური კრიტიკის პრეტენზია არ აქვს. მართალია, ეს გარემო, გარკვეულწილად, ნაცნობი კლიშეების დაღს ატარებს, თუმცა ავტორები მაინც ახერხებენ ინდივიდუალური ნიშის მონახვას.
და რატომ „კიაროსკურო“, რენესანსის მიერ დამკვიდრებული ტერმინი? ფერწერაში ეს შუქ-ჩრდილების მკვეთრი კონტრასტია, ნახატის სიბრტყეს მოცულობას რომ ანიჭებს და დრამატიზმს მატებს. კინემატოგრაფიულმა განათებამ ეს ხერხი მოათვინიერა და ეკრანზე გადაიტანა, საკუთარ იარაღად აქცია მძაფრად დრამატული, ხან პირქუში, ხანაც მოუხელთებელი ხიფათის ატმოსფეროს შესაქმნელად.
როგორც მოსალოდნელი იყო, ალეკო ცაბაძის ფილმიც სწორედ ასეა გადაღებული, განსაკუთრებული ხაზგასმით კინოგადაღების ეპიზოდებში: კონტრასტული გამოსახულება, ღრმა ჩრდილებთან სინათლის ღია ლაქები, ამას დამატებული ნერვული კამერა და არამდგრადი კომპოზიციები ფილმს ცოცხალ სუნთქვას სძენს (ოპერატორი, გელა ჩინჩალაძე), განსხვავებით სარეკლამო სივრცისგან, სადაც გულგრილი, ერთფეროვანი, უმეტყველო შუქი გამეფებულა.
„კიაროსკუროს“ ფენომენი დრამატურგიაშიც იჩენს თავს. სტრუქტურა რთულია, მაგრამ გამართული და ყოველი გადასვლა ერთი სამყაროდან მეორეში, კინემატოგრაფიული ილუზიიდან რეალობაში, აზრობრივად და ემოციურად გამართლებულია (სცენარის ავტორები: არჩილ ქიქოძე და ალეკო ცაბაძე). ასე ვეცნობით ვატოს სამყაროს, წარსულსა და დღევანდელობას, სადაც ყველაფერი „ნათელითა“ და „ბნელით“ არის მოქსოვილი. მის ცხოვრებაში თითქმის არ არის ჰარმონიული ურთიერთობები. დედ-მამასთან დაკავშირებული ბავშვობის ტრავმა და დღემდე დაძაბული ურთიერთობა დედასთან; მისი ბავშვობის კოშმარი – დედამისის საყვარელი, რომელიც ახლა მის მეუღლედ გვევლინება და პროტექციასაც კი უწევს ვატოს მეუღლეს კარიერულ განვითარებაში; თითქოს ბავშვობის ისტორიის განმეორების საფრთხე მის დღევანდელ ცხოვრებაში – გაურკვეველი ურთიერთობა ცოლთან, ასეთივე გაურკვეველი ურთიერთობა ერთგულ პროდიუსერთან, ჟანასთან – პირადულიც და პროფესიულიც; სისასტიკის აფეთქება და უნებური ტრაგედია, რომელიც მას მკვლელად აქცევს.
ნათელი გაცილებით ნაკლებია: ბავშვობის სიყვარული, ჯესიკა, რომლის სცენების ყურებისას ეკრანს მიჩერებული გიორგი ბოჭორიშვილის სახე ყოველგვარ სიტყვებზე უკეთ გვაგრძნობინებს ამ გრძნობის ნათელს, მაგრამ ამ ნათელსაც სიბნელე შთანთქავს ტრაგიკული შემთხვევის გამო; ფილმის დამთავრების შესაძლებლობის გამოჩენა? – უხარია კი? დეტექტივისგან თავის დახსნა? – იგრძნო კი შვება? ალბათ ყველაზე მეტად მაინც შვილთან ურთიერთობა, თავიდან ერთგვარად გაუცხოებული, შემდეგ დამთბარი (ისევ თვალებით ამეტყველებული გრძნობა), რომელიც შუქ-ჩრდილების სიჭრელიდან საბოლოოდ ნათელის სახით გამოიკვეთება და ფილმის ემოციურ კულმინაციას წარმოადგენს.
პერსონაჟთა და მოვლენათა კალეიდოსკოპი ისეა სტრუქტუირებული, რომ ქაოსად არ იქცევა. პერსონაჟების რეაქციები ფსიქოლოგიურად ყოველთვის დამაჯერებელია, და შედეგად ვხედავთ ცოცხალ ადამიანებს და არა გამოგონილ ფიგურებს. მით უფრო, რომ ფილმში მართლაც შესანიშნავი სამსახიობო ანსამბლია შეკრებილი – გიორგი ბოჭორიშვილი, ია სუხიტაშვილი, მარი კიტია, ვახო ჩაჩანიძე, თათული დოლიძე და სხვები (ყველას ჩამოთვლა ძნელია). იშვიათი გამონაკლისის გარდა, ისინი დამაჯერებლად ძერწავენ ხასიათს ან ხსნიან სახეს სულ რაღაც ერთ ან ორ სცენაში.
მაგრამ განსაკუთრებულ გამოყოფას იმსახურებს გიორგი ბოჭორიშვილის თამაში, რომელიც თავშეკავებული მანერით გამოირჩევა და ერთნაირად დამაჯერებელია გაღიზიანების, სიბრაზის, აფეთქების თუ სინაზის სცენებში, მისი მთავარი იარაღი კი მზერა და თვალებით მეტყველებაა.
შეუძლებელია არ აღინიშნოს მაიორ უდუმაძის სახეც თემიკო ჭიჭინაძის შესრულებით. მიუხედავად მისი შესაძლებლობებისადმი ურყევი რწმენისა, მისი პირველი გამოჩენა მაინც გაოცებას იწვევს – როლი როლში, ოდნავი უტრირება, ირონია და დამაჯერებლობა ერთდროულად და შემდეგ ფინალისკენ ისევ გარდაქმნა, და ჩვენ სულ სხვა უდუმაძეს (და სხვა თემიკო ჭიჭინაძეს) ვეცნობით.
ფილმი არ არის საიდუმლოსა და მის ამოხსნაზე აგებული, არც განსაკუთრებულად ცდილობს მაყურებლის სასპენსით მანიპულირებას, ამდენად ღია ფინალი მოსალოდნელიც იყო. თუმცა ჩნდება კითხვა, ხომ არ არის ის „ზედმეტად“ ღია? სიუჟეტურად შეიძლება ასეთი დასასრული მისაღებია, მაგრამ ღია ფინალის დანიშნულება ხომ სწორედ ის არის, მაყურებელს დაუტოვოს საფიქრალი, მისცეს დამოუკიდებელი გააზრების საშუალება და ამგვარად, ფილმის დამთავრების შემდეგაც დარჩეს მის გულსა თუ ფიქრებში.
ამ შემთხვევაში შეიძლება მაყურებელი დაფიქრებულიყო კიდეც გმირის სულიერ მდგომარეობაზე, განცდებზე და დაკმაყოფილებულიყო კუბოში ჩაწოლილი რეჟისორის კადრით, მაგრამ ფილმის მსვლელობაში აქა-იქ გაბნეული სცენები თუ დიალოგები მაყურებელს გაუგებრობაში ტოვებს, თითქოს მხოლოდ სიუჟეტური ღერძის გასამყარებლად მოხმობილ დეტექტიურ ხაზთან მიმართებაში.
უდუმაძის სიტყვები, რომ მარტო ის გამოყვა ამ კვალს (ვატოს კვალს) – რა კვალზეა ლაპარაკი? რა კვალი დატოვა პერსონაჟმა? დაღუპული დეპუტატის თაობაზე გავლით დაგდებული ფრაზა: ის მხოლოდ უნებლიე შუამავალი იყო – იგულისხმება თინასა და მის საყვარელს შორის? ამაზე სხვა ვერანაირ მინიშნებას ვერ აღმოვაჩენთ ფილმში, თუ არ ჩავთვლით თინას საწოლ ოთახში მოწეულ სიგარეტს, რომელსაც ვატო აღმოაჩენს ფილმის დასაწყისშივე, მაგრამ კითხვაზე პასუხს ვერ იღებს ვერც მაშინ და ვერც მერე, ვერც ის და ვერც მაყურებელი. ასევე იდუმალებით არის მოცული დეპუტატის დედის კართან დატოვებული პაკეტი საკვებით.
ამ გაუგებრობის საკუთარი ძალით გადაწყვეტა შეუძლებელია – მაყურებელს გასააზრებელი (საკამათო) მასალა არ აქვს ხელში. მას ამაში ავტორების დახმარება სჭირდება, თუნდაც ვარაუდის, ვარიანტების დონეზე, მაგრამ ამაზე რატომღაც უარს ეუბნებიან.
თითქოს ავტორებმა ჰიჩკოკისეულ მაკგაფინად გამოიყენეს მთელი ეს სიუჟეტური ხაზი, მაყურებლის ინტერესის აღსაძვრელად, დაძაბულობის გასაზრდელად, მოქმედების განვითარებისთვის, თუმცა მისი კომპენსაცია სხვა ელემენტების ხარჯზე არ ხდება. ამ კონსტრუქციაში ის ვერ ასრულებს მაკგაფინის როლს და უფრო სიუჟეტურ თეთრ ლაქებად მოჩანს. ფართო აუდიტორიას ზოგადად ღია ფინალები ისედაც დიდად არ უყვარს, ასეთი „ღია“ კი – მითუმეტეს.
მანანა ლეკბორაშვილი






