ბოლო პერიოდის ქართულ საავტორო კინოში სულ უფრო ხშირად ვხვდებით რეჟისორებს, რომლებიც უარს ამბობენ კლასიკურ ნარატივზე და ამბის თხრობას მთლიანად ვიზუალზე აგებენ. სწორედ ამ ექსპერიმენტის ნაწილია სოფო ბერიშვილის მოკლემეტრაჟიანი ნამუშევარი, „ილუზია“ (2024). ფილმი პირველივე კადრებიდან გვთავაზობს მინიმალიზმს, სადაც დიალოგები საერთოდ არ არის და ადამიანური მარტოობა ლამაზი კადრებითაა ნაჩვენები, თუმცა რამდენად ახერხებს ეს სიჩუმე მაყურებლამდე ნამდვილი ემოციის მიტანას და სად გადის ზღვარი მაღალ ხელოვნებასა და ხელოვნურად გაწელილ კადრებს შორის?
როგორც კი ყურებას იწყებ, გიჩნდება განცდა, რომ დრო გაჩერდა და ყველაფერი ძალიან ნელა ხდება. რეჟისორი არ ცდილობს მაყურებლის გაოცებას მოულოდნელი ამბებით ან დეტექტიური სიუჟეტით. ფილმი უფრო მეტად განწყობაზეა და გვიჩვენებს, თუ რა ხდება ადამიანის შიგნით, როცა ის მარტო რჩება თავის დარდთან.
დღევანდელ მსოფლიოში ყველაფერი ძალიან სწრაფად ვითარდება. ტელეფონებში, სოციალურ ქსელებში ინფორმაცია წამებში იცვლება, სულ სადღაც გვეჩქარება და ვეღარაფრის შემჩნევას ვასწრებთ. სოფო ბერიშვილი თითქოს შეგნებულად გვეუბნება, რომ გავჩერდეთ და არსად გავიქცეთ. ის დროს აჩერებს და გვაიძულებს დავაკვირდეთ იმას, რასაც ჩვეულებრივ ცხოვრებაში ყურადღებას არ ვაქცევთ, მაგალითად, როგორ შემოდის მზის შუქი ძველ ოთახში, როგორ უყურებენ პერსონაჟები ერთმანეთს, როცა სათქმელი არაფერი აქვთ ან როგორ სხედან სიბნელეში და სუნთქავენ. ეს ნელი ტემპი გვეხმარება იმაში, რომ პერსონაჟების ადგილას ჩავაყენოთ საკუთარი თავი. თუ ფილმი სწრაფი იქნებოდა, ვერ მოვასწრებდით მათი მარტოობისა და სევდის შეგრძნებას.
ფილმის სახელიც ძალიან კარგად გამოხატავს მის შინაარსს. რეჟისორისთვის ილუზია უბრალო სიზმარი ან ფანტაზია არ არის. ეს არის ტყუილი, რომელსაც ადამიანი თავად იგონებს, რათა ცხოვრება გაუადვილდეს. ცხოვრება ხშირად ძალიან სასტიკი და მტკივნეულია. როცა ადამიანს უჭირს რეალობის ატანა, ის იწყებს წარმოსახვით სამყაროში ცხოვრებას. ეს შეიძლება იყოს იმედი, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს ან წარსული სიყვარული, რომელიც დიდი ხანია დამთავრდა, მაგრამ ადამიანს მაინც სჯერა, რომ ყველაფერი წინ არის. ფილმის გმირები ზუსტად ამ ორ სამყაროს შორის არიან გაჭედილები. ერთ მხარეს არის მკაცრი რეალობა, მეორე მხარეს კი მათი ლამაზი ტყუილი. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ სიმართლეს თვალი არ გაუსწორონ, რადგან სიმართლე მათ გულს ატკენს, მაგრამ ფილმი გვიჩვენებს, რომ ადრე თუ გვიან, ეს ტყუილი მაინც დაინგრევა. რეალობისგან გაქცევა შეუძლებელია და რაც უფრო დიდხანს იმალები ილუზიაში, მით უფრო მტკივნეულია გამოღვიძება.
„ილუზიაში“ ყველაზე შთამბეჭდავი მაინც მისი ესთეტიკური კადრებია. რეჟისორი და ოპერატორი ამბავს ყვებიან არა ლაპარაკით, არამედ იმით, თუ როგორ არის მოწყობილი ოთახი ან როგორ ეცემა ჩრდილი კედელზე. თითოეული სცენა ლამაზ ფოტოს ჰგავს. ფილმში გამოყენებულია ძალიან ცოტა ნივთი, ოთახები თითქმის ცარიელია, რაც პერსონაჟების შინაგან სიცარიელეს უსვამს ხაზს. ლურჯი და ნაცრისფერი ტონები გადმოსცემს იმ სევდას, რასაც გმირები გრძნობენ. კამერა არ ჩქარობს, არ მოძრაობს სწრაფად, არამედ შორიდან, ძალიან ფრთხილად და წყნარად აკვირდება ადამიანებს. ზოგჯერ კადრში საერთოდ არავინ არის, უბრალოდ ცარიელ კედელს ან ფანჯარას ვუყურებთ, მაგრამ ეს სიცარიელე უფრო მეტს გვეუბნება, ვიდრე გმირების ტირილი. მაყურებელი კი არ უყურებს ეკრანს, არამედ თითქოს თვითონაც იმ ცივ ოთახში ზის და გმირებთან ერთად დარდობს.
ფილმი ბოლომდე არაფერს გვიხსნის. ბევრი რამ გაურკვეველი რჩება. მაგალითად, ვინ არიან ეს პერსონაჟები ერთმანეთისთვის, რა მოხდა მათ წარსულში ან რისი ეშინიათ. ეს გაურკვევლობა ფილმს უფრო საინტერესოს ხდის. რეჟისორი ყველაფერს მზამზარეულად არ გვაძლევს, არამედ გვაიძულებს, რომ თვითონ ვიფიქროთ, ჩავრთოთ ფანტაზია და ჩვენი ცხოვრებისეული გამოცდილებით შევავსოთ ის ადგილები, რომლებიც ფილმში ნაჩვენები არ არის.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ფილმს ბევრი პლუსი აქვს, მას გვერდითი ეფექტებიც ახლავს. ხელოვნებაში ყველაზე რთული ზომიერების დაცვაა. ის, რაც ერთისთვის ხელოვნებაა, მეორისთვის შეიძლება უბრალოდ გაწელილი და მოსაწყენი დრო აღმოჩნდეს. ზოგჯერ იქმნება შთაბეჭდილება, რომ ფილმი ხელოვნურადაა გაწელილი. კამერა რამდენიმე წუთის განმავლობაში უყურებს ერთსა და იმავე კედელს ან უმოძრაო სახეს. მაყურებელს, რომელიც შეჩვეულია დინამიკურ კინოს, ეს შეიძლება მოსაწყენად მოეჩვენოს. ყველას არ აქვს იმის მოთმინება, რომ ათი წუთი უყუროს პერსონაჟის დუმილს. როდესაც რეჟისორი ყველაფერს განწყობაზე აგებს, ამბავი უკანა რიგში გადადის
„ილუზიაში“ იმდენად ცოტა რამ ხდება, რომ ფილმის დასრულების შემდეგ შეიძლება გაგიჩნდეს კითხვა, თუ რა იყო საერთოდ მისი აზრი. როცა ამბავი საერთოდ არ ვითარდება, მხოლოდ ლამაზი კადრები მაყურებლის დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ არის. ამასთანავე, იმის გამო, რომ რეჟისორი არანაირ ინფორმაციას არ გვაძლევს გმირების შესახებ, მათთან კავშირის დამყარება რთულდება. ვერ ვიგებთ, რატომ სწყინთ მათ, რატომ ტირიან ან რატომ დუმან. თუ პერსონაჟის წარსული საერთოდ არ იცი, რთულია მისი დარდი შენს გულთან ახლოს მიიტანო. ეს დაუმთავრებელი კითხვები ზოგჯერ საინტერესო კი არა, გამაღიზიანებელი ხდება.
მიუხედავად ამ ნაკლოვანებებისა, ფილმის მთავარი იარაღი მაინც სიჩუმეა. ჩვეულებრივ ფილმებში გმირები სულ ლაპარაკობენ, გვიხსნიან თავიანთ გრძნობებს, „ილუზიაში“ კი პირიქითაა – აქ გმირებს არ შეუძლიათ ერთმანეთთან დალაპარაკება. მათ ყელში აქვთ გაჩხერილი თავიანთი ტკივილი და სიტყვებს ვერ პოულობენ. სწორედ ეს არის მათი მთავარი ტრაგედია: უნდათ თქვან, მაგრამ ვერ ამბობენ. აქ სიჩუმე უბრალოდ ხმის გამორთვას არ ნიშნავს. ეს არის სიჩუმე, რომელშიც პერსონაჟების ფიქრები ისმის. კამერა დიდხანს უყურებს მათ სახეებს, თვალებს, ხელების მოძრაობას. ამ დროს ხვდები, რომ ნამდვილი გრძნობები სიტყვებზე ბევრად უფრო ღრმაა. მსახიობებიც ამ მინიმალისტურ სტილს ემორჩილებიან. მათ სახეზე არ არის გადაჭარბებული ემოციები. ყველაფერს აკეთებენ ერთი გამოხედვით, სუნთქვით ან პატარა მოძრაობით. თუმცა კრიტიკულად რომ შევხედოთ, ასეთმა თამაშმა ზოგჯერ შეიძლება პერსონაჟები ზედმეტად ცივი და უსიცოცხლო გახადოს, თითქოს ეკრანზე ცოცხალი ადამიანები კი არა, ქანდაკებები მოძრაობდნენ. ფილმის გმირები მარტოსულები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთ სახლში ცხოვრობენ და ერთ სივრცეში არსებობენ, მათ შორის მაინც დიდი კედელია აღმართული. ისინი ახლოს არიან ფიზიკურად, მაგრამ ძალიან შორს სულიერად. ვერ ახერხებენ ერთმანეთის გულამდე მიღწევას. ფილმი ზუსტად ამას გვიჩვენებს: რამდენად რთულია ადამიანისთვის, რონ საკუთარი სევდა სხვას გაუზიაროს. ცხოვრებაში ყველაზე მოწყენილ ადამიანსაც კი აქვს ხოლმე სიცილის ან უბრალო, ყოველდღიური მოქმედების მომენტები. ფილმში ეს სევდა იმდენადაა გამუქებული, რომ ზოგჯერ რეალობის განცდას კარგავს.
დღეს, როცა არსებობს სოციალური ქსელები, ადამიანები ხშირად იგონებენ თავიანთ იდეალურ ცხოვრებას. ინტერნეტში ყველა ბედნიერია, ყველა იღიმის, მაგრამ რეალურად, ეკრანის მიღმა, ბევრი მათგანი მარტოა. სოფო ბერიშვილი ამ თემას ძალიან ფრთხილად ეხება. მიუხედავად იმისა, რომ ფილმს აკლია დინამიკა, მისი იდეა მაინც ძალიან ზუსტად პასუხობს თანამედროვე ცხოვრების პრობლემებს. ნამუშევარი არის პირადული, პატარა, მაგრამ, ამავე დროს, საკმაოდ დიდი ემოციის მქონე. ფილმში მუსიკაც კი ძალიან ცოტაა. ის მხოლოდ მაშინ ისმის, როცა ეს აბსოლუტურად აუცილებელია. ხშირად, ჩვეულებრივი ხმები მაგალითად, საათის წიკწიკი, ფარდის შრიალი ან ქუჩიდან შემოსული ხმაური უფრო მეტად ქმნის ატმოსფეროს, ვიდრე რაიმე მელოდია. მაგრამ აქაც ორმაგი სტანდარტია: მუსიკის ასეთმა ნაკლებობამ ფილმი შეიძლება კიდევ უფრო დაამძიმოს. კარგი მელოდია ხშირად ეხმარება მაყურებელს გმირის გაგებაში, აქ კი, როცა არც ლაპარაკია და არც მუსიკა ისმის, მაყურებელი სრულ ვაკუუმში რჩება, ეს კი ყველასთვის მარტივი ასატანი არ არის.
ფილმის დასასრულიც ისეთივე გაურკვეველია, როგორც მთელი სიუჟეტი. ამბავი ბოლომდე არ იკვრება. არ ვიცით, რა მოუვათ გმირებს შემდეგ. მათთვის, ვისაც უყვარს კლასიკური ფინალი, სადაც ყველაფერი ნათელია, ეს ბოლო სცენა იმედგაცრუება იქნება, მაგრამ მათთვის, ვისაც უყვარს დაფიქრება, ეს ღია ფინალი საუკეთესო არჩევანია. ნამდვილ ცხოვრებაშიც ხომ ასე ხდება – არასდროს ვიცით, რა იქნება ხვალ. საბოლოოდ, სოფო ბერიშვილის „ილუზია“ ცალსახად საინტერესო ნამუშევარია, თუმცა ის ნამდვილად არ არის განკუთვნილი მასობრივი მაყურებლისთვის.
ეს ფილმი უდიდეს ესთეტიკურ და თემატურ კავშირს ამჟღავნებს საავტორო კინოს უმნიშვნელოვანეს აზიურ შედევრთან: კიმ კი დოკის მინიმალისტურ ფილმთან, „ცარიელი სახლი“. ორივე ფილმის ცენტრში მოქცეულია ადამიანური გაუცხოება და მარტოობა „ილუზიის“ მსგავსად, კორეელი რეჟისორის სამყაროშიც სიუჟეტი მთლიანად გადატანილია ნივთებზე, სახლის ცარიელ სივრცეებსა და ყოველდღიურ ქმედებებზე, სადაც ტექსტის სრული არარსებობით მტკიცდება, რომ ნამდვილი ემოციური კავშირისთვის სიტყვები ხშირად აყალბებს და აუბრალოებს იმას, რაც ადამიანის შიგნით ხდება, თუმცა იდეოლოგიური თვალსაზრისით მათ შორის უდიდესი განსხვავებაა. კიმ კი დოკის ფილმში გმირების სიჩუმე მათი შეგნებული, მისტიკური არჩევანია. ეს არის სამყაროს მიმართ პროტესტის, სულიერი თავისუფლებისა და სიყვარულის უმაღლესი ფორმა, რომელიც ფინალში მაგიურ რეალიზმში გადადის, სადაც მთავარი გმირი უხილავ აჩრდილად იქცევა და ამით იმარჯვებს რეალობაზე. „ილუზიაში“ პერსონაჟების დუმილი საერთოდ არ არის თავისუფლების გამოხატულება. პირიქით, ეს არის მათი უმწეობის, შინაგანი სიცარიელისა და ტყვეობის სიმპტომი. ისინი იმიტომ კი არ დუმან, რომ სიტყვებზე მაღლა დგანან, არამედ იმიტომ, რომ საკუთარ ილუზიებში იმდენად ღრმად არიან ჩაკეტილები, რომ ერთმანეთთან ლაპარაკი აღარ შეუძლიათ. თუ „ცარიელ სახლში“ სიჩუმე ადამიანებს აერთიანებს და მათ სულებს ათავისუფლებს, „ილუზიაში“ ეს სიჩუმე მძიმე, დამანგრეველი კედელია, რომელიც გმირებს საკუთარ მარტოობაში სამუდამოდ ამწყვდევს.
მსოფლიო კინოს ამ გიგანტთან შედარება გვიჩვენებს, თუ რამდენად რთულ და საინტერესო ექსპერიმენტს ეჭიდება სოფო ბერიშვილი ქართულ რეალობაში. მიუხედავად ფილმის სუსტი მხარეებისა და დინამიკის ნაკლებობისა, სხვადასხვა კულტურის ამგვარი კინემატოგრაფიული შედარება ნათლად ადასტურებს, რომ „ილუზია“ ცდილობს, გააგრძელოს მსოფლიო საავტორო კინოს უმნიშვნელოვანესი ტრადიცია: ილაპარაკოს იქ, სადაც სიტყვები უძლურია და მაყურებელს დაანახოს, რომ რაც უფრო დიდხანს ვიმალებით საკუთარ გამოგონილ სამყაროში, მით უფრო მძაფრი და დაუნდობელი ხდება რეალობასთან შეჯახება.
ამ ფილმმა საერთაშორისო კინოსამყაროს ყურადღება პირველივე დღეებიდან მიიპყრო. „ილუზია“ სხვადასხვა პრესტიჟულ კინოფესტივალსა და კონკურსზე იყო წარდგენილი, სადაც კინოკრიტიკოსებმა მისი უნიკალური ესთეტიკა და გაბედული საავტორო ხედვა სათანადოდ შეაფასეს. ფილმმა რამდენიმე მნიშვნელოვანი პრიზიც მოიპოვა. ფესტივალებზე მიღწეული ეს წარმატება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სოფო ბერიშვილის მიერ არჩეული ექსპერიმენტული გზა, რომელიც მასობრივი მაყურებლისთვის, შესაძლოა, რთულად აღსაქმელი აღმოჩნდეს, პროფესიონალურ დონეზე მაღალი მხატვრული ღირებულების მქონე კინემატოგრაფიულ მიღწევად ფასდება.
თეონა ვეკუა






