ადამიანის სურვილსა და რეალურ ბუნებას შორის წინააღმდეგობა ხშირად იქცევა შინაგანი კონფლიქტის საფუძვლად. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პიროვნება ცდილობს, საკუთარ თავს ისეთი იდენტობა მოარგოს, რომელიც სინამდვილეში მას არ ეკუთვნის. რეზო ხობუას მოკლემეტრაჟიანი სტუდენტური ფილმი „ქილერი“ (2018) სწორედ ამ წინააღმდეგობაზეა აგებული. მთავარი პერსონაჟი დაქირავებული მკვლელია, თუმცა, როგორც ირკვევა, მკვლელობის ჩადენა მის შესაძლებლობებს სცდება. ფილმის საწყისი კონცეფცია თავიდანვე ქმნის ირონიულ შეუსაბამობას: ადამიანი, რომელსაც მკვლელის იმიჯი აქვს მორგებული, საკუთარი როლის შესრულებას ვერ ახერხებს. ამგვარად, ფილმის ცენტრალურ თემად იქცევა არა უშუალოდ მკვლელობა, არამედ სუბიექტის მცდელობა, გახდეს ის, ვინც სინამდვილეში არ არის. თუმცა რეჟისორი ამ წინააღმდეგობას მხოლოდ სიუჟეტურ ხუმრობად ტოვებს და ვერ ახერხებს მის სრულფასოვან ფსიქოლოგიურ კონფლიქტად განვითარებას.
ფილმის მთავარი პრობლემა დრამატურგიული ხედვის სიმწირეა. სიუჟეტი პერსონაჟის შინაგან წინააღმდეგობაზეა აგებული, მაგრამ თავად ეს წინააღმდეგობა სათანადოდ არ ვითარდება. მაყურებელი ხედავს მის ნერვიულობას, მოუხერხებლობასა და გაუბედაობას, თუმცა ვერ იგებს, რა დგას ამ მდგომარეობის უკან. რატომ სურს ადამიანს მკვლელის როლის მორგება? რა იზიდავს მას ამ იდენტობაში? საკუთარი თავისგან გაქცევას ცდილობს, ძალაუფლების ილუზია ხიბლავს თუ უბრალოდ სურს, ისეთი ადამიანი იყოს, როგორსაც საკუთარ წარმოსახვაში ქმნის? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა აუცილებელი არ არის, თუმცა ფილმს მათი დასმისა და განვითარების მცდელობა მაინც უნდა ჰქონდეს. პერსონაჟის შინაგანი მდგომარეობა მხოლოდ მისი გარეგნული ქცევით გამოიხატება, რის გამოც ვხედავთ წინააღმდეგობას, მაგრამ ვერ ვახერხებთ მის მიზეზებში გარკვევას. გმირის მოუხერხებლობა უფრო კომიკური სიტუაციის შექმნას ემსახურება, ვიდრე მისი ხასიათის გახსნას.
ეს პრობლემა უკვე ფილმის საწყის ეპიზოდში იჩენს თავს. ტირის დარბაზში განვითარებული სცენა თითქოს პერსონაჟების ურთიერთობებსა და მომავალი მოვლენების მიზეზებში გვარკვევს, თუმცა მოწოდებული ინფორმაცია არასაკმარისია. განსაკუთრებით გაუგებარია მთავარი გმირისა და მისი დამქირავებლის ურთიერთობა. რატომ ირჩევს ტირის მეპატრონე სწორედ მას მკვლელობის შესასრულებლად? მხოლოდ იმიტომ, რომ კარგად ესროლა? ასეთ შემთხვევაში იარაღის გამოყენების ტექნიკური ცოდნა და ადამიანის მოკვლის ფსიქოლოგიური მზაობა ერთმანეთთან გაიგივებულია, რაც სიუჟეტის საწყის წინაპირობას ხელოვნურობას სძენს. რეჟისორი ქმნის სიტუაციას, რომელიც მთავარი კონფლიქტის დასაწყებად არის საჭირო, მაგრამ მის დამაჯერებლობაზე არ ზრუნავს. შედეგად, პერსონაჟის გადაწყვეტილება უფრო სცენარის მოთხოვნას ემორჩილება, ვიდრე მისგან ლოგიკურად გამომდინარეობას.
დრამატურგიული სისუსტე განსაკუთრებით შესამჩნევი ხდება პერსონაჟებს შორის ურთიერთობების განვითარებისას. გოგონა, რომელიც მთავარი გმირის საბოლოო გადაწყვეტილებაზე გავლენას ახდენს, დამოუკიდებელ სახედ არ ყალიბდება. მისი ფუნქცია ძირითადად სიუჟეტურია და მაყურებელი ვერ ხედავს, რატომ უნდა ჰქონდეს მას ასეთი მნიშვნელობა მთავარი პერსონაჟისთვის. მათი ურთიერთობა არ ვითარდება იმგვარად, რომ ფინალში მომხდარი ცვლილება ემოციურად დამაჯერებელი გახდეს. იგივე შეიძლება ითქვას დამქირავებელზეც. პერსონაჟები ჩნდებიან, გარკვეულ მოქმედებებს ასრულებენ და ქრებიან ისე, რომ მათ შორის ურთიერთობები რეალურ ემოციურ ან დრამატურგიულ დატვირთვას ვერ იძენს. შესაბამისად, ფილმი გვთავაზობს კონფლიქტს, რომლის მონაწილეებიც სათანადოდ არ არიან ჩამოყალიბებული. მთავარი გმირის გადაწყვეტილებებიც სწორედ ამ მიზეზით კარგავს დამაჯერებლობას.
მთავარი გმირის სახის შექმნისას რეჟისორი ლუკ ბრესონის „ლეონის“ (1994) ვიზუალურ მინიშნებებსაც იყენებს. ამ დეტალის საშუალებით იკვეთება აზრი, რომ გმირის წარმოდგენა მკვლელზე უფრო მეტად კინოსა და გამოგონილი სახეების გავლენით არის შექმნილი, ვიდრე რეალურ გამოცდილებაზე. ის თითქოს ითვისებს ეკრანზე ნანახი პერსონაჟის ჟესტებსა და ატრიბუტებს, მაგრამ ვერ ითავისებს იმ ბუნებას, რომელიც ამ იმიჯის მიღმა დგას. ეს შეიძლება ფილმის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მიმართულება ყოფილიყო: ადამიანი, რომელიც რეალობას კინოში ნანახი სახეების საშუალებით აღიქვამს და საკუთარ თავსაც ამგვარად აგებს. თუმცა რეჟისორი ამ მინიშნებებს, ძირითადად, დეკორატიულ ფუნქციას ანიჭებს. ის გვამცნობს, რომ პერსონაჟი გარკვეული კინემატოგრაფიული სახით არის გატაცებული, მაგრამ ვერ გვიხსნის, რატომ არის მისთვის ეს იმიჯი ასეთი მნიშვნელოვანი. ვხედავთ გარეგნულ მიბაძვას და არა იმ შინაგან მიზეზს, რომელიც მას ამ ქცევისკენ უბიძგებს.
ამ თვალსაზრისით, ფილმის კონცეფცია უფრო ფართო შესაძლებლობასაც შეიცავს. მკვლელის სახე მხოლოდ კონკრეტული პროფესიის ან ძალადობრივი ქცევის იმიტაცია არ არის. ის შეიძლება აღვიქვათ, როგორც ადამიანის მიერ შექმნილი ხელოვნური იდენტობა, რომლის უკანაც საკუთარი თავის მიმართ უკმაყოფილება ან არასრულფასოვნების განცდა იმალება. მთავარი გმირი ცდილობს, საკუთარ თავს ძალაუფლება და თავდაჯერებულობა მიანიჭოს, თუმცა მისი რეალური ქცევა მუდმივად ამხელს ამ წარმოდგენის სიყალბეს. სწორედ აქ შეიძლებოდა წარმოქმნილიყო ფილმის მთავარი ირონია: პერსონაჟი იმდენად არის დაკავებული იმით, თუ როგორ გამოიყურება, ვეღარ ახერხებს დაფიქრდეს, სინამდვილეში ვინ არის. ფილმი ამ წინააღმდეგობას ბოლომდე არ მიჰყვება და მისგან მხოლოდ რამდენიმე უნებლიე კომიკურ სიტუაციას ქმნის.
ამგვარი კონცეფციის შემთხვევაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ვიზუალურ თხრობას ენიჭება. პერსონაჟის გარეგნული იმიჯი და მისი რეალური ქცევა იმდენად განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ რეჟისორს სწორედ ამ შეუსაბამობის საშუალებით შეეძლო მისი ფსიქოლოგიური პორტრეტის შექმნა. თუმცა კამერა უმეტესად მოქმედების ფიქსირებით შემოიფარგლება. იგი არ ქმნის დაძაბულობას, არ ამძაფრებს პერსონაჟის მდგომარეობას და არც მაყურებლის აღქმაზე ახდენს მნიშვნელოვან გავლენას. კადრები იშვიათად იძენს დამოუკიდებელ გამომსახველობით მნიშვნელობას, რის გამოც ვიზუალური ფორმა სიუჟეტის სათქმელს მხოლოდ თან ახლავს და არ ავითარებს. კარგი იქნებოდა კონტრასტი იმ ვიზუალურ სახესა და გარემოს შორის, რომელშიც გმირი საკუთარ თავს წარმოიდგენს, და იმ რეალობას, რომელშიც რეალურად მოქმედებს. თუმცა ფილმი ამ შესაძლებლობას თითქმის არ იყენებს. ის უფრო გვიჩვენებს, რა ხდება, ვიდრე გვთავაზობს მოვლენების გარკვეულ კინემატოგრაფიულ გააზრებას.
„ქილერის“ პრობლემა იდეის სიმწირე არ არის. პირიქით, ფილმს რამდენიმე მიმართულებით შეეძლო განვითარება: ადამიანის სურვილი, მოირგოს მისთვის უცხო იდენტობა; კინოს გავლენა რეალურ ცხოვრებაზე; ძალადობის რომანტიზება და ეკრანული იმიჯის რეალობასთან შეჯახება. ამ თემებს ერთმანეთთან აკავშირებს ერთი ძირითადი წინააღმდეგობა; განსხვავება იმას შორის, როგორადაც ადამიანს საკუთარი თავის დანახვა სურს და ვინ არის სინამდვილეში. თუმცა რეჟისორი ამ მიმართულებებს მხოლოდ ზედაპირულად ეხება და არც ერთს ანიჭებს საკმარის მნიშვნელობას. ფილმი ვერ წყვეტს, სურს იყოს ირონიული ამბავი წარუმატებელ მკვლელზე თუ ფსიქოლოგიური დრამა ადამიანზე, რომელიც საკუთარ თავთან წინააღმდეგობაშია. ეს ორი მიმართულება ერთმანეთს არ გამორიცხავს, პირიქით, მათ შორის კავშირი ფილმის ყველაზე საინტერესო საფუძველი შეიძლება ყოფილიყო. პრობლემა ის არის, რომ რეჟისორი მათ შორის საჭირო ბალანსს ვერ პოულობს.
„ქილერი“ შეუსრულებელ შესაძლებლობად რჩება. მთავარი პერსონაჟი ცდილობს, გახდეს ის, ვინც სინამდვილეში არ არის, მაგრამ ფილმი ვერ გვაჩვენებს, რატომ და რა ფასად უჯდება მას ეს მცდელობა. მკვლელის იმიჯის მოშორება მხოლოდ გარეგნულ მოქმედებად რჩება და არაა შინაგანი გარდაქმნის შედეგი. ეს არის თითქოს ამბავი ადამიანზე, რომელიც საკუთარ თავზე შექმნილ წარმოდგენას რეალობას ვერ უსადაგებს, თუმცა ამ წინააღმდეგობის გააზრებამდე თავად არ მიდის. სწორედ ამიტომ, პერსონაჟის კრახი ბოლომდე ვერ იქცევა მთავარ სათქმელად. იდეა არსებობს, გარკვეული კინემატოგრაფიული შესაძლებლობებიც იკვეთება, მაგრამ მათ შორის კავშირი ვერ ყალიბდება. ფილმი იწყებს საუბარს ადამიანის ხელოვნურ იდენტობაზე, თუმცა საბოლოოდ მხოლოდ იმ პიროვნების სახეს გვიტოვებს, რომელმაც მკვლელის თამაში სცადა და საკუთარი როლის შესრულება ვერ შეძლო.
გიორგი ბაჯელიძე






