ადამიანები მარტოსულები არიან. იბადებიან, იზრდებიან და მაინც ვერ პოულობენ საკუთარ ადგილს სამყაროში. ეგზისტენციალური კრიზისით იტანჯებიან და ამქვეყნიდან ისე მიდიან, რომ ხშირად არ იციან, რა არის სიყვარული. ბედნიერებას სხვის უბედურებაზე აგებენ და ბოლოს თვითონაც არ არიან ბედნიერი. ზოგს სხვისი მეორე ნახევარი უყვარს, ღიად თუ ფარულად, და ოჯახის დანგრევას ცდილობს. ამ ამბავში ყოველთვის ქალი არ არის დამნაშავე. კაცებიც დგამენ არასწორ ნაბიჯებს და, ქალებისგან განსხვავებით, საზოგადოება მათ ტალახს არც ისე ხშირად ესვრის.
ეს უსამართლობა კიდევ უფრო ამძაფრებს იმ შინაგან სიცარიელეს, რომელსაც ბევრი გაურბის. ადამიანი მიეჩვია სხვების განსჯას მაშინ, როცა საკუთარ თავთან მარტო დარჩენის ეშინია. ყველაფერი მაინც იქამდე მიდის, რომ სხვის ნანგრევებზე აშენებული კედლები მყარი ვერასდროს იქნება. ბევრი ეძებს სითბოს იქ, სადაც მხოლოდ ვნება ან ეგოიზმია, და ვერ ხვდება, რომ ნამდვილი შვება არა სხვის წართმევაში, არამედ საკუთარი თავის პოვნაშია. მანამ, სანამ საზოგადოება ცოდვებს სქესის მიხედვით დაყოფს, სამყარო ისევ სავსე იქნება მარტოსული და იმედგაცრუებული პიროვნებებით.
მარგო ზუბაშვილის ფილმის, „ანას“ (2017) მთავარი პერსონაჟი სწორედ ასეთ ილუზიაში ცხოვრობს. ის ცდილობს, საკუთარი მარტოობა იმ იმედით შეავსოს, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს, თუმცა აქ იკვეთება ფილმის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა: მაყურებლისთვის თითქმის არაფერია ცნობილი პერსონაჟების წარსულზე. ფილმი მოკლებულია ინფორმაციას ამ ამბის დასაწყისის შესახებ: იქნებ ანა უფრო ადრე იყო ირაკლის ცხოვრებაში და კანონიერი ცოლი, ლიკა, მოგვიანებით გამოჩნდა? როცა ინფორმაცია ასეთი მწირია, რთულია რომელიმე მხარის ცალსახა დადანაშაულება. ეს მხოლოდ ერთი ნაწილია იმ ფაზლისა, რომლის სრულ სურათსაც რეჟისორი მიუწვდომელს ხდის. ინფორმაციული ვაკუუმი ფილმს ხელოვნურ ბარიერს უქმნის და მაყურებელს უშლის ხელს, რათა ანას ტკივილი ბოლომდე, ადამიანურ დონეზე გაიზიაროს.
ჩნდება კითხვა: არის თუ არა ანას საქციელი ანგარება? ერთი შეხედვით, სხვისი ოჯახური იდილიის დარღვევა ეგოიზმად შეიძლება მოინათლოს, თუმცა სიღრმეში ეს უფრო ეგზისტენციალური სასოწარკვეთაა. ანას სჭირდება, რომ ვინმეს დაეყრდნოს, რადგან მარტოობის პანიკური შიში ტანჯავს. მას სურს, ვინმესთვის საჭირო იყოს და ჰქონდეს „თავშესაფარი“ სხვა ადამიანის სახით, მაგრამ აქ იკვეთება მთავარი მორალური პრობლემა: სხვისი ცხოვრებით საკუთარი შინაგანი სიცარიელის ამოვსების მცდელობა ყოველთვის დამანგრეველი შედეგით სრულდება. ლიკას აქვს ის, რაც ანას ასე ძალიან სჭირდება – „ოჯახური სტაბილურობა“ და შვილები. ამ ტრაგედიას ისიც ამძაფრებს, რომ ანას მდგომარეობის შესახებ ყველამ იცის, მათ შორის ირაკლის ცოლმაც. ეს ცოდნა ანას „საიდუმლო“ ტკივილს ფარსად აქცევს და მის უმწეობას კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის.
განსაკუთრებით საინტერესოა ფილმში მუსიკალური არჩევანი, რომელიც შემთხვევითი აშკარად არ არის. სიმღერის „იძინებს მზე“ ტექსტი – „ოცნების გზებს, ოცნებით გავყურებ ისევ, ვიხსენებ მე მიყვარდი, არადა მჯეროდა შენი“ – სამივე პერსონაჟის საერთო ემოციურ ჩიხს ასახავს. ეს სიტყვები აჩენს ეჭვს, რომ, შესაძლოა, ირაკლი ანას ლიკასთან დაშორებას და ახალი ცხოვრების დაწყებას ჰპირდებოდა. ანას „ოცნების გზები“ სწორედ ამ დაპირებაზე გადის, რომელიც ილუზიად დარჩა. მუსიკა აქ ერთგვარი მტკიცებულებაა იმისა, რომ ამ სამკუთხედში ნდობა დიდი ხანია მოკვდა და მხოლოდ ინერციით გაგრძელებული ტკივილი დარჩა.
ანას რეაქცია ლიკას ორსულობაზე ყველაზე კარგად აჩენს მის ნამდვილ სახეს. როდესაც ის იგებს, რომ ცოლი აბორტს გეგმავს, მისი ქმედება არა ჰუმანური ან ეთიკური, არამედ წმინდა წყლის მანიპულაციურია. ქალი აშკარად არ არის ამ პროცედურის პრინციპული მოწინააღმდეგე – როდესაც ამ სიახლეს პირველად ისმენს, მას რაიმე განსაკუთრებული ემოცია არ გააჩნია. მაშ, რატომ მიდის მეტოქესთან და რატომ სთხოვს ბავშვის შენარჩუნებას? აქ ანას ეგოიზმი პიკს აღწევს. მარტოობის შიშით შეპყრობილს სურს, რომ ირაკლის შვილი მაინც დაიბადოს, რათა ლიკა კიდევ უფრო მეტად დაიტანჯოს ახალი მოცემულობით. ამავე დროს, მას სურს, თავად ჰქონდეს რაღაც „საერთო“ საყვარელ მამაკაცთან. ჩვილი მისთვის არა ცოცხალი არსება, არამედ ინსტრუმენტია კავშირის გასამყარებლად და მოწინააღმდეგეზე ფსიქოლოგიური გამარჯვების მოსაპოვებლად.
თუ ანა ამ ამბავში „მესამეა“, მაშინ ვინ არის ირაკლი? ის არის კაცი, რომელიც ორივე ქალის ნერვებზე ოსტატურად თამაშობს. რომელი მათგანია უფრო მეტად პარაზიტი? ირაკლი არ წყვეტს ანასთან ურთიერთობას მხოლოდ იმიტომ, რომ ის ამ ქალისგან მიღებული სითბოთი და აღიარებით იკვებება. ის არის ტიპური ემოციური მომხმარებელი, რომელიც ერთდროულად სარგებლობს ლიკას მოთმინებითა და ანას სასოწარკვეთით. ირაკლი არჩევანს არ აკეთებს არა იმიტომ, რომ დაბნეულია, არამედ იმიტომ, რომ ეს ორმაგი თამაში მისთვის იდეალური კომფორტის ზონაა: ცოლისგან ის სტაბილურობასა და ოჯახურ კომფორტს იღებს, ანასგან კი – იმ მძაფრ ემოციურ დოზას, რომელსაც ეს აკვიატებული სიყვარული სთავაზობს. მისი პასიურობა არა იდუმალება, არამედ პასუხისმგებლობისგან გაქცევა და სხვისი რესურსის ცივსისხლიანი გამოყენებაა. სამწუხაროდ, ირაკლის პერსონაჟი ფილმში იმდენად უმოქმედო და უფერულია, რომ ხშირად გაუგებარიც კია, რატომ იბრძვის მისთვის ორი ქალი ასეთი თავგანწირვით.
ფილმში ლიკა და ანა ერთი მონეტის ორი მხარეს ჰგვანან. მიუხედავად იმისა, რომ ერთი ცოლია, მეორე კი – საყვარელი, მათ საერთო ტრაგედია აერთიანებთ: ორივე მათგანი საკუთარ იდენტობას ირაკლისთან კავშირით განსაზღვრავს. ლიკა ებღაუჭება სტატუსსა და „ოჯახურ სტაბილურობას“, თუნდაც ეს მხოლოდ ფასადი იყოს, ანა კი – იმ ილუზიას, რომ სხვისი კაცის გვერდით სიმარტოვეს დააღწევს თავს. რეჟისორი გვაჩვენებს, რომ ამ ბრძოლაში გამარჯვებული არ არსებობს, რადგან ორივე ქალი საკუთარ თავმოყვარეობას მსხვერპლად სწირავს ადამიანს, რომელიც მათი გრძნობებით მხოლოდ მანიპულირებს.
რეჟისორი ამ მახრჩობელა ატმოსფეროს შესაქმნელად აქტიურად იყენებს გარემოს: ღამეს, ჩაკეტილ სივრცეებსა და მინიმალისტურ ინტერიერს. განსაკუთრებული დატვირთვა აქვს წყლის სიმბოლოს. სახლში მოულოდნელად გაჩენილი წყალი ამ ადამიანებს შორის ურთიერთობების დალპობას, ჩამოშლასა და „წყალწაღებულობას“ ჰგავს. წყალი, რომელიც წესით სიცოცხლისა და განწმენდის ნიშანია, აქ დამანგრეველ ძალად იქცევა, რომელიც ნელ-ნელა ტბორავს ანას სამყაროს. სიმბოლოები ფილმში ზედმეტად ბევრია. რეჟისორი თითქოს ძალით ცდილობს მაყურებელს „მიაწოდოს“ ტრაგედია იქ, სადაც სჯობდა, კამერას უბრალოდ ადამიანები აესახა ყოველგვარი ხელოვნური დეკორაციისა და გადატვირთული მეტაფორების გარეშე.
თავისი განწყობით ეს ფილმი მიკელანჯელო ანტონიონის კინოსურათს, „თავგადასავალი“ (1960) ჰგავს, თუმცა, ანტონიონისგან განსხვავებით, აქ არავინ კვდება და არავინ ქრება – ფიზიკურად ყველა თავის ადგილზეა, რაც ტრაგედიას კიდევ უფრო აუტანელს ხდის. ანტონიონისთან ფიზიკური გაუჩინარება მხოლოდ ფონია, მთავარი კი პერსონაჟების შინაგანი სიცარიელეა: ისინი ერთ სივრცეში არიან, თუმცა რეალურად ერთმანეთს ვერასდროს ხვდებიან. „ანაშიც“ სწორედ ასეთი გაუცხოება იკვეთება, სადაც მოქმედება თითქოს გაყინულია, გმირები კი საკუთარ ილუზიებში არიან ჩაკეტილი და ამ ჩიხიდან გამოსავალს ვერ პოულობენ.
სიუჟეტი აჩვენებს, რომ დანაშაული და პასუხისმგებლობა თანაბრად ნაწილდება სამივე პერსონაჟზე. ირაკლის ეგოიზმი, ანას აკვიატებული ილუზიები და ლიკას დუმილი ერთმანეთს კვებავენ და ქმნიან მანკიერ წრეს, საიდანაც თავის დაღწევა არავის სურს. თითოეული მათგანი ირჩევს ნაცნობ ტკივილს, რადგან უცნობი თავისუფლება მათთვის უფრო საშიშია. ეს არ არის მხოლოდ ღალატის ამბავი, ეს არის ნებაყოფლობითი თვითგანადგურების ქრონიკა, სადაც მსხვერპლი და მოძალადე მუდმივად ადგილებს უცვლიან ერთმანეთს.
საბოლოოდ, რაზეა კინოსურათი – მარტოობის შიშზე თუ ანგარებაზე? უთავმოყვარეო ქალსა თუ მოთამაშე კაცზე? იდეაში, ლიკას პერსონაჟსაც არ გააჩნია თავმოყვარეობა. ჩნდება კითხვა: რატომ ჩერდებოდა ის მოღალატე ქმართან? მხოლოდ შვილების გამო? იქნებ იმაზე ფიქრი, რომ ზურგს უკან მუდმივად მის ტრაგედიაზე ლაპარაკობენ, უფრო მძიმე ასატანი არ არის, ვიდრე მარტოობა? ფილმი პასუხებს არ იძლევა, ის მხოლოდ აშიშვლებს იმ მორალურ ნანგრევებს, რომლებზეც ეს ადამიანები საკუთარი ცხოვრების აშენებას ამაოდ ცდილობენ.
ბარბარე კალაიჯიშვილი






