ორი ცხოვრება, ერთი რეალობა

თანამედროვე კინოში სულ უფრო იშვიათად გვხვდება ნამუშევრები, რომლებიც არა მხოლოდ ამბავს ყვებიან, არამედ მაყურებელს რეალურ პრობლემებთან პირისპირ აყენებენ. მევლუდ საბაშვილის ფილმი, „გამყოფი ხაზი“ (2025) სწორედ ასეთ ნამუშევართა რიგს მიეკუთვნება. ის ეხება თემას, რომელიც მტკივნეულია, აქტუალური და ხშირად მიჩქმალული. ოჯახური ძალადობა, როგორც სოციალური და პიროვნული ტრაგედია, აქ არ არის მხოლოდ სიუჟეტური ხაზი, ის არის რეალობა, რომელიც უამრავი ქალის ყოველდღიურობას განსაზღვრავს. ფილმი გვთავაზობს არა მხოლოდ ამ პრობლემის ჩვენებას, არამედ მის გააზრებას, განცდას და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მის მიმართ პოზიციის ჩამოყალიბებას.

მევლუდ საბაშვილი თანამედროვე ქართულ კინოში იმ ავტორთა რიგს მიეკუთვნება, რომლებიც კინოს მხოლოდ ესთეტიკურ ან გასართობ სივრცედ არ აღიქვამენ. მისი ნამუშევრები ყოველთვის კონკრეტულ პრობლემაზეა კონცენტრირებული და სწორედ ამით იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას. „გამყოფი ხაზი“ ამის გაგრძელებაა, ფილმია, რომელიც არ ერიდება მტკივნეულ თემას და პირდაპირ საუბრობს იმაზე, რაზეც საზოგადოება ხშირად დუმილს ამჯობინებს.

რეჟისორის მთავარი ძალა სწორედ მის სიმამაცეშია. ის ირჩევს ისეთ საკითხებს, რომლებიც რთულია, ხშირად უხერხულიც კი. ოჯახური ძალადობა, როგორც თემა, ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა, რომელიც ჩვენს რეალობაში არსებობს, თუმცა მაინც რჩება ჩრდილში. რეჟისორი ამ ჩრდილს არღვევს და მაყურებელს აიძულებს, შეხედოს რეალობას ისე, როგორც ის არის, შეფუთვისა და შელამაზების გარეშე.

ფილმი განსაკუთრებულად გამოირჩევა თავისი ნარატივითა და მთავარი პერსონაჟის ამბის განსხვავებული ფორმით გადმოცემით. მთავარი გმირი ახალგაზრდა ქალია, რომელიც მუდმივად არის ქმრის მხრიდან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი, თუმცა რეჟისორი ამ ამბავს ერთფეროვნად არ ყვება, პირიქით, იგი გვთავაზობს ორი პარალელური რეალობის თანაარსებობას, რაც ნამუშევარს დამატებით სიღრმესა და დრამატულობას სძენს.

ერთი მხრივ, ვხედავთ ქალს, რომელიც რჩება ძალადობრივ ურთიერთობაში, ცხოვრობს შიშში, დაუფასებლობაში, მუდმივ დაძაბულობაში. ეს რეალობა მძიმეა, თითქმის დამთრგუნველი და მაყურებელს აიძულებს, ბოლომდე შეიგრძნოს ის ფსიქოლოგიური ტვირთი, რომელსაც პერსონაჟი ატარებს. მეორე მხრივ იკვეთება სრულიად განსხვავებული გზა – ქალი, რომელიც პოულობს ძალას, ტოვებს მოძალადეს და იწყებს ახალ ცხოვრებას, ძალადობისა და შიშისგან თავისუფალ სივრცეში.

ამ ორი სამყაროს პარალელური არსებობა ფილმის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და გამართლებული რეჟისორული გადაწყვეტილებაა. საბაშვილი არ გვთავაზობს ტრადიციულ, ხაზობრივ თხრობას, სადაც ერთი ამბავი სრულდება და შემდეგ იწყება მეორე. პირიქით, ორივე რეალობა ერთდროულად ვითარდება და ერთმანეთში ირევა.

ამგვარი სტრუქტურა განსაკუთრებით ეფექტურია, რადგან ხაზს უსვამს არჩევანის მნიშვნელობას. მაყურებელი ხედავს, რა შეიძლება მოხდეს მაშინ, როდესაც ადამიანი რჩება ძალადობრივ გარემოში და რა შეიძლება შეიცვალოს, თუ იგი გადაწყვეტს ამ წრიდან გასვლას.

რეჟისორის მიდგომა გვახსენებს, რომ კინო შეიძლება იყოს ცვლილების დასაწყისი. მაყურებელი ხედავს ეკრანზე იმას, რაც მის რეალობაში ხდება, მაგრამ ამაზე იშვიათად ლაპარაკობს. ფილმი უკვე პირველი ნაბიჯია ცნობიერების ცვლილებისკენ.

ქალის პერსონაჟი, რომლის გარშემოც სიუჟეტი ვითარდება, არ არის მხოლოდ მსხვერპლი, ის რთული ფიგურაა. მისი შიში და შინაგანი წინააღმდეგობა თანდათან იძენს ფორმას. რეჟისორი გვაჩვენებს, როგორ მუშაობს ფსიქოლოგიური ძალადობა: როგორ იშლება ადამიანის თვითშეფასება, როგორ კარგავს ის საკუთარ ხმას და როგორ იქცევა ძალადობა ნორმად. ამ პროცესის ჩვენება ფილმის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარეა, რადგან იგი არ შემოიფარგლება ფიზიკური აგრესიით და ყურადღება გადააქვს ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე, რომელიც ხშირად უფრო გამანადგურებელია.

ვიზუალურად ფილმი მინიმალისტურია, მაგრამ სწორედ ამ მინიმალიზმში იმალება მისი ძალა. კამერა ხშირად რჩება სტატიკურ მდგომარეობაში, ინტერიერიც მინიმალისტურია, ფერები მკრთალი და ცივია, რაც გმირის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ირეკლავს. სინათლის ნაკლებობა და ჩრდილების სიჭარბე ქმნის მუდმივ დაძაბულობას, რომელიც ფილმის განმავლობაში არ ქრება.

ხმის რეჟისურა განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. სიჩუმე აქ ერთ-ერთი პერსონაჟია. ის არა მხოლოდ ფონს ქმნის, არამედ შინაარსსაც ატარებს. ყოველდღიური ხმები, კარის გაღება, ჭურჭლის შეხება, ნაბიჯების ხმა იძენს სიმბოლურ მნიშვნელობას და მაყურებელში დაძაბულობის განცდას აძლიერებს. მუსიკის მინიმალური გამოყენება კიდევ უფრო ამძაფრებს რეალიზმის ეფექტს.

შესამჩნევია სცენარის არათანაბარი განვითარება. მიუხედავად იმისა, რომ ორი პარალელური რეალობის იდეა საინტერესო და შინაარსობრივად გამართლებულია, ზოგ მონაკვეთში მათი გადაკვეთა ბოლომდე არ არის გამყარებული. გარკვეულ ეპიზოდებში გადასვლები შეიძლება მოულოდნელად ან ზედმეტად მკვეთრადაც კი აღიქმებოდეს, რაც კონცენტრაციას არღვევს და თხრობის უწყვეტობას ასუსტებს.

ოპერატორული ნამუშევარიც არ არის ყოველთვის თანმიმდევრული. არსებობს კადრები, სადაც კომპოზიცია და კამერის მოძრაობა ვერ ემსახურება სრულად ემოციურ შინაარსს. ზოგჯერ ვიზუალური ენა თითქოს ვერ ეწევა იმ სიმძაფრეს, რაც თემას აქვს, რის გამოც გარკვეული სცენები ნაკლებად ზემოქმედებენ მაყურებელზე.

განათების გადაწყვეტებიც, რიგ შემთხვევაში, არათანაბარია ატმოსფეროს შექმნის ნაცვლად, ზოგი კადრი ტექნიკურად დაუმუშავებელ შთაბეჭდილებას ტოვებს. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია იმ სცენებში, სადაც დაძაბულობა უნდა იყოს პიკში, თუმცა ვიზუალური მხარე ამ ემოციას ბოლომდე ვერ ამყარებს.

ფილმის ტემპი ზოგ მონაკვეთში ნელდება. ეს ნელი რიტმი ზოგადად შეიძლება გამართლებული იყოს თემის სიმძიმიდან გამომდინარე, თუმცა კონკრეტულ ეპიზოდებში ჩვეულებრივი თხრობა აუცილებელია რათა უკეთ ჩაერთო სიუჟეტში.

მიუხედავად ამ ხარვეზებისა, უნდა ითქვას, რომ ფილმის უარყოფითი მხარეები უფრო ფორმალურ-ტექნიკური რჩება. ისინი ნამდვილად ამცირებენ ნამუშევრის მხატვრულ სრულყოფილებას, თუმცა მთლიანად ვერ ახშობენ მის ძირითად ძალას, სოციალურ და ემოციურ ზემოქმედებას, რომელიც ფილმს გააჩნია.

სწორედ აქ ჩნდება მთავარი კითხვა, რამდენად გადამწყვეტია ეს ხარვეზები მაშინ, როდესაც ფილმს გაცილებით დიდი, ადამიანური და სოციალური მისია აქვს? შესაძლებელია თუ არა, რიმ ტექნიკური სისუსტეები მეორეხარისხოვანი გახდეს მაშინ, როცა ეკრანზე მოთხრობილი ამბავი რეალურ ადამიანთა ცხოვრებაზე ახდენს გავლენას?

საბაშვილის ფილმის შემთხვევაში, პასუხი სწორედ ამ მიმართულებით იხრება. ეს არის ნამუშევარი, რომელსაც პოტენციალი აქვს, შეეხოს ძალიან ბევრ ქალს, გააღვიძოს, გააძლიეროს, ან თუნდაც დაანახოს, რომ მათი მდგომარეობა არ არის ნორმა. ფილმი ერთგვარ მოწოდებადაც აღიქმება საზოგადოებისთვის, რომ გახდეს მეტად ყურადღებიანი, მეტად ემპათიური და ნაკლებად გულგრილი. ხშირად სწორედ ეს გულგრილობაა ის ნიადაგი, სადაც ძალადობა მშვიდად და შეუმჩნევლად ვითარდება. როდესაც კინო ამ დუმილს არღვევს, იგი უკვე ასრულებს მნიშვნელოვან ფუნქციას, მიუხედავად იმისა, რამდენად სრულყოფილია მისი ფორმა.

ფილმი არ ცდილობს იყოს უბრალოდ გაყიდვადი პროდუქტი, რომელიც კომერციულ წარმატებაზეა ორიენტირებული. პირიქით, ეს არის ნამუშევარი, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას და ამ პასუხისმგებლობაში იგულისხმება არა მხოლოდ პრობლემის ჩვენება, არამედ მაყურებლის ცნობიერებაზე ზემოქმედება. ფილმი გვაიძულებს, დავფიქრდეთ იმაზე, რაც ხშირად ჩვენს გვერდით ხდება, მაგრამ რასაც ან ვერ ვამჩნევთ ან განზრახ ვაიგნორებთ.

დღევანდელ კინოში ხშირად ვხვდებით თემების გამეორებას. ეს გარკვეულწილად ბუნებრივიცაა, თუმცა როდესაც რეჟისორები მხოლოდ ამ გზას ირჩევენ, კინო კარგავს თავის მთავარ ფუნქციას. იგი აღარ არის სივრცე, სადაც იბადება ახალი აზრი, ახალი ხედვა, ახალი დისკუსია. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ კინომ არ დახუჭოს თვალი იმ თემებზე, რომლებიც რეალურად საჭიროებენ გახმოვანებას.

ამ თვალსაზრისით, „გამყოფი ხაზი“ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. იგი არ გვაძლევს მარტივ პასუხებს, არამედ გვაყენებს რთული კითხვების წინაშე: რატომ დუმს საზოგადოება? რატომ რჩება მსხვერპლი ძალადობრივ გარემოში? რა როლი აქვს ტრადიციებს, სტერეოტიპებს და სოციალურ ნორმებს ამ პრობლემის შენარჩუნებაში? ეს კითხვები ფილმს სცდება და მაყურებლის რეალურ სივრცეში გადადის.

ეს ნამუშევარი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ კინო არ უნდა არსებობდეს მხოლოდ გასართობად. მას შეუძლია იყოს ინსტრუმენტი, რომელიც აზროვნებას ცვლის, კითხვებს აჩენს და საზოგადოებას განვითარებაში ეხმარება და სწორედ ასეთი ფილმებია საჭირო, ასეთები, რომლებიც არ ერიდებიან რთულ თემებს, არ იმალებიან კომერციული წარმატების უკან და არ თმობენ მთავარ ფუნქციას: იყოს ხმა იმ საკითხებისთვის, რომლებზეც დუმილი უკვე შეუძლებელია.

თეონა ვეკუა

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *