„წითელი უბედურების პირველი წლების“, „პირშავ კომისარ საშა ობოლაძისა და ჩაუქი გოგია ღლონტის ჭიდილის“ ისტორიას იხსენებს აკა მორჩილაძეზე დაყრდნობით და „ერთ დაუვიწყარ ამბად მოგვითხრობს“ რეჟისორი დავით სიხარულიძე, პირველ ქართულ სამგანზომილებიან ანიმაციურ ფილმში, „გავარდნილები“ (2008).
ფილმის მხატვარია მამუკა დიდებაშვილი, რომელიც დავით სიხარულიძემ მშრალ ხიდთან აღმოაჩინა. „შორს წასვლა“ არ დასჭირდა ხმის რეჟისორ მადონა თევზაძის აღმოსაჩენად, რომელსაც საქართველოში ყველა კინემატოგრაფისტი იცნობდა და რომელსაც დავით სიხარულიძის ბევრ ფილმზე უმუშავია. არც ზაზა პაპუაშვილის, რევაზ თავართქილაძის, ზურაბ შევარდნაძისა და თეიმურაზ ნინიძის პოვნა იქნებოდა რთული, ფილმის პერსონაჟების გასახმოვანებლად.
„გავარდნილების“ კატეგორიის კინოსურათების ჟანრის განსაზღვრა, მითუმეტეს, როდესაც საქმე ანიმაციასთან (თან სამგანზომილებიანთან) გვაქვს, ცოტა არ იყოს, რთულია, რადგან „ტრადიციას“, არსებულ გამოცდილებასა და ჟანრის მყარ „კანონებს“ არ ემორჩილება.
ფილმს საფუძვლად ისტორიული ფაქტები უდევს (რომლებიც გურიაში, საქართველოს გასაბჭოების შემდგომ რეალურად განვითარდა და ისტორიული პერსონაჟების თავგადასავალს აღწერს), აკა მორჩილაძის ინტერპრეტაციით, მაგრამ მათზე საუბრისას და ჩვენებისას, მწერალი და რეჟისორი, „არადოკუმენტურ“ და მოვლენებთან „შეუსაბამო“ ფორმასა და მანერას მიმართავენ და ყველაფერი იუმორში, გროტესკში, მკვეთრად სახასიათო შრეზე გადააქვთ. იმის მიუხედავად, რომ „გავარდნილებში“ მეტად სერიოზულ საკითხებზეა საუბარი, უმწვავეს, ქართული ისტორიის მტკივნეულ თემებზე, მკვლელობაზე, საქართველოს გასაბჭოებაზე, თავისუფლების დაკარგვაზე, გმირობაზე, ვაჟკაცობაზე, ღალატსა და ერთგულებაზე, ემიგრაციასა და ნოსტალგიაზე.
დავით სიხარულიძე იხსენებდა, რომ XX საუკუნის 90-იან წლებში, სპორტულმა ჟურნალისტმა, გია გორგოძემ ლაშა თაბუკაშვილის ჟურნალი „XX საუკუნე“ მიუტანა, რომელშიც აკა მორჩილაძის „ცეცხლისმფრქვეველი“ იყო დაბეჭდილი. მართალია, მოთხრობის ანიმაციაში გადატანის სურვილი წაკითხვისთანავე გაუჩნდა, მაგრამ „გავარდნილებს“, მისი პერსონაჟების მსგავსად, რთული ბედი ერგო და ფილმზე მუშაობა, მხოლოდ წლების შემდეგ დასრულდა. „ცეცხლისმფრქვეველის“ ხასიათი, არსი და ბუნება, დავით სიხარულიძემ მშვენივრად „მოირგო“, ფილმსაც მოარგო და თავისთავადი, ახალი მხატვრული რეალობა, ატმოსფერო შექმნა.
„ფილმის ფაბულა აღებულია აკა მორჩილაძის „ცეცხლისმფრქვეველიდან“, რომელშიც ნამდვილი ისტორიაა თავისებურად მოთხრობილი. მასში ასახულია მოვლენები, რომლებიც1923-1925 წლებში განვითარდა – საქართველოში – გურიაში, რუსეთში, პარიზსა და ჯოჯოხეთში. გმირებიც რეალური პერსონაჟები არიან. გოგია ღლონტი იყო ფირალი, რომელმაც მოკლა საშა ობოლაძე და, ცოლთან და მეგობრებთან ერთად, თურქეთიდან საფრანგეთში გაიქცა“ (დავით სიხარულიძე).
ანიმაცია რამდენიმე ისტორიულ და შეთხზულ ფაქტზე აგებული – ლენინი და მისი ბრძანებით, მეფის ოჯახის დახვრეტა, წითელი კომისრის, საშა ობოლაძის ჩასვლა გურიაში და იქაურობის აწიოკება, გურიის დატერორება (როგორც მოხდა სინამდვილეში) – ორდენის მისაღებად; გოგია ღლონტის „გავარდნა“, ჩასაფრება, ობოლაძის მკვლელობა და ა. შ.
ისტორიულ პირებსა და ფაქტებს ოსტატურად ერევა გამონაგონი ამბები, რომლებსაც, ერთი მხრივ, აკა მორჩილაძე თხზავს და მეორე მხრივ – დავით სიხარულიძე, რომელიც „ცოცხალი“ ატმოსფეროს, სივრცით და მოცულობით განზომილებებს ანიმაციის „კანონებისათვის“ დამახასიათებელი სტილიზებით, პირობითობითა და მხატვრული განზოგადებით, უცნაური პერსონიფიცირებითა და ტრაგიკომიკური ხაზების ნაზავით ქმნის.
როგორც აკა მორჩილაძე ახასიათებს, ფირალი (ამ შემთხვევაში, გოგია ღლონტი) – თოფიანი, კანონგარეშე გურულია, სიმართლისა და სამართლისმაძიებელი; „თოფ-იარაღში ჩამჯდარი გლეხი – ვინ უნდა იყოს ამაზე მეტად უცნაური?.. თოფ-იარაღში ჩამჯდარი გლეხი – ვინ უნდა იყოს ქვეყანაზე უფრო გამწარებული, უფრო თავზე ხელაღებული? გლეხი რომ მოკიდებდა თოფს ხელს, ცოლ-შვილს დაკოცნიდა და ტყისკენ იზამდა პირს, ასე იტყოდნენ – გავარდაო. მართლაც, გავარდნილი იყო“.
სწორედ ამ, ხელში თოფ და თავზე ხელაღებული, თოფ-იარაღში ჩამჯდარი, თავმომწონე და ვაჟკაცი, გამწარებული და დაუდგრომელი გლეხების ამბავია მოთხრობილი „გავარდნილებში“, პირველად, ქართულ ანიმაციაში, როგორც ჟანრის, ასევე ტექნიკური გადაწყვეტის მხრივ.
ტყეში გასული გოგია ღლონტი და მისი რაზმელები ძალაუნებურად ებმებიან პოლიტიკურ ბრძოლაში ბოლშევიკებსა და საქართველოს გასაბჭოების მხარდამჭერების წინააღმდეგ, მათ, ვინც გურია, და მთლიანად საქართველო სისხლში ჩაახრჩეს და ცეცხლს მისცეს. თუმცა ისინი რევოლუციონერები, იმ მნიშვნელობით, რასაც რევოლუციონერებს ვუწოდებთ, არ არიან. „გავარდნილების“ გმირები „იდეური“ ყაჩაღები არიან, ნაწყენები მთავრობაზე, ფირალები, რომელთა განაწყენებას არა იმდენად პოლიტიკური, არამედ სოციალური უკმაყოფილება უდევს საფუძველად და შემდეგ უკვე შურისძიება.
ისინი საკუთარი ღირსებისა და მშობლიური კუთხის დასაცავად იბრძვიან და შემდეგ, ამ ბრძოლაში, ერთი მხრივ, მიზანმიღწეულები და მეორე მხრივ, დამარცხებულები, იძულებული ხდებიან, სამშობლო დატოვონ. წავიდნენ და ისევე, როგორც ბევრმა ქართველმა, საფრანგეთს (ან, ისტორიულად, რომელიმე სხვა უცხო ქვეყანას) შეაფარონ თავი. შემდეგ მთელი ცხოვრება სამშობლოზე დარდი, მონატრება სდევდეთ თან.
იმის მიუხედავად, რომ განვითარებული მოვლენების მონაწილეები „თოჯინებისგან“ – ტექნიკის საშუალებით შექმნილი პერსონაჟები არიან (და არა ადამიანები – მსახიობები), თანაც სტილიზებული და უტრირებული ფაქტურით, თითოეული იმდენად ცოცხალი და სახასიათოა, იმდენად გამომსახველია მათი სახეები თუ ქმედება, მანერები თუ მეტყველება, რომ როგორც „ნამდვილ“ ადამიანებს ისე აღიქვამ და ყველაფერს რეალობასთან აიგივებ.
შენც თითქოს გარს გაკრავს ფილმის სამგანზომილებიანი სივრცე, მის სისრულესა და სისავსეს შეიგრძნობ – საქართველოში, რუსეთში, საფრანგეთსა და ჯოჯოხეთში. თითქოს შენს თვალწინ შემოდიან ბოლშევიკები თბილისსა და გურიაში, შენს თვალწინ უკიდებენ ცეცხლს სახლებს. თითქოს, როგორც სინამდვილეში, შენც ესწრები სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას დამპყრობლებსა და გამათავისუფლებლებს შორის, კანონადის ხმა ჩაგესმის ყურში და ბოროტის დამარცხებას, როგორც ცხოვრებაში, ისე ზეიმობ და ისევე, როგორც ფილმის გმირები, შენც გრძნობ გოგია ღლონტის მანათობელი, მომნუსხავი თვალების გამჭოლ მზერას და მის „რეალობაში“ შედიხარ, მიხეილ მდინარაძის მუსიკის თანხლებით.
ფილმის ლიტერატურული საფუძველს ასეთი სათაური აქვს – „ცეცხლისმფრქვეველი, ანუ მონათხრობი 1923 წლის შესახებ. პირშავი კომისრის საშა ობოლაძისა და ჩაუქი გოგია ღლონტის ჭიდილის გახსენება – დავიწყებული, ან შეუმჩნეველი წიგნებიდან, ძველი დროის გაზეთებიდან და ქაღალდებიდან ამოკრეფილი, დალაგებული და ერთ დაუვიწყარ ამბად მოთხრობილი აკა მორჩილაძის მიერ“ და ასე მთავრდება: „გოგია ღლონტი კი ყველაფერი იყო ერთად – მებრძოლიც, ყაჩაღიცა და ფირალიც. კაცი იყო – ფოსფორის თვალებით“.
აკა მორჩილაძემ ამ ფოსფორისთვალება, „ტანდაბალი და ბეჭებგანიერი“ ადამიანის „დაუდგენელი ბიოგრაფია“ და დაუვიწყარი ამბავი „გამოიკვლია“ და დათო სიხარულიძემ ანიმაციური ფილმის სამ განზომილებაში მოაქცია.
დავით სიხარულიძის, ფაქტობრივად, ყველა ფილმი მსოფლიოს სხვადასხვა ფესტივალის გამარჯვებულია – სადიპლომო ნამუშევრიდან – „ეფემერა“ (რომელმაც პრიზი მოლდავეთში ორიგინალობისთვის მიიღო) დაწყებული. „ბატი ტასიკო“ უჟგოროდში, იტალიასა და საფრანგეთში დააჯილდოვეს, „ბაბაჯანა“ -იტალიაში; დავით თაყაიშვილთან ერთად გადაღებული ფილმი „ჭირი“ კანის ფესტივალის „ოქროს პალმის“ მფლობელია; „იაკობ გოგებაშვილი – ცხოვრება და მოქალაქეობა“ სახელმწიფო პრემიაზე კი იყო წარდგენილი, მაგრამ მაშინ კინოსთვის განკუთვნილი პრემია, რატომღაც თეატრს, დამატებით, გადასცეს. ხოლო ბულგარეთში გადაღებული „ტაიმებს შორის“ და თბილისის მულტსტუდიაში შექმნილი – საქართველოს ანიმაციური ისტორიის სამი ნაწილი – „ქვედა პალეოლითი“, „პალეოლითი“ და „ზედა პალეოლითი“ დაკარგულია.
მოკლე და სრულმეტრაჟიან (კინოსტუდიებში) გადაღებულ ფილმებთან ერთად, დავით სიხარულიძეს ეკუთვნის: „მეცხრე არხზე“ შექმნილი „ყოჩაღები“ – მარიონეტული სერიალი (ისევე, როგორც „გავარდნილები“, აკა მორჩილაძის სცენარით), „ღარიბები სულ ტირიან“ და ტელეკომპანია „მზეში“, მრავალსერიანი – „კვაჭი კვაჭანტირაძე“ – პირველი მრავალსერიანი ანიმაციური ქართული ფილმი, ეროვნული კლასიკის პირველი ანიმაციური ეკრანიზაცია. ცხადია, მიხეილ ჯავახიშვილის, ამავე სახელწოდების, რომანის მიხედვით.
P.S. დავით სიხარულიძე ერთი წლის წინათ, 2025 წლის 21 აპრილს გარდაიცვალა. აღარ არიან – რეზო თავართქილაძე, ელდარ მდინარაძე, მადონა თევზაძე – „გავარდნილების“ ჯგუფიდან და ეს მშვენიერი ამბავიც დასრულდა.
ლელა ოჩიაური






