როცა ქართულ კინოზე ვსაუბრობთ, ხშირად გვახსენდება ძველი, კლასიკური ფილმები, სადაც ყველაფერი გასაგებია, გმირები ცალსახად კეთილები ან ბოროტები არიან და ამბავსაც მკაფიო დასასრული აქვს. მერაბ კოკოჩაშვილის ფილმი, „ტერცო მონდო“ (2024) სულ სხვა ტიპის კინოა. ეს არ არის ფილმი, რომელიც გაგართობს. ეს არის ნამუშევარი, რომელიც ძველ იარებს გახსენებს და გაიძულებს, დაფიქრდე იმაზე, რაც ყველაზე მეტად გტკივა. ფილმი იმ ადამიანებზეა, რომლებმაც 1990-იანი წლების ჯოჯოხეთი გამოიარეს და დღემდე ვერ გაუგიათ, როგორ მოხდა, რომ ერთმანეთი დაკარგეს.
1990-იანი წლები არ ყოფილა, უბრალოდ, შუქის და გაზის კრიზისი. ეს იყო დრო, როცა ქვეყანაში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა. როცა შენი ბავშვობის მეგობარი, რომელთან ერთადაც გაიზარდე, უცებ შენს მტრად იქცევა მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა პოლიტიკური შეხედულება აქვს. ეს ომი არ დასრულებულა მაშინ, როცა თოფების სროლა შეწყდა. ამ პერიოდის ტკივილი დღემდე არ გამქრალა. ის დარჩა მეხსიერებაში როგორც გამოუთქმელი ტრავმა, რომელიც სხვადასხვა ფორმით კვლავ იჩენს თავს თანამედროვე ქართულ კულტურასა და ხელოვნებაში. სწორედ ამ ტკივილის გააზრებისა და გადმოცემის მცდელობაა „ტერცო მონდო“.
ფილმის სიუჟეტი, ერთი შეხედვით, კლასიკურ დრამატულ კონფლიქტს ეფუძნება: ომის დასრულებიდან მრავალი წლის შემდეგ ევროპაში ერთმანეთს ხვდებიან ბავშვობის მეგობრები – აკა და მოხიტო. ისინი არამხოლოდ პიროვნულად დაშორებული არიან, არამედ იდეოლოგიურადაც: განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები მათ შორის უხილავ, მაგრამ მყარ კედელს ქმნის. ამ კონფლიქტს კიდევ უფრო ამძაფრებს საერთო წარსული – ნათია, რომელიც ოდესღაც ორივეს უყვარდა, თუმცა ფილმი ამ „სამკუთხედს“ მხოლოდ საბაბად იყენებს. მთავარი აქ არის არა სიყვარული, არამედ ის, თუ როგორ ანადგურებს დრო და ისტორია ადამიანურ კავშირებს.
მოქმედების დიდი ნაწილი ევროპაში ვითარდება. ეს შემთხვევითი არჩევანი არ არის. ევროპა წარმოდგენილია მოწესრიგებულ, მშვიდ და ცივილიზებულ სივრცედ, სადაც ყველაფერს თავისი ადგილი აქვს. სწორედ ამ სიმშვიდის ფონზე კიდევ უფრო მწვავედ ჩანს გმირების შინაგანი ქაოსი.
ისინი ევროპაში გაიქცნენ, რათა დაევიწყებინათ 1990-იანი წლების საქართველო, ომი, გაჭირვება და სულიერი ნგრევა, რაც იქ გადაიტანეს. რეჟისორი აჩვენებს, რომ გეოგრაფიული ადგილმდებარეობის შეცვლა არაფერს ნიშნავს, თუ ადამიანს შიგნით აქვს ომი. გმირები დადიან ლამაზ ქუჩებში, სხედან კაფეებში, მაგრამ მათი ფიქრები მაინც დანგრეულ თბილისშია. ისინი თითქოს სივრცეში არიან გაჭედილი. მათ აღარ ეკუთვნით ძველი საქართველო, რადგან ის აღარ არსებობს და ვერც ევროპულ სამყაროში პოულობენ სიმშვიდეს, რადგან იქაურობა მათთვის უცხო და ცივია. სინამდვილეში ევროპა საკუთარი თავისგან გაქცევის წარუმატებელი მცდელობაა.
მუსიკალური გაფორმება ფილმის გამორჩეული კომპონენტია. მელოდიები ზუსტად და გემოვნებით არის შერჩეული, ნაზად, თითქმის შეუმჩნევლად აკეთებენ თავიანთ საქმეს. მუსიკა აქ არა მხოლოდ ატმოსფეროს ქმნის, არამედ პერსონაჟების შინაგან მდგომარეობასაც ასახავს. ზოგჯერ ის უფრო მეტს ამბობს, ვიდრე დიალოგები.
„ტერცო მონდო“ შეიძლება აღვიქვათ, როგორც რეჟისორის პირადი აღსარება. ეს არის ფილმი გამოუთქმელ ტკივილზე, იმ განცდაზე, რომელიც წლების განმავლობაში გროვდება და საბოლოოდ გამოსავალს პოულობს ხელოვნებაში. კოკოჩაშვილი თითქოს დიდხანს ატარებდა ამ სათქმელს გულში და მხოლოდ მაშინ, როცა ამის დრო დადგა, შეძლო მისი გადმოცემა. ამ თვალსაზრისით, ფილმი ძალიან სათუთია. ის არ ცდილობს კომერციულად მომგებიანი იყოს, არამედ საკუთარ სიმართლეს გადმოსცემს.
ამავე დროს, სწორედ ეს სიფაქიზე ქმნის გარკვეულ დისტანციასაც. ფილმი იმდენად პირადულია, რომ ზოგჯერ ჭირს მასში სრულად ჩართვა. ის არ იძლევა მარტივ ახსნას, არ გვთავაზობს მკაფიო პასუხებს ან დასკვნებს. პირიქით, გვტოვებს კითხვებთან, გაურკვევლობასთან, დაუმთავრებელ ემოციებთან.
ფილმის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად შეიძლება ჩაითვალოს მისი სიუჟეტური ფრაგმენტულობა, რომელიც ზოგჯერ არა გააზრებულ საავტორო არჩევანად, არამედ დაუმუშავებელ თხრობად აღიქმება. მიუხედავად იმისა, რომ ქაოსური სტრუქტურა, გარკვეულწილად, ემსახურება თემატურ იდეას, რიგ ეპიზოდებში ქაოსი ზედმეტად დომინანტური ხდება. შედეგად, იკარგება ემოციურ კავშირი პერსონაჟებთან, რადგან სიუჟეტური ხაზები არ ვითარდება თანმიმდევრულად და ხშირად დაუმთავრებელ შთაბეჭდილებას ტოვებს.
პრობლემატურია მსახიობების თეატრალიზებული თამაშიც, რომელიც ზოგჯერ ხელოვნურობის განცდას ქმნის. პერსონაჟები უფრო მხატვრული კითხვის ფიგურებად გვევლინებიან, ვიდრე ცოცხალ ადამიანებად, რაც ამცირებს ემოციურ ჩართულობას. განსაკუთრებით მძაფრად ეს დიალოგებში იგრძნობა. ისინი ნაკლებად ბუნებრივად ჟღერენ და უფრო ტექსტის მხატვრულ წაკითხვას ჰგვანან, ვიდრე რეალურ კომუნიკაციას. ამის გამო ფილმის დრამატული პოტენციალი ბოლომდე ვერ რეალიზდება.
ტემპი და ემოციური ტონალობა შეიძლება დამღლელი აღმოჩნდეს. მუდმივი დაძაბულობა, ქაოსური მონტაჟი და მძიმე ატმოსფერო არ ტოვებს სივრცეს საფიქრელად, რაც ფილმის აღქმას ართულებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს, შესაძლოა, შეგნებული რეჟისორული არჩევანია. პრაქტიკულად, ის ქმნის დისტანციას მაყურებელსა და ეკრანულ მოვლენებს შორის, ამიტომ ფილმი, რომელიც მიზნად ისახავს ღრმა ემოციური კავშირის დამყარებას, ზოგ შემთხვევაში, პირიქით, გაუცხოების ეფექტს აძლიერებს.
ფილმში არის რამდენიმე სცენა, რომელიც ნაწარმოების მთელ არსს გადმოსცემს. მაგალითად, პირველი შეხვედრა, როდესაც აკა და მოხიტო, წლების შემდეგ, ერთმანეთს ხედავენ, მათ შორის არ არის ის სითბო, რასაც ბავშვობის მეგობრებისგან ველოდებით. პირიქით, კამერა აფიქსირებს მათ უხერხულობასა და ყალბ ღიმილს. ეს სცენა აჩვენებს, რომ მათ შორის მხოლოდ სივრცე კი არ გაიზარდა, არამედ მორალური უფსკრულიც. ისინი ერთმანეთს კი არ უყურებენ, არამედ იმ ადამიანებს ეძებენ ერთმანეთში, რომლებიც ოდესღაც უყვარდათ, მაგრამ ის ადამიანები ომმა შეიწირა.
ფილმში ხშირად ჩნდება ნაწყვეტები წარსულიდან. ეს სცენები ფერებითა და განათებით განსხვავდება აწმყოსგან. თუ ევროპული კადრები ცივი და სტატიკურია, მოგონებები უფრო ცოცხალი და ემოციურია. ეს კონტრასტი ხაზს უსვამს იმას, რომ გმირებისთვის ნამდვილი სიცოცხლე იქ დასრულდა, სადაც მათი მეგობრობა დაირღვა.
ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და დასამახსოვრებელი მხარე სწორედ დეტალებზე კონცენტრირებული ვიზუალური ენაა, რომელიც მერაბ კოკოჩაშვილის საავტორო ხედვას განსაკუთრებულ სიღრმეს ანიჭებს. თითოეული კადრი თითქოს დამოუკიდებელი ამბავია. გარემოში განლაგებული ნივთები, ინტერიერის ელემენტები, პერსონაჟთა მცირე ჟესტები ქმნიან იმ ქვეტექსტს, რომელიც სიტყვებით არ ითქმის. ეს დეტალები არამხოლოდ დეკორაციული ფუნქციის მატარებელია, არამედ აქტიურად მონაწილეობენ სიუჟეტის აგებაში, ავლენენ პერსონაჟების შინაგან მდგომარეობას და წარსულის უხილავ კვალს.
ოპერატორული ნამუშევარი მთლიანობაში გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით. კამერა არასოდეს არის ნეიტრალური დამკვირვებელი, ის აქტიური მონაწილეა, რომელიც პერსონაჟებთან ერთად მოძრაობს. კადრის აგება, სივრცის გამოყენება – ყველაფერი გააზრებულია და ემსახურება საერთო ატმოსფეროს შექმნას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ვიზუალური ენა არ ცდილობს გადაჭარბებას. ის ორგანულად ერწყმის ფილმის თემატიკას და რეჟისორის შინაგან ტკივილს, რაც საბოლოოდ ქმნის ძლიერ, შთამბეჭდავ და ემოციურად დატვირთულ კინემატოგრაფიულ ნიმუშს.
ფილმში პირდაპირ არავინ საუბრობს პოლიტიკურ პარტიებზე ან ლოზუნგებზე, მაგრამ პოლიტიკა აქ ყველგანაა. ის არის იმ უფსკრულის მიზეზი, რომელიც მეგობრებს შორის გაჩნდა. სხვადასხვა იდეოლოგიამ ადამიანებს შორის უხილავი ბარიერი ააგო. ისინი თითქოს სხვადასხვა რეალობაში ცხოვრობენ და ერთმანეთის აღარ ესმით. ეს არის გაკვეთილი იმაზე, თუ როგორ შეუძლია პოლიტიკას ყველაზე წმინდა მეგობრობის დანგრევა.
შეიძლება ვიფიქროთ, რომ 1990-იანები დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა, მაგრამ „ტერცო მონდო“ გვიმტკიცებს, რომ ეს ასე არ არის. ჩვენს საზოგადოებაში დაპირისპირება, გაუცხოება და ერთმანეთის იგნორირება დღესაც ისეთივე პრობლემაა, როგორც 30 წლის წინ. ფილმი გვეუბნება, რომ სანამ არ ვისწავლით ერთმანეთის თვალებში ჩახედვას და სიმართლის აღიარებას, მანამ ვიქნებით ამ „ტერცო მონდოს“ („მესამე სამყაროს“) ტყვეები. ეს არის გაკვეთილი შერიგებაზე, რომელიც ვერ შედგა და გაფრთხილება იმაზე, თუ რა მოსდის ქვეყანას, როცა ადამიანები ერთმანეთისთვის უცხოებად გადაიქცევიან. „ტერცო მონდო“ გვაიძულებს დავფიქრდეთ: ვინ ვართ დღეს? რატომ ვართ ასეთი გაუცხოებულები? და გვაქვს თუ არა ძალა, რომ ოდესმე ერთმანეთს ვაპატიოთ? ფილმი გვტოვებს კითხვებში და სწორედ ამაშია მისი მთავარი ძალა. ის არ გვაძლევს პასუხებს, ის გვთავაზობს პროცესს – საკუთარ თავში ჩაღრმავებისა და წარსულის გააზრების პროცესს.
თეონა ვეკუა






