მისიონერები ნეონის ჯვრებით

არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც ფული უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, თუ როგორ შოულობენ მას. ჯვრის სიმბოლო ამ საქმისთვის ჯერჯერობით ყველაზე პოპულარული და საუკეთესო გზაა ამ მიზნის მისაღწევად.

ეს უძველესი სიმბოლო ადამიანისთვის გზის გამკვლევი იყო, რომელიც დედამიწის ოთხ ძირითად წერტილს ასახავდა. შემდგომში ის დროებით სიკვდილმისჯილთა მთავარი „ეშაფოტი“ გახდა, რამაც გამოიწვია მესამე და უმთავრესი რელიგიური დატვირთვა. ქრისტეს ჯვარცმამ, შეიძლება ითქვას, ამ კუთხით ნამდვილი გარდაქმნა მოახდინა სიმბოლიზმში, რადგანაც პირველად ისტორიაში მტრის მიერ შექმნილი სადამსჯელო ხერხი მთელ ქრისტიანულ სამყაროში მთავარ აქსესუარად იქცა მორწმუნეთათვის. მისი მუდმივი დიზაინერული ცვლილება გახდა ერთგვარი შეჯიბრი, ვინ უფრო ლამაზ სიმბოლოს შექმნიდა. ათასწლეულების შემდეგ თანამედროვეობამ ის ისევ მინიმალიზმამდე დაიყვანა, დაიხმარა ელექტროენერგია და შექმნა ნეონის ჯვარი, ნივთი, რომელიც ერთადერთი შემოსავლის წყარო გახდება ტატო კოტეტიშვილის ფილმის, „წმინდა ელექტროენერგია“ (2024), პერსონაჟების ბარტის და ღონღას ცხოვრებაში.

ახალგაზრდა კინორეჟისორის პირველი დიდი პროექტი ნამდვილი ოაზისია ქართულ კინოში თავისი ესთეტიკით, საოპერატორო ნამუშევრითა და თემატიკით. ამბავი ბიძა-ძმისშვილს შორის ვითარდება. თინეიჯერ ბიჭს მამა ეღუპება, რის შემდეგაც მასზე მეურვეობას მისი ბიძა, ბარტი აიღებს. მათი შემოსავლის წყარო ჯართისა და ძველი ნივთების შოვნა-გაყიდვაა. მათი მოგზაურობა ამ რკინის ჯუნგლებში ერთობ სასიამოვნოა. ამ ძიება-პოვნის საქმეს სახალისოდ ხდის ის ფაქტი, რომ თავად პერსონაჟები ხვდებიან და აფასებენ იმ „ნაგვის ესთეტიკას“, რაც ირგვლივ აქვთ. ასეთი რამეები იშვიათად ხდება არა მარტო ქართულ, არამედ მსოფლიო კინოში.

ასეთ დროს პერსონაჟებისთვის გარემო ჩვეულებრივი და არაფრით გამორჩეულია, აქ კი ვხედავთ „კოკა-კოლას“ მაცივრებთან პოზიორ ადამიანებს, რომლებისთვისაც ის სამეფო ტახტს წააგავს. აქვეა ირგვლივ მიმოყრილი ნივთებიც, ზოგი ხმალს რომ მიამგვანეს და ზოგიც – ფარს. ამით რეჟისორი საინტერესოდ გვიხსნის მათ პიროვნებებს, რომ ისინი ჩვეულებრივი „მეჯართეები“ არ არიან, არამედ არიან საკმაოდ არტისტული ადამიანები, რომლებიც აცნობიერებენ, რომ აქ, ამაში არის რაღაც მშვენიერი. ამიტომაც პოულობენ ისინი  მათთვის მნიშვნელოვან რკინის ჯვრებს, რის შემდეგაც ხელით, იაფფასიან, თუმცა ნამდვილ ხელოვნების ნიმუშებს ქმნიან – „ნეონის ჯვრებს“, რომლითაც საკმაო თანხასაც გამოიმუშავებენ.

ახალ აღთქმაში წერია: „იცოდეს მან, რომ ცოდვილის მომქცევი მის ცდომილებას გზიდან სიკვდილისგან იხსნის სულს და მრავალ ცოდვილს დაფარავს“ (იაკობი, წერილი 5:20). ამ ფილმის პერსონაჟები ამ გზის მიმდევრები არიან. ისინი ცდილობენ ამგვარი ღვთიური საჩუქრით ფული იშოვნონ, თუმცა, თავისდაუნებურად, ქრისტეს სახელსაც ავრცელებენ. ეს ყველაფერი ჯერ გაუაზრებლად ხდება, თუმცა ვაჭრობის მომენტში მათთვის ჯვარი არა მარტო გასაყიდი ნივთია, არამედ ერთგვარი მოძღვრება, შეხსენება რომ ქრისტიან ადამიანს სჭირდება ჯვარი, ხსოვნად თავისი გარდაცვლილი ახლობლისა, ანდაც იმ რწმენისა, რომელიც მიილია დროთა განმავლობაში. ეს ყველაფერი არა კლასიკური მისიონერობით, არამედ იმ პროდუქტის შეთავაზებით ხდება, რომელიც სავსეა სიცოცხლითა და ფერებით.

ასეთი ქვეტექსტი მეტად ღრმა ხდება, როდესაც ფილმის ერთ-ერთი პერსონაჟის, ბარტის ამბავს  ვიგებთ. ეს ყოველივე არ ჩნდება ერთიანი მონოლოგით ან აღსარებითი ტექსტით. ამ ყველაფერს ნაწყვეტ-ნაწყვეტ გებულობს მაყურებელი. პირველ რიგში ვისმენთ ბიძა-ძმისშვილის საუბარს, რომ ბავშვობაში ბარტმა კაბის მაგივრად შარვალი აირჩია. რაც ერთის შეხედვით დამაბნეველად ჟღერს, თუმცა შემდგომში ყველაფერს ფარდა ეხდება, როდესაც მას მევალეები ფულის გადაუხდელობის გამო ფეხებით დაკიდებენ და მის პირადობაში წაიკითხავენ, რომ ის ქალია. ისინი ვერ იჯერებენ, რადგანაც ყველაფერი გარდა ერთისა, რომელიც თვალით არ უნახავთ, ცხადყოფს, რომ ის შუახნის მამაკაცია. ამ პერსონაჟის გახსნა, რომ ის ტრანსგენდერია, ხდება ეტაპობრივად. სექს-მუშაკ ტრანსგენდერ ქალებთან წვეულება, იქ საუბრები ღონღასთან, თუმცა მაყურებლისთვის იმ ესთეტიკურ სიურეალიზმში ყველაფერი შესაძლებელი ხდება, გარდა იმისა რომ  ბიძა, ბიოლოგიურად მამიდა არის. მისთვის ეს ბუნებრივი რამაა. ის თავად ამბობს, რომ ღმერთმა ასეთი თავად გააჩინა და იგი მის ამ მდგომარეობას ირგებს, არ ებრძვის იმ ჯვარს, რომელიც უფალმა უბოძა. ის არასდროს ყოფილა ამით მოცული და ცხოვრობდა ისე, როგორც მამაკაცი და ჩანს, რომ ის ბევრად ვაჟკაცია, ვიდრე სხვები.

კინოსურათი ვიზუალურადაც ძალიან საინტერესოა. რეჟისორის ხედვა და კადრის აღქმა, შეიძლება ითქვას, განსხვავებულია ქართული კინოკულტურისგან. ჩვენს თანამედროვე კინემატოგრაფში ხშირად ვხვდებით ნაცრისფერს, უფერო, ხშირად კი რეკლამის ტიპის გამოსახულების მქონე კადრებს, სადაც იგრძნობა იუველირული სიზუსტით აწყობილი კომპოზიცია, თუმცა არ იკითხება სათქმელი. ხშირ შემთხვევაში, კადრები სილამაზისთვის არის შექმნილი და არა თხრობისთვის. „წმინდა ელექტროენერგიაში“ ტატო კოტეტიშვილმა, რომელიც თავადვეა დამდგმელი ოპერატორი, სრულიად განაგდო ეს ტენდეცია. მან სცადა კადრი არა მარტო ლამაზი და კომპოზიციურად სწორი ყოფილიყო, არამედ თითოეულ კადრს ჰქონოდა დატვირთვა პერსონაჟების თუ ამბის აღსაწერად. შეიძლება ვთქვათ, რომ ფილმი ნამდვილად ფოტოგრაფიულია ამ სიტყვის შინაარსობრივი გაგებით, რადგანაც  შეგვიძლია ყოველივე კადრი ამოვჭრათ, როგორც ფოტო და მისი შეკვრის შემთხვევაში არ დაიკარგოს თხრობა. ავტორმა კომპოზიციური წყობა ააგო არა ფერწერული ხასიათით, სადაც მრავალი შრე, გათვლილი შუქი და დეკორია, არამედ ქუჩაზე და ბუნებრივ განათებაზე შეაჩერა არჩევანი.

ერთადერთი გარღვევა ფილმს ფინალურ სცენაში აქვს, სადაც ამბავი მთავრდება ყოველგვარი კლასიკური დასასრულის გარეშე. პერსონაჟები უმიზეზოდ ქრებიან, მთავარი მოქმედი პირები კი იმაზე გაურკვეველ მდგომარეობაში არიან ცხოვრებისეულად, ვიდრე ფილმის დაწყებისას იყვნენ. ერთი შეხედვით, ნარატივი მიდიოდა იქამდე, რომ ბიძა-ძმისშვილის ცხოვრებაში და მათ ურთიერთობაში პოზიტიური დასასრული უნდა გვეხილა, სადაც ორივეს ყოფა უკეთესობისკენ იქნებოდა წარმართული, თუმცა ყოველივე იგივე რჩება. ბარტი ვერ იხდის ვალებს, თინეიჯერი ბიჭი კი კარგავს მეგობარ ბოშა გოგოს, რომელთანაც გულწრფელი და ღია იყო. მისი ძველი მეგობარი გოგონა ცდილობს მასთან ფლირტს, თუმცა ბიჭისთვის ის მხოლოდ მეგობარია და მეტი არაფერი. მის ბრაზისა და წყენის ერთადერთი გამოსავალი ხდება კონცერტი, სადაც ახალგაზრდების დიდი მასა სპეციფიკურად ცეკვავს. ასეთი დასასრულის გამო ფილმმა ორაზროვანი ემოცია გამოიწვია – ერთი მხრივ, თითქოს ავტორმა პერსონაჟები გაწირა ასეთი ყოფისთვის, მეორე მხრივ კი მიუთითა, რომ ცხოვრებაში ასეთი რაღაცეებიც ხდება და ეს რეალობაა.

საბოლოო ჯამში, „წმინდა ელექტროენერგია“ ქართული კინემატოგრაფიული რეალობისთვის მნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯია. ამ კინოპროექტით გამოჩნდა, რომ აღარ არის საჭირო, დრო დაიხარჯოს სტანდარტად ქცეულ საავტორო კინოს ესთეტიკასა და ავტორის პირადი გამოცდილებების შექმნაში. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ეს კინოსურათი ბოლოდროინდელი სანიმუშო მაგალითია, თუ რა თემაზე და როგორი სტილით უნდა შეიქმნას ქართული კინოს ესთეტიკა.

საბა მახარაშვილი 

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *