„პატარა პრინცის“ ზღაპარი იმდენად ცვლიდა ადამიანების წარმოდგენას განზომილებით არსებულ მოცემულობებს შორის, რომ არცოდნის სიმძიმესა და ტრაგიკულ შედეგებს სამიზნეც კი არ ჰყავდა. უფრო იოლად თუ გავყვებით ამ ამბავს, პატარა პრინცის სიმშვიდით მოსილმა ცოდნამ ადამიანებისა და ცოცხალი არსებების შესახებ ყველაზე სასოწარკვეთილი დაუცველი შიშების წიაღში გაიარა და თითქოს გააქრო ისინი, როდესაც ეკზიუპერის ზღაპარმა ჰპოვა ადამიანებისკენ გზა.
ამ ზღაპრის მოტივი რამდენჯერაც განმეორდება და აისახება სცენაზე, ეკრანზე თუ ლიტერატურულ ოპუსებში, იმდენჯერ შეიცვლება მისი ყოვლისმჭვრეტელი სიკეთის სახე. თვითგანადგურებისკენ უსწრაფესი სიჩქარით მიმავალი ადამიანები, კაცობრიობა არასდროს იქნება იმდენად ახლოს საკუთარი თავის შეცნობასთან, რომ წიგნის მიმზიდველი და თუნდაც ტოქსიკური მტვერი, მისთვის ყოფიერების გასაღებად აქციოს. წიგნის – როგორც თავისთავადობის, როგორც შეცნობის, როგორც უპირობო სიღრმის, როგორც იმედგაცრუებისაგან თავის დაღწევის, როგორცმეტაფორული „მეს“ სახე, რეჟისორმა მარიამ ქარქაშაძემ მხატვრულ ფილმში „ობსერვატორია“ (2026), ხილულ პოსტ-ჰომო-ზე-პერსონად აქცია, რომელსაც არ გააჩნიაშეგრძნებისაგან თავისუფალი კონტურები, თუმცა მისი ტოქსიკური მტვერიც და ყვითელ მორუხო ფურცლებად შეკრული შიგთავსიც ერთადერთი ცოცხალი არსებაა პლანეტაზე, რომელიც საკუთარ მეცნიერებს და კეთილ ადამიანებს ჯიუტად „არ უჯერებდა“.
ასეთი ზღაპრისმიერი ლექსიკით მოტანილი ამბავი ალბათ უფრო მეტად ჰგავს მცირე ფორმატის სიურრეალისტურ ოპუსს, ვიდრე ფილმის ანალიტიკურ საწყისს. ბუნებრივიცააა: მარიამ ქარქაშაძის ბინდად ქცეული აბასთუმნის ობსერვატორიის ტერიტორია იშვიათ სარკედ გამოიყურება ეკრანზე.
ფილმის დასაწყისშივე ჩნდება ჩვენს წინაშე მძიმედ, სპეციალურ სამოსში გახვეული ადამიანი, რომელიც რადიაციული მტვრისაგან და მეტეორისაგან დაშლილ სამყაროს ამ ერთ კუნჭულში, სამოთხისებრ მიტოვებულ უბრალოებაში წიგნების გადასარჩენად გადის ყოველდღე ამ გზას და როგორც გვგონია, ცოცხლად გადარჩენილთა შორის ერთადერთს – პატარა მოზარდ შვილიშვილს, გოგონას უტოვებს ცოდნას. ეს იოლად მონათხრობი ამბავი კი სინამდვილეში რთულად ასახსნელ, თუმცა მხატვრული ესთეტიკის სიურრეალისტური სიმბოლური გადააზრებით ვითარდება: ავთო მახარაძის ბაბუა, დედამიწაზე ეულად შთენილი სიბრძნის სიმძიმის ტარებას ისევე იკისრებს, როგორც მარიამ ქარქაშაძის მიერ აღქმული, მარად ღრუბელში მოქცეული ლურჯი ტყის და მტვრიანი წიგნის ტყვიის შეგრძნებას ამძაფრებს ამ ფილმის დინამიკა. შვილიშვილის და ბაბუის ურთიერთობა არარსებულის და ახალ განზომილებაში მოქცეული ეგზისტენციალიზმის ის მიკრომოდელია, რომელიც არაფერს არ გვაგონებს, არ გვახსენებს, ასოციაციებს იწვევს, მაგრამ მხოლოდ ავთენტურს, მისთვის, მისი მხატვრული სიმძაფრისთვის დამახასიათებელს, თითქოს ავთო მახარაძის გაქვავებულ, სიმძიმით ამოშანთულ მზერაში დანახულს და როგორი მძიმე, ამასთანავე რა არაბუნებრივად დიდი სიყვარულით არის გამთბარი ეს უკვე აკლდამად ქცეული ულამაზესი სამყარო: ოდესღაც სიბრძნის მცველი, ოდესღაც სამყაროსთან ახლოს მყოფი, ოდესღაც ადამიანების ყოფის და სიხარულის დამტევი.
ფეხით მიმავალი სილუეტი მოხუცი კაცის ფეხის ანაბეჭდსაც კი ტოვებს თითქოს მქრქალს და სუსტს. ტყის და სივრცის სიმძიმეც ტყვიის მსგავსად გამოიყურება. სარტრის ეგზისტენციალიზმის თანახმად, მისი დოქტრინით არსებობა წინ უსწრებს არსებას – თუ სადმე შესაძლებელია ბოლომდე ამართლებდეს ესთეტიკური მოცემულობიდან არსის დანახვის და ასახვის ამგვარი ფორმა, ამგვარი ფილოსოფიური წყობა, მაშინ ეს ნამდვილად ობსერვატორიის იდუმალ და კონკრეტულ, რუხ, ჭრიალით და რახუნით რომ საუბრობს იმგვარი უზარმაზარ სივრცეში გამოკეტილი ავთო მახარაძის გმირი და მისი წარმოსახვით-რეალისტური პატარა შვილიშვილია, სიცოცხლის არსებობით წინ რომ უსწრებს საკუთარ არსებას.
დიდ ძველ დერეფნებში აღარაფერი სუნთქავს კარგა ხანია და ჰაერსაც კი თავისი ფერი აქვს – არსებობის ფერი. საბაგიროს ჭრიალა ხაზზე სინათლის ზოლები გამჭვირვალე ტონებს ატარებენ. მზიანსაც და ნაცრისფერსაც. ნახევრადბნელ ინტერიერში, რკინის საწოლთან სკამს ადამიანის არსებობა ატყვია და ეს საკმარისია იმისათვის რომ მოვემზადოთ – მივხვდეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ხანგრძლივი, მდორედ მიმავალი კადრები, ეპიზოდი, სადაც ბაბუა გადარჩენილ წიგნებს საგულდაგულოდ ფუთავს მუქ ქაღალდებში, ინახავს, იცის, ეს არსებობაა – სარტრისეული არსებობა, ერთადერთი გზა, რომელმაც შესაძლებელია არსებას გაუსწროს და ამით გადაარჩინოს მარადიულ არცოდნას შეწირული სულები.
ეს ეპიზოდები განსაკუთრებით იპყრობს ყურადღებას, ვინაიდან ბაბუას გარდაცვალებისას, რომლის დრამატულ გაიგივებაში ამ გმირთან, მთავარი მაინც მისი განდგომაა მაყურებლის განცდასთან, იგივე წრე, იგივე ჭეშმარიტება ცოცხლდება. ბაბუა კვდება – უძლური, მაგრამ მტკიცე ხელით ბოლოს თეთრ ზეწარს გადაიფარებს სახეზე და ამით გვეტყვის, რომ ყველაფერი, რაც ხდება, არ არის აუცილებლად წარმოსაჩენი. ხანდახან სამყარო ჩვენგან განდგომას ითხოვს. სიკეთე და სიბრძნე არსებობაში ისადგურებს და არ იბადება ყოველთვის არსებასთან ერთად. გარდაცვალების ამ იდუმალ აქტს შვილიშვილი ჭუჭრუტანიდან უყურებს – ეს ეკზიუპერის კეთილი საწყისის გულუბრყვილო მოლოდინია. იქ, სადაც არამატერიალური ჯერ კიდევ დედამიწაზე მყოფს ელის, სადღაც პატარა საკეტის ხვრელიდანაც შეიძლება გვიყურებდეს. მოზარდი დიდი ხნის წინ წავიდა აქედან – ტრაგიკულად, კატასტროფის ზღვარზე, არცოდნის, თავად არსებობის არაღიარების ფონზე და მაინც, მისი ორმაგი არსებობა უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ამ უჩვეულოდ საინტერესო სამყაროსეულ მიკრომოდელში, ვიდრე თავად, როგორც ცოცხალი არსება.
არსებობის ფენომენი, სრულიად შეუცნობელი, სიყვარულით და სითბოთი მოსული ტყვიით დამძიმებული ცოდნის გადასარჩენად, სრულიად უსუსური იქნებოდა, რომ არა ავთო მახარაძის ქართული კლდის ზღაპრიდან გადმოსული უტყვი მოხუცის მსგავსი პერსონაჟი – გმირი, რომელიც თავისი გარეგნული, ორგანულად მდიდარი ფაქტურითაც კი უფრო ბევრს ამბობს მიწიერების ამაო ეჭვებზე, ვიდრე ამ თემაზე შექმნილი უამრავი ფილმის უხვად მეტყველი პერსონაჟები სჩადიან ამას.
როგორც ჩანს, მარიამ ქარქაშაძის, როგორც დრამატული სიღრმით მოაზროვნე რეჟისორისთვის, არსებობის საწყისი და მისი ფენომენი, ისევე როგორც რთულ ფილოსოფიურ კვეთაში, ბევრად მეტის მთქმელია და სწორედ ეს ქმნის მის მხატვრულ ნააზრევში სიურრეალისტური თავისუფლების მთელ რიგს: ასოციაციებს, მეტაფორულ სხვადასხვაობას, ამავე დროს, არსებობის შეცნობის ღია სურვილს.
შესაძლებელია არსებობის ფორმა კი არა, თავად შინაარსიც კი ვერ შეცვალოს ვერავინ. იქნებ სწორედ ამიტომ ელოდება ობსერვატორიის სიბრძნეს შეფარებული შეფუთული წიგნები დროის მეტაფორულ ნიშანს – ფინალურ პერსონაჟს, სევდიანი მზერით და კითხვაჩამდგარი გამომეტყველებით – კინო, რომელსაც გააჩნია ფაქტურა, რომელიც ხელშესახებს ხდის არსებობის განცდას იქამდე, სანამ თავად არსება გაჩნდება ეკრანზე… ის კი არსებობის იდუმალი წრიდან მოდის და მოდის იქ, სადაც მისი არსებობის ნაწილი იარსებებს.
ქეთევან ტრაპაიძე






