ნათელი რწმენა

საოცარია, რომ რამდენი ადამიანიც არსებობს – არსებობს ზუსტად იმდენი ამბავი და სწორედ ესაა კინოც. არაფერი ასევდიანებს ადამიანს ისე, როგორც ეკრანზე დანახული რეალობა, რომელიც მთელ თავის სიმძიმესთან ერთად, ცხოვრების ხიდჩატეხილობაზე გიყვება და თან მოტივაციასაც გაძლევს. მსგავს ნამუშევრებს ყოველთვის დაჰკრავს რაღაც განსხვავებული ხიბლი და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე სტუდენტურ ფილმს ეხება.

„ჩემი ფესვები მტოვებენ“ (2025) ანი მამაიაშვილისა და ლუკა კოპალეიშვილის ერთობლივი დოკუმენტური ნამუშევარია, რომელიც ვერც ერთ მაყურებელს ვერ დატოვებს გულგრილს. შეუძლებელია ვერ გაუგო და ვერ უთანაგრძნო გმირს ისე, რომ არ იამაყო მისით და სწორედ ესაა ის რეალიზმი, რაც ბოლოს ძალიან ხშირად აკლია ქართულ „ახალ ტალღას“ – გმირთან ემოციური კონტაქტის დამყარება.

თვრამეტი წლის სოფო, ფილმის მთავარი გმირი ცხოვრობს სვანეთის ერთ-ერთი პატარა სოფელში, დედასთან ერთად და გულით არაამქვეყნიურ სევდას დაატარებს, რადგან მის ცხოვრებაში ტრაგედია დატრიალდა. ერთ, არაფრით გამორჩეულ დღეს ის „სილქნეტში“ მომუშავე მამას სამსახურის ობიექტზე გაჰყვა, კაცს კი შემთხვევით გაუვარდა თოფი, რომელმაც წუთებში იმსხვერპლა მისი სიცოცხლე. და ასე, ერთ წუთში სოფო დარჩა მარტო – პოლიციისა და მეზობლების ეჭვქვეშ, თითქოს თვითონ იყო დამნაშავე. შეუძლებელია იმის აღწერა, თუ რა მდგომარეობაში იმყოფებოდა გოგონა, რომელიც მომხდარის დროს სულ რაღაც ცამეტი წლის იყო.

რასაკვირველია, ამ შემთხვევას მოჰყვა არაერთი რთული დღე, დეპრესია თუ სხვა პრობლემა, რასაც გვიყვება სოფიო, თუმცა მიუხედავად რთული ვითარებისა, დროთა განმავლობაში, მან შეძლო ამ მდგომარეობიდან გამოსვლა და დაუბრუნდა ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

მთელი ფილმი სოფოს გზაა, თუმცა არა მისი პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესი, არამედ სუბიექტური კამერით დანახული ყოველდღიურობა, რომელშიც ის გვიყვება თავისი ცხოვრების შესახებ, მაყურებელი კი ამ ყოველივე ფაქტად იღებს. ფილმში არაერთხელ ვხედავთ სოფოს დედას – ვალიას, რომელიც სლავური წარმოშობისაა და ხშირად საუბრობენ ისინი უცხო ენაზე. როგორც სოფო იხსენებს, დედა ყოველთვის მკაცრი ხასიათის იყო, თუმცა შესამჩნევია, როგორ მოახდინა ამან გმირის ყოფაზე გავლენა, რადგან სოფო ძალიან კარგადაა აღზრდილი – არასდროს ზარმაცობს და არ იშურებს საქმის კეთებას, რადგანაც მთაში ცხოვრება ყოველგვარ მზადყოფნას მოიაზრებს. შესამჩნევია, რომ ისინი ორნი, აწ უკვე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, ცდილობენ შეინარჩუნონ სიმშვიდე და ყველანაირად ეხმარებიან ერთმანეთს – ემოციურად და ფიზიკურადაც.

ამბობენ, რაც არ გკლავს, გაძლიერებსო და სწორედ ამას ვიტყოდი სოფოზე – ის გამორჩეულად ძლიერი და გამძლე გოგოა, რომლის თავგადასავალიც მაყურებელში განსაკუთრებულ პატივისცემასა და თანაგრძნობას იწვევს.

მიუხედავად იმისა, რომ ნახევარსაათიან ფილმში სოფო ყვება ამბავს წარსულსა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ის ასევე აბიტურიენტია და მაყურებელთან ერთად გადის გზას სოფლიდან ქალაქამდე, რათა ჩააბაროს ეროვნული გამოცდები, ვინაიდან მისი ცხოვრება უკვე მოითხოვს ცვლილებებს და სწორედ ამაში ვხედავ დიდ ორაზროვნებას. სოფოს ისეთივე მიზნები აქვს, როგორც სხვა ყველა მის თანატოლს, მაგრამ ის არანაირად არ ჰგავს მათ – ის სხვაა. სხვაა, რადგან მისი ცხოვრება ასე შედგა, მან კი ფარ-ხმალი არ დაყარა. სოფო საკუთარი თავის პატრონია, თავისი თავის „დეუს ექს მახინა“, მარჩენალიცა და გადამრჩენელიც.

საბოლოოდ, ის აბარებს ყველა გამოცდას – მისი ცხოვრება ისევ ახლიდან იწყება. მესტიაში სამუშაოდ წასული, ცოტა ხნით ისევ უბრუნდება მშობლიურ სახლს მანამ, სანამ კიდევ ერთხელ დატოვებს მას. ჩანთას ალაგებს, დედას ეხუტება და მიდის. სახლში რჩებიან დედა და ცხოველები. სოფო კარში გადის და იმედია, რომ მის ცხოვრებაში ყველაფერი სწორედ ისე იქნება, როგორც იმსახურებს მისი მამაცი გული, რადგან იგი სწორედ ის ადამიანია, რომელიც არამხოლოდ მაყურებლის, არამედ გარშემო მყოფების დიდ თანადგომას იმსახურებს.

ზოგადად, იშვიათად ვხვდებით მსგავს პერსონაჟებს მხატვრულ კინოშიც, პერსონაჟებს, რომლებიც ასეთივე პასუხისმგებლობით ეკიდებიან მოვლენებს და მაყურებელში დადებით ემოციებს იწვევენ. გარდა ამისა, ეს ფილმი კინოსაფესტივალო სტუდენტურ  პროგრამაშიც იყო წარდგენილი და აუდიტორიის დიდი მოწონება დაიმსახურა.

მიუხედავად იმისა, რომ ფილმში დროის რამდენიმე მონაკვეთზეა საუბარი, ეს ყოველივე მის ქრონომეტრაჟთან მიმართებაში იდეალურად ჯდება – არც დანაკლისის იგრძნობა სადმე და, რასაკვირველია, არც გადამეტებული მოქმედება. ასევე, მას ახასიათებს სუბიექტური კამერის ეფექტი, რაც პერსონაჟთან კონტაქტის დამყარებაში ძლიერად ეხმარება მაყურებელს. შეიძლება ითქვას, რომ სტუდენტური ფილმის კვალობაზე ის ტექნიკური თვალსაზრისით შესანიშნავადაა გადაღებული: ფერები, კადრირება, ხმა – ყველაფერი მაღალ შეფასებას იმსახურებს.

გარდა იმისა, რომ ფილმი კონკრეტულ ადამიანებსა და შემთხვევაზე ყვება, განზოგადებულად ეს ამბავია იმაზე, თუ როგორია ტკივილთან თანაცხოვრება, სახის დაკარგვა და შემდგომ მისი ისევ დაბრუნება. რეჟისორების ეს ნამუშევარი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ყველაზე ძლიერი ამბები ხშირად სწორედ რეალური ადამიანების ცხოვრებაში იმალება. სოფოს ამბავი მაყურებელში არა მხოლოდ თანაგრძნობას, არამედ იმედსაც აღვიძებს, იმ იმედს, რომ ყველაზე მძიმე დანაკარგის შემდეგაც შესაძლებელია ცხოვრების გაგრძელება და საკუთარი გზის პოვნა. სწორედ ამიტომ ეს ფილმი დიდხანს რჩება მეხსიერებაში და კიდევ ერთხელ ამტკიცებს დოკუმენტური კინოს უმთავრეს ძალას – გვაჩვენოს ადამიანი ისეთი, როგორიც სინამდვილეშია.

სოფიო ჩიტალაძე

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *