თანამედროვეობაში ერთ-ერთ საკამათო საკითხს ადამიანის არსი და ბუნება წარმოადგენს – არის თუ არა ინდივიდი სულიერი არსება, თუ მისი ცხოვრება მხოლოდ ბიოლოგიურ და სოციალურ არსებობამდე დაიყვანება? ხოლო თუ ადამიანი მართლაც სულის მქონე არსებაა, ჩნდება კიდევ ერთი კითხვა: არსებობს თუ არა ინდივიდებს შორის სულიერი კავშირები? არსებობს თუ არა უხილავი ძალა, აუხსნელი ფაქტორი, რომელიც ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს? სწორედ ამ იდეას ეხმიანება გიორგი მენაბდის სტუდენტური ფილმი, „სისხლი“(2018), სადაც სისხლი მხოლოდ ბიოლოგიური კავშირის აღმნიშვნელი არაა – იგი სულიერი ერთობის სიმბოლოდ იქცევა.
ფილმი ნოდარ დუმბაძის ამავე სახელწოდების მოთხრობის ეკრანიზაციაა და, თუ ერთ-ორ ცვლილებას არ ჩავთვლით, მეტწილად პირველწყაროს მიჰყვება. სიუჟეტი იწყება სცენით, სადაც ბებია იულია შვილიშვილს მკაცრად საყვედურობს და, ამავდროულად, ბაბუა ქიშვარდისთან გასაგზავნად ამზადებს. მსგავსი დასაწყისი მაყურებელში ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს იულიასთვის ცელქი შვილიშვილის ატანა უკვე შეუძლებელი გახდა. თავდაპირველად, ეს სცენა ბებიის სიყვარულშიც კი გვაეჭვებს, თუმცა მოგვიანებით ირკვევა, რომ მისი სიმკაცრის უკან დიდი სიყვარული იმალება.
საინტერესო პერსონაჟია ბაბუა ქიშვარდი, რომელიც ფილმის დასაწყისში ბიჭისთვის სრულიად უცხო ადამიანია. ამ მომენტში გმირის შინაგანი ფიქრები კადრმიღმა ხმით გადმოიცემა: ,,როგორ ჰგავს ეს მოხუცი კაცი მამაჩემს, თეთრთმიანი, შავწარბება, ფართო ცხვირი, ლამაზი, სევდანარევი, ღიმილიანი თვალები, ბოხი ხმა, თვალებსაც თუ დავხუჭავ და წარმოვიდგენ, ალბათ, სულ მთლად მამაჩემივით გახდება…“. აღნიშნული ხმა მაყურებელს პირდაპირ აწვდის პერსონაჟის განცდებს და, გარკვეულწილად, ამარტივებს კიდეც სათქმელს. შეიძლება ითქვას, რომ ეს შედარებით „მარტივი“, ,,ზარმაცული’’ კინოხერხია, რადგან ძლიერი კინო ხშირად სწორედ უსიტყვოდ, ვიზუალური ენით გადმოსცემს ემოციასა და აზრს. ამ შემთხვევაში ფილმი მაყურებელს ინტერპრეტაციის ნაკლებ სივრცეს უტოვებს. კარგ ფილმს უნდა შეეძლოს თავისი სათქმელი უსიტყვოდ გადმოსცეს და, ამავდროულად, მაყურებელს კითხვებიც დაუტოვოს, რაც ამ ფილმს ნაკლებად ახასიათებს. სწორედ ამიტომ მისი ყველა ასპექტი „სიმარტივის“ შთაბეჭდილებას ტოვებს და ეს ისედაც „მარტივ“ ამბავს გარკვეულწილად ბანალურ იერსახესაც აძლევს.
მიუხედავად ამისა, ფილმი მაინც ახერხებს მნიშვნელოვანი ემოციური ხაზის წარმოჩენას. მაშინ, როდესაც იულია და ქიშვარდი ბავშვის მიუღებელ საქციელს საყვედურითა და კამათით განიხილავენ, ბიჭის ფიქრები გარდაცვლილი მამისკენაა მიმართული, მოგვიანებით კი ბებიის სახეში პატარა ნოდარი გარდაცვლილ დედას ხედავს. ამით იკვეთება მთავარი ტრაგედია – უფროსებს ზოგჯერ ავიწყდებათ, რომ 11 წლის ბავშვსაც შეიძლება ჰქონდეს მძიმე შინაგანი ტკივილი, მარტოობის განცდა და დანაკლისი. ბავშვი, რომელიც გარეგნულად მხოლოდ ცელქად ჩანს, რეალურად მშობლების დაკარგვით გამოწვეულ სევდას ატარებს.
ერთი წლის შემდეგ იულია ქიშვარდის აკითხავს, რათა შვილიშვილი სახლში დააბრუნოს. სწორედ აქ ვლინდება, თუ რამდენად მოენატრა ბიჭი ბებიას. მიუხედავად იმისა, რომ ქიშვარდისაც ძალიან უჭირს შვილიშვილთან განშორება, საბოლოოდ, იულიას მდგომარეობას ითვალისწინებს და ბავშვს ატანს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ფილმის დასაწყისში ერთმანეთისთვის სრულიად უცხო ბაბუა და შვილიშვილი ამ ერთი წლის განმავლობაში ნამდვილ ახლობლებად გადაიქცნენ. მათ შორის გაჩენილი სიახლოვე მხოლოდ თანაცხოვრების შედეგი აღარ არის – იგი სისხლისმიერი და სულიერი კავშირის გამოვლინებად წარმოჩნდება.
ბებია იულიასა და ბაბუა ქიშვარდის სურვილი (შვილიშვილი მათთან დარჩეს) ორი მიზეზით შეიძლება აიხსნას. ერთი მხრივ, ორივე მათგანი მარტოსულია და ბავშვის არსებობა მათ ცხოვრებაში მარტოობის დაძლევის საშუალებად იქცევა. სწორედ ამიტომ მაყურებელი ამ პერსონაჟების მიმართ თანაგრძნობას, სიბრალულსა და ემპათიას გრძნობს. თუმცა მარტოობის ფაქტორს კიდევ ერთი, უფრო ღრმა მიზეზი ემატება – „სისხლის“ იდეა. შვილიშვილის შენარჩუნების სურვილი მხოლოდ ყოფითი საჭიროებით არ არის განპირობებული. იგი იმ უხილავ, სულიერ კავშირს ეფუძნება, რომელიც ოჯახის წევრებს ერთმანეთთან აკავშირებს. შემთხვევითი არ არის დუმბაძის სიტყვებიც: „ეს იყო ბიჭის გამო ადუღებული ორი სისხლის ჭიდილი და ორი გულის ქვითინი“.
საბოლოო ჯამში, როგორც მოთხრობა, ისე მისი ეკრანიზაცია, ერთი შეხედვით, მარტივ და სენტიმენტალურ ამბავს წარმოადგენს, თუმცა ეკრანიზაციაში სენტიმენტალურობა უფრო მძაფრადაა გამოკვეთილი, ნაწილობრივ ემოციური მუსიკისა და პირდაპირი გამომსახველობითი ხერხების გამო. თუ დუმბაძის ტექსტში ეს სენტიმენტალურობა ორგანულად ერწყმის თხრობას, ფილმში ეს ზოგჯერ „ზედმეტობის“ შთაბეჭდილებას ტოვებს. მიუხედავად ამისა, ნაწარმოები მაინც ეხება უნივერსალურ იდეას – ოჯახური კავშირები მხოლოდ ბიოლოგიურ დონემდე არ დადის. სისხლი აქ იქცევა იმ უხილავი ძალის სიმბოლოდ, რომელიც ოჯახის წევრებს ერთმანეთთან აკავშირებს და მათ შორის უპირობო სიყვარულს წარმოშობს… არსებობს შინაგანი, სულიერი ერთობაც. სწორედ ამ იდეის გადმოცემაა რეჟისორის მთავარი მიზანი და, მიუხედავად გარკვეული მხატვრული სისუსტეებისა, ფილმი ამ სათქმელს დამაჯერებლად მაინც გადასცემს მაყურებელს.
ნატო მწარიაშვილი






