როგორ ცხოვრობს დღევანდელ საქართველოში ხელოვანი, რომელმაც უკვე მიაღწია შუა ასაკს და ოდესღაც არსებული მომავლის გეგმები, მიზნები და ოცნებები, რეალობის, სოციალური და პოლიტიკური პრობლემების გამო, წარსულში დარჩა და მომავალი მხოლოდ „იძულებითი მიგრაციის“ იმედად უჩანს?!
ამ თანადროული და მნიშვნელოვანი საკითხების მხატვრული, მოქალაქეობრივი და პერსონალური გააზრებაა ნანა ჯორჯაძის ფილმი „პეპლების იძულებითი მიგრაცია“ (2024), მისი, თამარ ბართაიასა და ჯორჯ შეპარდის სცენარის მიხედვით.
კინოსურათს „თაობის ავტოპორტრეტი“ შეიძლება ვუწოდო, რადგან რეჟისორიც და სცენარისტებიც, ბევრ საკითხში პირადულ და ამასთან კონტექსტში, სხვადასხვა თაობის ცხოვრებისა და პრობლემების რთული აგებულების, მრავალფეროვან პანორამას ქმნიან. ის სხვადასხვა ტიპის, ბედის, თვისებების ადამიანების კოლორიტული სახეებისგან შედგება, თანამედროვე საზოგადოების პრობლემებს აერთიანებს და მეტყველად გამოხატავს, ყოფის ელემენტების, პერსონაჟების შინაგანი მდგომარეობის ასახვითა და ცხოვრებისეულ წინააღმდეგობებზე რეაგირების ფორმებითა და თავისებურებების ჩვენებით.
ერთ-ერთი და შეიძლება, უმთავრესი პრობლემა – მიგრაციაა. თანაც, იძულებითი. რისი მიზეზიც, რეჟისორის შეხედულებით, სხვადასხვა გარემოებით გამოწვეული სოციალური მდგომარეობაა. მიგრაციას კი – საკუთარი სახლის, სამშობლოს – დაკარგვა მოსდევს, შესაბამისად, საკუთარი ადგილისა და პიროვნულობის დაკარგვის საფრთხე. მსგავსი დანაკარგები კი, განსაკუთრებით რთულია თაობებისთვის, რომლებმაც უკვე გადააბიჯეს რაღაც ასაკობრივ ზღვარს, რომლის მიღმაც, ახალი ცხოვრების დაწყების, ახალ პირობებს „მორგებისა“ და ახალ სინამდვილეში სრულფასოვანი არსებობის შანსების აღმოჩენა, რაიმე არსებითის მიღწევა – ფაქტობრივად, შეუძლებელია.
ნანა ჯორჯაძემ „პეპლების იძულებითი მიგრაციის“ გადაღება პანდემიის დროს, 2022 წელს დაიწყო (რამაც, ფილმში წამოჭრილი, სამყაროს „ჩაკეტილობისა“ და მისგან თავის დაღწევის ზოგადი პრობლემა კიდევ უფრო გაამწვავა) და მხოლოდ, მოგვიანებით, 2023 წელს, ასევე, სხვადასხვა ხელისშემშლელი გარემოების გადალახვის შემდეგ, პროდიუსერ ჟანა სარდლიშვილთან თანამშრომლობით, დაასრულა.
ფილმის მოქმედება მეგობრების ერთი ჯგუფის და მათთან დაახლოებული პირების (პროფესიონალი და არაპროფესიონალი მსახიობების – რატი ერაძე, თამარ ტაბატაძე, ნათია ნიკოლაიშვილი, ანა ქურთუბაძე, თამრი ბზიავა, გიორგი ცაგარელი, ბუბა ჯორჯაძე, დარეჯან ხარშილაძე, თამარ სხირტლაძე, მარი ჯანაშია – მონაწილეობით) ერთი კონკრეტული ადგილის გარშემო და მიმდებარე სივრცეებში, არც თუ ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ვითარდება.
კინოსურათში აღბეჭდილ ლოკალურ, პრივატულ სივრცეს კი ავსებს და არსებულ პრობლემატიკას განსაზღვრავს და განკარგავს საქართველოს უახლესი ისტორიის დრამატული მოვლენები, რომლებმაც მნიშვნელოვნად განაპირობეს და შეცვალეს ქართული საზოგადოების ბედნიერი და მშვიდობიანი ცხოვრების დასახული გეზი, რომელიც ქვეყანას დამოუკიდებლობის მოპოვებისა და თავისუფალი სახელმწიფოს პირობებში უნდა ჰქონოდა.
ფილმი ასეთი ტიტრით იწყება – „ომების შედეგად, რუსეთმა მიიტაცა საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი. სამაჩაბლო და აფხაზეთი დღემდე ოკუპირებულია“, და მოვლენები ვითარდება თბილისში, აფხაზეთის ომიდან 27 წლის შემდეგ.
დოკუმენტური კადრები – კერპების – კომუნისტ მოღვაწეთა ძეგლების – დამხობა, თუ როგორ ხსნიან კომუნისტებისა და რევოლუციონერების ქუჩებიდან ფირნიშებს, საქართველოს უახლესი ისტორიის ქრონიკა – ფილმს ბოლომდე გასდევს და ერთ მთლიანობად აღიქმება.
მისი ეკრანული სინამდვილე რეალობის მეტაფორაა, რაც ყველა დეტალითა და მათი მხატვრული კომბინაციით იქმნება. გარემო, ურთიერთობები, პერსონაჟების – ფსიქოლოგიური და ტიპაჟური – მახასიათებლები, ყოფისა და წარმოსახვითი ელემენტების, ზოგიერთ შემთხვევაში, ექსპრესიული, უტრირებული გამომსახველობა და საპირისპიროდ, ლირიკული, სევდიანი და შინაგანად დამუხტული ეპიზოდები, ნანა ჯორჯაძისა და გიორგი ბართაიას მონტაჟით, ერთმანეთს ორგანულად ეთავსებიან.
ამ სივრცის, დღევანდელობისა თუ უახლესი ისტორიის, ზოგადკულტურული და თანამედროვე ეკრანული პირობითობის შექმნაში ქმედითაა ჩართული – დათო ევგენიძის ორიგინალური მუსიკა და ცნობილი მელოდიების, თემების არანჟირებები, მუსიკალური ნაწარმოებების ფრაგმენტები; მათ „გაგრძელებად“, ივანე გვარაძისა და ვალერი სარქისოვის შექმნილი და აწყობილი – ცხოვრებისა და „შინაგანი“ ხმების, ხმაურების „აუდიო“ რიგი.
ნანა ჯორჯაძე ცხოვრების რეალობის ამგვარი ჩვენებით, იმ პირობებს, მიზეზებსა და შედეგებს იკვლევს, რომლებმაც საზოგადოების ცხოვრების ამგვარობა განაპირობეს. და ადექვატური ეკრანული სამყაროს შესაქმნელად, გამომსახველ, მძაფრ, ექსპრესიულ ფორმას იყენებს, რასაც, შემდგომ, „მინორული“, მშვიდი ქმედებისა და დინამიკის ეპიზოდებით ცვლის, როგორც კლასიკური მუსიკალური ნაწარმოების აგებულებასა და ფორმისეულ წყობას ახასიათებს.
ფილმის სამოქმედო არესა და მის სამყაროს თავისი ბუნებრივი, სპეციფიკური ნიშნები და თავისებურებები აქვს. ამოძრავებს წესები და კანონები, რომლებიც ადამიანების კონკრეტული ჯგუფის „საცნობი“ ნიშნებია და თან, თანამედროვე საზოგადოების შინაგანი და ფიზიკური მდგომარეობის განზოგადებულ თვისებებსა და პრობლემებს მოიცავს.
მოქმედება იშლება – მხატვარ გიორგი მასხარაშვილის შექმნილ და ოპერატორ მიხეილ კვირიკაძის კამერით აღბეჭდილ სივრცეებში – მთავარი გმირის – მხატვარ კოსტას სახელოსნოში (მოქმედების მთავარი და სპეციფიკური რეკვიზიტითა და ობიექტებით აღჭურვილ ინტერიერში), ფილმის პერსონაჟების შეხვედრებისა და ყოველდღიურობის ეპიცენტრის ჩაკეტილი და ინტიმური გარემოდან, მის კედლებს გარეთ – საზოგადოების სხვადასხვა თავშეყრის ობიექტებზე, ბუნების წიაღში თუ ქუჩებში – პერსონაჟები და სამყარო განსხვავებული რაკურსებითა და წერტილებიდან ჩანს.
პეპლების ცხოვრება ისედაც ხანმოკლეა. მხოლოდ რამდენიმე დღე გრძელდება. თუმცა, ეს მაინც მთელი ცხოვრებაა, ნებისმიერი სხვა სულიერი არსების სიცოცხლის „ჩვეულებრივ“, „ნორმირებულ“ ხანგრძლივობას რომ უდრის. ის იშვიათი ჯიშის პეპლები კი, რომელსაც ფილმის ერთ-ერთი გმირი პოულობს, მხოლოდ საქართველოში ბინადრობენ და არსად სხვაგან. ვერც იცოცხლებენ, ზუსტად ისე, როგორც ფილმის პერსონაჟები, სხვაგან წასვლის გადაწყვეტილების, სურვილისა თუ მომხდარის მიუხედავად.
ნანა ჯორჯაძე, ალბათ, ყველა არაორდინარული პერსონაა ქართულ კინოში. არტისტული, ენერგიული, ექსტრავაგანტური, სოციალურად, მოქალაქეობრივად აქტიური. სახასიათო და უნივერსალური გარეგნობით, ბევრი პიროვნული ნიშნითა და თვისებით. როგორც რეჟისორი – ინდივიდუალური ხელწერით გამორჩეული. პირველი პროფესიებით – მუსიკოსი და არქიტექტორია და სივრცითი, მასშტაბური ჰარმონიული აზროვნება ფილმებშიც აშკარად ჩანს. აშკარაა, როგორც თემატიკისა და საზოგადოების პრობლემების, ეპოქების კვეთის სისტემატიზებით, ზოგჯერ, დროსთვის გასწრების მხრივ. კადრის კომპოზიციის, საერთო მხატვრული გადაწყვეტის მოცულობითობის, დინამიკისა და ცოცხალი ტემპო-რიტმისა და თავისებური მონტაჟური „შერჩევის“ თვალსაზრისითაც.
სახელოვნებო მიმართულებების, საავტორო პოზიციისა და ინტერესების პირველი განაცხადი და საერთაშორისო სივრცეში წარმატება (რაც დღემდე და ყოველ ფილმთან დაკავშირებით გრძელდება და ახალი ნიშნებით მდიდრდება), პირველივე მოკლემეტრაჟიანი „ატლანტით“ დაიწყო. მეტაფორული და დახვეწილი იუმორით შექმნილი სატირა, რეალობისა და გამონაგონის ორგანული ერთობით, თანადროული და ზოგადსაკაცობრიო საკითხების კავშირით, რომელიც, ამავე დროს, ნათლად აჩვენებს ტოტალიტარიზმის დროს პიროვნების ძალასა და უსუსურობას რეჟიმის წინაშე და წინააღმდეგ. მეტყველად აჩვენებს, თუ როგორ იმონებს, თრგუნავს და აქცევს სისტემა ადამიანს ძალადობის მსხვერპლად. რომელიც მაინც ახერხებს იყოს ძლიერი და მხრებით ზიდოს პირადი მოვალეობისა და ტირანიის არაჰუმანურობის მთელი ტვირთი.
ფილმ „ატლანტის“ შემდგომ, ნანა ჯორჯაძის, სხვადასხვა პერიოდსა და მოცემულობაში გადაღებულ ფილმებში – „მოგზაურობა სოპოტში“, „დაგვეხმარეთ იალბუზზე ასვლაში“, „რობინზონიადა ანუ ჩემი ინგლისელი ბაბუა“ (რომელმაც კანის ფესტივალზე „ოქროს კამერა“ მოიგო), „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი“ („ოსკარის“ ნომინანტი), „27 დაკარგული კოცნა“ – ქართული კინოსთვის სრულიად ახალი თემები და გმირები გამოჩნდნენ. კინოსურათები ტირანიის, საჭოთა რეჟიმის სისასტიკესა და ბოლშევიზმის დამანგრეველ ძალაზე, გავლენაზე – საზოგადოებაზე, ისტორიულ პროცესებსა და ადამიანების ბედზე. და ადამიანებზე, რომლებიც ებრძვიან, არ ემორჩილებიან და ამარცხებენ ბოროტებას.
„პეპლების იძულებითი მიგრაციაც“ ამ გზის გაგრძელებაა. მასში, ერთი მხრივ, წარმოდგენილია პოლიტიკური, სოციალური, ისტორიული გარემოებები და მეორე მხრივ, მათი გავლენის ძალა, ზოგადად, ქვეყნისა და კონკრეტულად, თითოეული ადამიანის ბედზე. მათ ფიზიკურ თუ მენტალურ, მორალურ არსებობაზე. შემგუებლობასა და წინააღმდეგობაზე. გადარჩენის გზების ძიებაზე.
ნანა ჯორჯაძის კინო ავტორს ჰგავს. მისთვის და მისი ფილმებისთვის დამახასიათებელია – მეტაფორული, იგავური ენა, ცოცხალი, მახვილი და შეფარული იუმორი, თხრობის ლაღი მანერა, გახსნილობა, ამბისა და სათქმელის სიცხადე, მყარი პოზიცია, ინდივიდუალური შეხედულებები და დამოკიდებულები და შემოქმედებითი სითამამე.
„პეპლების იძულებითი მიგრაციაც“ ასეთია – მრავალშრიანი, კალეიდოსკოპური, ბევრი ხაზით ნაგები, ბევრ პერსონაჟზე, ბევრი პერსონაჟის ურთიერთობებსა და თითოეული მათგანის პირად და საერთო, სხვადასხვა ამბავზე აწყობილი. სევდიანი და ნოსტალგიური, მაგრამ მაინც, ნანა ჯორჯაძის, როგორც პიროვნებისა და ხელოვანისთვის დამახასიათებელი – იმედით, ოპტიმიზმითა და სიცოცხლის სიყვარულით აღსავსე.
ლელა ოჩიაური






