„ცისკარა“

„იყო და არა იყო რა, მზისა და ცისკრის უკეთესი არ იქნებოდა“… აი, ამ სიტყვებით იწყება ახალი ქართული ფილმი „ცისკარა“, რომელიც ამ დღეებში გამოვიდა ეკრანზე. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ჩვენი კინემატოგრაფიის მუშაკებმა მიმართეს მდიდარ ხალხურ ეპოსს და, თუ მხედველობაში არ მივიღებთ მულტიპლიკაციურ სურათებს, მაყურებელს მიაწოდეს პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი ქართული ზღაპრების მოტივებზე.

„ცისკარას“ თემაა საერთოდ ჩვენი ზღაპრების დიდი უმრავლესობისათვის დამახასიათებელი თემა – ბრძოლა კეთილ და ბოროტ ძალებს შორის. ჩვენი აზრით, აქ ზედმეტია „ცისკარას“ თუნდაც მოკლე შინაარსის გადმოცემაც კი, ვინაიდან იგი ყველასათვის ცნობილია. შევეხებით ამ ფილმის საერთო ავკარგიანობას.

დავიწყოთ სცენარით. ავტორი კოტე მიქაბერიძე სავსებით სწორად მოქცეულა, რომ ფილმის ლიტერატურული სცენარის საფუძვლად აუღია რამდენიმე ზღაპარი, თავისებურად გადაუმუშავებია ისინი და სიუჟეტურად დაუკავშირებია ერთმანეთთან. სცენარის მთავარ ნაკლად უნდა ჩაითვალოს ის გარემოება, რომ ცისკარა ხალხიდან მოწყვეტილ გმირად ჩანს, მარტოდმარტო ებრძვის მტერს. გარდა ამისა, მოისუსტებს დიალოგები, მეტ დამუშავებას მოითხოვდა ფინალი.

რამდენადაც ვიცით, ქართული თეატრის ნიჭიერმა რეჟისორმა სერგო ჭელიძემ პირველად სცადა ბედი კინოში და პირდაპირ უნდა ითქვას, რომ მან ძირითადში გაიმარჯვა. საკმარისია გავიხსენოთ ორი პატარა კადრი – ერთი, როცა განშორებისას მზია და ცისკარა ერთმანეთის ნაცვლად შვლის ნუკრს ჰკოცნიან და მეორე, როცა მზია ცრემლს გაატანს გზის მასწავლებლად ცისკარას, – რომ დავრწმუნდეთ ს. ჭელიძის დახვეწილ რეჟისორულ გემოვნებასა და უტყუარ მხატვრულ ალღოში. რეჟისორული თვალსაზრისით შესანიშნავადაა დადგმული აგრეთვე სცენები დევების ჭურში, შავქალასთან, გაქვავებული ქალაქი და სხვ. შედარებით სუსტი გამოუვიდა დამდგმელს (მასთან ერთად ამაში დამნაშავენი არიან მხატვრები და ოპერატორები) გრძნეულთა სამყარო. ეს კადრები გადატვირთულია ზედმეტი ელემენტებით, რაც მაყურებლის ყურადღებას საგრძნობლად ფანტავს. განსაკუთრებით სჭრის თვალს საოცრად დახლართული დეკორაციები და ზიზილპიპილა ტანსაცმელი.

„ცისკარას“ ოპერატორებს მართლაც ღირსეულად უმუშავიათ. აღსანიშნავია რთული კომბინირებული გადაღებების გამოყენება, რასაც ჩვენში არც თუ დიდი ტრადიცია აქვს. ოპერატორებს ბ. ბურავლიოვს, გ. უსეინაშვილს და მხატვარ მ. სეხნიაშვილს არც ენერგია და არც გამომგონებლობა არ დაუშურებიათ იმისათვის, რომ მაყურებელს სიყალბე არ ეგრძნო. ამას მათ მიაღწიეს.

გულახდილად უნდა ითქვას, რომ ფილმის მუსიკა სუსტია. ნიჭიერი კომპოზიტორი რ. ლაღიძე მთელი პასუხისმგებლობით რომ მოჰკიდებოდა საქმეს, ამ ფილმისთვის შეიძლებოდა მეტი გამომსახველობითი ძალის, უფრო მეტყველი მუსიკის დაწერა. აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ რეკლამებზე წარწერა: „სიმღერების ტექსტი დ. გაჩეჩილაძის, მ. მრევლიშვილისა და ა. ბეგაშვილის“, გვპირდებოდა ბევრი და კარგი სიმღერების მოსმენას, მაგრამ მოლოდინი არ გამართლდა. ფილმში, სამწუხაროდ, ორიოდე სიმღერაა, ისიც არც თუ ისე ძლიერი.

დამდგმელ-რეჟისორს ს. ჭელიძეს გულმოდგინეთ უმუშავია მსახიობებთან.

ცისკარა ფილმის მთავარი გმირია. იგი არის განსახიერება კეთილი ძალების თავდადებული ბრძოლისა ბოროტთა წინააღმდეგ. ამ როლის შემსრულებელს ევალებოდა შეექმნა ხალხური ზღაპრული გმირის ისეთი სახე, რომელსაც მაყურებელი შეიყვარებდა. თუ მსახიობის თამაშს განვიხილავთ იმ თვალსაზრისით, რომ თამაზ ტოგონიძე ამ ფილმში პირველად დადგა კინოაპარატის წინ, შეიძლება ითქვას, რომ მსახიობმა თვალსაჩინო გამარჯვებას მიაღწია. ამის მიზეზი უმთავრესად მსახიობის შესანიშნავი გარეგნული მონაცემებია. ფილმში ტოგონიძე-ცისკარა მონუმენტურად წარმოგვიდგება, მიუხედავად იმისა, რომ მთელ რიგ კადრებში მის თამაშს აკლია დამაჯერებლობა და შინაგანი სითბო. განსაკუთრებით შებორკილად ჩანს იგი ლირიკულ სცენებში. შედარებით ძლიერია მსახიობი დევებთან შეხვედრისას, შავქალასთან და ფინალურ კადრებში.

დოდო ჭიჭინაძე ქართული კინოს უკვე საკმაოდ გამოცდილი მსახიობია და მზიას როლშიაც იგი მაყურებლის მოწონებასა და თანაგრძნობას იმსახურებს, მაგრამ უნდა შევნიშნოთ, რომ ერთთავად შეკრული წარბები, ეს იქნება მრისხანების, მწუხარებისა თუ სიხარულის დროს, დამაჯერებლობას ანელებს გმირის შინაგანი განცდების გადმოცემისას. ყველაზე კარგად ატარებს მსახიობი ქალი სცენებს გრძნეულთა მეფესთან.

სრულიად ახალგაზრდა გოჩა აბაშიძე მეორეჯერ მონაწილეობს კინოსურათში. ჯერ კიდევ ფილმში „ისინი ჩამოვიდნენ მთებიდან“ დაიმსახურა მან მაყურებელთა ღირსეული სიყვარული, „ცისკარაში“ მორიგ გამარჯვებას მიაღწია. მისი ბადრი ნამდვილი ქართველი ჭაბუკია – გულალალი და მხიარული, მარდი და თავდადებული. გ. აბაშიძის არც ერთ მიმიკაში, არც ერთ ჟესტში არ იგრძნობა დაძაბულობა და სიყალბე. მან ისეთივე ბუნებრივად და დამაჯერებლად შეასრულა ზღაპრის გმირის როლი, როგორც თავისივე თანამედროვე ჭაბუკისა ზემოთ ხსენებულ ფილმში. ზომიერი, ჯანსაღი იუმორით ატარებს იგი მთელ რიგ სცენებს, განსაკუთრებით სცენას ჯადოსნური სალამურით. გ. აბაშიძის სახით ქართულ კინოხელოვნებას უსათუოდ ნიჭიერი მსახიობი ეზრდება.

როგორც ყოველთვის, შესანიშნავია გრძნეულთა მეფის როლში ეკრანისა და თეატრის ცნობილი მსახიობი გიორგი შავგულიძე. მან სრულყოფილად დახატა გულბოროტი, ადამიანების მოძულე ჯადოქარის ამაზრზენი სახე. სრულიად უბრალო ტაშის შემოკვრითაც კი დამახასიათებელ შტრიხს მატებს იგი თავისი გმირის ხასიათს. ამ როლით გ. შავგულიძემ ერთხელ კიდევ დაამტკიცა, თუ რა მრავალფეროვანია მისი არტისტული შესაძლებლობანი.

ქართული ზღაპრებისათვის განუყრელი თანამგზავრების, ბოროტი და მოსულელო დევების მეტად კოლორიტულ სახეებს ქმნიან მსახიობები აკ. კვანტალიანი, ალ. გომელაური და კოტე დაუშვილი.

კარგია შავქალას როლში მსახიობი ვ. ჭანკვეტაძე. ცისკარას დედის როლის შემსრულებელი ნ. კაკაბაძე ვერ აღწევს მიზანს – მოგვცეს გმირის მშობლის დასრულებული და კეთილშობილი სახე.

საერთოდ „ცისკარა“ კარგი ფილმია. მას სიამოვნებით ნახავს ჩვენი მოზარდი თაობა, რომლისთვისაც უმთავრესად გამიზნულია ეს სურათი. მაგრამ არ შეიძლება არ ითქვას ისიც, რომ კინოსტუდია „ქართულ ფილმს” ყველა პირობა ჰქონდა, რათა გაცილებით უკეთესი სურათი შეექმნა.

 

ალეკო სანადირაძე

„ლიტერატურული გაზეთი“

1955 წ. №48

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *