ადამიანის ცხოვრება არაფერის არ არის, თუ არა მუდმივი ლოდინი რაღაცისთვის. ლოდინი, თუ როდის მოვა შაბათ-კვირა, ზაფხული, ახალი წელი, ახალი ფურცლიდან დაწყებისთვის, როდის გამოჩნდება ახალი სამსახური, როდის იპოვი ცხოვრების სიყვარულს, როდის წახვალ სანუკვარ მოგზაურობაში, როდის აიხდენ ყველა ოცნებას და სწორედ ამ ლოდინიდან შემდგომ ლოდინამდე ვარსებობთ, თუმცა ყველაზე მძიმეა ძვირფასი ადამიანის ლოდინი, რომელიც შეიძლება შენგან შორს სულაც არ იყოს, მაგრამ მაინც სულ ელოდო. ეს არის ჩვენი მუდმივი ციკლი, არსებობის მოკლე ახსნა. ვარსებობთ ერთი დიდი მოლოდინის რეჟიმიდან შემდეგ მოლოდინამდე, რადგან თუკი დაგიდგა დროება, როდესაც არაფერს არ ელოდები, თითქოს მიზანი და არსიც გეკარგება. სანამ არსებობს მოლოდინი, არასებობს იმედიც და სანამ არის იმედი, მანამ ჩვენი გულები უფრო მედგრად და თამამად ძგერს.
ნიკა არახამიას სტუდენტური ფილმი, „წისქვილის ქვა” (2022) სევდით გაჯერებული მოკლემეტრაჟიანი ფილმია. რეჟისორი ახერხებს, მიიპყროს მაყურებლის ყურადღება და ინტერესი გაგვიღვივოს, თუ რა მოხდება ბოლოს. ეს ნამდვილად არის სცენარისა და ვიზუალური ენის სწორი შერწყმის დამსახურება.
ფილმში არ არის დიალოგები. უხმოდ მოდის პერსონაჟების სათქმელი ჩვენამდე, რაც ამ სევდასა და დარდს კიდევ უფრო აღვივებს. აშკარად ვუყურებთ სოფლიდან წამოსული მამაკაცის ცხოვრებას, რომელსაც ბინის წინ მეპატრონე ელოდება, ალბათ, ქირის თანხის მოლოდინში, ხელმოცარული მთავარი გმირი კი საყვარელ ქალზე ფიქრობს, რომელსაც თავად არც თუ ისე ადარდებს იგი და სხვა მამაკაცთანაც კი გააბა რომანი. გარკვეული დროის შემდეგ ჩნდება გამართლება, ილიას სამსახურში აწინაურებენ და მისი ცხოვრებაც იცვლება. ქალი, რომელზეც ბევრს დარდობდა, ახლა თავად ბრუნდება მასთან, გარეთ ბინის მეპატრონე აღარ ელოდება და საერთოდ უკეთეს სახლშიც კი ცხოვრობს. და რაც მთვარია, მზად არის სანუკვარ მამას ჩააკითხოს სოფელში, რომელიც რადიოში გაჟღერებული მუსიკით თუ ვიმსჯელებთ, სამეგრელოში მოელის მას. ამასობაში, ვხედავთ, როგორ მუშაობს წისქვილის ქვა, როგორ დაუზოგავად შრომობს მოხუცი მამაკაცი და რამდენ სიმბოლიზმს ატევს რეჟისორი ამ პერსონაჟის მარტოობის სიმძიმის გამოსახატავად.
რეჟისორი პირდაპირი ადარებს წისქვილის ქვას ცხოვრებას, რომელიც სწორედ ზემოთხსენებულ ლოდინში ილევა, იწურება და ქვიშის საათივით გვეცლება ხელიდან, თუკი მის შესანელებლად რამეს არ მოვიმოქმედებთ, თუკი ჩვენთვის საყვარელ ადამიანებს მეტ დროს არ დავუთობთ, თუკი ჩვენს პრიორიტეტებსა და ურთერთობებს იმაზე მაღლა არ დავაყენებთ, ვიდრე თანამედროვე სამყაროში კარიერული წინსვლაა. ბევრი ადამიანი შეიძლება ამ მოსაზრებას უარყოფდეს და ემხრობოდეს ადამიანისთვის საკუთარი ინდივიდის განვითარების გზაზე ყოველგვარი დაბრკოლებისაგან განთავისუფლებას, თუმცა როგორ შეიძლება ისაუბრო ინდივიდზე მის გარშემო არსებული ახლობელი ადამიანების გარეშე. თითოეული ადამიანი ინდივიდად ყალიბდება არამხოლოდ საკუთარი გამოცდილებებითა და მიგნებებით, არამედ იმ ცხოვრებისეული გაკვეთილებით, რასაც არამარტო ჩვენი საკუთარი თავები, არამედ სხვა ადამიანებიც გვასწავლიან ცხოვრებაში. იმ ცოდნით, რომელსაც გვიზიარებენ, თავდაჯებულობითა და რწმენით, რომლებსაც ნერგავენ ჩვენში, რაც შემდეგ მარადმწვანე მცენარესავით ხარობს ინდივიდში. მანამ, სანამ სხვა ადამიანი მის მორწყვას აგრძელებს, “ადამიანი ადამიანისთვის დღეა” და არაფერი არ არის იმაზე სასიამოვნო, ვიდრე ადამიანის, განსაკუთრებით კი მშობლის გახარების უნარი, თუმდაც ისეთი მარტივი ქმედებით, რაც მათი მონახულებაა.
აქ რეჟისორს აქვს სწორი მიგნება გაკეთებული, ვინაიდან საუბრობს უშუალოდ ქართულ ხასიათზე და საქართველოში ძალიან აქტუალურ პრობლემაზე, რაც რეგიონებში ცხოვრებასთან და თბილიის ცენტრალიზებასთანაა დაკავშირებული. სამწუხაროდ, საქართველოში მხოლოდ რამდენიმე ქალაქი იძლევა სრული განვითარების საშუალებას, ისიც გარკვეული ჩარჩოების ფარგლებში. რეგიონში მცხოვრებ უმეტეს ახალგაზრდას უწევს დედაქალაქში გადმოცხოვრება, ხოლო მათი მშობლები რჩებიან სოფლებში, მათი შვილების ჩამოსვლის მოლოდინში.
რეჟისორი იყენებს საბჭოთა, ეიზენშტეინისეულ „ინტელექტუალრ მონტაჟს“, სადაც კადრები ერთმანეთ სწრაფად ენაცვლებიან და ირიბად გადმოგვცემენ სათქმელს. ვხედავთ სამსახურში დაწინაურებული ილიას, საკუთარ თავზე გაბრაზებული როგორ მიემართება სოფლისაკენ, სიამაყითა და მოლოდინით აღსავსე. პარალელურად მოჩანს იმედებგადაწურული მამა, რომელსაც უკვე აღარ სჯერა მისი შვილის ჩამოსვლისა, საკუთარ თავს ჭადრაკს ეთამაშება და მარტოობაში ატარებს მთელს დღეებს.
არხამიას კინოსურათი, სხვა სტუდენტურ ფილმებთან შედარებით, შეიძლება, ოდნავ გრძელი მოგვეჩვენოს, მაგრამ არა გაწელილი, რაც დასაფასებელი კრიტერიუმია სტუდენტურ კინოში. საინტერესოა, ასევე მდუმარე სტილი, რომელსაც რეჟისორი ირჩევს. იგი ორი ადამიანის ცხოვრებას ერთმანეთის პარალეურად ყვება და მთელი ფილმის მანძილზე ველოდებით გრადნიოზულ ფინალს – მათ შეხვედრას, თუმცა რეჟისორი ტრაგიკულ გზას ირჩევს, შეხვედრა ვერ შედგება და ლოდინში გაწბილებულ მამას თავისსავე წისქვილის ქვა დაუტრიალდება თავზე. ვხედავთ, როგორ იწურება დასანაყად ჩაყრილი სიმინდი, იწურება მოლოდინის აღმაფრენაც და იწურება დროც, რომელიც ასეთი ძვირფასია, ბოლოს კი წისქვილი ჩერდება, წყვეტს მუშაობას, ქვა წყვეტს ნაყვას და ჩერდება მოლოდინიც, ქრება იმედიცა და გულისძგერაც. დრო, რომელიც შეიძლება ასე მწირად გვქონდეს, რამდენად მნიშვნელოვანია დავუთმოთ სწორ ადამიანებსა და საქმეს.
ფილმის მეორე ნაწილში რეჟისორი ახერხებს ძლიერი ემოციური კავშირი დაამყაროს მაყურებელთან, რომელსაც სურს იხილოს მამა-შვილის შეხვედრა და „ჰეფი ენდი“, იგრძნოს სიმშვიდე და ამ წამის ბედნიერება, თუმცა ამის საპირისპიროს ჩვენებით ეს ემოცია და გრძნობა უფრო მძაფრდება მაყურებელში. ნიკა არახამიამ წარმატებით გაართვა თავი ერთ-ერთ მთავარ დავალებას, რომ მის სტუდენტურ ნამუშევარს ჰქონოდა აზრი და გზავნილი, რომელიც ყოველი მაყურებლისათვის იქნებოდა გასაგები. ამისთვის იგი იყენებს კინოს უნიკალურ ტექნიკურ ხერხებს, სადაც უკვე წინა რიგში გადმოდის რეჟისორული გადაწყვეტილებები და უფრო იჩრდილება სამსახიობო თამაში.
ლიზი გაფრინდაშვილი






