ზამთარში ქალაქი ნაცრისფერია. ხმაურიანი ქუჩები სიცარიელის განცდას ტოვებს, განათებული ფანჯრების მიღმა კი ადამიანები მარტოობას უფრო მძაფრად გრძნობენ. ახალი წელი ბევრისთვის ახალი დასაწყისია, მაგრამ არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც ეს უბრალოდ მორიგი მძიმე ღამეა. სწორედ ამ სევდიან ატმოსფეროს ასახავს რეზო გიგინეიშვილის ფილმი, „ლირიკა“ (2026).
მთავარი გმირი, მიშა (მიშა მესხი) ყველას ეცოდება გაფლანგული ნიჭის გამო, მაგრამ მას ეს სიბრალული არაფერში სჭირდება – მას მხოლოდ მიზეზი უნდა, რომ ცხოვრების არსი ისევ დაიჯეროს. ახალი წელი აქ უბრალოდ თარიღი არ არის, ეს ახალი ცხოვრების შესაძლებლობაა. ეს მის თვალებშიც ჩანს: დაღლილ მზერაში მაინც იკითხება იმედი, თითქოს ყველაფერი ჯერ არ დასრულებულა. მთავარია, ნებისყოფა ეყოს და სასმელს არ დაუბრუნდეს.
საქართველოში მარტივია გახდე ალკოჰოლზე დამოკიდებული. ღვინის კულტურა ქვეყანაში ზედმეტად რომანტიზებულია. ვიღაცისთვის ერთი ან ორი ჭიქა დღეში არაფერს ნიშნავს და სწორედ აქედან იწყება ყველაფერი. ეს კარგად ჩანს ქუჩის ეპიზოდში, სადაც მიშა ღვინოს ზურგს უკან აქცევს და იქვე მდგარი უკმაყოფილო კაცები მასზე ამბობენ, რომ საწყალია. საზოგადოება ხშირად ვერ ამჩნევს ზღვარს ტრადიციასა და დამოკიდებულებას შორის, რაც კიდევ უფრო ართულებს გამოფხიზლების პროცესს. ემოციურად მძიმეა მომენტი, როცა სახლში ტანსაცმლის გამოსაცვლელად მიდის და ხვდება, რომ კარის საკეტი შეცვლილია. ის თითქოს გადააგდეს, არავის სჭირდება, საკუთარმა დედამაც კი ჩაიქნია მასზე ხელი.
ადრე ცოლი ჰყავდა. ცხოვრება რომ აერია, ქალმა მიატოვა. მის მერე არავის ახსოვდა, ახლა საბა გამოჩნდა მის ცხოვრებაში სინათლის შუქურად, ქუჩაში გაცნობილი ბიჭი, რომელიც შეიძლება ბავშვობას ახსენებდეს. საბას ზღვა არასოდეს უნახავს, ზღვა იმ თავისუფლებისა და სივრცის სიმბოლოა, რომელიც მიშას ასე ძალიან სჭირდება. საბასთან ურთიერთობაში ჩნდება მიშას გადარჩენის რეალური შანსი. ოდესღაც წარმატებული ფეხბურთელი ქაოსურმა ცხოვრებამ დაანგრია, თუმცა იქნებ ახლა მაინც შეძლოს საკუთარი თავის პოვნა – არა როგორც მოთამაშემ, არამედ როგორც მწვრთნელმა, მაგალითად მაინც რომ დარჩეს ვინმესთვის.
ფილმის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ეპიზოდი უცნობი დედისა და შვილის დიალოგია. აქ ჩანს, რომ დამოკიდებულება არჩევანია. მოხუც დედას ხელზე მხოლოდ ერთი ბეჭედი შერჩენია, რომელსაც შვილი, ალბათ, მალე სასმლის გამო გაუყიდის. მას მკურნალობა არ უნდა – მიზეზად ხან ახალ წელს ასახელებს, ხან შობას. ურჩევნია მეგობრებთან ერთად დალიოს და ამით კიდევ ერთხელ ამბობს უარს საკუთარ თავზე.
ფილმი აჩვენებს, რომ დამოკიდებულს ვერავინ გადაარჩენს, თუ მან თავად არ გააკეთა არჩევანი. სარეაბილიტაციო ცენტრში ძალით ვერავის დააწვენენ გამოსაფხიზლებლად. გამოდის, რომ ამ ადამიანებმა ერთ დროს თავად გადაწყვიტეს იმ სიბნელეში ყოფნა, სადაც ახლა არიან. თუმცა, მათვე აქვთ შანსი, თუნდაც ერთი წამით მოინდომონ იქიდან თავის დაღწევა. რეჟისორი გმირებს მხოლოდ უმწეო მსხვერპლად არ აჩვენებს, ისინი თავად არიან საკუთარ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელი.
„ლირიკა“ სვამს კითხვას – რატომ ხდებიან ადამიანები დამოკიდებულები? ხშირად ისინი რაღაცას ან ვიღაცას გაურბიან. ცდილობენ, რეალობას, ტკივილს, მარტოობას ან წარსულს დაემალონ. ზოგჯერ კი ჰგონიათ, რომ კონტროლს არასოდეს დაკარგავენ და თავად ვერასოდეს გახდებიან დამოკიდებულები. ეს თავდაჯერებულობაა მათი შეცდომა. რთულია ზუსტად თქვა, დამოკიდებულება დაავადებაა თუ არა. ეს უფრო იმ გზას ჰგავს, რომელსაც ადამიანი ცხოვრების გასაყარზე ირჩევს. ყველა დგას არჩევანის წინაშე და ფიქრობს, რომელი მიმართულებით წავიდეს, თუმცა ზოგიერთი არჩევანი ადამიანს ნელ-ნელა საკუთარი თავისგან აშორებს.
კინოსურათის მძიმე ემოციურ ფონს იდეალურად ავსებს ბენდი „თამადას“ მუსიკა. მისი ჟღერადობა, ელექტრონული მუსიკისა და ქართული ფოლკლორული მოტივების სინთეზი, ორგანულად ერწყმის თბილისის ურბანულ დეპრესიას. „თამადას“ შემოქმედება თითქოს ეხმიანება ფილმის მთავარ სათქმელს: გზა სახლიდან ოცნების ზღვამდე ყოველთვის უახლოეს ლუდის ბართან წყდება, სადაც „ლუდს არაყი შვენის“ და ზღვამდე მიღწევა წლობით შეუძლებელი ხდება.
ფილმის სათაური – „ლირიკა“ – განსაკუთრებულ ირონიულ და ტრაგიკულ დატვირთვას იძენს. რეჟისორი მიგვანიშნებს არა ამაღლებულ განცდებზე, არამედ იმავე დასახელების მედიკამენტზე, რომელიც ამ გარემოში თვითგვემისა და რეალობიდან გაქცევის საშუალებაა. სათაური ერთგვარი მეტაფორაა იმ ილუზორული სიმშვიდისა, რომელშიც პერსონაჟები არიან გაჭედილები – ეს არის გაბრუება, რომელიც მოქმედების ნებას თრგუნავს და ზღვასთან შეხვედრას განუსაზღვრელი ვადით ავადებს. ეს ყველაფერი კიდევ უფრო ამძაფრებს ფილმის მთავარ სათქმელს – გაფლანგულ დროსა და იმ „ზღვას“, რომელიც სადღაც ახლოს ღელავს და გმირებს ამაოდ ელოდება.
ქართულ კულტურაში „ლირიკა“ ხშირად ასოცირდება იმ მომენტთან, როცა თრობა პიკს აღწევს და იწყება გადამეტებული სენტიმენტალობა, ერთგულების ფიცი თუ წარსულის ნოსტალგია. „ლირიკა“ ამ კონტექსტში არის ილუზორული ემოცია, რომელიც მხოლოდ ალკოჰოლური ან ნარკოტიკული თრობისას იღვიძებს და გამოფხიზლებისთანავე ქრება. რეჟისორი ამით ხაზს უსვამს „სუფრული რომანტიზმის“ იმ მახინჯ მხარეს, რომელიც ადამიანს რეალობის ადეკვატური აღქმის უნარს აკარგვინებს.
ეს მდგომარეობა, თავის მხრივ, 2026 წლის თბილისისთვის ერთგვარ თაობრივ ტკივილად იქცა. „ლირიკის თაობა“ – ეს არის იმ ადამიანების კოდური სახელწოდება, რომლებიც დროში „გაიჭედნენ“, ვერ იპოვეს საკუთარი ადგილი თანამედროვეობაში და ერთადერთ ნუგეშად ქიმიური თუ ფსიქოლოგიური იზოლაცია დარჩათ. სათაური ამ გაგებით ერთდროულად არის დიაგნოზიც და განაჩენიც იმ დაკარგული ადამიანებისთვის, რომელთა ცხოვრებაც რეალურ მოქმედებასა და ნარკოტიკულ ილუზიას შორის გაიფლანგა.
მარტოობა არის ადამიანის გზა საკუთარი თავისკენ. ფილმის ატმოსფერო განსაკუთრებულად მძიმე და სევდიანია. მიშა სრულიად მარტო რჩება საახალწლო ჟრიამულის ფონზეც კი. ქალაქში ადამიანები ზეიმობენ, ქუჩები განათებულია, მაგრამ თბილისი მაინც სიცივეში და ნაცრისფერ ფერებში იკარგება. თითქოს ქალაქიც მიშას შინაგან სამყაროს იმეორებს. ზამთრის სუსხიანი დღეები კიდევ უფრო ამძაფრებს ქუჩებში გაბნეულ მარტოობასა და სიჩუმეს. თბილისი აქ მხოლოდ ლოკაცია არ არის – ის ფილმის ემოციური მდგომარეობაა. ძველი კორპუსები, ცივი ქუჩები და საახალწლო ხმაური ერთმანეთში ირევა და ქმნის განცდას, რომ ადამიანები ერთმანეთის გვერდით ცხოვრობენ, მაგრამ სინამდვილეში ძალიან შორს არიან ერთმანეთისგან.
რეჟისორმა ფილმში ბევრი ცნობილი სახე გადაიღო: არველაძეები, სუხიშვილები, დათო ევგენიძე, მურმან ჯინორია. შეიძლება ამით თბილისის ატმოსფეროს ჩვენება უნდოდა, მაგრამ ამის გაკეთება უცნობი ხალხითაც შეიძლებოდა, ამიტომ ეს უფრო მარკეტინგული გათვლაა. ცალკეული ეპიზოდებიც, მაგალითად ინდოელი კურიერი, რომელსაც შეკვეთა არასწორად მიაქვს, ფილმს არაფერში სჭირდებოდა.
ფილმის კინოენა, მიუხედავად ძლიერი ატმოსფეროსა, ყოველთვის თანაბრად ვერ მუშაობს. არის სცენები, სადაც გარემო და სიმბოლოები მართლაც კარგად ერგება მიშას შინაგან მდგომარეობას, განსაკუთრებით ზამთრის თბილისი და ქუჩის ეპიზოდები, თუმცა ზოგიერთ მონაკვეთში ეს ატმოსფერო ზედმეტად ერთფეროვანი და გამეორებადიც კი ხდება. ქალაქი თითქოს მუდმივად ერთსა და იმავე ემოციურ მდგომარეობაში რჩება და დროთა განმავლობაში კარგავს დინამიკას, რის გამოც ზოგი სცენა ნაკლებად შთამბეჭდავი ხდება, ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო.
ასევე პრობლემურია ისიც, რომ ფილმი ზოგიერთ თემას მხოლოდ ზედაპირულად ეხება და ბოლომდე არ შლის. განსაკუთრებით ეს იგრძნობა მეორეხარისხოვანი პერსონაჟების ურთიერთობებში, სადაც კონფლიქტები და ემოციური ხაზები იწყება, მაგრამ ბოლომდე არ ვითარდება. შედეგად, მაყურებელს უჩნდება განცდა, რომ გარკვეული ამბები მხოლოდ „მინიშნებად“ რჩება და არა სრულად გააზრებულ ხაზებად. იდეისა და სოციალური ფონის მიუხედავად, ფილმი ვერ ინარჩუნებს სიღრმეს.
ფილმის ფინალი ღიაა. სარეაბილიტაციო ცენტრში მყოფი ადამიანების ცხოვრება ახლა შტორმის შემდეგ დამდგარ სიჩუმეს ჰგავს. წარსულის ქაოსი უკან დარჩა და ამჟამად, როცა ახალი წელია და ავტობუსი უცნობი მიმართულებით მიდის, ეს სიჩუმე დაფიქრების პაუზაა. ეს არის დრო იმის გასააზრებლად, რომ გადარჩენა შესაძლებელია და იქნებ სწორედ ეს იყოს მიშასთვის და სხვებისთვის ახალი დასაწყისი. საბოლოოდ კი პასუხი კითხვაზე – რა იქნება შემდეგ? მხოლოდ მათ არჩევანზეა დამოკიდებული.
ბარბარე კალაიჯიშვილი






